პარასკევი, 01 აგვისტო, 2025
2025-07-31 10:01:02
ირინა მაკარიძე
„საქართველო ვერ შეუერთდება ევროკავშირს, სანამ მისი მთავრობა არ გადაუხვევს ავტორიტარულ კურსს. ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით“, _ ევროპარლამენტმა ეს განცხადება ფეისბუკის გვერდზე 25 ივლისს გამოაქვეყნა. შეუძლებელია ამაზე უფრო მკაფიო განცხადების გაკეთება, რომელიც ინტერპრეტაციის არანაირ საშუალებას არ ტოვებს.
შექმნილ ვითარებასა და მოვლენების განვითარების შესაძლო პერსპექტივების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი, დიპლომატი მამუკა ჟღენტი:
_ „ქართული ოცნების“, ივანიშვილისა და რუსეთის მმართველობის პირობებში ამ გზავნილში ახალი არაფერია. ეს რეალობა უკვე დიდი ხანია, შექმნილია. ფაქტია, რომ ევროპულ ოჯახში წევრიანდება ის სახელმწიფო, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, სტანდარტებს. მაშინ, როდესაც რეალურად ავტოკრატიაზე ვართ გადასული და რაც ცოტა ხანში, შესაძლოა, დიქტატურაშიც გადაიზარდოს, რა თქმა უნდა, ასეთ სახელმწიფოს ევროკავშირში არავინ ელოდება და არც არავინ მიიღებს. რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის შეგნებულ და გააზრებულ არჩევანს, ევროპულ განვითარებას, ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ აქამდე დეკლარირებულად თუ აცხადებდა, რომ ეს იყო მიზანი, ახლა საპირისპირო სურათი გვაქვს. ფაქტია, რომ გასულები არიან კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ, რადგან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ უნდა გავწევრიანდეთ ევროკავშირში. ვეჭვობ, რომ ევროპული განვითარება არც არასდროს ყოფილა მათი რეალური სურვილი. უბრალოდ, აქამდე სხვა გზა არ ჰქონდათ, ეს იფუთებოდა, დღეს კი, როგორც ჩანს, ივანიშვილს მიღებული აქვს დავალება, რომ ყველაფერი პირდაპირ თქვას და გააკეთოს. აქედან გამომდინარე, ასეთ სახელმწიფოს არც ევროკავშირი მიიღებს და არც „ქართულ ოცნებას“ სურს გააღიზიანოს რუსეთი და მის დავალებას ასრულებს. შესაბამისად, წვავენ ყველა ხიდს, რომლითაც შესაძლებელია, საქართველომ დაიბრუნოს შესაძლებლობა იმისა, რომ ოდესმე გაწევრიანდეს ევროკავშირში.
_ კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შეეძლოს, ევროკავშირის ელჩს გააძევებდა ქვეყნიდან. რა იტყვით მსგავსი ტიპის განცხადებებზე, რომლებიც „ქართული ოცნებიდან“ ისმის დიპლომატების მიმართ?
_ შესაძლოა, კალაძის მიმდევრებმა არ იციან ეს, მაგრამ ფაქტია, და კალაძემაც მშვენივრად უწყის, რომ ნებისმიერი ქვეყნის ელჩი, მათ შორის, ჩვენი ელჩებიც უცხოეთში, ინდივიდუალურ და პიროვნულ პოზიციას არ აფიქსირებენ. არ არის ეს ასე. ნებისმიერი ელჩი ახმოვანებს იმ ქვეყნის შეხედულებას, გზავნილს, რომელიც მიღებული აქვს შესაბამისი დედაქალაქიდან, ამ შემთხვევაში ბრიუსელი იგულისხმება. აქედან გამომდინარე, ელჩი ჰერჩინსკი რასაც ამბობს, ეს მისი პირადი პოზიცია, რომელიც ღამე დაესიზმრა, არ არის, ეს არის ინსტრუქცია, რომელიც მას ევროკომისიიდან აქვს მიღებული. შესაბამისად, როცა კალაძე ასეთ უხეშ განცხადებებს აკეთებს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მარტო ელჩისადმი უპატივცემულობის გამოხატვა, დაშინება ან შეურაცხყოფა არ არის, ეს არის მიმართული პირდაპირ ბრიუსელის, ევროკომისიისა და ევროკავშირის მიმართ. როგორც ვთქვი, ელჩი დედაქალაქიდან მიღებულ დავალებებს ასრულებს. ეს კალაძემ მშვენივრად იცის. ისიც იცის, რომ როდესაც ელჩ ჰერჩინსკიზე საუბრობს ასეთი ტონით ან თუნდაც გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების ელჩებზე, ეს მიზანმიმართულია ამ ქვეყნების წინააღმდეგ. ელჩები ამას პირად შეურაცხყოფად არ მიიღებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლაა დედაქალაქებთან, როგორებიცაა ბრიუსელი, პარიზი, ბერლინი და სხვა იმ ქალაქებთან, რომლებთანაც ერთ ოჯახში გაწევრიანება საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა. ნონსენსია, მაგრამ ვიმეორებ: ჩემი შეფასებით, ეს არის კარგად გააზრებული პოზიცია, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი სურვილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის არ გააჩნია.
_ ახლა ომის თემის პროპაგანდა გაააქტიურეს ისევ, რომ დასავლეთი ცდილობდა საქართველოს ომში ჩათრევას, ამაზე რას იტყვით?
_ ომის გზავნილი გამიზნულია იმ კონტინგენტისთვის, რომლის შეფასება შეიძლება, როგორც დეგენერატების. შეგვიძლია უამრავი მაგალითის მოყვანა, თუ რატომ არის ეს აბსოლუტური სისულელე და ნონსენსი: მაგალითად ავიღოთ მოლდოვა. იგი ესაზღვრება უკრაინას დნესტრისპირეთიდან. დნესტრისპირეთში დგას რუსული ჯარი. ვინმეს რომ მეორე ფრონტის გახსნა სურდეს, ყველაზე რეალური იქნებოდა, რომ მოლდოვა თავისი ჯარით შესულიყო და დაეწყო საომარი მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, უკრაინა თავისთავად მიეხმარებოდა. მთელი დასავლეთი, ევროკავშირი და ნატოს სახელმწიფოები პირიქით, ეხვეწებიან, რომ რაიმე წინდაუხედავი ნაბიჯი არ გადადგას და მეორე ფრონტის საშიშროება აღმოიფხვრას. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს მეორე ფრონტი უნდოდა დასავლეთში, ყველაზე ადვილი ეს იქნებოდა დნესტრისპირეთში. ეს ერთი მაგალითი, რაც გვიჩვენებს, რომ აბსურდულია იმის მტკიცება, რომ ვინმეს ომი უნდა. მეორე: როგორც ჩანს, როცა ომის გზავნილებს აჟღერებენ, ჰგონიათ, რომ შვეიცარიას მართავენ. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული არ გვაქვს? რეალურად დე ფაქტო საომარ მოქმედებში არ ვიმყოფებით? მეტი რა ომის გახსნაზეა საუბარი, როცა უკვე საომარ ვითარებაში ვართ? ვინმეს აქვს წარმოდგენა და ილუზია, რომ რუსეთის მარიონეტი საქართველოს ე. წ. ხელისუფლება ომს დაუწყებს მის მმართველ რუსეთს?
_ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ვინც მათ პრორუსად მოიხსენიებს, აგენტები ან სასარგებლო იდიოტები არიან. რას იტყვით ამაზე?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ ამ შემთხვევაში მეც აგენტი ვარ, მაგრამ მინდა გულახდილად გითხრათ, რომ წარმოდგენა არ მაქვს, ვისი აგენტი ვარ ან ეს გლობალური ომის პარტია ვინ არის, ისევე როგორც მათ არ იციან. მე მოწინააღმდეგე ვარ პრორუსი ე. წ. ხელისუფლების შეფასების. ესენი არა მარტო პრორუსულები არიან (პრორუსული შეიძლება იყოს სომხეთის ხელისუფლება, თუნდაც ლუკაშენკო, მაგრამ „ქართული ოცნება“ _ არა), არამედ რუსული ხელისუფლებაა. ყველაზე სწორი შედარება იქნებოდა ვიშის რეჟიმთან, რომელიც იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა გერმანია შეიჭრა საფრანგეთში და ოკუპირებულ საფრანგეთს სათავეში ჩაუდგა ვიშის მთავრობა. იგივეა აქაც, ესენი არიან ხუნტა, ვიშისტები, რომლებიც საქართველოს რუსეთის დავალებით მართავენ. ასე რომ, პრორუსი შეიძლება იყოს ხელისუფლება პრორუსული პოზიციით, მაგრამ ივანიშვილი და მის გარშემო მდგომი დაჯგუფება, რომელსაც ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფს დავარქმევდი, არის რუსეთის დავალებების შემსრულებელი.
_ რას იტყვით სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც მიემართება ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ?
_ ივანიშვილის რეჟიმი დგას ორ მთავარ საფუძველზე, ესაა ეს წურბლები, რომლებიც დანაშაულებებითა და კორუფციით ყოველდღე მდიდრდებიან, რისი არაერთი მაგალითიც არსებობს. მაგრამ, მგონი, საჭიროც არაა, რადგან ყველამ ვიცით; და მეორე კატეგორიაა, რომელშიც ეს „ტვინგამორეცხილები“ შედიან, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ივანიშვილს ევროკავშირისკენ მივყავართ ან რუსეთისგან ომს გვაცილებს, თან ის იცავს, რომ ქართველმა მამაკაცებმა არ დაიწყონ რძის წველა და ასე შემდეგ. რაც შეეხება სანქციებს, მჯერა, რომ ივანიშვილს კარგად აქვს გააზრებული, რა პრობლემებიც შეექმნება და უკვე შეექმნა, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ ის იმდენადაა დაშინებული და მის პატრონზე, ანუ კრემლზე ჩამოკიდებული, რომ მისთვის რეალურად სულ ერთია. მისთვის ეს სანქციები პირადად მასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, ბევრის მომტანი ვერ იქნება, რადგან ივანიშვილს რუსეთის უფრო ეშინია და ალბათ, სიცოცხლის მოსპობის, ვიდრე მისი ასე ნალოლიავები ქონების დაკარგვის. რაც შეეხება ამ წურბლებს, ვისზეც დგას ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი, ისინი უკვე იწყებენ იმის გააზრებას, რომ ივანიშვილი მათ ვერ დაიცავს, ივანიშვილი მათ არ გადაჰყვება. იგივე ვნახეთ რიჟვაძის, თუნდაც ლილუაშვილისა და მისი სხვა უახლოესი ადამიანების განთავისუფლების მაგალითზე, რომ შესაძლოა, ისინი ივანიშვილმა ნებისმიერ მომენტში გაწიროს. კიდევ უარესი მაგალითია, ბაჩიაშვილს როგორც მოექცა...
ეს წურბლები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ამ სანქციების პირობებში ეს რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს და მეორე _ უკვე სერიოზული შედეგები დადგება მათ მიერ უკანონოდ მოპოვებული აქტივებისა და სიმდიდრის კონტექსტში. აქედან გამომდინარე, ეს სანქციები სწორედ ივანიშვილის გარემოცვაზე არის გამიზნული, სასამართლო სისტემაში იქნებიან ისინი, სამარალდამცველ თუ სხვა სტრუქტურაში. ეფექტიანად მოქმედებს კიდეც. უკვე ვხედავთ, რომ რეალურად ამ ჩაძირვის პირას მყოფი გემიდან უკვე დაიწყეს ნელ-ნელა გასვლა.
_ თუ რეალობად მივიღებთ იმას, რომ ივანიშვილის უკან რუსეთი დგას, ე. ი. ქართველ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ უწევს ბრძოლა. მაშინ რამდენად რეალური შეიძლება იყოს ხელისუფლების შეცვლის შანსი?
_ ფაქტია, რომ რუსეთი საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ცდილობს არ შეიმჩნიოს, რომ ეკონომიკურად, ფინანსურად სერიოზული პრობლემები აქვს. სამხედრო თვალსაზრისით ვიცით, რა პრობლემებიც აქვთ და ყოველდღიურად ახალი აფეთქებებია რუსეთის შუაგულში, მე ვიტყოდი, ურალის მიღმაც კი. ამიტომ ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი ვერ შეძლებს ივანიშვილის მხარდაჭერას, რადგან საკუთარი პრობლემები აქვს. აქედან გამომდინარე, რეჟიმი ვერანაირად გადაირჩენს თავს, თუ ხალხის პოზიცია იქნება ცალსახა, რომ დაიცვას ევროპული ინტეგრაციისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნების შესახებ საკუთარი არჩევანი. ხალხის ნების წინააღმდეგ ვერანაირი ძალა, ვერც ივანიშვილის სადამსჯელო და ვერ გარე ძალა, ვერ მოახერხებს წასვლას, რაც არაერთხელ გვინახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დიქტატურას ამარცხებს მხოლოდ ხალხის გაერთიანება, ხალხის კონსოლიდაცია, პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, ნებისმიერი მოქალაქის მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პოზიცია. ამიტომ თუ ეს იქნება უზრუნველყოფილი, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. აქვე აღვნიშნავ იმ თავდადებულობას, როცა უკვე 200 დღეზე მეტია, პატრიოტები ყოველდღიურად გადიან რუსთაველზე, რაც შედეგის წინაპირობაა. ნებისმიერი მოქალაქე ვალდებულია, საკუთარ ქვეყანაზე იფიქროს, ეს რაღაც განყენებული ცნება არ არის _ თუ გვინდა ვიცხოვროთ ადამიანურად, მაშინ ჩვენი ვალდებულებაა, საკუთარი პოზიცია დავაფიქსიროთ და არა ისე, რომ ვიღაცას მივანდოთ ეს, რამდენიმე ათას ადამიანს, თუნდაც ათეულ ათასობით იყოს და თუნდაც ასეულ ათასობით, ეს არ არის საკმარისი. საჭიროა, რომ მთელი ერი კონსოლიდირდეს და თქვას, დააფიქსიროს, რა გვინდა. თუ გვინდა რუსეთთან, არც ეს არის პრობლემა, უნდა თქვას, რომ გვინდა ივანიშვილი და გვინდა რუსეთი. მაგრამ, ერთი მხრივ იძახო, რომ არა, რუსეთი არ გვინდა, გვინდა ევროკავშირსა და ნატოში და, მეორე მხრივ, საერთოდ ხმა არ ამოიღო და პოზიცია არ დააფიქსირო ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ეს არის მიუღებელი. ეს ასევე ეხმარება იმ ვიშიზმის პოლიტიკის შენარჩუნებას ქვეყანაში, რაც ახლა არის.
_ ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც რეგიონშია, რამდენად ქმნის ზურგის ქარს ქართველი ხალხის საბრძოლველად?
_ რაც შეეხება რეგიონში შექმნილ ვითარებას, რუსეთი ვეღარ ახერხებს აქამდე არსებული საგარეო პრიორიტეტების რეალურად განხორციელებას. ვხედავთ, რომ აბსოლუტურად დაკარგული აქვს კონტროლი აზერბაიჯანზე; სომხეთი, ფაქტობრივად, გავიდა რუსეთის გავლენის სფეროდან. თუ ის პროექტი განხორციელდა და, ჩემი აზრით, ეს აბსოლუტური რეალობაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პატრონაჟითა და ზედამხედველობით ზანგეზურის დერეფნის აღდგენას გულისხმობს, მით უმეტეს, საუბარია, რომ მას „ტრამპის დერეფანს“ არქმევენ და ა. შ., აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ რუსეთი რეგიონში აღარ იარსებებს, გარდა ერთი სახელმწიფოსი, რომლის 20 პროცენტიც მას ოკუპირებული აქვს და სადაც მას ჰყავს მის მიერ დასმული ხელისუფლება თბილისში. ამის დაშვება გარდა იმისა, რომ ჩვენი ისტორიული, გამოუსწორებელი შეცდომა იქნება, არ შეიძლება. ჩვენ ვღვრიდით სისხლს რუსეთთან ბრძოლაში და არა სომხები და აზერბაიჯანელები. ჩვენთან ხდებოდა ის პროცესები, რასაც ჩვენი მოქალაქეები, სახელმწიფო მოღვაწეები შეეწირნენ და უცებ, ორ-სამ წელიწადში აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენ ვართ პრორუსები და სხვები ყველა აზრზე მოვიდნენ და გადიან რუსეთის კონტროლიდან. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, ეს დერეფანი თუ ამოქმედდება და სომხეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის უზრუნველყოფა თუ მოხდა, საქართველოს ის როლი, რაც აქამდე ჰქონდა როგორც სამხრეთ კავკასიის დერეფნის, გვეკარგება. ის შემოსავლები, რაც აქამდე თუნდაც ტრანსპორტის გატარებით და ტრანზიტის მეშვეობით იყო, ამასაც კი დავკარგავთ. ერთადერთი გამოსავალია: ან ჩვენ მივყვებით ამ დინებას და ვიქნებით აქტიური მონაწილეები ამ პროცესის, რაც კავკასიის რეგიონშია, ან ვრჩებით ამ პროცესების მიღმა, რაც არანაკლები მნიშვნელოვანი შანსის დაკარგვაა, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მოკვლაა.
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ბუნებრივად აქვს კავკასიაში ლიდერის როლი, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ჩვენ არ გაგვაჩნია არც ნავთობი და არც გაზი. ბევრი მიზეზიდან გამომდინარე, საქართველო შეიძლება იყოს რეგიონში ლიდერი. თუ გაერთიანება დაიწყო და ჩვენ ამ გაერთიანების მიღმა დავრჩით, ეს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ერთიანი სამხრეთ კავკასია ეს არის სერიოზული პერსპექტივა, სერიოზული მონაპოვარი, ორი-სამი წლის წინ ამის ოცნების პერსპექტივაც არ გვქონდა. დღეს ეს რეალობა ხდება და ჩვენ ვრჩებით ამ პროცესების მიღმა. ეს არის არა მარტო ტრაგედია, არამედ დანაშაული.
_ რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს, რამდენად არის მართლაც მოსალოდნელი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ, იმის გათვალისწინებით, რომ იზოლაცია ახლა შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ აწყობს?
_ აქ გაუგებარი თამაშებისა და თვალის ახვევის პოლიტიკის მომხრე ნამდვილად არ ვარ. მათ შორის, როდესაც კანდიდატის სტატუსის განხილვა ხდებოდა, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭება იყო ნამდვილად გამართლებული. არ ვიყავი წინააღმდეგი, არ ვეუბნებოდი, რომ არა, არ მიანიჭოთ, მაგრამ არც მომხრე ვიყავი. დღესაც არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, როცა „ქართული ოცნების“ პირობებში, აბსოლუტურად დაუმსახურებლად, ქვეყანას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. იგივე პოზიცია მაქვს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. დღეს ვხედავ, რომ ძალიან ბევრ ჩემს ძველ მეგობარს ან ნაცნობს სოციალურ ქსელებში, ერთი მხრივ, რომ „ოცნების“ დროშა უჭირავთ და, მეორე მხრივ, მათი შვილები და მათი გარემოცვა ევროპაში ან დასაქმებულია, ან სამკურნალოდ დადის, ან სწავლობს, ან მოგზაურობს. შეუძლებელია, თან ევროპა გინდოდეს და თან ივანიშვილი! თუ იქ შვილებს აგზავნი და იზიარებ აზრს, რომ იქ კაცები რძეს იწველიან, მაშინ ჩამოყალიბდით! თუ ხვდებით, რომ კაცები რძეს არ იწველიან, მაშინ თბილისშიც აღიარეთ, რომ ევროპაში მამაკაცი რძეს არ იწველის. ეს რამდენიმე სკამზე ჯდომა ჩემთვის მიუღებელია. ფაქტია, რომ ვიზალიბერალიზაცია, უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, ეს არის პრივილეგია. ამ პრივილეგიას ანიჭებენ იმ სახელმწიფოებს და იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ამას იმსახურებენ, აღიარებენ და სოლიდარულები არიან ევროპული სტანდარტების, ფასეულობების. თუ სახელმწიფო ამას არ აკეთებს, არღვევს ადამიანის უფლებებს საკუთარ ქვეყანაში, ციხეებში ჰყავს გამოკეტილი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, ევროპის შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, მაშინ რატომ უნდა შეუნარჩუნდეს ეს სტატუსი?!
ჩემი აზრით, არანაირი უკუშედეგი ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას არ მოჰყვება, ვიზარალებთ ყველა, მაგრამ სამშობლო და ჩვენი ქვეყნის მომავალი ამად ღირს! ომში წასვლაც ღირს და უვიზო რეჟიმის ატანაც ღირს, ოღონდ არა იმ კონტექსტში, რასაც „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ რუსეთში დავბრუნდეთ. არა, პირიქით, სწორედ იმიტომ, რომ რუსეთისგან გავთავისუფლდეთ. იმ ხალხის გამოსაღვიძებლად, გამოსაფხიზებლად, ვისაც თან ევროპა უნდა, თან იმის ეშინია, რომ კაცობას დაკარგავს, ჩემი აზრით, ასეთი რადიკალური ზომები, პირიქით, უფრო მისაღებია. თუ საქართველო პროევროპულია, მაშინ რატომ ჰყავს ეს ვიშის ხელისუფლება სათავეში? არ შეიძლება, საქართველოს მომავალი ვიღაცის ჯიბის გასქელების ბედიღბალზე იყოს დამოკიდებული.