პარასკევი, 01 აგვისტო, 2025
2025-07-31 11:19:32
გიგა გელხვიიძე
ბოლო პერიოდში საეკლესიო ცხოვრების მიღმა დამალული უკუღმართობები სააშკარაოზე გამოვიდა.
დიდძალი ქონება, ძალადობა, ადამიანების მოტაცება, მათი გადამალვა, აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრება, უფლის მიმართულებით იარაღის მსროლელი მონაზვნები _ ეს ყველაფერი ქართული სასულიერი პირების თანმდევად იქცა.
„ქრონიკა+“-ის ამ ნომერში ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ხელმძღვანელზე, მეუფე ანტონ (საერო სახელი მარკოზი) ბულუხიაზე მოგიყვებით.
ინფორმაცია ბულუხიას საქმიანობის შესახებ მოგვაწოდა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის დეკანოზმა კახაბერ დვალიშვილმა, რომელმაც ერთი წლით ადრე საჩივარიც კი დაუწერა ანტონ ბულუხიას მოსაყდრე შიოს სახელზე, თუმცა ბულუხია ჩვეულებრივ აგრძელებს საქმიანობას, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ქრისტეს გზასთან.
დეკანოზი კახაბერ დვალიშვილი:
_ ის, რაც ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში ხდება, წერილშიც მაქვს ნახსენები, რომელიც მოსაყდრე შიოს სახელზე დავწერე, თუმცა ახლა ამ ყველაფერს უფრო ვრცლად მოგიყვებით.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი არის ძალიან გარყვნილი ადამიანი. ჩემს სულიერ შვილთან ჰქონდა ურთიერთობა, თავის შვილის ტოლთან. შეაცდინა ეს გოგონა და მას შემდეგ ვანის გამგეობაში თანამდებობა მისცა. არ ვიცი, რა გაუკეთა. ეპისკოპოსი კი არა მაგიური ძალა უფრო აქვს, ვიდრე რელიგიური. ეს გოგონა ამბობდა, რომ უყვარდა. ერთი თვე დამჭირდა ბრძოლა, რომ ეს გოგო მომეცილებინა ამ ცოდვებისგან. ყველაფერი წლებია გრძელდება, ალბათ 2018 წლიდან.
_ რა მოხდა შემდეგ?
_ გოგო მოვაცილე ამ ცოდვას. ამის შემდეგ მონასტერში სამონაზვნო მორჩილის გაუპატიურების მცდელობა იყო, იგივე პედოფილიაა ეს, რადგანაც სამოცდაათ წელს მიღწეული კაცი 28 წლის გოგოს შეუვარდა. გასული იყვნენ მონასტრის წევრები და ოთახში შეუვარდა. უნდოდა, რომ გაეუპატიურებინა. შვიდი თვის მანძილზე მორჩილს არც სახლში უშვებდნენ და სცემდნენ მას.
_ ეს ვანში ხდება?
_ პირველი რაც გითხარით, საყვარლის თემა, ეს ვანში ხდებოდა და მეორე ფაქტი _ ბაღდათის ეპარქიაში.
_ როგორ დაფარეს ეს ამბავი?
_ ყველა ჩართული იყო, ყველა სასულიერო პირი, ვინც თანამდებობაზე არის, რომ ეს ბავშვი დაეჩაგრათ. სახლში არ უშვებდნენ, ტელეფონი ჩამოართვეს. მერე დააბრუნეს. მეძაობის ცოდვით არის შეპყრობილი და ვიღაცას სწერდა აქედან (მონასტრიდან), ბიჭებს და ჩვენ ამიტომ წავართვით ტელეფონიო. 17 წელია, სასულიერო პირი ვარ და მსგავი რაღაცის ყურებას ვეღარ გავუძელი. ვერც ჩემი სიმართლე დავამტკიცე.
_ წამოხვედით ეპარქიიდან?
_ ოთხი წლის წინ წამოვედი ეპარქიიდან. ვანში ვიყავი მთავარი ხუცესი, ეპისკოპოსის მოადგილე. წამოვედი ეპარქიიდან, დავუწერე განცხადება, თვითონ (ანტონმა) მომცა რეზოლუცია. ჯერ ვუთხარი, რომ სხვა ეპარქიაში გამიშვი-მეთქი და არ მომცა თანხმობა, რაც არის უკანონობა, რადგანაც მღვდელმთავარს არ შეუძლია, რომ დაგაკავოს. მონა ვარ და ვინმესგან მიყიდე-მეთქი? წამოვედი მაინც, არ გავჩერდი, _ რაც გინდათ, ის გამოიტანეთ განაჩენი-მეთქი. შემდეგ განაცხადა. დამიწეროს შვებულებაო. თავის დროზე ჩემი მსახურების შეჩერება ვერ გარისკა. დავუწერე შვებულება და შემდეგ მოითხოვა, რომ გამეგრძელებინა ეს შვებულება. როდესაც ამის ვადებიც ამოიწურა, მივწერე, რომ ჯანმრთელობის გამო ვეღარ ვახერხებდი მსახურების გაგრძელებას, რადგანაც თბილისში ვცხოვრობ, თბილისიდან დავდიოდი ვანში მსახურებისთვის.
_ რა ხდება ამის შემდგომ?
_ დავუწერე განცხადება და თვითონაც რეზოლუცია დაადო, რომ განთავისუფლებული ვარ ეპარქიიდან, მაგრამ არა სრულიად, არამედ იმ დათქმით, რომ უნდა მემკურნალა და დავბრუნებულიყავი. მან კარგად იცოდა, რომ მე ეს ყველაფერი, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ, ვიცოდი და ეშინოდა, ვინმესთან არ მეთქვა.
_ შიშის გამო არ გიშვებდათ?
_ რა თქმა უნდა. მეუფე შიოსაც ვესაუბრე ამის შესახებ და მეუფე თეოდორესაც. მათაც ავუხსენი, რომ მე თუ დამნაშავე ვარ, კი ბატონო, დამსაჯეთ, მაგრამ თუ არ ვარ დამნაშავე, მითხარით, რატომ უნდა დამსაჯოთ. რვა თვეა დავდივარ საპატრიარქოში. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, მე რომ ვერაფერი მომიხერხა, უკანონოდ გამომიტანა განაჩენი და ჩამომაცილა ეკლესიას. გადამტერებულია, ჩამაჯინდა, ყველა ღონეს ხმარობს, რომ გაანადგუროს ადამიანი, გავიხადო კაბა, გამოვიდე ეკლესიიდან და მერე გიჟი მიძახოს. ოთხი წელია, ასე მტანჯავს, რვა თვის წინ ეს განაჩენი გამოიტანა და ვაპროტესტებ, მაგრამ ეტყობა ისეთი დამოკიდებულება აქვთ, ვერ და არ სწირავენ ერთმანეთს. მინდოდა, რომ ეს ყველაფერი კანონიკურ ჩარჩოებში ყოფილიყო. ჩვენ, ეკლესიის მსახურებს გვიწერია: პირში ამხილე, თუ არ გაგიგონა, შემდეგ ძმებში ამხილე და შემდეგ საჯაროდ. შესაბამისად, მესამე მუხლზე მიმიყვანა თავისთავად ამ უკანონობით და დამცირებით.
_ რას ამბობს მეუფე შიო?
_ როდესაც ეს საჩივარი შევიტანე მითხრა, გაჩერდი, არ მივცეთ მსვლელობა და მე დაველაპარაკებიო. ვიცი, რომ სამჯერ თუ ოთხჯერ დაელაპარაკა და აუხსნეს მანაც და მამა თეოდორემაც, რომ მეუფე, არ გინდა ეს ყველაფერი და გამოუშვი როგორც დასჯილი და ჩვენ მივხედავთო, მაგრამ მტკიცე უარზეა. შემდეგ მითხრეს ასეთი რამ, ჩადი ვანში, მოიხადე ბოდიში, ეპარქიაში დაგახვედრებთ სამღვდელოებასო.
_ ამით სურდა დაემტკიცებინა ყველას თვალში, რომ თქვენ ტყუოდით?
_ კი, ძალიან აწუხებს ეს ყველაფერი. ჩემმა მეუღლემაც მისწერა, შენ ხომ ხარ დამნაშავე ამაში? თუ არ ხარ დამნაშავე, გამეცი პასუხი და არ არის პრობლემაო. იმდენად თავისივე ტყუილში არის გაჭედილი, რომ ვეღარ მიდის და ვერაფერს შვრება. უკანონოდ თუ მოიქცევა, თორემ კანონიერად ვერაფერს აკეთებს. უკანონობა კი მისი მხარეა, დაგსჯის, რომ ვერაფერი თქვა.
60 მღვდელი არის ეპარქიაში, ერთი კაცი ვერ ამბობს იმას, რაც ხდება.
_ თუმცა ყველამ იცის, ხომ?
_ რა თქმა უნდა, ყველამ იცის, მარტო მე კი არ ვიცი, მაგრამ ვერ ამბობენ.
_ ვანიც და ბაღდათიც ახლო მუნიციპალიტეტებია, ყველამ ყველაფერი იცის და ამის ფონზე მიჩნდება შეკითხვა, რას ამბობს მრევლი?
_ ნახეთ, როგორი მდგომარეობაა: სანამ ანტონის რეიტინგი არ ჩამოიშლება, ვერავინ ვერაფერს ამბობს და რატომ? რაიონია, გამგეობაშია, გიმნაზია აქვს. გიმნაზიაში თუ რაიმე საჯარო სამსახურია, თუ ანტონთან ხარ ახლოს, იქაც მუშაობ. ძირითადად მოხუცები არიან დღეს ეკლესიაში მრევლში, დანარჩენი მართლა მოსცილდა ეკლესიას. ბიჭები ვინც არიან, თვითონ ვინც მოძღვარია, იმის ხათრი აქვთ და ვერ ამბობენ, ქალებმა რომ თქვან, სამსახურში შეავიწროებენ. ამ დღეში ვართ.
_ ანუ მეუფე ანტონს მჭიდრო კავშირები აქვს ხელისუფლების შტოებთან?
_ კი, ხომ იცით, რომ აქვს, მე მგონი, ეს ყველამ იცის. საჯაროსთან რომ არ ჰქონდეს, აბა, რისთვის აძლევენ ასი ათასებს.
_ ვანისა და ბაღდათის მერიიდან გამოეყოფა თანხები ეპარქიას?
_ სანამ ვმსახურობდი, გამოეყოფოდა და მერეც გამოეყოფა, ალბათ. მე რომ ტყუილში არ ჩამეთვალოს, გადაამოწმეთ. როცა მთავარი ხუცესი ვიყავი, მე უნდა მცოდნოდა, სად ხარჯავდა ამ თანხას. ვიცოდი, რომ იღებდა, მაგრამ როგორც იხარჯებოდა, ისიც უნდა იცოდეს მღვდელმსახურებმა. ეკლესია ისე არ არის დალაგებული, რომ მღვდელმთავარს მიეცი და საყვარლებს მისცეს. ერთი ეს გოგო კი არ ჰყავს (ზემოხსენებული ამბავი) საყვარელი, იქ მოსკოვიდან ერთი საყვარელი ჰყავს მ. რ., იქ მესამე ჰყავს გამგეობაში, კიდევ ერთი მონაზონი ჰყავს საყვარელი და ეს კატასტროფაა. ოთხი წელია, დახეტიალობდა. მეუფე შიომაც ვერ მიაქცია ყურადღება. მიმიყვანენ ცხვარივით, ჩაგარტყამენ თავში, რომ ხვალ არაფერი თქვა. მეთქი-აღაც მღვდლობა მინდა და არაფერი ამის ფონზე. სანამ გავლენები ექნება მას, მრევლი კი არა, ვერავინ ვერაფერს იტყვის. ამ სისტემაში გვიწევს ცხოვრება.
_ ამ საკითხის შესახებ, იგივე ბაღდათის ეპიზოდზე, სამართალდამცველი უწყებები არაფერში ყოფილან ხომ ჩართული?
_ სამართალდამცველი უწყება არა, თუმცა მინდა, ჩავიდე რაიონში და შევხვდე პოლიციის უფროსს. გარდა ყველაფრისა, ეს ანტონი არის ჩამოყალიბებული ნარკომანი, სუბუტექსზე ზის. მისი მძღოლი დაჭერილი იყო ნარკოტიკების გადმოტანაზე, ასაღებდა და ეს გასაღებაში არა მგონია, არ შემიმჩნევია, მაგრამ წირვაზე რომ კაიფში მოდიოდა, ვიცი... რა უნდა ველაპარაკო მღვდელმთავარს, რომელიც წირვის წინ, წყლის დალევა რომ არ შეიძლება 12 საათის განმავლობაში, ეს ტაბლეტს ყლაპავდა და შეწუხებული მოჰყავდათ წირვაზე. ეს ზუსტად ვიცოდი, მეუფე შიოსაც ვუთხარი, რომ ნარკომანია. დატესტეთ და გაიგებთ, რომ არ ვიტყუები, _ თუ დატესტავს და მას ნარკოტიკი არ ამოუვა, სულ გავდივარ ეკლესიიდან-მეთქი. ახლა ოთხი წელი გავიდა და შეიძლება დაანება, არ ვიცი. ისეთი ხრიკები აქვს, როდესაც მიდის ექიმთან სხვადასხვა კონსულტაციაზე, სამი და ოთხი თვე არ ეკარება, რომ ანალიზებში არ ამოუვიდეს ნარკოტიკული საშუალება. ამ ნარკოტიკის შესახებ ყველამ იცის ვანის რაიონში, მღვდლებმაც იციან.
_ საპატრიარქოს რატომ ეშინია ანტონის?
_ ჩემი ცოლ-შვილი არის მოწმე იმის, რომ დათვრება ეს ადამიანი, მერე არაადეკვატურია. ერთხელ შეზარხოშებული მოვიდა, ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა და მოდიოდა ხოლმე ოჯახში. თავისი საყვარელი მომიყვანა, მ. რ.-ს რომ ვახსენებ. ღამის 12 საათზე მოვიდა. ქუთაისელია ეს ქალბატონი, მისი კლასელი იყო, იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი, რომ არ ვიცი. ბოდიშს გიხდით და შენდობას ვითხოვ, ამას რომ ვყვები, მაგრამ ლიფი არ ეცვა ამ ქალს და ჩვენთან ეძებდა ლიფს, სადღაც ჩამივარდაო. ეტყობოდა, მანქანაში რაც იყო მომხდარი. მერე ისეთები ილაპარაკა საპატრიარქოს ერთ-ერთ წარმომადგენელზე, რომ ასეთი ამბების ცოდნის გამო ვერ სჯიან მას. მე რომ ტყუილს არ ვამბობ, ამის დამტკიცება მინდა, იმ კონკრეტულ ადამიანთან, ვისზეც საუბრობდა, ჰქონდა თუ არა სექსუალური ურთიერთობა, ამის დამტკიცება არ შემიძლია, მაგრამ იყო კონკრეტული ფაქტი, რომელიც მომიყვა და შემდგომ ეს ფაქტი გარკვეულწილად დადასტურდა. ამ ამბების ლაპარაკის შემდგომ სახლიდან გავუშვი. ბავშვმა მითხრა, რომ მეორედ ის აღარ მოსულიყო სახლში. ასეთი ფაქტები მაქვს და შორენა თეთრუაშვილს და მეუფე შიოს შევატყობინე ეს ყველაფერი. გადაბმულები არიან, რაღაცნაირად ამ ყველაფერს ვერ ვალაგებ, არ ვარ ჟურნალისტი, მღვდელი ვარ, ვქადაგებ ქრისტეს და პატიოსნებას და ასე უნდა ვიცხოვრო, 47 წლის ვარ.
_ თავად რას გეუბნებათ?
_ რა იყო ახლა, ჩახუტების საშუალება აღარ მომეციო. მე რომ დავუწერე ყველაფერი, არ უნდა, რომ სხვაგან წავიდე და რაიმე ვთქვა. ქურდებივით არიან, სხვაგან თუ წახვალ, ისეთს მოგიწყობენ, რომ... მეუფე შიო დაელაპარაკა და ის უარზე არის, რომ სხვაგან გადამიყვანოს, მაგრამ შენ იმიტომ ხარ პატრიარქი, რომ ეს უდანაშაულო ადამიანი დაიცვა. ვეუბნები, რომ თუ ვარ დამნაშავე, მითხარ,ი გავჩერდები, მაშინ უნდა მითხრან, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ვერ მეტყვიან, რადგან რჯულის კანონებით მაქვს ყველაფერი დალაგებული. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იმას, რითაც გვაკურთხეს. კანონით დავუდასტურე მათ, რომ უკანონოდ გამიშვეს. ბოლოს ის მოინდომეს, რომ ჩადი და ბოდიშები იხადეო. ამით ის განთავისუფლდებოდა 27-წლიანი ცოდვისგან, რომელიც იმალება ამ წლების მანძილზე. ამას თუ ვიზამდი, მერე უკვე დაალაგებდა ყველაფერს.
_ გასული წლის ეპიზოდი გეცოდინებათ, ალბათ, როდესაც ბაღდათში მყოფ სასულიერო პირთან, მამა მაკართან ჰქონდა დაპირისპირება, რა იყო აქ მიზეზი?
_ მანდ პოლიტიკური მიზეზი იყო. მამა მაკარი არის „ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ფრთა, ეს არის „ოცნების“ ფრთა. მამა მაკარს თავისი გასაჭირი აქვს და ამაზე ცალკე დავწერ, არეული რომ აქვს რჯული, კანონი და მონასტერში მის ცოლთან ერთად რომ ცხოვრობს. რჯულის კანონი და ეკლესია შეზავებული აქვთ თავიანთ პირად ცხოვრებაში. ის, რაც მკითხეთ, იყო პარტიული დაპირისპირება. ანტონი მტყუანია. უკანონობა არ შეიძლება ეკლესიაში. დღეს არ ხარ მღვდელი, ხვალ აღიდგინე სტატუსი და ისევ მღვდელი ხარ, ესეც კანონიკური დარღვევაა.
_ ბიზნესებზე რა ხდება? რა ტიპის ბიზნესების მფლობელია მეუფე ანტონი? ვანსა და ბაღდათში აქვს მხოლოდ ბიზნესები, თუ კიდევ უფრო ფართო სპექტრია?
_ იმ საყვარელთან (მ. რ.) ერთად აკეთებს ძირითადად ბიზნესებს. ფული ყოველთვის შემოსდის, მაგრამ რომ უთხრა, სად გაქვს ფულიო, შეიძლება არც ჰქონდეს. საბაგირო რომ არის ქართლის დედასთან, იქ ჯიხურებია განთავსებული და ეს ჯიხურები იყო ანტონის. მისი ციხის მეგობარი იყო ამ ბიზნესში, მერე კახა კალაძემ დაუპირა აყრა ჯიხურებს და მეუფემ დაულაგა კალაძესთან. ასეთი საქმეების შემდეგ მას თავისი წილები აქვს. დაალაგა ეს თემა, წამოიყვანა მ. რ. და დაუსვა უფროსად ამ თავის მეგობარს. ისე დაიძაბა საქმე, რომ ამ კაცს ქურდების ჩარევა მოუხდა საქმეში. თუ სწორად მახსოვს, რუსლანი ჰქვია. ამის მერე ამ რუსლანმა ჩარია ქუთაისელი ქურდები და მერე სადღაც შეხვედრა გაუკეთეს ამათ. მეუფე ანტონმა ჩაწერა ყველაფერი, მ. რ.-ს მეშვეობით უჩივლა და ციხეში ჩასვა ეს ადამიანები. სადაც უნდა, ქურდია და სადაც უნდა, ჩამშვებია.
_ თქვენ საეკლესიო ცხოვრებას ანტონისგან გამომდინარე ვეღარ ეწევით ხომ?
_ კი, მე შეჩერებული მაქვს მსახურება, თუმცა მეუფე შიომ მთხოვა, ჩემთან იარეო და დავდივარ მეუფე შიოსთან, ვდგავარ და ვეზიარები. სხვა მსახურების ჩატარების უფლება არ მაქვს.
დეკანოზის მონათხრობის შემდგომ „ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რამდენ ლარს იღებს ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან (ვანისა და ბაღდათის მერიები) ანტონ ბულუხიას ეპარქია, რისთვისაც საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ როგორც ვანის, ისე ბაღდათის მერიიდან.
ვანის მერიამ პასუხი დათქმულ ვადებში მოგვაწოდა, ხოლო ბაღდათის მერიის პასუხი ამ დომდე (სტატია მომზადებულია კვირას, 27 ივლისს) არ მოუწოდებია, მიუხედავად იმისა, რომ მერიის პრეს-სამსახურთან (ხათუნა კირკიტაძე) გვქონდა კომუნიკაცია ამის თაობაზე.
რაც შეეხება ვანის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ირკვევა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში 120 000 ლარი ირიცხება და აღნიშნული თანხა მხარდაჭერის მიზნით გამოიყოფა.