QronikaPlus
მამუკა მამულაშვილი - დამოკიდებულები ვართ ტრამპის ხასიათზე

მამუკა მამულაშვილი - დამოკიდებულები ვართ ტრამპის ხასიათზე

2025-07-31 10:13:56

 

მიხეილ ხაჩიძე

 

უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომიდან თითქმის სამი წლის შემდეგ რუსეთის სამხედრო მანქანა ახალ გამოწვევებს აწყდება როგორც ფრონტის ხაზზე, ისე საკუთარ ტერიტორიაზე. იერიშები უკვე გავრცელდა რუსულ ქალაქებზე _ სოჭსა და ადლერზე.

 უკრაინული დივერსიული ჯგუფების აქტივობა სულ უფრო ინტენსიური ხდება. შავი ზღვის სანაპიროს უსაფრთხოება, რომელიც პუტინისთვის „ზურგად“ ითვლებოდა, დღეს სუსტი წერტილია. უკრაინამ მკაფიო სიგნალი გაუგზავნა კრემლს: ოკუპაციის ზონა უსაფრთხოების გარანტიას აღარ იძლევა.

უკრაინის ომმა ახალი გეოგრაფიული ფაზა შეიძინა _ შეტევა შავი ზღვის სანაპიროზე გადავიდა. ივლისის მესამე კვირაში უკრაინულმა უპილოტოებმა და დივერსიულმა ჯგუფებმა პირდაპირი დარტყმები მიაყენეს რუსეთის შავიზღვისპირა ქალაქებს _ სოჭსა და ადლერს, რის შედეგადაც დროებით დაიხურა აეროპორტები, გაჩერდა სამოქალაქო ფრენები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

უცხოური მედიითა და სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ სოჭის მახლობლად აფეთქებები 24 ივლისის ღამის განმავლობაში რამდენიმე საათს გრძელდებოდა. განსაკუთრებით დაზიანდა ობიექტები ადლერში, მათ შორის, სასაწყობე ზონა; სავარაუდოდ, სამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურა.

 აფხაზეთი შოკშია — ღამის აფეთქებები და გაურკვევლობა

 განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა შეტევებს ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელიც რუსეთისთვის სტრატეგიულ ზურგად მიიჩნევა სამხრეთ კავკასიაში.

სოხუმსა და გუდაუთაში ადგილობრივმა წყაროებმა ღამის აფეთქებების ხმა დააფიქსირეს. აფხაზურ ტელეგრამარხებზე გავრცელდა აუდიოჩანაწერები და კადრები, სადაც ადგილობრივები ხმაურის, სავარაუდო აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის გააქტიურების შესახებ საუბრობენ. ზოგიერთი არხი ავრცელებდა ცნობებს აფხაზეთის შავი ზღვის სანაპიროზე უკრაინული დრონების შესაძლო გამოჩენის შესახებაც.

მოსკოვი და სოხუმი ამ დროისთვის დუმილს ამჯობინებენ. ოფიციალური განცხადება არც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და არც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სტრუქტურებმა გააკეთეს. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინა აძლევს სიგნალს _ ოკუპირებული აფხაზეთიც რუსეთის ომის ნაწილად მიიჩნევა და, შესაბამისად, ლეგიტიმურ სამიზნეს წარმოადგენს.

 რა შეცვალა უკრაინის სტრატეგიამ?

 უკრაინის თავდაცვის ახალი ტალღა იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ დონბასისა და ზაპოროჟიეს ფრონტით. თავდასხმები სიღრმეში, მათ შორის, ბელგოროდში, ბრიანსკში, ყირიმში და ახლა უკვე სოჭსა და აფხაზეთის სიახლოვეს, მოწმობს რუსეთის შიდა უსაფრთხოების სისტემურ ჩავარდნასა და სამხედრო ზონის გაფართოებას.

ეს დარტყმები ფსიქოლოგიურადაც ძლიერად მოქმედებს _ რუსეთის საზოგადოებაში იქმნება განცდა, რომ ომი აღარ არის „საზღვრებს მიღმა“, არამედ უკვე „სახლის ზღურბლზეა“. სწორედ ამ მხრივ აფხაზეთის შერყევა კრემლისთვის ორმაგად სენსიტიურია:

1. აფხაზეთი რუსული გავლენის ვიტრინაა კავკასიაში;

2. კრემლი იქ ნებისმიერ დარტყმას აღიქვამს დასავლური გავლენის პირდაპირ გაფართოებად რეგიონში.

შავი ზღვის სანაპიროზე გაშლილი უკრაინული იერიშები არა მხოლოდ სამხედრო მოქმედებების ახალი ფაზაა, არამედ ეს სიმბოლური შეტევაც არის რუსეთის იმპერიულ წარმოდგენებზე, რომ ზღვისპირა სამხრეთი „ხელშეუხებელი ზონაა“.

აფხაზეთში პანიკის გავრცელება, სოჭსა და ადლერში ფრენის შეწყვეტა და დაზიანებული ინფრასტრუქტურა მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინა ადაპტირდება, ფლობს დარტყმის გრძელ მანძილზე მიყვანის შესაძლებლობებს და ანგრევს რუსეთის შინაგანი მყუდროების ილუზიას.

უკრაინული დრონების ზუზუნი აფხაზეთის ცაზე შესაძლოა ის იყოს, რაც კიდევ ერთხელ დაარწმუნებს პოსტსაბჭოთა რეგიონებს: პუტინის მიერ გადახაზული საზღვრები აღარ ნიშნავს მშვიდობიან ზურგს _ ისინი თავად იქცნენ ფრონტის ხაზად და პუტინის რეჟიმს ყველასთვის უბედურება მოაქვს, ჭაობში იძირება და სხვებსაც ითრევს.

ამ დინამიკაში კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება იმ უცხოური ქვედანაყოფების წვლილი, რომლებიც წლების განმავლობაში უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვიან. მათ შორის ყველაზე ცნობილია ქართული ლეგიონი, რომელიც 2014 წლიდან არსებობს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მოქმედებს.

ლეგიონის სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა გაიზარდა და ახალ ეტაპზე გადავიდა 2025 წელს, როდესაც პირველად უკრაინის ისტორიაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელით სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს _ სწორედ ქართველ მებრძოლებს. ეს აღიარება მხოლოდ ერთეული მებრძოლების ღვაწლზე არ მიანიშნებს _ ეს არის მთელი ერის, მთელი საზოგადოების ისტორიული პოზიციის დაფასება.

მაგრამ ამ სიმბოლოს განადგურებას ცდილობს რუსეთი არა მარტო ბრძოლით, არამედ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საშუალებით. რუსულ სპეცსამსახურებს პირდაპირი გეგმაც კი ჰქონდათ ლეგიონის მეთაურ მამუკა მამულაშვილის ფიზიკური ლიკვიდაციის. იმავე ოპერაციას თან ახლდა საინფორმაციო მაქინაციების კამპანია, რომელიც ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

დღეს, როცა უკრაინა შავ ზღვაში ავითარებს ახალი ტიპის შეტევით ტაქტიკებსა და რუსეთის შიდა ტერიტორიებზეც გადადის, ლეგიონის გამოცდილება, ტექნოლოგიური შეგნებულობა და მორალური მობილიზაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

 

„ქრონიკა+“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მამუკა მამულაშვილი საუბრობს იმ ისტორიულ ჯილდოზე, რომელიც მას და ლეგიონის წევრებს პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირადად გადასცა რუსეთის მიერ დაგეგმილი ლიკვიდაციის მცდელობისთვის, ლეგიონის მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებისა და მათი იდეოლოგიური მოტივაციის გამო. მისი ხმამაღალი გზავნილები არა მხოლოდ უკრაინისთვის ბრძოლას, არამედ თავისუფლებისა და ღირსებისთვის გაერთიანებულ საერთაშორისო ძალისხმევას გამოხატავს, რომელსაც საკუთარი პირადი ისტორიაც გასდევს ფონად: ბრძოლა საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ!

 ექსკლუზიური ინტერვიუ უკრაინაში მებრძოლ ქართული ლეგიონის მეთაურ მამუკა მამულაშვილთან:

_ ბატონო მამუკა, პირველად უკრაინის ისტორიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტის ხელით გადაეცათ _ ეს პატივი ქართული ლეგიონის მებრძოლებს ხვდათ წილად. რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის პირადად და ზოგადად ლეგიონისთვის?

_ არ ვიცი, ადრე თუ მიუღიათ მსგავსი ჯილდო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მაგრამ რაც ვიცი, ეს პირველი შემთხვევაა, როცა უკრაინამ საქართველოს მოქალაქეებს გადასცა ჯილდო. ვგულისხმობ ორ ქართველ მებრძოლს, რომლებიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან. მე კი ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. ეს მაღალი რანგის ჯილდოა _ იყოფა ვერცხლისა და ოქროს კატეგორიებად და ჩვენ სწორედ პირველი კატეგორიის ჯილდო გადმოგვეცა.

ეს აღიარებაა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი ლეგიონისთვის და ქართველებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის ხელით ჯილდოს გადმოცემა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი წვლილი აღიარებულია უმაღლეს დონეზე. ეს დიდი მორალური მხარდაჭერაა ბიჭებისთვისაც და, ვფიქრობ, თითოეული ქართველისთვისაც.

_ რა გახდა ამ აღიარების კონკრეტული საფუძველი? ჯილდო ერთიან ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის გადმოგეცათ თუ იყო კონკრეტული ოპერაცია, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა?

_ ეს ჯილდო წმინდა სამხედრო დამსახურებისთვის გადმოგვეცა. რამდენიმე რთული და წარმატებული ოპერაცია ჩავატარეთ ფრონტზე, სადაც ლეგიონმა ძალიან ეფექტიანად იმოქმედა. ამანაც განაპირობა გადაწყვეტილება.

ჯილდოს გადაცემას წინ უძღოდა უკრაინის პარლამენტის კენჭისყრა და არც ერთი წინააღმდეგი ხმა არ ყოფილა. ესეც მნიშვნელოვანი სიგნალია _ სახელმწიფო სტრუქტურამ ერთხმად დაადასტურა, რომ ეს ჯილდო ლეგიტიმურად გვეკუთვნოდა.

_ გთხოვთ, მოგვიყვეთ სპეცოპერაცია „მაქციაზე“ _ რას გეგმავდნენ რუსები და რატომ იყო ეს ოპერაცია განსაკუთრებული მნიშვნელობის?

_ ჩემი ლიკვიდაციის ოპერაციას წინ უძღოდა ქართული ლეგიონის დისკრედიტაციის ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ბოტები, ტროლები და ა. შ. რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლები. ახლაც შეიძლება ითქვას, რომ გრძელდება ასეთი ოპერაციები. ჩვენ რუსეთის სამიზნე გავხდით მას შემდეგ, რაც ჩამოვედით უკრაინაში _ 2014 წლიდან ასეთი დეზინფორმაციული კამპანიები ჩვენ წინააღმდეგ მუდმივად ხორციელდება. ახლა იყო განსაკუთრებით ინტენსიური შეტევა და პარალელურად უნდოდათ ფიზიკური ლიკვიდაცია, ეს ორი ოპერაცია ერთად იყო დაგეგმილი. ოპერაცია „მაქციას“ ჰქონდა შემდეგი მნიშვნელობა: ოპერაციის მსვლელობისას მჭიდროდ ვთანამშრომლობდი უშიშროების სამსახურთან. მათ აღმოაჩინეს მკვლელების მთელი ქსელი, რომელიც მუშაობდა სწორედ მაღალჩინოსანი სამხედროების ფიზიკურ ლიკვიდაციაზე, ძირითადად კიევში. ეს ქსელი განადგურებულ იქნა. ჩატარდა მთელი სერია ოპერაციებისა. საკმაოდ დიდი რაოდენობით ქილერი დაიჭირეს და ბევრიც ლიკვიდირებულია.

_ როგორ და სად უნდა განხორციელებულიყო რუსეთის ეს ოპერაცია? რა კონტექსტში დაიგეგმა და რა დეტალები გაქვთ?

_ ეს უნდა ყოფილიყო სახალხო დასჯა, მიზანში ვყავდი რუსებს, რადგან როგორც რუსებისთვის, ისე უკრაინისთვის მე ვარ საერთაშორისო დახმარების სიმბოლო. ქართული დანაყოფი პირველი იყო, რომელიც ჩამოვიდა უკრაინაში და შექმნა მოხალისეების ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დღემდე ეხმარება ხალხს და ყველაზე დიდი ჯგუფია. აქედან გამომდინარე, სწორედ ჩვენი სახით უნდოდათ ამ საერთაშორისო დახმარების დასჯა. უნდოდათ სახალხო ლიკვიდაცია, ჰქონოდათ ვიდეო და გაევრცელებინათ. 100 ათასი დოლარი იყო თანხა და გარემოებებიდან გამომდინარე უფრო იზრდებოდა. ეს იყო სერიოზული ოპერაცია, რომელსაც დიდი მასშტაბი და მიზანი ჰქონდა _ საერთაშორისო სიმბოლოს დისკრედიტაცია და მისი ტერორის ინსტრუმენტად გამოყენება.

_ რამდენი მებრძოლი ჰყავს დღეს ქართულ ლეგიონს და როგორია მისი სტრუქტურა? მოქმედებთ თუ არა მხოლოდ ქართველებით დაკომპლექტებულ ნაწილში, თუ ლეგიონში სხვა ეროვნების მებრძოლებიც არიან?

_ შევქმენით არაერთი საარტილერიო ჯგუფი, რომელიც ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა. ეს მობილური ჯგუფები ძალიან სწრაფად გადაადგილდებიან ფრონტის ხაზზე და დიდ დანაკარგს აყენებენ რუსეთს. გვყავს ასევე ქვეითი მობილური ჯგუფები; ბევრი სპეციფიკა ავიღეთ საკუთარ თავზე, რაც, მაგალითად, არ გაგვიკეთებია 2014 წლიდან 2018 წლამდე. პირადი შემადგენლობა იზრდება პერმანენტულად. ლეგიონში ძირითადად ქართველები არიან _ ეს უკრაინაში ყველაზე დიდი უცხოური სამხედრო ერთეულია.

რეკრუტინგიც მიმდინარეობს და ჩამოდიან ბიჭები, კიდევ ვღებულობთ. უცხოელი მებრძოლებიც გვყავს, თუმცა საშუალო სტატისტიკური მონაცემებით დასავლეთიდან ჩამოსული მებრძოლები რჩებიან 3-დან 6 თვემდე. მერე მაინც გვიწევს ჩანაცვლება ქართველი მებრძოლებით.

_ ფრონტის რომელ მონაკვეთებზე იბრძვის ლეგიონი ამჟამად? მონაწილეობთ თუ არა იერიშის, დივერსიის ან საარტილერიო დაზვერვის სპეცოპერაციებში?

_ ხარკოვის და სუმის ოლქი, აღმოსავლეთი; ფაქტობრივად, ძირითადი ცხელი მიმართულებები სადაცაა, ყველგან ვიბრძვით. ზოგან მეტი ნაწილია, ზოგან _ ნაკლები. ლეგიონი მონაწილეობს როგორც დივერსიულ და დაზვერვით ოპერაციებში, ისე სრულმასშტაბიან შეტევებში.

_ როგორია ქართველი მებრძოლების მოტივაცია დღეს - თითქმის ომის მესამე წელს?

_ მოტივაცია ყოველთვის ძალიან მაღალია, კარგად ართმევენ თავს, დანაკარგიც, შესაბამისად, დაბალი გვაქვს, ღმერთის ნებით. ბიჭები პროფესიონალდებიან, მიჰყვებიან ომის ევოლუციას და სწავლობენ უახლეს ტექნოლოგიებს და, რაც მთავარია, ეფექტიანად იყენებენ მათ ბრძოლის ველზე.

_ რა სირთულეებს აწყდება ქართული ლეგიონი სამხედრო მომზადების, აღჭურვილობის ან ლოჯისტიკის თვალსაზრისით? გყავთ თუ არა დასავლელი პარტნიორები ან დონორები?

_ ძირითადად დახმარება გამოიხატება კონტინგენტის გაწვრთნაში, ტექნოლოგიების ათვისებაში. არის პერიოდები, როცა ვგზავნით ოფიცრებს ტრენინგებზე და კვალიფიკაციას იმაღლებენ სხვადასხვა სპეციფიკაში. ვცდილობთ, ჯარი იყოს თანამედროვე დონეზე მომზადებული. ძირითადი დახმარება არის ეს. ფინანსურ დახმარებას არავინ გვიწევს. ჩვენ ვართ თვითდაფინანსებაზე და ვართ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრაქტორები. დიდი ნაწილი მებრძოლების არის კონტრაქტზე და ღებულობს ხელფასს, თუმცა არიან მებრძოლებიც, რომლებიც არ აწერენ კონტრაქტზე ხელს.

_ როგორ შეაფასებდით საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიციას უკრაინის ომის მიმართ? და თუ ეს პოზიცია განსხვავდება ქართველი ხალხის განწყობისგან და ნამდვილად განსხვავდება, როგორ მოქმედებს ეს ლეგიონის მორალურ ფონდზე?

_ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვითონ პოლიტიკური პროცესები. ქართული საზოგადოების ელჩები ვართ უკრაინაში და ძალიან კარგად ვართმევთ თავს იმ მისიას, რაც გვაკისრია - წარმოვადგინოთ ქართველი ერი ბრძოლის ველზე და ვაჩვენოთ, რომ საქართველო დგას იქ, უჭირავს იარაღი და იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. მე შემიძლია ჩვენზე ვისაუბრო ამ შემთხვევაში - ჩვენ უფრო წარმოვადგენთ დღეს საზოგადოების აზრს, ვიდრე საქართველოს მთავრობა, სადაც უნდა იდგეს, - სიმართლის მხარეზე, უკრაინელებსაც ეს ესმით მშვენივრად და ხვდებიან.

_ ელით თუ არა ცვლილებებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკაში?

_ გამორთული ვარ პოლიტიკური ცხოვრებიდან, უბრალოდ, ვიცი, რომ საქართველოს ხელმძღვანელობს პრორუსული მთავრობა. შემიძლია ასე გიპასუხოთ: - ყველაფერი პრორუსული დამთავრდება საქართველოში სწორედ იმ წამს, როდესაც დამთავრდება რუსული აგრესია უკრაინაში. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფრონტი არის დღეს აქ! ქართული ლეგიონი აგრძელებს ბრძოლას და იბრძოლებს მანამ, სანამ რუსეთი არ დამარცხდება ამ ომში.

_ დაბოლოს, როგორ ხედავთ ამ ომის მომავალს? შესაძლებელია რუსეთის დამარცხება და რა იქნება ის გადამწყვეტი ფაქტორი, რაც ამის მიღწევას განსაზღვრავს?

_ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია ევროპას. იგი მიხვდა, რამდენად საშიშია რუსეთი იმ ღირებულებებისთვის, რომელიც არსებობს თავისუფალ სამყაროში. ბევრად აქტიურად ერთვება ევროპა ამ ომში. დამოკიდებულები ვართ ტრამპის ხასიათზეც, თუ ტრამპმა გაიღვიძა იმ ხასიათზე, როდესაც არ მოსწონს პუტინი, შეიძლება დაეხმაროს უკრაინას და ბევრად უფრო მეტი შეიარაღება მოგვცეს.

გაზიარება