QronikaPlus
ტატა ხვედელიანი - „ოცნება“ მშვიდობას გვპირდება მაშინ, როცა ომი აქვს გამოცხადებული საკუთარ მოქალაქეებთან“

ტატა ხვედელიანი - „ოცნება“ მშვიდობას გვპირდება მაშინ, როცა ომი აქვს გამოცხადებული საკუთარ მოქალაქეებთან“

2025-07-31 10:54:33

თამუნა მჭედლიშვილი

 

რამდენიმე დღეა, რაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულიიყო, რომ შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია.

აღსრულების ბიუროს ცნობით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა (რომელიც 10 ივლისს არც კი არსებობდა) ადასტურებდა იმას, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.

ფაქტი:

მოსახლეობასთან შეხვედრაზე არავინ მისულა და მათთან ინტენსიური მოლაპარაკებები არცერთ უწყებას არ უწარმოებია. ისინი ამბობენ, რომ „ჩვენ თურმე ამბიცია გვაქვს და 100 კვადრატულიდან 300 კვადრატულამდე ფართებს ვითხოვთ, რაც ტყუილია. არანაირი სახელმწიფო სამსახური ჩვენთან შეხვედრაზე არ მოსულა, არც დავუბარებივართ. ეს ყველაფერი არის ცრუ ინფორმაცია. არ არის შენობა ავარიული. ეს ყველაფერი ჩვენი ხელით არის გაკეთებული. ბლოკს ბლოკზე ვდებდით და ვასუფთავებდით“.

დედაქალაქის მერის პოზიცია:

კახა კალაძის განცხადებით, თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მცხოვრები მოქალაქეებიდან ცხრა ოჯახი თბილისშია რეგისტრირებული. მათ მუნიციპალიტეტმა ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა, მაგრამ  თბილისში რეგისტრირებული ამ ცხრა ოჯახიდან მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მხოლოდ ორი დასთანხმდა, დანარჩენმა კი ქირით გასვლაზე უარი განაცხადა: „მერიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა, თუმცა დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია. ეს იყო კერძო საკუთრება და სამართლებრივი დავებიც მიმდინარეობდა. აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ავარიულია და საჭიროებს გამოთავისუფლებას, ადამიანების გარკვეული რაოდენობა იყო შეჭრილი. ეს იგივეა, რომ თქვენს საკუთარ საცხოვრებელში ვინმე შეიჭრას და დასახლდეს. გარდა იმისა, რომ სასამართლო მოგებული აქვს მესაკუთრეს, შენობა ავარიულია, მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათ გამოიყვანენ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მუნიციპალიტეტის თემა არ არის, აღსრულების საკითხია და მიმდინარეობს გამოსახლება. სასამართლო მოგებულია და მიმდინარეობს მისი აღსრულება“.

 პროცესის შეფასება:

გამოსახლების პროცესში ადამიანის უფლებები უხეშად დაირღვა. უმწვავეს პრობლემად რჩება გამოსახლების შემდგომ მოსახლეობის ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფა. არაადეკვატურია მოსახლეობისთვის შემოთავაზებული ალტერნატივა, რადგან იგი ვერ უზრუნველყოფს ოჯახებისთვის სათანადო საცხოვრებელს. სახელმწიფო მათ, ფაქტობრივად, ჭერისა და სათანადო სოციალური უსაფრთხოების გარეშე ტოვებს.

გამოსახლებულ მოსახლეობას  წასასვლელი არსად აქვს და ქუჩაში უმძიმეს მდგომარეობაშია.

გამოსახლების პროცესი და მანერა უკიდურესად მიუღებელი იყო. იქვე იყვნენ ბავშვებიც, რომლებიც უყურებდნენ გამოსახლებისა და მათი საცხოვრისის ნგრევის პროცესს. სახელმწიფო უწყებებმა  უნდა დაინახონ ის სირთულეები და სიღარიბე, რაც ამ ადამიანებს საფრთხის შემცველ და არაადეკვატურ გარემოში ცხოვრებისკენ უბიძგებს. ადამიანები იმიტომ შედიან უნებართვოდ სახელმწიფო თუ კერძო შენობებში, რომ ეს თვითგადარჩენის უკიდურესი შესაძლებლობაა. ამდენად, მათ მიმართ არა სადამსჯელო ღონისძიებები, არამედ ღირსებასა და უფლებებზე დაფუძნებული მხარდაჭერა უნდა იყოს გამოყენებული _ სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ის მიზეზები, რამაც ადამიანებს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა. სამწუხაროდ, „ოცნების“ დამკვიდრებული პრაქტიკა _ პოლიციის მიერ ძალადობრივი გამოძევება _ აშკარად ამხელს სოციალური სახელმწიფოს იდეის კრახს.

ვითარების სამართლებრივი შეფასება:

 ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გამოსახლება ადამიანის უფლებების დარღვევად რომ არ შეფასდეს, პროცესი მრავალი გარანტიის დაცვით უნდა წარიმართოს. გამოსახლების პროცესი მხოლოდ ოჯახების სათანადო ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის პირობით უნდა განხორციელდეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მუნიციპალიტეტებმა  იძულებით გადაადგილებული პირების, დევნილების სოციალური მოწყვლადობა და ეკონომიკური ჩაგვრა უნდა გაითვალისწინონ და გამოსახლებული დევნილი ოჯახების განსახლების პროცესი დააჩქარონ, რაც პრიორიტეტი უნდა იყოს. 

ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ტატა ხვედელიანი:

 

_ ქალბატონო ტატა, რამდენი წელია, რაც იძულებით გადაადგილებული პირები შესახლებულები არიან თვალჭრელიძის #1-ში მდებარე შენობაში?

_ რამდენადაც ვიცი, 2 წელზე მეტია, რაც ოჯახები ამ შენობაში ცხოვრობენ.

_ აღსრულების ბიურომ შენობიდან მოსახლეობა სამართლიანად გამოასახლა, თან ძალადობრივად? მით უმეტეს, რომ მათ არავინ გაუფრთხილებიათ, ეს იყო სრული მოულოდნელობა. როგორ დაიწყო მთელი ეს ამბავი?

_ მანდ იყო ძალიან გრძელვადიანი პროცესი: მოსახლეობას თებერვალში ეცნობა, რომ აღსრულების პროცესები დაიწყებოდა. გამოუყვეს ვადა შენობის დასაცლელად. მოსახლეობამ პასუხად ადვოკატი აიყვანა, რომელმაც სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო. დევნილები პარალელურად ცდილობდნენ გამგეობასთან და თბილისის მერიასთან ურთიერთობას, მაგრამ მათ თხოვნებს ყურადღება არავინ მიქცია... მოგვაკითხეს საკრებულოში და მოგვმართეს განცხადებით. ისინი ჩვენგან საკითხის შესწავლას და დახმარებას ითხოვდნენ. უნდა აღვნიშნო, რომ მაშინ არ იყო საუბარი არანაირ ავარიულ შენობაზე, საუბარი იყო მხოლოდ კერძო პირის საკუთრებაში არსებულ შენობაზე და ამ კერძო პირის მოთხოვნაზე _ გამოესახლებინათ შენობიდან იქ მცხოვრები ოჯახები. პროცესი გაგრძელდა თვეების განმავლობაში. ამ საკითხის შესახებ ჩავატარეთ ორი ბრიფინგი. მოსახლეობას ინტენსიურად ვხვდებოდით როგორც საკრებულოში, ასევე ადგილზე. არაერთხელ მივმართეთ წერილობით მერიას,  ჩართულიყვნენ მედიაციის პროცესში მესაკუთრესა და მოქალაქეებს შორის.

_ რატომ მივიდა საქმე ძალადობრივ გამოსახლებამდე?

_ 10 ივლისს უნდა გამოესახლებინათ შენობიდან მოსახლეობა, მაგრამ ჩვენი და მედიის მიერ ატეხილი ხმაურის გამო გამოსახლების პროცესი გადაიდო. ამის შემდეგ იყო  კავშირზე გამოსვლა და შეხვედრის მცდელობა, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტუაცია სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ დალაგდა. 22 ივლისს კი მოსახლეობასთან მივიდა „პოსტ ტვ“, „იმედი“ და „რუსთავი 2“. მათ ჰქონდათ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც შენობა შეფასებული იყო ავარიულად და ამიტომ იგი სასწრაფოდ უნდა დაცლილიყო.

პრობლემა მრავალშრიანია: ერთი, რომ მედიაციაში ამ კონკრეტული საქმის შესახებ არ ჩაერთო არცერთი სახელმწიფო უწყება. სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ ხედავს და არ აღიარებს ასეთი ადამიანების პრობლემას. ამას ვამბობ იმიტომ, რომ იმავე სამგორის რაიონიდან დახმარებისთვის მოგვამართა ბევრმა მოქალაქემ ანალოგიური პრობლემით. შენობაში, სადაც დევნილებიც ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველებიც, მხოლოდ დევნილებს დაუკანონეს საცხოვრებელი ფართები. მოსახლეობას ნდობა აქვს დაკარგული მერიისა და ადგილობრივი მთავრობის მიმართ, რადგან ისინი მათ არც გარანტიას აძლევენ და არც ღირსეულ ალტერნატივას სთავაზობენ, მათ არც კი ესაუბერებიან. სთავაზობენ მხოლოდ 3 თვით ქირის გადახდით გაყვანას.

_ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ამ ქეისის შესახებ განაცხადა, რომ ეს მუნიციპალიტეტის თემა არ არის, აღსრულების საკითხია, სასამართლო მოგებულია და მიმდინარეობს მისი აღსრულებაო. თქვენი კომენტარი.

_ არ გამკვირვებია ბატონი კალაძის ეს პოზიცია, რადგან მიჩვეულები ვართ იმას, რომ თბილისში ყველა პრობლემა საბოლოოდ ბრალდება ხალხს. ზუსტად ისევე, როგორც ამას წინათ კორპუსის დეკორაციის ჩამოვარდნით გამოწვეული ორი ადამიანის მსხვერპლი დაბრალდა ისევ და ისევ ხალხს, როგორც ვაკის პარკის ცნობილი ტრაგედია ბრალდებოდა ბავშვის მშობელს... თბილისის მერია და მთავრობა მუდმივად ცდილობს, ყველა გამოიყვანოს დამნაშავედ და პასუხისმგებლად, გარდა საკუთარი თავისა. გვახსოვს, ვაშლიჯვრის ახალ შემოვლით გზაზე, მთის ჩამოშლა რომ უხვ ნალექს დაბრალდა, _ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ შეექმნას პრობლემა მათი ძალაუფლების გახანგრძლივებას. მესმის, რომ ისინი საარჩევნო პროცესებში შედიან და ყველაფერ აკეთებენ, რომ არ დაკარგონ ის პრივილეგია, რომელსაც უკვე ორი ვადით ინარჩუნებს კალაძე. და რომელი ერთი დაპირება შეარულა მან?

_ გამოსახლების პროცესში აღსრულების წარმომადგენლებმა და პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა, ძალა გამოყენა. ადგილზე მისულები იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებდნენ მოსახლეობის ძალადობრივ გამოსახლებას. პოლიციამ დააკვა 17 პირი, მათგან სამი ქალია. შსს-ს ცნობით, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

_ ჩვენი გუნდი თვალჭრელიძის N1-ში არსებულ პრობლემაზე უკვე სამი თვეა, მუშაობს. ჩვენ არ შემოვფარგლულვართ მხოლოდ 24 ივლისს ადგილზე მისვლით და მათთან გვრდით დგომით. ეს იყო ხანგრძლივი პროცესი, რომელიც არ დასრულებულა და გრძელდება. გაგრძელდება მანამ, სანამ ამ შენობიდან გამოსახლებული თითოეული მოსახლე არ დაკმაყოფილდება ბინით და არ იქნება დაცული მათი უფლებები.

რაც შეეხება აქტივისტებს, რომლებიც პირდაპირი ეთერიდან გამომდინარე მივიდნენ ადგილზე, მათ ქმედება გახლავთ მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ბავშვებისა და გამოსახლებული ადამიანების უფლებების დაცვა, ამ ყველაფრის კონსტიტუციურ ჭრილში განხილვა და  გადაწყვეტა. რა თქმა უნდა, ქალაქის მთავრობა და ცენტრალური ე. წ. მთავრობა, ვალდებულია, საკუთარი მოქალაქეები დაიცვას და მისცეს მათ შესაბამისი საცხოვრებელი პირობები.

რაც შეეხება დაკავებულებს, ჩემი ინფორმაციით, ისინი ისევ იზოლატორებში იმყოფებიან. ჩვენი უსამართლო, დატყვევებული სასამართლო ალბათ გადაწყვეტს, როგორ მოიქცევა მათთან მიმართებით.  

_ მთელი საქართველო უყურებდა პირდაპირი ეთერით კადრებს, თუ როგორ აპირებდა ერთ-ერთი მცხოვრები შენობის სახურავიდან გადმოხტომას პროტესტის ნიშნად. ვინ არის პასუხისმგებელი ასეთ შემთხვევაში ამ კონკრეტული პირის სიცოცხლის უსაფრთხოებაზე და აქვს თუ არა სახელმწიფოს შესაბამისი სამსახური მსგავსი კრიტიკული სიტუაციების სამართავად შექმნილი? რა ქმედებები მოჰყვა მოქალაქის ასეთ ტრაგიკულ გადაწყვეტილებას? ვისი ბრალეულობაა მისი ამ მდგომარეობამდე მიყვანა?

_ არავინ იყო იქ მოსული მსგავსი სამსახურიდან. ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისიტრის ძალიან მშრალი და ხისტი განცხადება. რაც შეეხება ასეთ ფაქტს, გვაქვს ევროპული და სხვა თავისუფალი ქვეყნების წარმატებული გამოცდილებები, თუ რა და როგორ კეთდება ასეთ დროს, ვინ და როგორი სპეციალისტები არიან ჩართულები სიტუაციის განსამუხტავად. ჩვენ არ გვინახავს არცერთი ფსიქოლოგი და არცერთი სოცმუშაკი ადგილზე. ბავშვები, რომელთა ფოტოები ვრცელდება სოციალურ ქსელში, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ _ ისინი ორმოც გრადუს სიცხეში დატოვეს უწყლოდ, მათ წყალი გადაუკეტეს! სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც იმის ფულიც კი არ ჰქონდათ, რომ სასმელი წყალი ეყიდათ, წყალი გაუთიშეს მთელი დღის განმავლობაში! აი, ასეთ პირობებში იყვნენ ბავშვები.

უამრავი წარმატებული გამოცდილება არსებობს იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს გამოსახლება, როგორი მიდგომებია ბავშვების, ქალებისა და მოხუცების მიმართ, ამ დროს კი პირდაპირი ეთერით ყველამ ვიხილეთ ისეთი გამოსახლება, რომელიც არანაირ სტანდარტს არ ექვემდებარება. არც თმენის ვალდებულება იყო დაცული პოლიციელების მხრიდან. ამ ქვეყნის ვერც ერთ მოქალაქეს ვერ დატოვებდა გულგრილს ადგილზე განვითარებული პროცესი. აქ არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც რობოტებად არიან ქცეულები და მათი ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ დღეს „ოცნებას“ შეუნარჩუნონ ფული და ძალაუფლება!

რამდენიმე თვის წინ ვნახეთ, დევნილთა სამისიტროს წინ როგორ დაიწვა თავი ადამიანმა იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა და წლების გაბნმავლობაში ვერ მიიღო საცხოვრებელი ფართი. ჩვენ ვნახეთ ჭიათურაში ადამიანების შიმშილობა კუთვნილი ხელფასის არმიღების გამო; და ჩვენ ვნახეთ როგორ გამოყარეს გაუსაძლის სიცხეში ბავშვები და ქალები სახლებიდან და დატოვეს არაადამიანურ პირობებში ქუჩაში მთელი ღამე. რა მოჰყვა ამ ფაქტებს? _ არაფერი! ვინმეს პასუხისმგებლობა დადგა? _ არა! იმიტომ, რომ ეს სისტემა არის გულგრილი, უპასუხისმგებლო და უყურადღებო! ეს არ ხდება მხოლოდ თბილისში. ამ სიტუაციას აძლიერებს სისტემური კორუფცია.

_ სწორედ კორუფციასა და ნეპოტიზმზე მინდა, შეგეკითხოთ... წლების წინათ, როდესაც სოზარ სუბარი დევნილთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა, „ჰუალინგ პლაზაში“ ბინები გადასცა დევნილთა ოჯახებს. სკანდალი ატყდა იმაზე, რომ ბინები არასამართლიანად გაანაწილეს და სიაში სოზარ სუბარის ნათესავების გვარები ჭარბობდა. დღესაც არსებობენ დევნილები, რომლებსაც რამდენიმე საცხოვრებელი ფართი დაუკანონეს და, ამავდროულად, არსებობენ წლობით აღრიცხვაზე დამდგარი საცხოვრებელი ფართის მიღების მოლოდინში მყოფი დევნილი ოჯახები... ეს ანტისოციალური პოლიტიკის გამოვლინებაა?

_ მთავარი პრობლემა არის საკუთარი ხელისუფლების მიმართ ნდობის დაკარგვა. ადამიანები სამართალს ვერ პოულობენ საკუთარ ქვეყანაში. ძალინ დიდი და ბევრი კითხვის ნიშანი დაისმის ზუსტად დევნილთა საცხოვრებელი ფართების შესახებ. გონივრული ეჭვი არსებობს, რომ არის კორუფცია და ნეპოტიზმი. „ქართული ოცნება“ დგას ძირითადად სამ მიმართულებაზე: ეს არის ძალადობა, პროპაგანდა და კორუფცია. „ოცნებას“ აღარ აქვს იმის რესურსი, რომ საკუთარ მოქალაქეებს ესაუბროს, მიაწოდოს მათ მათი კუთვნილი სერვისები. მათ მხოლოდ და მხოლოდ იმის რესურსი აქვთ, რომ ძალადობრივად მართონ ქვეყანა! ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, რომ აღარავის სჯერა მათი ტყუილების. ამ ტყუილს პროპაგანდისტული მედიის საშუალებით ავრცელებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომაც აღარ ენდობა მათ მოსახლეობა, აღარ აქვთ სტაბილურობის შეგრძნება, მათ არ აქვთ დაპირებული მშვიდობა, რომელზედაც აწყობილი აქვს „ოცნებას“ მთელი წინასაარჩევნო პროპაგანდა. გპირდებიან მშვიდობას მაშინ, როცა გამოცხადებული ომი აქვთ საკუთარ მოქალაქეებთან.

_ რატომ გაამწვავა და დაძაბა „ოცნებამ“ მოსახლეობასთან ურთიერთობა? ვგულისხმობ კონკრეტული გამოსახლების ფაქტს, სწორედ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების ჩატარების წინ. ეს ძალაუფლების დემონსტრირებაა, თუ კალაძის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია? _ ასეთი ვერსიაც განიხილება კულუარებში...

_ მაგ ვერსიაზე ვერაფერს გეტყვით... წინა კვირას ავარიული შენობის დეკორაციის ჩამონგრევას მოჰყვა 2 ადამიანის მსხვერპლი და ძალიან ბევრი დედაქალაქში საუბრობდა იმაზე, რომ უმოქმედო იყო მერია. შეეძლო მერიას, ამ ფაქტის წინაშე არ დავმდგარიყავით, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლოდა ამ ინციდენტს. სწორედ ამას მოჰყვა, თვალჭრელიძის N1-ში მდებარე შენობის საეჭვო დასკვნა, რომელიც ბოლო მომენტში გამოაჩინეს. ამ ამბავს ისინი იყენებენ საკუთარი უნიათობის გადასაფარად. მთავარი ამბავი, რასაც ისინი ასეთი მდგომარეობით ფარავენ, არის ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი „ქართული ოცნების“ პირობებში არის გაუქმებული. ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, საქართველო რომ განვითარდეს და გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, მთავარი წინაღობა არის „ქართული ოცნების“ არსებობა. 

გაზიარება