პარასკევი, 01 აგვისტო, 2025
2025-07-31 11:12:15
მიხეილ ხაჩიძე
23 ივლისს ბერლინის ისტორიულ გენდარმენმარკტზე _ იმავე მოედანზე, სადაც ცნობილი რუსი სოპრანო ანა ნეტრებკო უნდა გამოსულიყო „კლასიკური ღია ცის ქვეშ" ფესტივალზე _ ქართველმა და უკრაინელმა აქტივისტებმა ხმაურიანი, მაგრამ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს. მთავარი გზავნილი იყო მკაფიო: „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა!" „არანაირი სცენა პუტინის მხარდამჭერებისთვის!"
აქცია ორგანიზებული იყო უკრაინული ორგანიზაციების Vitsche-ს, Cult Resist, Chervona Kalyna-სა და ქართულ-გერმანულ ცენტრ GZA-ს (Georgisches Zentrum im Ausland) მიერ. ორგანიზატორთა თქმით, მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 300-მა ადამიანმა. ბერლინის პოლიციამ დაადასტურა, რომ პროტესტი მშვიდობიანად წარიმართა.
დემონსტრანტები უკრაინისა და საქართველოს დროშებითა და ომის საწინააღმდეგო ბანერებით მოედნის ოთხივე შესასვლელთან განლაგდნენ. მათი მოწოდებები მკაცრად იყო მიმართული ნეტრებკოს კრემლთან მრავალწლიანი კავშირის წინააღმდეგ.
რუსული ოპერის ვარსკვლავი ანა ნეტრებკო წლებია, მიიჩნევა კრემლის რჩეულად და კულტურულ დიპლომატიაში პუტინის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ იარაღად. მისი კავშირები ვლადიმირ პუტინთან შემთხვევითი არ არის _ მან პირადად გამოუცხადა მხარდაჭერა რუსეთის ავტორიტარ ლიდერს, არაერთხელ გამოჩნდა სახელმწიფო ცერემონიებზე და მონაწილეობდა პრორუსულ კონცერტებსა და ტელეგადაცემებში.
2014 წელს ნეტრებკომ ფინანსური დახმარება გაუწია თეატრს დონეცკში _ ტერიტორიაზე, რომელიც იმ დროისთვის უკვე დე ფაქტო რუსეთის კონტროლქვეშ იმყოფებოდა. ამ ფაქტს კიდევ უფრო დამამძიმებლად აქცევს ის, რომ ფოტოზე, სადაც ნეტრებკო გადასცემს თანხას, ხელში უჭირავს თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" დროშა _ იგივე სიმბოლო, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები იყენებდნენ უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მიუხედავად შემდგომი მცდელობისა, დისტანცირება მოეხდინა პოლიტიკური პროცესებისგან, ნეტრებკოს საჯარო პოზიცია არასოდეს ყოფილა მკაფიოდ ანტიპუტინისტური. მას არც უკრაინაში შეჭრა გაუკრიტიკებია პირდაპირ, არც ოკუპაცია დაუგმია. სწორედ ეს არაგულწრფელობა და პოლიტიკური კეკლუცობა აღიზიანებს როგორც უკრაინელ, ასევე ქართველ აქტივისტებს _ იმ ხალხს, რომელიც ყოველდღიურად უწევს წინააღმდეგობას რუსეთის ოკუპაციასა და აგრესიას.
ოპერის ვარსკვლავის დასავლურ სცენებზე დაბრუნება _ განსაკუთრებით ევროპაში _ ბევრისთვის პუტინის რბილი ძალის წარმატების მაგალითია. მაშინ, როცა რუსული არმია ბომბავს უკრაინულ ქალაქებს და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, პუტინთან დაახლოებული არტისტების კულტურულ წრეებში მიღება მხოლოდ ახალ ლეგიტიმაციას აძლევს კრემლის გავლენას.
ამიტომაც გახდა ნეტრებკოს კონცერტი ბერლინში საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლების პროტესტის სამიზნე _ კულტურა ვერ გახდება პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საშუალება. და არც პუტინის არტისტები უნდა სარგებლობდნენ თავისუფალი სამყაროს სცენებით, სანამ მათი ქვეყანა ანადგურებს მეზობელ სახელმწიფოებს.
„არ ვაპატიებთ ოკუპაციას და არ მივცემთ სცენას პუტინის ვარსკვლავებს"
აქციის ორგანიზატორმა, GZA-ს თანადამფუძნებელმა ვასილ ონიანმა „ქრონიკა+"-ს განუცხადა:
„ეს პროტესტი იყო სოლიდარობის გამოხატვა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის, მოლდოვასთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის და ყველა იმ ერისთვის, რომელიც რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ იბრძვის. ანა ნეტრებკო არ არის უბრალოდ არტისტი _ ის იყო და რჩება კრემლის კულტურულ წარმომადგენლად, რომელსაც სცენა არ უნდა ეძლეოდეს ცივილიზებულ სამყაროში".
მისივე თქმით, კულტურა ვერ იქნება პოლიტიკის მიღმა, როცა ომის ფონზე წითელ ხალიჩებზე იმ ადამიანებს ეპატიჟებიან, რომლებიც წლების განმავლობაში კრემლის პროპაგანდისტულ საქმეს ემსახურებოდნენ:
„დასავლეთს სჭირდება მორალური სიცხადე _ პუტინის ომი მხოლოდ ტანკებით არ იბრძვის. ის იბრძვის მუსიკით, ფილმებითა და იმგვარი არტისტებით, როგორიც, ამ შემთხვევაში, ნეტრებკოა", _ აცხადებს ონიანი.
რუსეთის ომი უკრაინაში _ შეუჩერებელი აგრესია ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ
2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში ათასობით მშვიდობიანი ადამიანი შეიწირა, მილიონები გადაასახლა და ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი მასშტაბის კონფლიქტი მოუტანა.
რუსეთის სამხედრო სტრატეგია მიზანმიმართულად ესხმის თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკოლებს, თეატრებს, საავადმყოფოებსა და ენერგეტიკულ ქსელებს. დაიბომბა მარიუპოლის დრამატული თეატრი, სადაც ასობით ბავშვი აფარებდა თავს; განადგურდა ბუჩა და ირპინი, სადაც პუტინის არმიამ სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა.
უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი პუტინის მხრიდან არ არის მხოლოდ ტერიტორიული შეტევა _ ეს იდეოლოგიური და კულტურული ექსპანსიაცაა. 2008 წელს საქართველოზე თავდასხმა, 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია, დონბასში პროქსი-ომი და 2022 წელს კი კონვენციური შეჭრა – ყველა ეს ქმედება წარმოადგენს ერთი და იმავე მიზნის ნაწილს: იმპერიის აღდგენას, რაც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.
უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობისთვის, არამედ ევროპული ღირებულებებისთვის _ თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად.
და ამ დროს, როცა კრემლი ოკუპაციასა და განადგურებას აგრძელებს, დასავლურ კულტურულ სივრცეებში კვლავ ჩნდებიან არტისტები, რომლებიც წარსულში რუსული აგრესიის სიმბოლოებად იყვნენ ცნობილნი.
დღეს უკვე საკმარისია „ბალანსის" ძიება. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, რომელიც ხოცავს ბავშვებს, ანგრევს ქალაქებს და კლავს ჟურნალისტებს. უკრაინაში უკვე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ასობით ბავშვი გაიტაცეს და დეპორტაციაში გაგზავნეს. ბუჩა, ირპინი, მარიუპოლი _ ეს ადგილები იქცა სიმბოლოდ იმ ბოროტებისა, რომელსაც წარმოადგენს მხოლოდ ერთი სახელმწიფო სტრუქტურა – კრემლი.
გაეროს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან ძალა და სიმართლე უნდა იქცეს რეალურ რეაქციად. კრემლის იარაღის ჩამორთმევა უნდა დაიწყოს სიმბოლოებიდან _ იმ სახეებიდან, რომლებიც თითქოს ხელოვნებას წარმოადგენენ, მაგრამ სინამდვილეში ომის თანმდევები არიან.
კრემლის კულტურული პროპაგანდა _ სიმღერა ტანკის ფონზე
რუსეთისთვის კულტურა ყოველთვის იდეოლოგიური იარაღი იყო _ განსაკუთრებით მაშინ, როცა სამხედრო და დიპლომატიური გზები იჭედებოდა. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, მოსკოვი აქტიურად იყენებდა ხელოვნებას (ბალეტს, ოპერას, ლიტერატურას) როგორც „რბილი ძალის" ინსტრუმენტს.
პუტინის მმართველობისას ეს ტენდენცია კიდევ უფრო გამწვავდა. ანა ნეტრებკო, ვალერი გერგიევი, სერგეი როლდუგინი და სხვა სახელგანთქმული არტისტები რეგულარულად მონაწილეობდნენ კრემლის პროპაგანდისტულ კამპანიებში _ სოჭის ოლიმპიადიდან დაწყებული, ყირიმის ანექსიის „კულტურულ ლეგიტიმაციამდე".
პუტინისთვის ხელოვნება არ არის მხოლოდ ესთეტიკა _ ეს არის გზავნილი: რუსეთი დიდი ქვეყანაა, რომელსაც პატივი უნდა სცე, მიუხედავად ომისა, ოკუპაციისა და განადგურების.
ამ ფონზე დასავლეთის გადაწყვეტილება, კვლავ მისცეს სცენა ნეტრებკოსნაირ არტისტებს, ნიშნავს კულტურულ კომპრომისს დემოკრატიის ფუნდამენტურ ღირებულებებზე. სწორედ ამას ეწინააღმდეგებიან ბერლინში შეკრებილი ქართველი და უკრაინელი აქტივისტები.
„რუსული ოკუპაცია გრძელდება როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და ჩვენ არ ვჩერდებით", _ ამბობენ ორგანიზატორები. მათი დაპირება ისევ აქტიურია: გააგრძელებენ პროტესტს იქ, სადაც კრემლის მხარდამჭერებს სცენას სთავაზობენ.