QronikaPlus
ვინ დგას თემურ კოხოძის უკან?

ვინ დგას თემურ კოხოძის უკან?

2025-07-31 10:45:34

გიგა გელხვიიძე

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის კურორტ საირმეში ადგილობრივები ყოველდღე საპროტესტო აქციებს მართავენ. აღნიშნულის მიზეზი 13 202 ჰა ტყის მასივია, რომელიც სიმბოლურ ფასად მფლობელობაში გადაეცა კურორტ საირმის მეპატრონეს, ბიზნესმენ თემურ კოხოძეს.

ადგილობრივების თქმით, ტყე არ შეიძლება იყოს ვინმე ერთი ადამიანის საკუთრება, რადგანაც ის ყველასია. გარდა ამისა, კოხოძის მფლობელობაში აღმოჩნდა მიწის ნაკვეთები და სახლები, რომლებიც, მოსახლეობის თქმით, მამაპაპისეულია და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მათ საკუთრებაშია. ამის მტკიცებულებად მათ მოჰყავთ სხვადასხვა პერიოდის საარქივო ჩანაწერი.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა საქმის დეტალებით და არსებული პრობლემის სიღრმისეულად შესასწავლად საირმის მკვიდრს, ვეფხვია მესხიას დაუკავშირდა:

_ ვეფხვია, რა ხდება და რა პრობლემის წინაშე დადექით ადგილობრივები საირმის ხელმძღვანელობისა და სახელმწიფოს მხრიდან?

_ საირმის ხელმძღვანელი თემურ კოხოძე გვიწერს საჩივრებს. იგი ჯერ დაინტერესდა ჩვენი მიწებით, რომელიც არ გავყიდეთ. რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, შეგვხვედროდა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც გამოუშვა და უარი განვუცხადეთ გაყიდვაზე. შემდეგ ბაღდათის მერმა (კახა ენუქიძე) დაგვიბარა და იქაც უარი განვაცხადეთ გაყიდვაზე, ამის შემდგომ კი დაგვიბარეს პროკურატურაში და წარგვიდგინეს ბრალი, თითქოს ჩვენ ვიყავით თაღლითები, როდესაც უამრავი საარქივო ცნობა და ორთოფოტო ადასტურებს იმას, რომ 40-იანი წლებიდან კომლად ვიყავით დარეგისტრირებული ყველა ადგილობრივი. საბუთები ადასტურებს, რომ ჩვენ ვიყავით იქ. პროკურატურაში სატყეო სააგენტომ საჩივარი შეიტანა ჩვენ წინააღმდეგ, თითქოს თაღლითურად მივიტაცეთ სახელმწიფო მიწები, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფრის დამადასტურებელი საბუთი გვაქვს, რომ აქ ვიყავით. ეს მიწები კომუნისტების დროს იყო დარეგისტრირებული, მხოლოდ განახლებული არ იყო საბუთები და როდესაც ამის საშუალება მოგვეცა, განვაახლეთ. ამის შემდგომ ჩვენთან ვერ მოახერხეს მორიგება _ არანაირ ფულად არ გავყიდეთ მიწები. შეიძლება სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ მამაპაპისეული კერა, მილიონიც რომ გადაიხადონ, გამორიცხულია, რომ გავყიდოთ. ფული ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. ფინანსურ სიმდიდრეს არ წარმოადგენს ჩვენთვის ეს მიწები, ეს ჩვენთვის არის ისტორია და ისტორიული კერა არ გაიყიდება, გამორიცხულია!

_ პროკურატურის ეპიზოდის თხრობა რომ გავაგრძელოთ, დაგიბარეს პროკურატურაში, რა ხდება შემდეგ?

_ დაგვიბარეს, წარგვიდგინეს ბრალი, ოთხი წელია გვატარებენ სასამართლოში და ხელოვნურად დებენ პროცესებს, რადგანაც არ აწყობს პროკურატურასაც ამ ყველაფრის მალე დასრულება, გამომიდინარე იქიდან, რომ ვერაფერს გვიმტკიცებს. ვართ ყადაღებში და გვაქვს ბრალდებულის სტატუსი. ყველაფერს აკეთებენ, რომ ვიყოთ გაყინულ მდგომარეობაში. ვერანაირ პროექტში ვერ ვმონაწილეობთ, რადგანაც ყადაღები გვადევს. არის გრანტები მეფუტკრეობაზე, მესაქონლეობაზე, მაგრამ არავინ გვაღებინებს მონაწილეობას, რადგანაც ეს ყადაღა რომ გვადევს, ვჩანვართ არასანდო პირებად და ამის გამო ერთ ადგილს ვტკეპნით.

_ თქვენ პროკურატურაში გიჩივით სატყეო მეურნეობა, ხომ? კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ?

_ დიახ, გვიჩივის ის სატყეო მეურნეობა (სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემადგენელი ნაწილი), რომელმაც 13 202 ჰა თემურ კოხოძეს გადასცა იჯარით. ეს ყველაფერი ბადებს ეჭვებს. კანონში წერია, რომ როდესაც სამონადირეო მეურნეობა კეთდება, ადგილობრივი მცხოვრებლებიც უნდა იყვნენ თანახმა და მათგან, მინიმუმ, 80% არის ამ საქმით დაინტერესებული.

_ როდესაც სამონადირეო მეურნეობა ყალიბდებოდა, თქვენ ვინმემ მოგაწოდათ ინფორმაცია ამის თაობაზე? ზუსტად იმავე კანონმდებლობის გათვალისწინებით, რომელზედაც ახლა ისაუბრეთ?

_ ისე ჩატარდა აუქციონი, საქმის კურსში არ ჩაგვაყენეს, არ გაგვიმხილეს, ჩვენ მაგივრად 26 ადამიანი მოიწვიეს თითქოს საჯარო განხილვაში. შედგა შესაბამისი ოქმი და ჩვენ ეს გვაქვს ხელთ. 26 ადამიანი იყო სახელით, გვარებით, პირადობის ნომრებით, ტელეფონის ნომრებით და თითქოს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიღო მონაწილეობა საჯარო განხილვაში. არცერთი მათგანი არ ცხოვრობს საირმეში, ცხოვრობენ საირმიდან 30-40 კილომეტრის მოშორებით, ზოგი არის საჯარო მოხელე ან მათთან დაახლოებული პირი. არანაირი კავშირი არ აქვთ საირმესთან არც ცხოვრობენ და არც რაიმე გააჩნიათ კერძო საკუთრების მსგავსი და ჩვენ ფიზიკურად სამონადირეოს მეურნეობაში უკვე ვცხოვრობთ. ჭიშკრიდან როგორც კი გამოვდივარ, ვადგამ ფეხს სამონადირეო მეურნეობაში. ალყაში ვარ, ფაქტობრივად. ჩემი საკადასტრო კოდი სადაც მთავრდება, ჩემი ნაკვეთის პირას მოდის სამონადირეო მეურნეობა და ასე არის ყელა მოსახლესთან. დაახლოებით 20 მოსახლეა აქ. თუმცა პასუხისგებაში, რაზეც ვისაუბრე, არის 9 ოჯახი, რომელმაც 2020 წელს დავირეგისტრირეთ მიწები და ვინც უფრო ადრე დაირეგისტრირა, იმათ ვერ შეეხნენ, არ ვიცი, რატომ. ამ სიტუაციაში ვართ ბრძოლაში, ვმართავთ კოხოძის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას კურორტში და ვაპროტესტებთ ჩვენ დევნასაც და იმას, რომ 49 წლის ადამიანს უნდა, რომ წაიღოს 13 202 ჰა. ეს არ არის 13 ჰექტარი ან ათასი ჰექტარი, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბზე არის საუბარი და ეს ყველაფერი მას აქვს სიმბოლურ ფასად. ასე გამოდის, აჩუქა სახელმწიფომ. რაღაც სულელური ვალდებულებები აქვს, თითქოს ბილიკები უნდა მოაწყოს, რაღაც კოტეჯები. ერთი ჯიბიდან ამოიღოს ფული და ჩაიდოს მეორე ჯიბეში.

_ როდის გადასცეს მას ეს ტერიტორია?

_ 2024 წლიდან, არჩევნები რომ ჩატარდა, ეგრევე გაიცა. აქციების დროს ჩატარდა აუქციონი, როცა არავის ეცალა ამისთვის, ჩუმად ჩაატარეს აუქციონი, გაიმარჯვა კოხოძემ და ახლა ჩვენ ვიბრძვით, დავაში ვართ შესული სამართლებრივად, რომ გაუქმდეს ეს ლიცენზია. არ დავთმობთ! ტყე არის ხალხის და არა ერთი კაცის! არ შეიძლება, 13 202 ჰა იყოს ერთი ადამიანის მფლობელობაში და ის გვიწყვეტდეს, სად გაგვიშვებს და სად _ არა.

_ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ გზით სარგებლობენ მესაქონლეები, რომ ჯოგები გადენონ საძოვრებზე. რა ხდება ახლა?

_ ჩვენ, მესაქონლეებს, შეგვიზღუდა გზა ალპურებისკენ. არის მთა ძელქორი, რომელსაც შესასვლელი აქვს უდაბნოდან, სადაც სასტუმრო არის განთავსებული. იქ დაიდგა დიდი ჭიშკარი. ჩვენ ამ ტერიტორიას საშემოდგომო საძოვრად ვიყენებდით. როდესაც ჭიშკრის შედუღება დაიწყეს, გაგვაფრთხილეს შემოდგომაზე, რომ წელს იყოს და გაისიდან აღარ შეიყვანთ საქონელს, კარგი იკეტებაო. წარმოიდგინეთ, შვიდი წელია, ეს უკვე დაიკეტა და კოხოძე ამბობს, გზა არის ავარიული და უსაფრთხოების გამო ჩავკეტეო. ეს არის სისულელე, ტყეში საქონელი სადაც დაგვყავს, იქ გზაც კი არ რის, ბილიკებია და ეს ჩაკეტა. ჩემი სახლისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა, კურორტიდან ათ კილომეტრში არის. ას წელზე მეტია, ამ ბილიკით ვსარგებლობთ, ჩემი წინაპრების გაყვანილი ბილიკია და ვეღარ ვსარგებლობთ მისით. უამრავი შეზღუდვები არის. ცდილობს, ისეთი სიტუაცია შეგვიქმნას, რომ დავთმოთ და წავიდეთ, მაგრამ არ არსებობს, ბოლომდე გავაგრძელებთ ამ ბრძოლას.

_ როდესაც შეხვდით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერ კახა ენუქიძეს, რა გითხრათ მან?

_ ქუჩაში გავიგეთ, რომ თითქოს სამონადირეო მეურნეობა კეთდება და უკვე ჩანიშნული იყო, რომ კონკრეტულ დროს უნდა ყოფილიყო აუქციონი, ანუ უკვე გადაწყვეტილი იყო ყველაფერი, თითქოს საჯარო განხილვა ჩატარდა და ეს 26 ადამიანი დათანხმდა. ეს რომ გავიგეთ, ერთ-ერთმა ჩვენმა თანამებრძოლმა გოგა თოლორდავამ ენუქიძესთან წერილი შეიტანა, კანცელარიაში დატოვა, რომ აეხსნათ, რა ხდებოდა. ენუქიძემ მოიწერა, რომ მოდით და გაგაცნობთო. შემდეგ რამდენიმე დღეში არჩევნები იყო და გაგვიჭიანურდა შეხვედრა მასთან. სანამ თავი მოვიყარეთ და მივედით განხილვაზე, აუქციონი უკვე ჩაატარეს და კოხოძემ მოიგო, მაგრამ ამას აზრი მაინც არ ექნებოდა, რადგან გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ. ფორმალობა იქნებოდა ჩვენი იქ მისვლა, მაგრამ მაინც უნდა დაგვეფიქსირებინა, რომ ჩვენთვის მიუღებელი იყო ეს სამონადირეო მეურნეობა _ ადგილი, სადაც უნდა განვითარდეს ტურიზმი. იქ თოფის სროლა და ნადირზე დევნა 13 000 ჰა-ზე, ყველა კუთხე-კუნჭულში, ჩვენთვის მიუღებელია. ეს გვინდოდა დაგვეფიქსირებინა.

_ ანუ, ზოგადად, ამ პრობლემის შესახებ, აუქციონის მიღმა, ადგილობრივი ხელისუფლებისგან არ გქონიათ შემოთავაზება, რომ შევხვდეთ და დავილაპარაკოთო?

_ არაფერი არ ყოფილა. როდესაც აუქციონი ჩატარდა და პროტესტი განვაცხადეთ, ინფორმაცია გამოვაქვეყნეთ ინტერნეტსივრცეში, რომ ერთი ადამიანის გამო არ დავთმობთ ამ ყველაფერსო. შემდეგ კოხოძემ შემოგვითვალა, რომ კურორტში შევხვდეთო. უკვე წაღებული ჰქონდა ეს ტერიტორიები. რამდენიმე ადგილობრივს დაურეკა კურორტის ადმინისტრაციამ და ისინი შეხვდნენ. ყველა მათგანმა გამოხატა პროტესტი და წინააღმდეგობა, თოლორდავამაც და სხვებმაც. ჩემთვის არავის დაურეკავს და მე არ ვყოფილვარ ამ შეხვედრაზე.

_ ქვენთან კავშირზე არ გამოვიდა?

_ შემდეგ ჩემთან გამოვიდა კავშირზე და მე დამიძახეს ცალკე. კოხოძემ ირიბად და პირდაპირ შემომთავაზა ქონება, თანხა და ა. შ. თანხა ირიბად და ქონება პირდაპირ, კონკრეტულად ჯიპი, კვადროციკლი და კოტეჯების აშენება, რაზედაც განვაცხადე, რომ მსოფლიო ფული რომ შემომთავაზოს, ტყის თავისუფლებას არანაირ ფულში არ გავცვლი-მეთქი. ბრძოლას განვაგრძობ ბოლომდე, სანამ ტყე არ იქნება ყველასთვის. ასე დავშორდით. შეხვედრები იყო მოჩვენებითი და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაიფორმა ტყე თავის სახელზე, აუქციონი ჩატარდა. მან ამით დააფიქსირა, რომ ჩვენთან ჰქონდა შეხვედრა, მაგრამ გადაწყვეტილი ფაქტის შემდეგ რა აზრი აქვს შეხვედრას?

13 202 ჰექტარი ტყის გარდა აქ არის ალპური საძოვარი 1000 ჰა-ზე მეტი.

_ მოსახლეობის საკუთრება რომელი იყო აქედან? ვგულისხმობ იმას, რაც იყო წინაპრებიდან თქვენი.

_ ჩემი დის მოქმედი სახლი, ბიძაჩემისა და მამიდაჩემის სახლი, ათეულობით წელია, იქ ცხოვრობენ და მესაქონლეობას მისდევენ, ამათი სახლი იყო გაფორმების პროცესში და კიდევ რამდენიმესი. ორი წელი მიმდინარეობდა განხილვა, დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება. ჩვენ შევთავაზეთ, რომ შეგვეძლო ორთოფოტოც მიგვეშველიებინა. მზად ვიყავით, გადაგვეხადა ამის თანხები და გამოგვეთხოვა სამხარაულის ექსპერტიზიდან, სადაც ნათლად ჩანს, რომ სახლის შემოღობვა ფიქსირდება და კანონში არის ჩადებული, რომ თუ 2007 წლამდე ფლობდი ამ ქონებას, უნდა დაგირეგისტრირდეს. აუქციონი სანამ ჩატარდებოდა, ერთი კვირით თუ ათი დღით ადრე, ყველას უარი მოუვიდა რეგისტრაციაზე და შემდეგ იყო აუქციონი.

არჩევნების მერე ჩატარდა ეს ყველაფერი, როგორც გითხარით, ყველა რომ თბილისის აქციებზე იყო გადართული. იმ დროს გამოცხადდა ეს აუქციონი და მიიჩქმალა ყველაფერი.

_ ადგილობრივი ხელისუფლების გარდა ოპოზიციური სპექტრიც არის წარმოდგენილი საკრებულოში. ამ ადამიანებიდან ვინმე მაინც თუ შეგეხმიანათ?

_ აბსოლუტურად არავინ შეგვხმიანებია, არანაირი კომუნიკაცია, არც შეხვედრა, არც სატელეფონო, არც რაიმე გაფრთხილების მსგავსი, რომ ეს ყველაფერი კეთდებოდა.

_ არც დახმარება შემოუთავაზებიათ?

_ არა. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენ უბრალო ხალხი ვართ _ ფერმერები, მესაქონლეები, მეფუტკრეები, არავითარ პოლიტიკასთან და რაიმე მსგავსთან საქმე არ გვაქვს. არცერთ პარტიას არ ვეკუთვნით, სრულიად აპოლიტიკურები ვართ. კონკრეტულად ამ პრობლემას ვაპროტესტებთ და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ იგი გადაიჭრას. არანაირი პარტიისგან ან საკრებულოსგან, არავისგან არ ყოფილა კომუნიკაცია, რომ დაგეხმარებითო.

_ ფაქტობრივად, მარტოები დარჩით სისტემის პირისპირ.

_ რაც შეგვიძლია, ჩვენი ძალებით ვებრძვით.

_ თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, თემურ კოხოძემ დაცვის ხელმძღვანელი გამოგვიგზავნაო. ვინ იყო ეს დაცვის ხელმძღვანელი?

_ ეს იყო 2022 წელს. თუ სწორად მახსოვს, მაშინ მისი დაცვის ხელმძღვანელი იყო ოთარ გაჩეჩილაძე, რომელიც ახლა აღარ მუშაობს, წასულია. გაჩეჩილაძე შეხვდა გოგა სოსელიას, რომელმაც უარი განუცხადა და შემდეგ კახა ენუქიძემ დაიბარა რამდენიმე დღეში. ისევ უარის მიღების შემდეგ, ერთი თვე არ იყო გასული, დაგვიბარა პროკურატურამ დაცვის სტატუსით და გამოგვიშვეს, როგორც ბრალდებულები. ექვსიდან ცხრა წლამდე არის იმ მუხლის მიხედვით, რომელსაც გვედავებიან, თითქოს თაღლითურად მივითვისეთ სახელმწიფოს მიწა.

 

აღნიშნული საქმის შესახებ „ქრონიკა+“-ს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამონადირეო მეურნეობის უკან დგას თბილისის ყოფილი მერი, სემეკის (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია)  თავმჯდომარე დავით ნარმანია. რაც შეეხება თემურ კოხოძეს, ის მხოლოდ ფარია, რომელსაც ხელისუფლება იყენებს.

გაზიარება