ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025
2025-06-25 06:11:02
ირინა მაკარიძე
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ირგვლივ განვითარებული სკანდალის შესახებ საპატრიარქო კვლავ დუმილს ინარჩუნებს. ფიზიკური დაპირისპირების ფაქტისა და მისი ლიკვიდაციის მომზადების გეგმაზე მეუფემ თავად ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი, უშიშროების სამსახურის თანამშრომელი (ქვემო ქართლის რწმუნებულის ყოფილი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი) მის მოწამვლას გეგმავდა და ამ მიზნით მონაზონიც ჰყავდა გადაბირებული, რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა.
მისი მკვლელობის მცდელობებსა და ლიკვიდაციის გეგმის არსებობის შესახებ ეპისკოპოსმა საჯაროდ საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. ჯამდელიანის მონათხრობის მიხედვით, უშიშროების სამსახური მის ეპარქიაში მომსახურე მონაზონს ერთი წლის განმავლობაში „ამუშავებდა“, რომ ეპისკოპოსისთვის საწამლავი ჩაეყარა ან კონკრეტული საწამლავი მისთვის ხელზე წაესვა. ეპისკოპოსის თქმითვე, ეს მონაზონი მან 2 თვის წინათ ეპარქიიდან გააგდო, ხელისუფლების ის წარმომადგენელი კი, რომელიც მის მოკვლას ცდილობდა, დაცვასთან ერთად გალახეს და რომ ახლა მისგან ყოველნაირი პროვოკაციაა მოსალოდნელი. პროკურატურამ ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო. გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს მეუფე გიორგი ჯამდელიანი. ასევე გაუჩინარდა მონაზონი თეკლა, რომლის შესახებაც მეუფემ ისაუბრა. ამასობაში კი გაირკვა, რომ ტაძარში მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული და მრევლის აღსარების საიდუმლო სისტემატურად ირღვეოდა. გადამალული მონაზონის ადგილსამყოფელს ჟურნალისტმა ელისო კილაძემ მიაკვლია, რის შემდეგაც თემა ისევ გააქტიურდა. საკითხის განსახილველად ეკლესიის წარმომადგენლები საპატრიარქოში შეიკრიბნენ, თუმცა ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.
განვითარებული სკანდალის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი:
_ პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი), თავისი პიროვნული ნატურით, მსოფლმხედველობრივი უმწიფრობითა და ზნეობრივი სიმრუდით აბსოლუტურად შეუფერებელია მღვდელმთავრის თანამდებობისთვის. მისი დესტრუქციული, პოლიტიზებული და ანგაჟირებული განცხადებები ხშირ შემთხვევაში გამოხატავს არა იერარქიული პასუხისმგებლობის, სახარებისეული ცნობიერებისა და სულიერი მიმართებების მოტივებს, არამედ პირად განწყობებს, დევიანტურ (სწორი გზიდან გადახვევა, _ რედ.) თუ ეგოცენტრულ ახირებებსა და სრულიად არაადეკვატურ მისწრაფებებს. საუბედუროდ, საქართველოს ეკლესიაში, უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც წმინდა წერილისეული კრიტერიუმებისა და კანონიკური პრინციპების სრული იგნორირებით ხდება ამა თუ იმ პირის ეპისკოპოსის პატივში დადგინება და ამ მხრივ არც ლერი (საერო სახელი) ჯამდელიანია გამონაკლისი. მისი ადრეული ბიოგრაფია და რენომეც არანაირად არ აკმაყოფილებდა სამღვდელმთავრო სტანდარტებს, არადა პავლე მოციქული კონკრეტული კანდიდატის ეპისკოპოსად გამორჩევისას მოგვიწოდებს, რომ ყურადღება გავამახვილოთ მის ზნეობრივ მოწიფულობასა და მის მიმართ წარმოდგენილ საზოგადოებრივ აზრზე: „უნდა ჰქონდეს აგრეთვე კეთილი მოწმობა გარეშეთაგან, რათა საგმობი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ გაებას“ (1 ტიმ. 3,7). კონკრეტულად, მისი „მოწამვლის მცდელობას“ რაც შეეხება, რთულია გარედან დაბეჯითებით იმსჯელო ამ საქმის ირგვლივ, თუმცა იმთავითვე თვალში საცემია მისი არათანმიმდევრული პოზიციები, სრულიად ალოგიკური ნარატივი და ინსინუაციებსა და სპეკულაციებზე აგებული იერიშები. შესაბამისად, სწორედ მისივე არასანდო რეპუტაცია და ავანტიურული ხასიათი გვაძლევს გონივრულ საფუძველს ვიფიქროთ, რომ ეს ყოველივე ძალიან მავნებლურად, ამორალურად და კრიმინალურად დადგმული სცენარია, სადაც ყველაზე უფრო მკაფიოდ ჩანს საეკლესიო სისტემის უპასუხისმგებლობა, დახურულობა და უტიფრული იმუნიტეტი, როცა ყოველგვარი სამხილებისა და მტკიცებულებების გარეშე „საეკლესიო სასამართლოს“ პირობებში სავსებით გროტესკული განაჩენი გამოაქვს აღნიშნულ მღვდელმთავარს და თანაც ისე, რომ მოსამართლეც, ბრალმდებელიც, მოწმეც, დაზარალებულიც და დაცვის მხარეც მხოლოდ თავად არის, რაც უპრეცედენტო და უანალოგო ტრაგიკომედიაა. აშკარად იკვეთება, რომ მას აინტერესებს მარტოოდენ ქონებრივი რესურსების ფლობა და ძალაუფლების შენარჩუნება, რისთვისაც შანტაჟირებისა და მუქარის ბერკეტებს არ იშურებს. ეს ყოველივე კი იმიტომ ხდება, რომ ბიბლიური სულისკვეთება სრულიად დარღვეული და უკუგდებულია საპატრიარქოს მმართველი აპარატისა და ბანდფორმირებად ჩამოყალიბებული, კორუმპირებული სინოდის მიერ, რომელმაც დაივიწყა საღვთო შეგონება: „რადგანაც ეპისკოპოსი უბიწო უნდა იყოს, როგორც მნე ღვთისა, არა თავნება, არა გულფიცხი, არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არა ანგარი, არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთისმოყვარე, გონიერი, მართალი, წმიდა, მტკიცე, სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, თანახმად სწავლებისა, რათა საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და ურჩთა მხილება“ (ტიტ. 1, 7-9).
აგრეთვე, საგულისხმოა, რომ ეპისკოპოსი ჯამდელიანი ბრალდებულია მღვდელმთავრობის დროს დაქორწინებასა და შვილის ყოლაში, რაც ძალზე უხეში, კანონიკური დარღვევაა. უნდა ითქვას, რომ მას ამ საკითხზე საკუთარი თავის აპოლოგია (დაცვა, გამართლება, _ რედ.), რაც საეკლესიო კანონიკური სამართლით ევალებოდა, არ გაუკეთებია. მოციქულთა მე-17, 61-ე; I ნიკეის კრების მე-3; ტრულის კრების მე-12 კანონები ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად კრძალავს ეპისკოპოსის დაოჯახებას და, შესაბამისად, მის შვილიერებას.
_ პროკურატურამ საქმე განცხადების გაკეთებიდან მალევე აღძრა, თუმცა საპატრიარქო დიდხანს ინარჩუნებდა დუმილს, ამაზე რას იტყვით?
_ რაც შეეხება საპატრიარქოს დუმილსა და პროკურატურასთან მის დეკომუნიკაციას, ესეც საქართველოს საეკლესიო პოლიტიკის აწ უკვე იმანენტური თვისებაა, რადგან ისინი ებრძვიან არა პრობლემებს, არამედ პრობლემებზე მოსაუბრეებს და ამას აკეთებენ არა რაიმე უწესრიგობის მოწესრიგებით, არამედ გადაგორებით. მათი პოზა მუდმივად სამგვარია: ყრუ დუმილი ყველაფერზე, მკაცრი ჩაკეტილობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან მიმართებით და მოიერიშე დომინანტობა სოციუმის ყველა ფენაში.
მოცემულობას ამძიმებს ისიც, რომ მავანს, უფრო მკაფიოდ რომ ვთქვათ – კრემლს, მათ საეკლესიო რეზიდენტურას, არ სურს დაუშვას საქართველოს ეკლესიაში მართვის კანონიკურ-სამართლებრივი ტრადიციის აღდგენა, რაც მისი ონტოლოგიური სისტემის ერთადერთი ავთენტიკური ტრადიციაა. ამის ნაცვლად ეკლესიას მართავენ თვითნებური და კორპორაციული შინაგანაწესით და ილია II-ის პირადი ახირებებით, რომელსაც უზენაეს და შეუვალ კანონმდებლად მიიჩნევენ. ყოველგვარი პროფანაციის წყაროც სწორედ ეს არის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგივე ეპისკოპოსის დავალებით მისმა მომხრეებმა მძიმე დაზიანებები მიაყენეს და დაუნდობლად სცემეს ადამიანი, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელე შინჯიკაშვილი, რაც აუცილებლად დასაგმობი ფაქტია. საეკლესიო სამართლით მკაცრად იკრძალება სასულიერო პირის მხრიდან ვინმეზე ფიზიკური ანგარიშსწორება ან წაქეზებით ვინმეს მიქსევა მისგან დაწუნებულ პირზე, რაზედაც მეტყველებს მოციქულთა კანონების 27-ე, 66-ე, ხოლო კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-9 კანონი.
_ ამ სკანდალის შედეგად გაირკვა, რომ ტაძარში მრევლის აღსარებებს იწერდნენ. რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი ეკლესიის ავტორიტეტსა და ნდობაზე? რამდენად სიმპტომატიურია იგი?
_ საკითხი ძალიან სენსიტიური და სერიოზულია, რადგან ეხება არა უბრალოდ კონკრეტულ სკანდალს, არამედ ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე ფაქიზ სფეროს – აღსარებას, რომელსაც მართლმადიდებლური ტრადიცია აღიქვამს, როგორც წმიდა საიდუმლოს და მას აბსოლუტურად კონფიდენციალურად უყურებს. ზოგადად, ეკლესიის ავტორიტეტი და ნდობა მრევლის მხრიდან დიდწილად დაფუძნებულია იმაზე, რომ იგი აღიქმება როგორც სულიერი ნავსაყუდელი (იდეაში), სადაც ადამიანს შეუძლია სიმშვიდე, დაცულობა და პრივატულობა იგრძნოს. ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ აღსარება, რომელიც ყველაზე პირადი და ინტიმური სულიერი აქტია, გაცემულია, ჩაწერილია და გამოყენებული გარეშე მიზნებისთვის, ეს კიდევ უფრო სერიოზულად დააზიანებს ეკლესიის სანდოობას და გაზრდის სკეპტიციზმსა და ნიჰილიზმს. ფაქტი კი, სამწუხაროდ, სიმპტომატურია და გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რაც КГБ-ს მოძველებული ხელწერაა. სუს-ის კრებსებმა კი ეს პრობლემაც ნათლად დაგვანახა. თუ ეკლესია შეეცდება ამ ყველაფრის მიჩქმალვას ან გამართლებას, მისი პრესტიჟის კრიზისი გაღრმავდება, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს მრევლის ნაწილის მასობრივი პროტესტი, ანუ რეალური დისტანცირება ინსტიტუციის გარყვნილი ადეპტებისგან, ანუ სამღვდელო დასისა და იერარქიისგან.
_ ჩვენი გაზეთის მთავარმა რედაქტორმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ, შეძლო და იპოვა მონაზონი თეკლა, რომელსაც ჯამდელიანი ბრალს სდებდა. გაირკვა, რომ მას თავად ჯამდელიანი მალავდა და მის მოძებნას, რატომღაც, ვერავინ ახერხებდა. რას იტყვით ამის შესახებ?
_ ძალზე დასაფასებელი და პატივსაცემია ქალბატონი ელისო კილაძის ჟურნალისტური საგამოძიებო ღონისძიებები, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს დაჭაობებული სისტემის ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა. საკუთრივ მონაზვნის გადამალვისა და დატყვევების ფაქტი კი სხვა არაფერია, თუ არა საეკლესიო ტრეფიკინგი, განუკითხაობა და დანაშაული, რომელსაც არა მხოლოოდენ სინოდური შეფასება, არამედ საერო-სამართლებრივი მოკვლევაც სჭირდება, რადგან მღვდელმთავარ ჯამდელიანის მხრიდან აშკარა დანაშაულების შემთხვევები იკვეთება. ამასთან, აუცილებელია სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება მონაზვნისთვის, რომელსაც სახის არეზე დაზიანებით გამოწვეული სილურჯეები ეტყობოდა, რაც ერთობ ნიშანდობლივი და საყურადღებო გარემოებაა და იგი სცილდება საეკლესიო ქცევის კოდექსს და საჭიროებს იურიდიულ განაჩენს! თავად მონაზვნის ცემის გარემოება იმდენად ამაზრზენი და საშინელია, რომ საპატრიარქოს კარზე არსებულ რეჟიმს წარმოაჩენს, რომელიც აიათოლების სისასტიკის ეკვივალენტია, ქართული ტერორიზმის ვარიაციით.
_ ხომ არ ტოვებს მსგავსი ფაქტები ადამიანებს იმ დაცვისა და მადლის გარეშე, რასაც ეკლესიისგან უნდა ვიღებდეთ და როგორ აისახება ეს საზოგადოებაზე?
_ როცა ეკლესია, როგორც სულიერი ინსტიტუცია, კარგავს ქრისტოცენტრულ საფუძველს და ღვთის სადიდებლად მოქმედების უნარს, ხოლო იერარქია ჰედონიზმსა და ძალაუფლების სიხარბეში ეფლობა, ასეთი მდგომარეობა აუცილებლად მოახდენს მძაფრ გავლენას საზოგადოებაზე. როდესაც ეკლესია, რომელსაც ხალხი საუკუნეების განმავლობაში მორალურ კომპასად აღიქვამდა, თავად კარგავს სიწმინდეს და ქრისტეს სულისკვეთებას, საზოგადოება კარგავს სარწმუნოებაზე დაფუძნებულ ეთიკურ საზღვრებს. ადამიანები ვარდებიან ფრუსტრაციაში და საბოლოოდ შეიძლება მივიდნენ მორალურ რელატივიზმამდე (ობიექტური ჭეშმარიტების უარყოფა, _ რედ.). ასეთ დროს იქმნება ქაოსი და აპათია, რომელიც ანგრევს სოციალურ ბირთვებს. ილია II-ის წითელ, ანუ საბჭოთა ეკლესიაში ყველაფერი იმიტირებულია. ამიტომ სიწმინდის კრიზისი იწვევს იმას, რომ ქრისტიანობა აღიქმება, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი ან პირადი გამორჩენის წყარო. ეს შორეულ პერსპექტივაში გლობალურ სეკულარიზმს კიდევ უფრო გააძლიერებს და ახალგაზრდების დისტანცირებას გამოიწვევს სარწმუნოებისგან, რაც, თავის მხრივ, ძალიან დასანანი ხვედრია. ამდენად, საზოგადოება, რომელიც ვერ პოულობს სამართლიანობას ეკლესიასა და სახელმწიფოში, მიდრეკილია სოციალური დეპრესიისკენ, რაც შეიძლება გადაიზარდოს შიდა დაპირისპირებებსა და ეროვნული იდენტობის კრიზისშიც კი. სანამ ეკლესიაში არ განხორციელდება ზნეობრივი ფილტრაცია და ვიდრე ის არ დაუბრუნდება ჭეშმარიტად მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებას, ტრადიციას, პატრისტიკულ მემკვიდრეობას, წმინდა და დიდ სჯულისკანონსა და ბიბლიას – იქამდე ის იქნება მკვდარი და ბუტაფორიული სხეული, სადაც მხოლოდ ფორმებშიღა შემორჩა ქრისტიანობა და შინაარსმა მთლიანად მიიძინა.
_ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან _ აქციაზე ახალგაზრდების დაკავებასა და სხვა ფაქტებთან დაკავშირებით სამღვდელოების წარმომადგენლები, ცალკეული გამონაკლისის გარდა, დუმილს ამჯობინებენ. უნდა ჰქონდეთ თუ არა ამ საკითხების შესახებ პოზიცია სასულიერო პირებს?
_ სამწუხაროდ, როგორც წმ. ეფრემ ასურელი იტყოდა: „ეკლესიაში დაისადგურა დამღუპველმა უზრუნველობამ“. არადა, სასულიერო პირებს, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეთ სულიერი სიბრძნე, კეთილშობილება, სიმამაცე და პასუხისმგებლობა იმ საზოგადოების წინაშე, რომელსაც ემსახურებიან. ეკლესია ყოველთვის იყო ხმა მჩაგვრელთა დასაცავად, დაუცველთა და ჭეშმარიტების მხარეზე მდგომთა მხარდასაჭერად. როცა ქვეყანაში ირღვევა ადამიანების უფლებები, მძვინვარებს კორუფცია, მიმდინარეობს რუსიფიკაცია, ახალგაზრდები უსამართლოდ იდევნებიან და საზოგადოებაში იზრდება უსამართლობის განცდა, ესა თუ ის სასულიერო პირი ვალდებულია, თავისი ხმით და ქმედებით ერის სინდისი გახდეს. დუმილი ასეთ შემთხვევებში, შესაძლოა, საზოგადოების მიერ აღქმულ იქნას როგორც უთანაგრძნობა ან უხმო თანხმობა უკეთურებებზე. თავად ქრისტე, მისი მოციქულებიც, წმინდა მამებიც და მანამდე კი ბიბლიური წინასწარმეტყველებიც ყოველთვის აქტიურად იყვნენ ჩართულნი სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მუდამ ედგნენ გვერდით დაჩაგრულს, დაუცველსა და თავისუფლების მაძიებელს. წმინდა წერილი თითოეულ კონფორმისტსა და დანაშაულზე თვალის დამხუჭველს აფრთხილებს: „ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს“ (ამბ. 2,12). რა თქმა უნდა, სასულიერო პირი თავის განცხადებაში უნდა მოერიდოს აგრესიას, პარტიულ ან პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვას, მაგრამ სიმართლის თქმის ვალდებულება მას არ ეხსნება. მშვიდობისმოყვარე, გაწონასწორებული, მაგრამ პრინციპული ხმა ეკლესიისგან განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როდესაც საზოგადოება პოლარიზებულია და მწვავე სოციალურ მღელვარებაში ცხოვრობს. მოკლედ, მამხილებელი და პროფეტული (სინდისის ხმა, მხილება _ რედ.) საყვირის როლში აქტიურობა არა მხოლოდ უფლის წინაშე მათი (იერარქია, სამღვდელოება) პასუხისმგებლობაა, არამედ ადამიანების მიმართ ქრისტიანული სიყვარულისა და სამწყსოზე ზრუნვის სამოქალაქო გამოხატულებაც არის. ჩვენი ეკლესიის მესვეურებს ამ შემთხვევაში ბიბლიური ფრაზით შევაგონებდი: „უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება“ (2 ნეშტ. 19,7).