პარასკევი, 01 აგვისტო, 2025
2025-07-31 11:03:25
თამარ სანაძე
საქართველო უვიზო მიმოსვლის გაუქმების რეალური საფრთხის წინაშეა. ევროკომისიამ „ოცნების“ მთავრობას წერილი გაუგზავნა და 8-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად 31 აგვისტომდე მისცა ვადა.
საქმე ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილებას შეეხება. ევროკავშირის რეკომენდაციები მოიცავს: ადამიანის უფლებების დაცვას, დისკრიმინაციის აკრძალვას, ევროპულ პრინციპებთან შეუსაბამო კანონების გაუქმებასა და ინსტიტუციების დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას. წერილში ნათქვამია, რომ ამ რეკომენდაციებზე არასათანადო რეაგირების გამო ევროკავშირმა უკვე შეაჩერა ვიზების გამარტივებული რეჟიმი დიპლომატიური პასპორტებისთვის და, შესაძლოა, მომავალში შეაჩეროს ვიზალიბერალიზაცია მთლიანად, თუ საქართველომ არ გაითვალისწინა რეკომენდაციები.
„კაცი უნდა დარჩეს კაცად“, უვიზო მიმოსვლა „ტექნიკური საკითხია“, „დიპ სტეიტის“ ომის გეგმის „ბოლო კოზირია“; „თუ ევროპაში ვეღარ წავა სამკურნალოდ, ხალხი სხვა ქვეყნებში ივლის“ _ ასეთია ირაკლი კობახიძის ცინიკური განცხადებები უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხეზე.
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის საფრთხეებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თათია ნიკოლაშვილი:
_ თათია, ევროკავშირის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერი „ოცნების“ ანტიდასავლურ, დეზინფორმაციულ რიტორიკაზე განცადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გაერთიანება მკაცრად უარყოფს და გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის დეზინფორმაციას, თითქოს, ევროკავშირს სურს, ქვეყანა ომში ჩაითრიოს. როგორ შეაფასებთ მთლიანად ამ მოცემულობას და „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს?
_ დიდი ხანია, ეს ხალხი გასულია ყოველგვარი საზღვრებიდან, რასაც ჰქვია იმაზე ზრუნვა, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩეს ევროპული ღირებულებების წარმომადგენელ ქვეყნად. მათი რიტორიკა, მათი სიტყვათა წყობაც კი, ფაქტობრივად, ერთი ერთში ემთხვევა მარგარიტა სიმონიანისა და სერგეი ლავროვის განცხადებებს. აპოლიტიკური ადამიანიც კი, როდესაც მოისმენს ამ განცხადებებს, ვერ იტყვის, რომ ეს მიზანმიმრთულად არ ხდება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანას აქცევენ პირდაპირი მნიშვნელობით იზოლაციაში. ირაკლი კობახიძემ ეს დაადასტურა. ადამიანების დაცინვა იყო ის, რაც მან თქვა. როგორც მახსოვს, ვიზალიბერალიაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ეს შეიძლება კარგიც იყოს, რადგან ჩვენი მოქალაქეები ემიგრაციაში აღარ წავლენო. დასცინიან ადამიანებს, ემიგრანტებს, რომლებიც იმის გამო არიან ევროპის ქვეყნებში წასული, რომ საკუთარი ოჯახები შიმშილით არ დაეხოცოთ, ლუკმაპური იშოვონ და გამოუგზავნონ აქ ოჯახებს. აი, ამ ადამიანებს დასცინიან. არავინ არის გიჟი, რომ საკუთარი ქვეყანა და ოჯახი დატოვოს. ისინი იმიტომ არიან წასულები, რომ რუსულმა ხელისუფლებამ გააქცია ქვეყნიდან.
_ ევროკავშირის განცხადება, რომ ვენდობით ჩვენს ელჩს, მიუღებელია მასზე თავდასხმა; სიცრუეა ის, რომ ჩვენ გვსურს ქვეყნის ომში ჩართვა; „ქართული ოცნების“ რიტორიკა შეადარეს რუსულს. როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას, რომელიც ძალიან მწვავე იყო?
_ დიპლომატიური ენა რასაც გულისხმობს, ეს უკვე აღარ არსებობს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით. ძალიან მძიმე და მწვავე ენით ესაუბრებიან ამ ადამიანებს. ეს არის ბოლო გაფრთხილებები, ევროპა პირდაპირ ამბობს, რომ ეს ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხს. ეს ქართველმა ერმა კარგად დაანახა ყველას, როდესაც ორი წლის წინათ დაიწყო აქციები. ჯერ კიდევ მაშინ გაცხადდა, რომ „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და ამ ორი ცნების განცალკევება სწორედ ამ დროიდან იწყება. ახლა უკვე თავად ევროკავშირი ღიად და პირდაპირ ეუბნება „ოცნებას“, რომ თქვენ არ წარმოადგენთ ქართველ ხალხს. ოპოზიციის დევნა, ამ რაოდენობის პოლიტპატიმარი, თავისუფალი მედიის ჩახშობის ყველანაირი მცდელობა და ფაქტობრივად ამ მცდელობების სისრულეში მოყვანა, ყველაფრიდან გამომდინარე, უკვე ბოლო გაფრთხილებას აძლევენ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას ევროკავშირის წარმომადგენლები. ამის შემდეგ ევროპა გადავა კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ეს ჩვენი ქვეყნისთვის.
_ ევროკავშირის კრიტიკის, რეკომენდაციების პასუხად, „ოცნების“ პრემიერი აკეთებს ასეთ განცხადებებს: „როგორ შეიძლება მივიდე სამოქალაქო რეესტრში და მოვითხოვო, რომ ვარ ქალი, ამის ჩაწერა?!“ „კაცი უნდა დარჩეს კაცად“; უვიზო მიმოსვლა „ტექნიკური საკითხია“; „დიპ სტეიტის“ ომის გეგმის „ბოლო კოზირია“ _ როგორ შეაფასებთ ამ განცხადებებს?
_ ეს არის ერთი-ერთში რუსული პროპაგანდა. პრემიერი რომ ჰქვია, ეს კაცი სიგიჟეებს საუბრობს. ადამიანებს წარმოუდგენენ ისეთ პრობლემებს და თვითონვე თხზავენ ამ რიტორიკას, რომ თურმე საჭიროა საქართვეოში ადამიანებს ავუხსნათ, რომ ქალი ქალია და კაცი _ კაცი. მეტი პრობლემა ვერ ნახეს, როგორც წინასაარჩევნოდ კასპში როცა წამოჭრეს პრობლემა, რომ კაცები გათხოვდებოდნენ. ყველა რეალური პრობლემისა თუ სირთულის გადაფარვას ცდილობენ საკუთარი გამოგონილი პრობლემით, რომელიც სამყაროში არ არსებობს, შემდეგ ამ პრობლემას ხალხის თვალის ასახვევად იყენებენ. ეს არის აბსოლუტური პროპაგანდა. სურთ, ევროპული ღირებულებები, ადამიანზე ზრუნვა თუ ა. შ. საერთოდ სხვაგვარად წარმოაჩინონ.
სტრასბურგში ხშირად მიწევს წასვლა, ჩვენი დელეგაციის წევრი ვარ, ხშირად ვხედავ, თუ როგორ ზრუნავს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებზე. სესხები 2, 3 და მაქსიმუმ 7 პროცენტია. ჩვენთან კი ატყავებენ ადამიანებს და ყველაზე მეტად რომ უნდა ზრუნავდეს „ლიბერთი ბანკი“, ათმაგს გვახდევინებენ. ამ რეალობაში ევროპული ქვეყნების სიკეთეები არ უნდათ, რომ დაანახონ ადამიანებს. უმუშევრობა სტრასბურგში სამი-ოთხი პროცენტია, ჩვენთან კი ადამიანებს სამას ლარზე ამუშავებენ, ამიტომ იძულებულები არიან, ქვეყნიდან გაიქცნენ, რადგან სამუშაო ადგილები არ არსებობს. თვითონ რომ არ იპარავდნენ, ჩვენს ქვეყანას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ არა მხოლოდ ჩვენი მოსახლეობა იყოს დასაქმებული ღირსეული ანაზღაურებით, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც შეგვიძლია აქ ჩამოვიყვანოთ ადამიანები სამუშაოდ.
წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ევროპის ნაწილი გავხდეთ, ეს ადამიანები, ე. წ. ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეღარ მოიპარავენ, არ ექნებათ კორუფციის შესაძლებლობები. „ქართული ოცნება“ თითიდან გამოწოვილი თემებით ცდილობს ადამიანების მოტყუებასა და პროპაგანდის თავს მოხვევას.
_ ევროკავშირის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „ოცნებას“ მიმართეს. როცა პრაქტიკულად ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბევრს არც არაფერს გააკეთებს, რას შეიძლება ნიშნავდეს ევროპული საბჭოს მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის 31 აგვისტომდე ვადის მიცემა?
_ ეს არის, ფაქტობრივად, საბოლოო გაფრთხილება ამ უტიფარი რეჟიმისთვის. როდესაც დემოკრატიული ქვეყნები, მათ შორის, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აფრთხილებენ „ოცნების“ მთავრობას, ეს უკვე აღარ არის დიპლომატიური მიდგომა, ეს არის მწვავე გაფრთხილება. მათთვის უკვე თვალსაჩინოა, რომ ეს რუსული მთავრობა ჩვენს ქვეყანას მიზანმიმართულად აშორებს დასავლურ ცივილიზაციას და ატარებს ქვეყანაში რუსულ ინტერესებს. ეს ქვეტექსტი იკითხებოდა ამ წერილში, რომ „ქართულ ოცნებას“ უკვე დიდი ხანია, ჯიუტად გადახვეული აქვს ევროკავშირის გზიდან და უკვე თვალნათლივ ვხედავთ სრულად იზოლაციაში მოქცევის სწრაფ პროცესს.
ამ ვითარებაში ჩვენი ვალდებულება არის ის, რომ ქვეყნის გეზი დავანახოთ ყველას. ამისთვის ადამიანებს თავი აქვთ გადადებული, ახალგაზრდები ციხეში სხედან, დაპატიმრებულები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს ადამიანები ვერ გატეხეს ვერანაირად. როდესაც ასეთ მაგალითებს ვხედავთ, ჩვენ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ შევძლებთ რუსული რეჟიმის ქვეყნიდან გასვლით დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ ორბიტაზე.
_ ამ ძალიან კრიტიკულ ვითარებაში ბოლო შრე, ბოლო სტადია რა შეიძლება იყოს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში?
_ თუკი არაფერი შეიცვალა და ასე გაგრძელდა ვითარება, ცხადია, რომ ამ რეჟიმს გადაწყვეტილი აქვს დაგვაბრუნოს საბჭოთა კავშირში. პუტინის ოცნება რომ არის, აღადგინოს საბჭოთა კავშირი, ისე უნდათ, რომ ჩამოშორდნენ ყველანაირ ევროპულ, დასავლურ მიმართულებებს, მოაქციონ ქვეყანა იზოლაციაში. ეს არის ზუსტად ივანიშვილის ოცნება. მათ შორის ივანიშვილის ოცნება არის ის, რომ საქართველო ქართველების გარეშე იყოს და ეს ქვეყანა ჰქონდეთ მათ და რუსებს. შესაბამისად, ვითარება ძალიან რთულია და თუ ხალხი არ გაყრის ამათ და არ მოაშორებს ხელისუფლების სადავეებიდან, ქვეყანას დავკარგავთ, მომავალი აღარ გვექნება. თუ ივანიშვილის სურვილისამებრ გაგრძელდება ყველაფერი, რუსები იქნებიან ჩვენზე მეტი ამ ქვეყანაში.
გადამწყვეტი მომენტი ახლოვდება. 4 ოქტომბერს ამ კლოუნადას რომ აწყობენ და არჩევნებს რომ ეძახიან, ამის პარალელურად შევიკრიბოთ ყველა ის ადამიანი, ვინც არ ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას. „ნაციონალური მოძრაობა“ არ მონაწილეობს ამ კლოუნადაში, ეს ძალიან მკაცრად არის გადაწყვეტილი. ინიციატივა 4 ქრომბერს შეკრებასთან დაკავშირებით არის სრულიად აპარტიული. ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მხარდამჭერი თუ საერთოდ აპოლიტიკური ადამიანი უნდა გამოვიდეს, ეროვნული მოძრაობა უნდა შედგეს, რადგან მართლა გადამწყვეტ ფაზაში ვართ: ან ვინარჩუნებთ ქვეყანას, ან ვკარგავთ სამშბლოს. ბატონი პაატა ბურჭულაძის ინიციატივა ძალიან კარგია. ჩვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მუდმივად მასთან ერთად, ფაქტობრივად, ყოველდღე ხვდება ადამიანებს. ვემზადებით ყველაფრისთვის. ბრძოლა არის მხოლოდ ამ ჩიხიდან გამოსავალი. დემოკრატიულად არაფრის ცვლილება აღარ ხდება ამ ქვეყანაში, ივანიშვილმა არჩევნები და ყველაფერი მიისაკუთრა.
_ პოლიტიკური პროცესი ორადაა გაყოფილი: ვინც არჩევნებში მონაწილეობს და ვინც არ აღიარებს რეჟიმს. როგორ უყურებთ ამ პროცესებს, რაც ოპოზიციურ ველზეა?
_ სამწუხაროა, რომ „ლელო“ მონაწილეობს არჩევნებში, მათ ამ გადაწყვეტილებაზე ძალიან მწყდება გული. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მათზე არასოდეს მქონია სხვა წარმოდგენა, ეს დადასტურდა კიდეც. გახარია ყოველთვის „ოცნების“ ქვედანაყოფად მიმაჩნდა და ასეც აღმოჩნდა. ეს ყველაფერი არის ღალატი. ბიძინა ივანიშვილის ცირკში მონაწილეობა არის ღალატი. 50 ადამიანი ზის ციხეში და საუბარი, რომ რას შვრებით ახლა, აბსურდია. სავაჭროდ შევდივართ? დაპატიმრებული არიან, მათ შორის, „ლელოს“ ლიდერები, „ახლების“ ყველა ლიდერი ციხეშია, ვისთან შევდივართ არჩევნებში? ჩვენი ინტერვიუს უდიდესი ნაწილი დაეთმო ევროკავშირთან ურთიერთობებს და ჩვენ რომ ვთხოვთ სხვადასხვა ქვეყანას დასანქცირებას, რომ მივმართავთ ევროპას, დასავლეთს, რომ დაასანქცირონ ივანიშვილის წარმომადგენლები, ჩვენ როგორ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა? რა უნდა ვუთხრათ? თქვენ მანდ თქვენი საქმე გააკეთეთ და ჩვენ აქ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობაო? თუ არალეგიტიმურები არიან, რანაირად უნდა შეხვიდე არჩევნებში? „ლელოს“ პოზიცია იყო განსაკუთრებით ცუდი, რადგან ეს პარტია იყო ჩვენთან ერთად ყველა ნაწილში, ყველა მიმართულებით და უცებ რაღაც ძალიან ცუდი სურათი დაიხატა. ეს არის ღალატი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პოლიტიკურ ტყვეებად არ ვაღიარებ.
_ ვიხილეთ გამოსახლების დიდი სერია აგრესიული ძალადობრივი ფორმებით, უხეშად ირღვეოდა ბავშვების უფლებები, იყო არაერთი მძიმე კადრი. როგორ შეაფასებთ გამოსახლების პროცესს და შემდგომ „ოცნების“ განცხადებებს?
_ ალბათ, არავის არასოდეს ამოუვა თვალებიდან იმ პატარა ბავშვების სახეები, როდესაც მათ მშობლებს ფიზიკურად უსწორდებოდა პოლიცია. მილიონერმა კალაძემ თავისი შვილები რომ წარმოიდგინოს მათ ადგილას, ხომ შეიძლება?
პოლიტიკური თვალსაზრისით რომ შევაფასოთ, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს ჰქონდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მამუკა მდინარაძეს სურს თბილისის მერობა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ძალაუფლება გაუნაწილა ივანიშვილმა მდინარაძეს, ბევრი რამ მის ხელშია, მათ შორის, პოლიციური უწყებები. ყველაფერი მდინარაძის მხარეს აქვს ჩაბარებული. ეს იყო მდინარაძის სპეცოპერაცია კალაძის საწინააღმდეგოდ, რადგან ქოცსაც და კალაძესაც არაფერში აწყობთ ეს გასახლების სცენა, რაც ვიხილეთ წინასაარჩევნოდ.
_ ფაქტია, რომ მათ ყველაფერზე აქვთ პასუხი. იმ ღამესვე განაცხადეს, რომ ზოგი ფლობს მიწას, ზოგი დაკმაყოფილებულია თანხითო. „ოცნების“ ლიდერები ყველაფერს უპირისპირებენ პროპაგანდას. რა უნდა მოიმოქმედონ ასეთ დროს ოპოზიციამ ან თუნდაც მოქალაქეებმა?
_ რამდენიმე ადამიანმა პირდაპირ ეთერში ამხილა, რომ პროპაგადისტული მედიების წრმომადგენლების საშუალებით ბევრ ადამიანს თანხებს გადასცემდნენ. იქ ხდებოდა მოსყიდვა, რომ რამდენიმე ადამიანს ეთქვა, თანხით დააკმაყოფილეს და ა. შ. მეორე ფაქტი არის ის, რომ სასტიკი მეთოდებით გამოასახლეს უსახლკარო ადამიანები. მათი ეს განცხადებები არის სმარცხვინო.
_ ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა ამ ბოლო დროს: ოზურგეთიდან გააქვთ კუბოს ფორმის საყვავილეები. თქვენ ამაზე არაერთი ჩართვა თუ განცხადება გააკეთეთ. რა მოხდა ამ საყვავილეებთან დაკავშრებით?
_ ყველას გვახსოვს, რომ ორი წლის წინათ გაიღვიძეს ოზურგეთელებმა და ქალაქის ცენტრში, ცენტრალურ მოედანზე, დახვდათ კუბოს ფორმის საყვავილეები. ამას მოჰყვა ქალაქის მცხოვრებთა 99 პროცენტის უარყოფითი შეფასება, ისინი ითხოვდნენ, რომ მოეშორებინათ ეს კუბოები ქალაქიდან, თუმცა მერმა ყველას მოღალატეები და დაუნახავები უწოდა. ის გვეუბნებოდა, რომ ჩვენ არ გვსურდა ოზურგეთის განვითარება. მოკლედ, ამ ყველაფერში ორი მილიონი ლარი დახარჯა მერიამ, ორი მილიონი, მაშინ, როდესაც ოზურგეთში უამრავი ადამიანი სირარიბის ზღვარს ქვემოთაა მათივე მონაცემებითა და მათივე საქსტატის აღწერით.
გავიდა ორი წელი და გამოქვეყნდა დასკვნა, სადაც წერია, რომ ეს კუბოქოთნები იჟანგება და ძალიან მალე დაიშლებაო. რაც ჩარგეს ამ ქოთნებში ყველაფერი გახმა, ვერაფერი გაახარეს და ბოლოს ხეები ჩარგეს.
მოკლედ, დაჟანგული კუბოქოთნები გააქვთ, ჯერ კიდევ ბოლომდე არ გაუტანიათ. ქოთნებში დახარჯული ორი მილიონი ლარი ლამაზად გაფრინდა, კი არ გადაიყარა, რა თქმა უნდა, „ქოცების“ ჯიბეში წავიდა. ეს კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ მოიპარეს ორი მილიონი ლარი თვალსა და ხელს შუა.