QronikaPlus
პოლიციელის ბურუსით მოცული გარდაცვალება და პასუხგაუცემელი შეკითხვები

პოლიციელის ბურუსით მოცული გარდაცვალება და პასუხგაუცემელი შეკითხვები

2025-07-31 10:38:30

გიგა გელხვიიძე

 

გასული წლის ნოემბერში თბილისის ზღვაზე, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს 28 წლის პოლიციელი ლევან სულაშვილი.

სულაშვილი იმ დროისთვის დაცვის პოლიციაში მუშაობდა და საავიაციო უშიშროების განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სულაშვილის გარდაცვალების ფაქტმა მისი ოჯახის წევრებში იმთავითვე გააჩინა შეკითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელია.

ოჯახს ამ დრომდე არ მიუღია ექსპერტიზის დასკვნა, სადაც უნდა იყოს გამოკვეთილი თვითმკვლელობის (ან შესაძლო მკვლელობის დეტალები).

სულაშვილის ოჯახი „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა და კიდევ ერთხელ გაიხსენა ის დეტალები, რომლებმაც გააჩინა შეკითხვები. როგორც ზემოთ ვთქვით, კითხვები უპასუხოდ რჩება.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრებიან გარდაცვლილი პოლიციელის, ლევან სულაშვილის დედა რუსუდან ყეინაშვილი და და _ მერი სულაშვილი. 

 

რუსუდან ყეინაშვილი:

_ 5 ნოემბერს ჩემი შვილი სამსახურში გავისტუმრე, აეროპორტში მუშაობდა დაცვის პოლიციაში და უფროსი ლეიტენანტის წოდება ჰქონდა. ყველაფერს თავისით მიაღწია. იმ დღეს მეც თბილისში ვიყავი, რაღაც გაგვიფუჭდა და მეზობელთან წყალი ჩადიოდა. ლევანს როცა დავურეკე 6-ში დილით, მითხრა, _ დედა, გზაში ვარ, მოვდივარო. ამის შემდგომ მისი კვალი გაქრა. დავიწყეთ ძებნა, გიჟივით დავრბოდი, ჩვენ რუისიდან ვართ წარმოშობით, ჩემი მეუღლე სოფელში იყო და დაურეკეს, რომ ზღვაზე (თბილისის ზღვა) მოდით, თქვენი შვილი აქ არისო. ჩემს შვილს უკვე ნასროლი ჰქონდა თავის არეში, მანქანის წინა საბურავები ზღვაში იყო შესული.

_ როგორ განვითარდა მოვლენები? როგორ წარიმართა გამოძიება?

_ ამის შემდეგ იწყება საქმის გამოძიება და ჯერჯერობით არანაირი პასუხები არ გაგვაჩნია. არ გვაქვს არც ექსპერტიზის დასკვნა, ჩემმა შვილმა თვითონ ისროლა თუ ვინმემ მოკლა.

_ ადვოკატი თუ აიყვანეთ?

_ ადვოკატი არ აგვიყვანია, გვითხრეს, აზრი არ აქვსო. თან ძალიან ძვირი ღირს. ჩემს გოგოს იურიდიული აქვს დამთავრებული და ცდილობს, რაიმე კვალზე გავიდეს.

_ ე. ი. საქმეს ჯერ ისევ იძიებენ?

_ დიახ. მანქანაც ლოტკინზე აგდია ისევ და ტელეფონიც მათ აქვთ. არის მომენტები, როდესაც საიტზე აჩვენებს ჩემს შვილს. რომ ვრეკავ, არავინ მპასუხობს. ხანდახან რომ ვრეკავ, გათიშულია, ხანაც ჩართული. არ ვიცი, ეს როგორ ხდება. როცა მოვიკითხე, მითხრეს, შეერთებული გვაქვს, რომ მასალები გამოვიძიოთო.

_ რამდენი წელი იმსახურა თქვენმა შვილმა?

_ რაც ჯარი დაამთავრა, მას შემდეგ იქ მსახურობდა, ალბათ 9 წელი იქნებოდა. ძალიან უყვარდა ყველას ჩემი შვილი, მაგრამ შემდეგ დააშინეს.

_ რას გულისხმობთ?

_ მისი მეგობრები, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ, შემდგომ კონტაქტზედაც კი არ გამოსულან.

_ თქვენ რას ეჭვობთ?

_ მოკლეს ჩემი შვილი.

_ რას ამბობს გამომძიებელი ექსპერტიზის პასუხზე?

_ წინა კვირაშიც იყო მისული ჩემი შვილი და ამბობენ, რომ დროს სჭირდება.

 

მერი სულაშვილი, გარდაცვლილის და:

ლევან სულაშვილის დის, მერი სულაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში მისი ძმის მიმართ გარკვეული სახის მუქარები ისმოდა და ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო გოგონასთან, რომელთანაც, არსებული ინფორმაციით, სულაშვილს გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა. გარდა ამისა, მერი სულაშვილი საუბრობს მის ძმასა და ხელმძღვანელს შორის არსებულ უთანხმოებაზეც, რომელზედაც, როგორც გარდაცვლილის და იხსენებს, ლევანი ამბობდა, რომ სრულიად გაუგებარი იყო ეს ყველაფერი.

 

_ სამსახურში თავდაპირველ ხელმძღვანელთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. რაღაც პერიოდის შემდგომ, როდესაც შეიცვალა ხელმძღვანელი (ბოლოს ალექსანდრე ლუაშვილი იყო ხელმძღვანელი), თავიდან კარგად ააწყვეს, მაგრამ შემდეგ მათ შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, თუმცა არ ვიცი, რატომ. სამსახურიდან ძალიან ხშირად მოდიდოა ხოლმე გაღიზიანებული ჩემი ძმა და სულ ამბობდა, ვერ იგებდა, რა უნდოდა ამ ლოლაშვილს მისგან, რას ითხოვდა. რამდენჯერმე ისიც უთხრა, ადექი და წადი, თუ არ მოგწონს ეს პირობებიაო.

_ უნდოდა წამოსვლა სამსახურიდან ლევანს?

_ ჩემს ძმას სამსახურში ჰყავდა თანამშრომელი გოგონა, რომელმაც კერძო საუბრის დროს მითხრა, რომ ლუაშვილთან ერთ-ერთი შელაპარაკების დროს ძალიან გაღიზიანდა ჩემი ძმა...

_ რას მოჰყვა შელაპარაკება?

_ ერთ-ერთი თანამშრომელი გავიდა შვებულებაში და მის ადგილას უნდა ყოფილიყო ჩემი ძმა, ლუაშვილმა კი სხვა დააყენა მის ადგილას და ამით შეურაცხყოფილად აგრძნობინა ლევანს თავი. როგორც გითხარით, ამ გოგომ მითხრა კერძო საუბარში, რომ ლევანს სურდა სამსახურიდან წამოსვლა. ჩემს ძმას იარაღის ტარებისა და გამოყენების უფლება ჰქონდა საჭიროების შემთხვევაში. როგორც ეს გოგო მიყვებოდა, ლევანი ერთ დღესაც ტყვიების საყიდლად წავიდა, რომ იარაღი შეევსო, დაებრუნებინა სამსახურისთვის და თავად წამოსულიყო სამსახურიდან, თუმცა მან ურჩია, რომ არ წასულიყო, რომ ლოლაშვილს თავისას ნუ გაატანინებო.

_ სხვა გარემოებები იყო რაიმე?

_ ჩემს ძმას ათი წლის განმავლობაში ჰყავდა შეყვარებული, ბოლოს უკვე საცოლე იყო, მას ყველა ვიცნობდით, ოჯახშიც მოიყვანა და გაგვაცნო. ვიცოდით, რომ დაოჯახებას აპირებდნენ. ასევე იყო ერთი თანამშრომელი, სალომე ერქვა, რომელთანაც ჩემს ძმას გასული წლის თებერვალ-მარტში ჰქონდა რაღაც ურთიერთობა და ამის გამო უთანხმოება მოუვიდა თავის საცოლესთან, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. ბოლოს, გარდაცვალების დღეს, 6 ნოემბერს, ჩემი ძმა სამსახურიდან მოდიოდა სახლში და უცებ გაითიშა მობილური ტელეფონი, შეწყდა ყველანაირი კავშირი მასთან. საღამოს ექვს საათზე მამაჩემს დაურეკეს და უთხრეს, რომ უნდა მისულიყვნენ თბილისის ზღვაზე, რომ ჩემს ძმას პრობლემები ჰქონდა იარაღთან.

_ შემდეგ რა მოხდა?

_ ჩემს მშობლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ რაიმე მსგავსი მოხდებოდა და რომ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, პირდაპირ უთხრეს, ვიზიარებთო. გარდაცვლილ შვილს თავზე დააყენეს დედა და მამა. ჯერ ლოტკინის პოლიციას ჰქონდა ეს საქმე და მოვიდნენ თუ არა თქვეს, რომ ვალები ჰქონდა და თამაშობდაო.

_ ჰქონდა ვალები?

_ ვალები მართლაც ჰქონდა ჩემს ძმას, მაგრამ არა ისეთი, რომ თავი მოეკლა. დიდი ვალები ვერ დაამტკიცა პოლიციამ; თამაშიც, რა თქმა უნდა, ვერ დაამტკიცა, რადგანაც თუ რამეს თამაშობდა, ეს კომპიუტერული თამაში იყო ჩემს შვილთან ერთად. ამის შემდგომ რვა თვე გავიდა, არც ექსპერტიზის პასუხია.

_ როდესაც ეს საქმე გახმაურდა, საუბარი იყო მუქარებზე მასთან მიმართებით, რა ხდება ამ მხრივ?

_ ირკვევა, რომ თითქოს ჩემი ძმა თავის თანამშრომელ სალომესთან საუბრობდა საკუთარ პრობლემებზე, კონკრეტულად კი იმაზე, რომ მასთან ცვლაში იყო ერთი გოგო, ვინმე მერი პაპუაშვილი, ახალი თანამშრომელი, რომელთანაც რაღაც ინტიმური კავშირი ჰქონდა ჩემს ძმას და მამამისი აიძულებდა, რომ ცოლად მოეყვანა. ამის გამო ჩემი ძმა იყო დეპრესიაში და გამოსავალს ვერ ხედავდა.

_ რაიმე მტკიცებულება გაქვთ?

_ არსებობს სქრინები, თუმცა ეს სქრინები არ არის ჩემი ძმის, ჩემი ძმის დაწერილი არ არის ეს ტექსტები. უკვე გარდაცვალების მომენტიდან ოთხი-ხუთი საათის შემდეგ ჩემი ძმის ტელეფონი იყო აქტიური. ახლა „ვოთსაფი“ აღარ აქვს და როგორც გვეუბნებიან, ინტერნეტი რომ არ არის, ამიტომ არ იძებნებაო, ასევე მესენჯერი ხშირად ანთებს, დედას ტელეფონში ჩანს ეს. ამაზე გამოძიებამ გვითხრა, რომ „მეტას“ უკვე მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ არის.

როგორც უკვე გითხარით, საქმე ჰქონდა ლოტკინის პოლიციას, თუმცა ვინაიდან მომხდარი ეხებოდა პოლიციელის გარდაცვალებას, გამოძიებისთვის „სპეციალურ საგამოძიებო“ სამსახურს გადასცეს და ისინი იძიებდნენ. ამ სამსახურის გაუქმების შემდგომ გამოძიება გადავიდა თბილისის პროკურატურაში.

_ გიჩნდებათ კითხვები უშუალოდ გამოძიების მიმართ?

_ გამომძიებლის მიმართ არ მაქვს არანაირი სახის პრეტენზია, პირიქით, ძალიან კარგი ადამიანია, ყურადღებით მისმენს, მაგრამ საფუძვლიანად მიმაჩნია, რომ ეს გოგოს თემაც არის შემოგდებული, რადგანაც როდესაც რაიმესთვის სურთ დაბრალება მომხდარის, რას უნდა დააბრალონ, თუ არა თამაშს, ვალებს და ქალებს? ეს პაპუაშვილი, დარწმუნებული ვარ, რომ სპეციალურად იყო ჩემს ძმასთან ცვლაში და ყალბდება ექსპერტიზა, რომელიც არ ყოფილა 48 დღის მანძილზე.

_ თქვენი ძმის ტელეფონი გახსნა გამოძიებამ?

_ ჩემი ძმის ტელეფონი, რომელიც ყველაზე რთული გასახსნელი იყო, რადგანაც პაროლები მან იცოდა, გახსნეს, თუმცა მისი თანამშრომელი გოგონების, სალომე ბიგვავასა და ნინო პაპუაშვილის, ტელეფონები, რომლებიც ასევე აქვს გამოძიებას ამ დრომდე არ გაუხსნიათ.

_ ამის მიზეზად რას ასახელებენ? მათი ტელეფონები ხომ ყველაზე მარტივად უნდა გახსნილიყო?

_ მიზეზად მეუბნებიან, რომ „სამხარაულს“ სულ ჰყავს ორი პროგრამისტი, რომლებიც დაკავებულები არიან. ამ ტელეფონებში უნდა იყოს ის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რომლებიც ნინო პაპუაშვილის მამის მხრიდან არის წამოსული ჩემი ძმის მისამართით და რომელსაც მამამისიც ადასტურებს, რომ მან უთხრა ჩემს ძმას, თუ არ მოიყვანდა მის შვილს ცოლად, სამართლებრივად მიუდგებოდა ამ საკითხს. ეს პაპუაშვილიც ჰყავთ გამოყენებული, ჩემი აზრით, რომ საქმე არ გაიხსნას.

_ თქვენს ძმას ხომ არ შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე სახის ისეთი ინფორმაცია, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა ვინმესთვის?

_ ჩემმა ძმამ იცოდა რაღაც ისეთი, რაც არჩევნებს (2024 წლის საპარლამენტო) შეეხებოდა და რისი თქმაც მათ არ აწყობდათ. აპირებდა ჩემი ძმა სამსახურიდან წამოსვლას და ფიქრობდა, სად წავიდე ასე უპატრონოდ, ასეთ სამსახურს ვინღა შემომთავაზებსო? როდესაც ვკითხე, რა ქნა, წამოვიდა თუ არა სამსახურიდან, იმ მომენტში საზღვარგარეთ ვიყავი, მითხრა, რომ ეს თათბირზე გადაწყდებაო. იმ თათბირზე რა გადაწყდა, საერთოდ არ ვიცი და რაზე იყო საუბარი.

ასევე მინდა იმის თქმაც, რომ თანამშრომლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ჩვენ, ოჯახი, არ ვიღებდით მათ სამძიმრებს, რაც არის სრული სიცრუე. ჩვენთან მხოლოდ ორი ადამიანის მოსვლა იყო აკრძალული პირადი მიზეზების გამო.

_ ვისი?

_ ერთ-ერთი იყო სალომე ბიგვავა, რომელიც ვახსენე საუბრისას და მეორე იყო ნანიკო მღებრიშვილი, რომელიც იყო ჩემი ძმის ბავშვობის მეგობარი. როდესაც ეს ნანიკო მოვიდა, ამბობდა, რომ ჩემი ძმა ძალიან ცუდ ხასიათზე იყო და ერთი თვის წინათაც ასე იყოო. რა არის იმაში გასაკვირი, რომ ღამენათევი ადამიანი იყოს ცუდ ხასიათზე?

_ როდესაც ეს ფაქტი მოხდა, არავინ იყო იმ ტერიტორიაზე?

_ გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელიც თითქოსდა ძაღლს ასეირნებდა. ვინ დაიჯერებს იმას, რომ ვიღაცა ძაღლს ასეირნებს უკაცრიელ ადგილზე? ყველამ იცის, იქ რისთვისაც ჩადიან მანქანები და ვინ დაიჯერებს იმას, რომ იდგა, უყურებდა და როცა არ გამოძრავდა ჩემი ძმა, მივიდა. გარდა ამისა, მერე გაირკვა, _ სოფელში მალევე გაიგეს, რომ ჩემი ძმა მოკლეს. მოკლეს!!! ხაზს ვუსვამ და არა თავი მოიკლა. შეტყობინება არის შესული სამის წუთებზე. ასევ მახსენდება ისიც, რომ პირველად როცა ვნახე მანქანის ფოტო, იქ ჩანს გასუფთავებული „სიდენია“ და რომ ვიკითხე, ეს რატომ არის-მეთქი? მითხრეს, _ „სამხარაული“ რომ იყო, წებოვანი ლენტების ბრალიაო. ამის გარდა, მანქანა ლოტკინის პოლიციაში დგას ისევ, შუშა არის ჩაწეული მცირედზე და წყალი და მტვერი შედის. იციან, რომ მე მათ გამოძიებას არ ვენდობი და პირადად ვწარმოებ გამოძიებას, რადგანაც ყველანაირი კვალი წაშლილია.

და კიდევ ერთი საეჭვო გარემოება: არის ნიღბიანი ბიჭი, რომელიც ზემოხსენებული სალომეს მიყვანილი იყო „სამხარაულში“, ყველას ფოტოს უღებდა და მერე შედიოდა და ვიღაცას ესაუბრებოდა. მე ამ ფაქტზე განცხადებაც მაქვს დაწერილი პროკურატურაში, თუმცა ვერაფერზე პასუხს ვერ ვიღებ რვა თვეა.

გაზიარება