პარასკევი, 01 აგვისტო, 2025
2025-07-31 09:54:07
შორენა მარსაგიშვილი
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე, რომელიც გასული წლის 28 ნოემბრიდან ყოველ საღამოს დგას რუსთაველზე, მიიჩნევს, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს. მისივე თქმით, ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. მუმლაძე ამბობს, რომ გარემოცვა ოლიგარქს დიდი შემართებით აღარ იცავს.
რა არის ამის მიზეზი და როგორ უღალატა „ლელომ“ და გახარიას პარტიამ მოსახლეობას? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება გიორგი მუმლაძე:
_ ბატონო გიორგი, რუსთაველზე უწყვეტი პროტესტი უკვე მეცხრე თვეა, გრძელდება. როგორც ამ აქციების მონაწილე, რას ფიქრობთ, ხომ არ დაკარგა ამ პროტესტმა თავისი აზრი?
_ დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. შეუძლებელია, რომ ასეთ დროს თავისუფალმა ადამიანმა ბრძოლის გარდა სხვა გზა აირჩიოს, ეს ქვეყანა წინაპრებმა აქამდე თავისი სისხლით მოგვიტანეს და ჩვენი ვალია, დავიცვათ ეს ყველაფრის ფასად. იმედის დაკარგვა არ შეიძლება. მივმართავ მათ, ვინც იმედი დაკარგა და ვეტყვი, რომ ისინი არასწორად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებსა და რეალობას. გასაგებია, რომ ძალიან რთულია ამის გაძლება. რეპრესიები და ტერორი, მათ შორის, ფინანსური, ძნელი გადასატანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვებრძვით რუსეთის იმპერიას. ჩვენი ხელისუფლება ხომ რუსეთს წარმოადგენს დღეს. დადასტურდა ისიც, რომ ირანთანაც აქვთ კავშირი. იმდენად რთულ მოწინააღმდეგეს ვებრძვით, რომ წარმოუდგენელია, სწრაფად დადგეს გამარჯვება. ისინი წლების მანძილზე ქმნიდნენ რეჟიმს. დღეს რუსთაველზე ჩვენ გვერდით დგას ისეთი ხალხიც, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა არჩევნებზე. მაშინ მათ ეგონათ, რომ ესენი მთლად რუსები არ იყვნენ.
_ ბოლო არჩევნებზე მისცეს „ოცნებას“ ხმა?
_ კი. თუმცა როცა „ქართულმა ოცნებამ“ ნათლად წარმოაჩინა რუსული ზრახვები, მაშინ ეს ხალხი აქციაზე დადგა. ესეც არის ნიშანი იმის, რომ ბრძოლას აქვს აზრი. იმის თქმა არ შეიძლება, რომ არაფერი გამოვა. პირიქით, ყველაფერი გამოვა. ჩვენი ისტორია ამაზეა დაფუძნებული. საუკუნეებია, ვიბრძვით თავისუფლებისთვის. აღმოჩნდა ისე, რომ თითქმის ყველა იმპერია, რომელსაც ვებრძოდით, განადგურდა ან დასუსტდა. სამაგიეროდ, საქართველოა მარადიული. სხვა თუ არაფერი, ჩვენ ანწუხელიძის სამშობლო ვართ და უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ხელების ჩამოშვება არის მტრის წისქვილზე წყლის დასხმა. ჩვენმა პროტესტმა უკვე გამოიღო შედეგი. ამ პროტესტის დამსახურებაა, რომ დასავლეთმა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია არ სცნო. დღეს ისინი არიან არალეგიტიმურები. ჩვენმა პროტესტმა გამოიღო ის შედეგი, რომ ძალიან ბევრი ოლიგარქი ივანიშვილის გარემოცვიდან არის დასანქცირებული. და ეს ადამიანები ივანიშვილმა მოიშორა თავიდან. ამ პროტესტმა გამოიღო ის შედეგი, რომ ლუსტრაცია მოხდა ყველა იმ სტრუქტურის თუ ინდივიდის, ვინც შენიღბული იყო და მალავდა პრორუსულობას. ივანიშვილის გარემოცვის ძირითადი ნაწილი გაგდებულია სამსახურიდან. აშკარაა, რომ ფინანსური პრობლემები აქვს ხელისუფლებას.
_ ეს რაში გამოიხატება?
_ ერთმანეთს დაერივნენ ღიად. თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა ამის ნათელი მაგალითია. დღეს საქართველოს პატრიოტები ბევრად უფრო მომგებიან სიტუაციაში ვართ, ვიდრე ვიყავით რვა თვის წინ. ეს მოიტანა უწყვეტმა ბრძოლამ. ეს მოიტანა იმან, რომ არ გატყდა რეჟიმის არცერთი ტყვე. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ბოლომდე. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ძლიერ მტერს ვებრძვით და სწრაფი გამარჯვება ვერ იქნება. გასათვალისწინებელია გარე ფაქტორებიც. მთელი მსოფლიოს და საქართველოს ბედიც, დამოკიდებულია უკრაინის ომზე. უკრაინის მხარდაჭერა იზრდება, მათ შორის, იარაღის მიწოდებაზე. პრაქტიკულად უკრაინა შეუზღუდავად მიიღებს იარაღს, რაც რუსეთზე წარმოუდგენელი დარტყმაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ მომენტში უნდა გავძლოთ. ისინი ყველა მეთოდით გვებრძვიან. ჩვენ ჩვენი სიმართლით და შიშველი ხელებით ვუპირისპირდებით და უნდა ვაჯობოთ. მტკიცე ნებისყოფით უნდა გადავტეხოთ ესენი. საგარეო ფაქტორები ჩვენ სასარგებლოდ იცვლება. რუსებისა და ივანიშვილის სასარგებლო აღარაფერი ხდება. შემთხვევითი არაა, რომ ამერიკა ძალიან ახლო კონტაქტში შევიდა ჩვენს მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან.
_ არც ჩვენ დაგვშორებია. ალბათ გასულ კვირას აქ ამერიკული ავიაციის გამოჩენაც არ იყო შემთხვევითი. საქართველოში ნატოს ეგიდით ტარდება სამხედრო წვრთნები, რაც პატარა ამბავი არ არის.
_ ეს ძალიან მნიშვნელოვანია: ნატოს ეგიდით წვრთნები ტარდება საქართველოში, სადაც ნატოს არაწევრი ქვეყნები, მათ შორის, საქართველოც მონაწილეობს. თან ეს წვრთნები ისე ჩაატარეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არაფერი ჰკითხეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული გავლენის აგენტურა ვერ ახერხებს გადაუხვიოს იმ საგარეო ხაზიდან, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. ჩვენი პროტესტი, ხალხის გამოკითხვები ადასტურებს იმას, რომ ჩვენი გზა არის ნატოსა და ევროკავშირისკენ. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორები ჩვენს ბრძოლას აფასებენ, არ მიგვატოვებენ და დასაყრდენის სახით ვყავართ საზოგადოება, რომელსაც სურს, საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი გახდეს. ჩვენ არასდროს ვიქნებით რუსეთი, სადაც ადამიანებს მხოლოდ იმიტომ კლავენ, რომ განსხვავებული აზრი აქვთ.
_ ასეთ რამეები უკვე ჩვენთანაც ხდება.
_ სამწუხაროდ, საქართველო ნელ-ნელა ემსგავსება რუსეთს. შესაძლოა, მხოლოდ იმიტომ ჩაგსვან ციხეში, რომ სოციალურ ქსელში რომელიღაც ჩინოსანზე დაწერო სიმართლე. საქართველოში ასეთი რამე არ გამოვა. ისიც იცოდეთ, რომ რუსეთი ასე იოლად არ დათმობს საქართველოს. საქართველოდან რუსეთის ამოძირკვას, ერთი მხრივ, სჭირდება მტკიცე პოზიცია ქართველი ხალხის და, მეორე მხრივ, დასავლეთის მხარდაჭერა. ეს ორი რამ კომბინაციაში მოგვიტანს რუსი ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელისუფლების დათმობას.
მთელი ეს წლები ივანიშვილი გარკვეულ იერარქიას აშენებდა. მისი ძალაუფლება დამყარებული იყო ლილუაშვილზე, გომელაურსა და ხარებაზე. ერთ დღეს ადგა და ისინი გაწირა. ეს არ არის მისი სიძლიერის გამოვლინება. როდესაც გამოსავალს ვერ პოულობ, ასეთ დროს იშორებ თანამებრძოლებს. ერთგული მოკავშირეების მოცილებით ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში.
_ სააკაშვილის საქმეც მაშინ წავიდა ცუდად, როცა ვანო მერაბიშვილი დააქვეითა. შს მინისტრობიდან პრემიერად გადაყვანა მაშინ დაქვეითება იყო.
_ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც წააგო არჩევნები წინა ხელისუფლებამ, ეს შიდა დაპირისპირებები იყო. მერაბიშვილის გაპრემიერებამ დაასუსტა „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ვანო მერაბიშვილი შს მინისტრის პოსტზე იყო ძლიერი. ბიძინას ბოლოდროინდელი ნაბიჯები ვა- ბანკზე წასვლას ჰგავს. მისი ეს ვა-ბანკი გამოწვეულია ჩვენი უწყვეტი პროტესტით. პროტესტი რომ არ ყოფილიყო, გაყალბების მიუხედავად, „ოცნება“ საპარლამენტო ლეგიტიმაციას მიიღებდა. ფაქტია, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციის საბრძოლო სულისკვეთება ძალიან დაბალი იყო.
_ საერთოდ არ ჰქონდა სულისკვეთება იმ პერიოდში ოპოზიციას.
_ უმძიმესი რეპრესიების ფონზე მიდის ეს პროტესტი. ამას ემატება ის, რომ საქართველოში შექმნილია აუტანელი პირობები და ხალხი ემიგრაციაში გარბის. შობადობას სიკვდილიანობა ჭარბობს. КГБ-ს ჰქონდა ასეთი მიზანი: საქართველო ქართველების გარეშე. „ქართული ოცნება“ КГБ-ს ამ ოცნებას ასრულებს. ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგას დღეს საქართველოს. თუ გავჩერდებით, უფრო მძიმე მომავალი გვექნება. ვიღაცებს ჰგონიათ, თუ ჩუმად იქნებიან და ხმას არ ამოიღებენ, არაფერი ემუქრებათ. ტყუილად აქვთ ამის იმედი. რეჟიმის პირობებში დაცული არავინ არის. დაცული ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვაა მხოლოდ.
_ იგივე თორნიკე რიჟვაძის ამბით თუ ვიმსჯელებთ, ისინიც არ არიან მთლად დაცულები.
_ მხოლოდ ივანიშვილია დაცული. მაფიაშიც ხომ ასეა, მხოლოდ მაფიის ბოსია ბოლომდე დაცული. დანარჩენი დაცული არ არის. რაც არ უნდა ჩუმად იყო და რაც არ უნდა ტაში უკრა ხელისუფლებას, ნებისმიერს მიადგება, თუ ეს სისტემას დასჭირდება. ზოგს ფულს მოსთხოვს, ზოგს _ მიწას, ზოგს ბიზნესს დაათმობინებს.
_ რუსეთში დაიწყო ახლა ეს პროცესი. თავისიანებს დაერია პუტინი: ხან ბანკის მმართველებს აკავებენ, ხან _ მილიარდერებს. იქ ვიღაცები თავს იკლავენ და არის ერთი ამბავი.
_ რუსეთში უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა. რამდენიმე თვის წინ პეტერბურგში გაიმართა ეკონომიკური ფორუმი. იქ გამოსული ექსპერტები პირდაპირ მოთქვამდნენ, როცა რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე საუბრობდნენ. ეს ყველაფერი რუსეთს ომის დაწყების შემდეგ დაემართა. ახლა რუსეთის ეკონომიკა საკუთარ თავს ჭამს. არავინ იცის, ვის მიადგება ახლა რუსეთში სისტემა. დაცული იქ არავინ არის. საქართველოშიც ასე დაიწყო. ივანიშვილმაც ჩამოურა თავისიანებს. ზოგს ფულის დაბრუნება მოსთხოვა, ზოგს აეროპორტში იარაღი „აღმოუჩნა“ და დააკავა. სისტემა შესაძლოა ნებისმიერს მიადგეს. ამიტომ ხალხი უნდა მოეგოს გონს და გაითავისოს, რომ ამ ქვეყანაში დაცული არავინ არის. სახლში ჯდომით და გულზე ხელების დაკრეფით ეს რეჟიმი არ წავა. წასვლას ვინ ჩივის, კიდევ უფრო გაძლიერდება და შემდეგ ყველას მიადგება, მიუხედავად იმისა, ვისკენ იყო ის ან რას აკეთებდა.
ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი და მისთვის მთავარია ფული. მისი ყველა მოქმედება მიმართულია იქითკენ, რომ თავისი ქონება გაზარდოს. ამას აკეთებს ხალხის გაღატაკების ხარჯზე. შეხედეთ, რა დღეში ჩააგდო საყდრისი _ ააფეთქა იქაურობა, რომ უფრო მეტი ოქრო მოეპოვებინა. ყველგან, სადაც დასჭირდა, ბუნება გააჩანაგა და ჰესი ააშენა.
_ ხეები გადაათრია და ამის გამო ბუნება გაჩეხა.
_ ხეების გადათრევა საერთოდ რაღა მოსატანია, იმდენ სიგიჟეს აკეთებს. მისთვის მთავარი პირადი კეთილდღეობა და უსაფრთხოებაა. ძალიან საინტერესოა გიორგი ბაჩიაშვილის ეპიზოდი. ის და ივანიშვილი წლების განმავლობაში ბიზნესპარტნიორები იყვნენ და ერთად აკეთებდნენ ფულს. მერე უცბად ივანიშვილი დაეჭვდა, _ ცოტა მეტი ხომ არ გააკეთა იმან ფულიო? ემანდ, არ მომატყუოსო და ციხეში გამოკეტა კაცი. ესეც არ აკმარა და ციხეში ჩაგდებული ბაჩიაშვილი აწამა, პატიმარი შეუგზავნა და აცემინა, ესაა ივანიშვილის რეალური სახე. ასეთი ადამიანი სულ რომ რუსეთისკენ არ მიდიოდეს, მისი ტიპაჟიდან გამომდინარე, დემოკრატიის მტერია. კაცმა რომ ჰკითხოს, „ნაციონალებს“ ებრძვიან და თანამდებობებზე სულ ყოფილი „ნაციონალები“ ჰყავთ, რადგან დღეს მის ძალაუფლებას ასე სჭირდება.
_ ზემოთ ახსენეთ გომელაურისა და ლილუაშვილის გაშვება. რატომ გაუშვა ივანიშვილმა ეს ადამიანები და რატომ ენდობა ასე ძალიან ირაკლი კობახიძეს?
_ კობახიძის ფსიქოპორტრეტი რომ წარმოვიდგინოთ, ის არის ბავშვობაში დაჩაგრული ადამიანი, რომელსაც ჰქონდა არასრულფასოვნების კომპლექსი. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, მას რომ ვუყურებ. შესაბამისად, ის არის ყველაფერზე წამსვლელი, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. ძალაუფლების შენარჩუნება მას სჭირდება იმისთვის, რომ თავისი სურვილები დაიკმაყოფილოს. აკეთებს იმას, რასაც ახალგაზრდობაში ვერ აკეთებდა.
ცალკე აღებული ირაკლი კობახიძე არაფერია, ის ელექტორალურად ნულია. მას არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და ვერც ექნება. ის ვერასოდეს გახდება პოლიტიკური ლიდერი. კენჭი რომ იყაროს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათ ხამასაც კი ვერ აიღებს. ის ვერაფერს იზამს ივანიშვილისა და სისტემის გარეშე. ეს ყველაფერი კარგად იცის ოლიგარქმა და კობახიძე მის ხელში იარაღად აქცია. კობახიძე ძალაუფლებიდან გამომდინარე ახლა განიცდის ტკბობას. მას აწუხებს ძველი კომპლექსები და ვინც კი რამე დაუშავა ადრე, ახლა უხდის სამაგიეროს. ჟარგონულად რომ ვთქვათ, ისწორებს თავისას. ბიძინას მისი არ ეშინია.
_ რატომ არ ეშინია, ხომ შეიძლება, მის წინააღმდეგაც წავიდეს?
_ ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა, რომ კობახიძეს არ აქვს არანაირი ბეგრაუნდი და ლეგიტიმაცია. სამაგიეროდ, კობახიძე არის ტიპი, რომელიც მის ყველა ბრძანებას შეასრულებს. თან ისე გააკეთებს, როგორც ამას ივანიშვილი ეტყვის. კობახიძე ყველაფერს იკადრებს. ასეთი ტიპაჟი ოლიგარქისთვის, რომელიც არაფორმალურად მართავს ქვეყანას იდეალურია. ბიძინას მთელი თავისი გარემოცვა კარგად ჰყავს შესწავლილი. შესწავლილი ჰყავს ირაკლი კობახიძეც. ოლიგარქმა კარგად იცის, რომ ირაკლი კობახიძე დამოუკიდებლად თამაშს არ და ვერ გაბედავს. ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ადამიანი ამოარჩია.
_ ღარიბაშვილზე მეტად არის კობახიძე ივანიშვილზე დამოკიდებული?
_ ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ხშირად აქებდა ბიძინა ივანიშვილს. ყველა სიტყვის შემდეგ მადლობას უხდიდა ბატონ ბიძინას. რაღაც მომენტში უკვე ძალიან ხელოვნური გახდა ღარიბაშვილის ეს მლიქვნელობა. კობახიძისგან განსხვავებით, ღარიბაშვილმა სხვა ნაბიჯები გადადგა. პრემიერობის პირველ ეტაპზე მან შექმნა კახური კლანი და იშოვა ძალიან ბევრი ფული. მან მოსინჯა დამოუკიდებელი გავლენების ქონა. თავის ხალხს ნიშნავდა ყველგან, შოულობდა შავ ფულს. ეს ისეთი ამბიციის გამოვლენაა, რომელიც ბატონისთვის დამაეჭვებელია. მართალია, ღარიბაშვილიც ყველაფერს აკეთებდა, რასაც ივანიშვილი ავალებდა, მაგრამ თავის გავლენის სფეროებსაც აფართოებდა. ივანიშვილს ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია, იმდენ ვერაგ და ეშმაკ ადამიანთან ჰქონია საქმე, რომ ხალხის ამოცნობა აღარ უჭირს.
_ გასული სუკუნის 90-იან წლებში რუსეთში ფულის შოვნა ადამიანების ამოცნობის ნამდვილად დიდი სკოლაა.
_ კი, კი. თავისი შავბნელი წარსულიდან გამომდინარე ის კარგად ცნობს ადამიანებს. კობახიძეზე იცის, რომ ის ძალაუფლებით ტკბობას განიცდის და მისი მთავარი ეგოა, რომ პირველი კაცი ერქვას. მართალია, ბატონი ჰყავს, სამაგიეროდ სხვებს ზემოდან უყურებს და ყოყოჩობს. ახლა მასაც მოელის გამოცდა.
_ რა გამოცდა?
_ ხალხის დანიშვნის საქმეში. ივანიშვილმა ყველა მოიშორა, ვინც კი ოდნავ გაძლიერდა. ივანიშვილი და კობახიძე ანტიქართველი ტიპაჟები არიან. პატრიოტული ელემენტი არც ერთს გააჩნია და არც მეორეს. გავიხსენებ 2023 წლის 26 მაისს: საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა. რუსთაველის გზმზირზე იმართებოდა აღლუმი, რომელსაც მთელი ხელისუფლება ესწრებოდა. ირაკლი კობახიძე იმ დროს იყო „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ აღლუმზე არ წავიდა. აუზზე წამოწვა და გაირუჯა. მაღალჩინოსანი იყო და დამოუკიდებლობის ზეიმზე უნდა ყოფილიყო. მისი ეს ქმედება ნათლად აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ეროვნული სიმბლოების მიმართ. ეს არის თავიდან ბოლომდე არაპატრიოტი ადამიანი. ივანიშვილიც ასეთი ტიპია. მას ერთხელ ჰკითხეს, როცა პრემიერი იყო, _ რატომ არ ჩახვედით საოკუპაციო ხაზთანო და თქვა, იქ რა მესაქმებაო? ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა მას საქართველოს მიმართ. მოკლედ, კობახიძე იდეალური პრემიერია ივანიშვილისთვის. ის მის ყველა ბრძანებას უსიტყვოდ შეასრულებს. კობახიძეს ივანიშვილი ბევრ შავბნელ საქმეს გააკეთებინებს. ივანიშვილს მხოლოდ ერთი რამე უნდა, _ რაც შეიძლება, მეტი ფული იშოვოს. ეს კაცი ხომ ქონების შეგროვებითაა დაავადებული.
_ ეს დაავადება აქცევს თუ არა მას მსხვერპლად? ტყვე უკვე არის თავისი ქონების. შესაძლოა, დიდი პატრიოტი არ არის, მაგრამ ქონება რომ არ ჰქონდეს დასაცავი, ალბათ, ასე არ მოიქცეოდა.
_ ბუნებრივია, ცუდად დაასრულებს. გასულ კვირას რუსი ოლიგარქი პლახატნიუკი დააკავეს საბერძნეთში. ის მოლდოვის არაფორმალური მმართველი იყო. 2019 წლამდე ის მოლდოვაში ყველაფერს აკონტროლებდა და ბიძინა ივანიშვილზე ორჯერ მეტი ფული ჰქონდა. ძალიან დიდი ფული რამდენადაც დიდი ძალაუფლება და პრივილეგიაა, იმდენად დიდი საფრთხეცაა. ამ ადამიანებს ფულის გამო ყველაფერი აქვთ ჩადენილი, რისი ჩადენაც კი შეიძლებოდა. უამრავი ადამიანი ჰყავთ გადაკიდებული. დღეს არსებული მექნიზმები მსოფლიოში გამორიცხავს იმას, რომ ვიღაც კონკრეტულმა ფულიანმა ტიპმა დაცულად იგრძნოს თავი, თუ მსოფლიოში გაბატონებულ წესებთან წინააღმდეგობაში მოდის. ერთადერთი დაცულად ჩრდილოეთ კორეაში შეიძლება იგრძნონ თავი. რუსეთიც კი არაა მათთვის უსაფრთხო.
_ რატომ არ არის ივანიშვილისთვის რუსეთი უსაფრთხო?
_ იქ ჩასვლის შემთხვევაში ივანიშვილს ყველა თავის წილს მოსთხოვს. იმაზე არფერს ვამბობ, რომ რუსეთში, თავის დროზე, ბევრი ვინმე გადაიკიდა. ამას რომ თავი დავანებოთ, რუსეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება ფული ღირს. სირიაში რევოლუციის შემდეგ ბაშარ ალ ასადი მოსკოვში გაიქცა. მან რუსეთში წაიღო ძალიან ბევრი ფული. ფული არის საშუალება, რომლითაც მოსკოვში მიღებული ხდები. ისე არავინ დაგსვამს იქ. რაც აქამდე გაშოვნინა რუსეთმა, იქ უნდა ჩაიტანო. თან იქ დაცული არავინ არის _ არც ბიზნესმენები, არც მინისტრები... მაგათი ტრანსპორტის მინისტრი გამახსენდა, რომელიც წინა დღეს გააკრიკიტა პუტინმა და მეორე დღეს იმან თავი მოიკლა. ეს ოფიციალური ვერსიაა. ის მოკლეს, რადგან აღარ სჭირდებოდათ. ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს რუსეთი, ამიტომ რუსეთში არ მოინდომებს წასვლას. ამ ადამიანს წასასვლელი სულ ცოტა ადგილზე აქვს.
_ ყველაზე უსაფრთხოდ, წესით, ევროპაში უნდა იგრძნოს თავი. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ არ ამბობს უარს საფრანგეთის მოქალაქეობაზე.
_ ევროპაშიც ვერ იგრძნობს თავს დაცულად. უფრო მგონია, რომ სამხრეთ ამერიკისკენ წავა. იქ უფრო დაცული იქნება მისი უსაფრთხოება და ქონება. ახლა ძალიან ბევრი რამე პირადად მასზეა დამოკიდებული. მასზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება შემდეგში უსაფრთხოდ. საინტერესოა, ახლა რამდენად გაწელავს ზამბარას? ვნახოთ, გამოუშვებს თუ არა პოლიტპატიმრებს ან გაიზრდება თუ არა მათი რაოდენობა. საკითხავია, რამდენად გაგრძელდება ტერორი. ჩადენილ ბოროტებაზე ყველა აგებს პასუხს, ზოგი ადრე, ზოგი გვიან. ივანიშვილსაც დაუდგება ეს წამი. ძალიან მძიმედ აგებს ის პასუხს.
არა მგონია, ბევრი ვინმე დაუდგეს გვერდით. ყველამ ნახა, თუ როგორ ექცევა ის ადამიანებს. ყველას გვახსოვს ხარება, რომელიც ივანიშვილისთვის ყველაფერს აკეთებდა და ათასი საშინელება ჩაიდინა. ერთ დღეს ადგნენ და ეს ადამიანი ჰაერში დატოვეს. გომელაურსა და ლილუაშვილზეც იგივე შეიძლება ითქვას. ახლა სხვები ფიქრობენ, მეც გამომიყენებს და მიმაგდებსო.
ბიძინა ივანიშვილმა ყველა გაწირა, ვინც მას ემსახურებოდა. ეს ხალხი მისი ერთგული იყო და ამიტომ სჩადიოდა დანაშაულებს. ისინი სამართლიანად დაასანქცირეს და ეს დასანქცირებული ხალხი ივანიშვილმა ჰაერში დატოვა. ასე იმიტომ მოიქცა, რომ მათ ამოწურეს თავისი სიბოროტე. ახალ ტიპებს მისცა გასაქანი. ყველა ადამიანს, სადაც არ უნდა მსახურობდეს, თავის გადარჩენის ინსტინქტი აქვს. ყველა კარგად ხვდება ვინც ახლა დაინიშნა თანამდებობეზე, რომ ერთხელ მათაც გაწირავს ბატონი. ამიტომ დიდი სულისკვეთება და შემართება მათი მხრიდან არ ჩანს.
ჩვენი ბრძოლაც უნდა გაგრძელდეს და _ არჩევნების ბოიკოტიც. „ლელოსა“ და გახარიას პარტიის წევრები სადაც შემხვდებიან, საკადრისს პასუხს გავცემ, ვეტყვი, რომ მათ გვიღალატეს მძიმე ბრძოლაში.