ხუთშაბათი, 14 აგვისტო, 2025
2025-08-13 09:14:53
ექსკლუზიური ინტერვიუ ტიმ შრამთან
მიხეილ ხაჩიძე
უკრაინის ომი, ჯერჯერობით, დაუსრულებელ ფაზაშია _ რუსეთი პერიოდულად ბომბავს უკრაინის ქალაქების საცხოვრებელ კორპუსებს, ხალხი იღუპება; უკრაინა საპასუხოდ დრონებით უტევს რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს. აშშ-ის პრეზიდენტი არაერთგვაროვან განცხადებებს აკეთებს. რა იქნება ხვალ, ამ ეტაპზე, ბუნდოვანია. ერთი შეხედვით, რუსეთი ჩიხშია, მაგრამ შეჩერებას არ აპირებს. უკრაინელების მედგარ ბუნებაზე კი გერმანელი პოლიტიკოსის ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.
უკრაინის ფრონტის ანალიზი – აგვისტო, 2025
2025 წლის აგვისტოში უკრაინის ომში მთავარი სამხედრო დრამა კვლავ დონეცკის რეგიონში ვითარდება. ყველაზე ცხელი წერტილებია ჩასოვი იარი, სივერსკი, კლიშჩეივკა და კუპიანსკის მიმართულება, სადაც რუსეთის ძალები აგრძელებენ შეტევას, მიუხედავად მაღალი დანაკარგებისა და შეზღუდული ოპერატიული წარმატებებისა.
ჩასოვი იარი – სიმბოლური და სტრატეგიული მნიშვნელობა
ჩასოვი იარი უკვე წლებია, უკრაინული თავდაცვის ერთ-ერთ მთავარ ბურჯად მიიჩნევა. ქალაქი დომინანტურ სიმაღლეზეა განთავსებული და მისი დაცვა უზრუნველყოფს სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებების უსაფრთხოებას. რუსული არტილერია და ავიაცია ყოველდღიურად ბომბავს ქალაქს, მაგრამ უკრაინული ძალები, რომლებიც აქ ძირითადად გამოცდილ ბრიგადებს განეკუთვნებიან, იკავებენ პოზიციებს და ახორციელებენ კონტრშეტევებს.
სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჩასოვი იარის დაკარგვა უკრაინისთვის მხოლოდ ტერიტორიული დანაკარგი არ იქნება – ეს მძიმე ფსიქოლოგურ დარტყმას მიაყენებს როგორც ჯარს, ისე საზოგადოებას. ამიტომაც უკრაინული სარდლობა აქ აგრძელებს როტაციას და სარეზერვო ძალების გაგზავნას.
სივერსკი და კლიშჩეივკა – დაძაბული ბრძოლები მოკლე ფრონტზე
სივერსკი, რომელიც მდინარე სივერსკი დონეცის (ჩრდილოეთის დონეცი, _ რედ.) გასწვრივ მდებარეობს, კვლავაც მნიშვნელოვანი ბარიერია რუსული წინსვლისთვის. ქალაქის დაკარგვა მტერს საშუალებას მისცემს, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ერთდროულად მიადგეს ბახმუტის დასავლეთის მიმართულებას, რაც უკრაინის თავდაცვით ხაზებს მნიშვნელოვნად გაართულებს.
კლიშჩეივკა, ბახმუტთან ახლოს მდებარე პატარა სოფელი, მიუხედავად თავისი ზომისა, 2023 წლიდან მუდმივად ბრძოლის ეპიცენტრშია. მისი გორაკები და მიმდებარე ტყის ზოლები საუკეთესო პოზიციას ქმნის საარტილერიო კონტროლისთვის. სწორედ ამიტომ სოფელი დღემდე ხელიდან ხელში გადადის – რუსეთი აქ კონცენტრირებულ დარტყმებს ახორციელებს, უკრაინა კი კონტრთავდაცვითი ოპერაციებით აფერხებს მოწინააღმდეგეს.
კუპიანსკის მიმართულება – ჩრდილო-აღმოსავლეთის ტვირთი
კუპიანსკი და მისი მიმდებარე რაიონი უკრაინისთვის საკვანძო ლოჯისტიკური კვანძია, რომელიც უზრუნველყოფს მომარაგების მარშრუტებს ხარკივის მიმართულებით. ბოლო კვირებში რუსეთმა გააძლიერა შეტევები ამ ფრონტზე იმ იმედით, რომ შეძლებს უკრაინის ძალების გადატვირთვას და სხვა მიმართულებებზე ზეწოლის შემცირებას. თუმცა ეს შეტევები მძიმე დანაკარგებთანაა დაკავშირებული – ყოველდღიურად ასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება ან იღებს სერიოზულად იჭრება.
საომარი ექსპერტების შეფასებით, ეს არის კლასიკური „ცოცხალი ძალის ზეწოლის“ ტაქტიკა, რომელიც ცდილობს რაოდენობრივი უპირატესობით ჩაანაცვლოს ხარისხი და ტექნიკური უპირატესობა. სწორედ ამ ტაქტიკას უწოდებენ ანალიტიკოსები „უსარგებლო ხორცსაკეპს“, სადაც სტრატეგიული მიზნები ხშირად ბუნდოვანია.
დანაკარგები და რუსული სტრატეგიის კრიზისი
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთი აგვისტოს პირველ კვირებში დღეში საშუალოდ 800-1000 სამხედრო ძალას კარგავს სხვადასხვა მიმართულებაზე. მიუხედავად ამისა, კრემლი აგრძელებს მობილიზაციის ნაკადს და ცდილობს ფრონტის გაჭიმვას, რათა უკრაინას მუდმივად უწევდეს ძალების გადანაწილება.
რუსული სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როგორც დასავლელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, არის ოპერატიული თანმიმდევრობის არარსებობა – შეტევები იწყება ერთ სექტორზე, შემდეგ კი სწრაფად იცვლება ფოკუსი, რაც ხშირად ამცირებს მიღწეულ ტაქტიკურ წარმატებებს.
უკრაინული რეაგირება და დასავლური მხარდაჭერა
უკრაინის შეიარაღებული ძალები პასუხად აგრძელებენ პრიორიტეტულ პოზიციებზე თავდაცვითი ხაზების გამაგრებას, დრონისა და მაღალი სიზუსტის არტილერიის აქტიურ გამოყენებას, ასევე ლოჯისტიკური მარშრუტების დაცვას. აგვისტოში აშშ-ისა და ევროპული მოკავშირეების მიერ მიცემულმა დამატებითმა სამხედრო დახმარებამ – მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა და საარტილერიო დანადგარებმა – გარკვეულწილად შეამცირა რუსული ავიაციის უპირატესობა ფრონტის ცალკეულ უბნებზე.
პერსპექტივა – ზამთრის მოახლოება და სტრატეგიული დილემა
აგვისტოს ბოლოს სამხედრო ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდი იქნება გადამწყვეტი. თუ უკრაინა შეძლებს ჩასოვი იარისა და კუპიანსკის მიმართულებების შენარჩუნებას, რუსული ძალების წინსვლა მნიშვნელოვნად შეიზღუდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზამთარში შეიძლება შეიქმნას ოპერატიული პირობები, რომლებიც მტერს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ზეწოლა დონბასის მთლიან ხაზზე.
გერმანელი მემარჯვენე, რომელიც პუტინის წინააღმდეგ იბრძვის
2022 წლის თებერვლის ბოლოს, როდესაც დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ევროპამ სწრაფად გაიღვიძა. ზოგიერთმა სოლიდარობის პოსტები დაწერა სოციალურ ქსელებში, ზოგიერთმა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა, ზოგიერთმა კი უბრალოდ გვერდით გაიარა. მაგრამ გერმანელი პოლიტიკოსი, ტიმ შრამი, პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე, რომელსაც სამშობლოში ხშირად აკრიტიკებენ მემარჯვენე შეხედულებების გამო, მიუნხენის დისკუსიებიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა.
„რაც გერმანიაში მხოლოდ სიტყვებია, უკრაინელებისთვის ყოველდღიური მოქმედებაა“, _ ამბობს იგი „ქრონიკა+“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
შრამი ერთ-ერთია იმ დასავლელ უცხოელთაგან, რომლებმაც ომის ხასიათი მხოლოდ საინფორმაციო სივრცეში კი არა, პრაქტიკულად, საკუთარი გამოცდილებით გაიგეს. იგი იბრძოდა ზაპოროჟიეს ფრონტზე, ჰულაიპოლეს რაიონში, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის რიგებში, როგორც მოტომსროლელი და სადაზვერვო დრონების ოპერატორი. თუმცა მისთვის ეს მხოლოდ ბრძოლა ტანკებთან და დრონებთან არ ყოფილა _ ეს იყო ბრძოლა ფასეულობებისთვის, რომელთაც გერმანიაში პოლიტიკური პარტიები მხოლოდ ახსენებენ და სიტყვად რჩება, უკრაინაში კი ადამიანები მათ სიცოცხლის ფასად იცავენ.
ტიმ შრამის იდენტობა შაბლონური კატეგორიებით ძნელად აღიწერება. იგი ღიად ამბობს, რომ მემარჯვენე პოლიტიკური ხედვები აქვს _ უჭერს მხარს ტრადიციულ ოჯახს, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე. თუმცა, ამავე დროს, სწორედ ამ ღირებულებებს მიჰყავს ფრონტზე, რადგან, მისი თქმით, „სადაც სხვები ხედავენ მხოლოდ გეოპოლიტიკას, უკრაინელები ცხოვრობენ ყოველდღიური პატრიოტიზმით“.
შრამის პარტია AფD-ს (ალტერნატივა გერმანიისთვის) გერმანიაში ხშირად ადანაშაულებენ რუსეთისადმი სიმპათიაში. თუმცა როგორც თავად განმარტავს, მისთვის პროგერმანელობა და პრორუსობა შეუთავსებელია. იგი ღიად აკრიტიკებს რუსულ სახელმწიფო პროპაგანდას, ხაზგასმით აღნიშნავს მოსკოვის ბირთვული მუქარის სერიოზულობას და ამბობს, რომ რუსეთის ჰიბრიდული ომი, მათ შორის, მიგრაციის წახალისებით, პირდაპირ საფრთხეს უქმნის დასავლურ დემოკრატიებს.
ბევრისთვის უკრაინის ომი გეოგრაფიულად შორსაა, მაგრამ შრამი ამ რწმენას მწვავედ უპირისპირდება. მისი აზრით, „ეს ომი გერმანიის ომიცაა“ _ არა ტერიტორიული, არამედ ღირებულებითი თვალსაზრისით.
თუ უკრაინა დამარცხდება, პუტინის რუსეთი და არა მხოლოდ ის, მიიღებს საშიშ სიგნალს: რომ შეიარაღებული აგრესია კვლავ მუშაობს. ეს კი არა მხოლოდ ევროპის, არამედ მთელი საერთაშორისო სისტემის ლეგიტიმურობას დაანგრევს. შრამი აცხადებს, რომ ამ ვითარებაში ნეიტრალიტეტი სინამდვილეში კოლაბორაციონიზმია _ თანხმობა ძალადობაზე, რომელიც ეტაპობრივად შენს კარზე მოდის.
ტიმ შრამი ახსენებს, რომ ფრონტზე ყოფნისას განიცადა ის შინაგანი სიმშვიდე და ღირსება, რასაც ვერასდროს გრძნობს დასავლურ სოციალურ რეალობაში. გერმანიაში, მისი თქმით, ხალხი იძირება „ტოქსიკურ დისკუსიებში“, „ულუფობრივ მორალიზმსა“ და „კომფორტული უმოქმედობის კულტურაში“, მაშინ როცა უკრაინელები _ უბრალო მოქალაქეები თუ ჯარისკაცები _ ყოველდღიურად ცხოვრობენ არა მარტო გადარჩენისთვის, არამედ მაღალი იდეალებისთვისაც.
„ჯარისკაცები საოცრად თბილები არიან,“ _ ამბობს შრამი, _ რაც თვალში მომხვდა, იყო მათი სიმშვიდე. იმ დროს, როცა გერმანელი ყველაფერზე ნერვიულობს, უკრაინელები უბრალოდ ამბობენ _ ყველაფერი კარგად იქნება, არაა პრობლემა“.
შრამი ფრონტიდან დაბრუნდა, თუმცა მისთვის ომი არ დასრულებულა. იგი აგრძელებს დახმარებას უკრაინისთვის: ჩაიყვანა დატვირთული ავტობუსი გენერატორებით, ეკიპირებითა და ტაქტიკური საჭიროებებით. იგი კვლავ გეგმავს დაბრუნებას ფრონტზე, როგორც კი სამსახური და დრო ამის შესაძლებლობას მისცემს.
„როდესაც გერმანიაში მეკითხებიან, _ რატომ წახვედი? ვპასუხობ: იმიტომ, რომ არ შემეძლო სხვანაირად. ვსაუბრობთ ღირებულებებზე, მაგრამ როცა დრო დგება, ვდუმვართ. მე არ მინდოდა დუმილი“.
ტიმ შრამის გზავნილი მკაფიოა: ევროპამ უნდა გადახედოს საკუთარ თავს. უნდა გააცნობიეროს, რომ თავისუფლება დაცვას მოითხოვს და რომ ამ ბრძოლაში უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს. შრამის თვალით დანახული რეალობა — პოლიტიკური აღიარების მიღმა დარჩენილი სიმართლეა. ესაა ომი, რომელიც არ არის მხოლოდ ტერიტორიისთვის. ეს არის ომი იმისთვის, რომ სიტყვებმა კვლავ ძალა შეიძინოს და ევროპამ დაიბრუნოს საკუთარი პასუხისმგებლობა.
„ქრონიკა+“-ის ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანელ პოლიტიკოს ტიმ შრამთან, რომელიც უკრაინისთვის იბრძოდა:
- ბატონო შრამ, თქვენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ იბრძოდით. რა იყო მთავარი მიზეზი, რამაც ამ ომში ჩართვა გადაგაწყვეტინათ?
- უნდა ვთქვა, რომ ეს ერთ მიზეზზე არ ყოფილა დამოკიდებული – პირიქით, ბევრი ფაქტორი დამიგროვდა ერთად. პირველი იყო ის, რომ უკრაინა ძალიან ახლობელი და საყვარელი გახდა ჩემთვის. ხშირად დავდიოდი იქ, მყავს მეგობრები და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული ხასიათი ძალიან შევიყვარე.
გერმანიის მემარჯვენე პოლიტიკურ ფლანგს ვეკუთვნი და უკრაინელები რეალურად ცხოვრობენ იმ ფასეულობებით, რომელზედაც გერმანიის მემარჯვენეები მხოლოდ საუბრობენ - ესენია: თავისუფლება, სამშობლოს სიყვარული, ოჯახი, ერის ერთიანობა. და ისინი ამას ყოველდღე საკუთარ სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ. იმ დროს, როცა ევროპის ბევრ კუთხეში ეს ღირებულებები უკვე დავიწყებას მიეცა, უკრაინაში ისინი ყოველდღიური პრაქტიკაა - ეს არის პატივისცემის, გაოცებისა და მხარდაჭერის ღირსი.
ამ ყველაფერთან ერთად, უბრალოდ, ძალიან მომწონდა ეს ქვეყანა - მისი ბუნება, ქალაქები, კულტურა. ამიტომ ვთქვი, რომ მინდა, ამ ქვეყანასა და ხალხს დავეხმარო ბრძოლაში რუსეთის, ფაქტობრივად, გენოციდური პოლიტიკის წინააღმდეგ.
მეორე ფაქტორი იყო ინფორმაციული გათვითცნობიერება. ადრე პრორუსული შეხედულებები მქონდა - რუსულ პროპაგანდას აყოლილი ვიყავი. მაგრამ ღია ვიყავი ფაქტებისთვის, ვიკვლევდი და მივხვდი, რომ უკრაინელები არა მხოლოდ საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვიან, არამედ ევროპის უსაფრთხოებისთვისაც, მათ შორის - გერმანიის კეთილდღეობისთვის. ამიტომ გადავწყვიტე: საკმარისია ლაპარაკი - ქმედების დროა! და ქმედება სწორ მხარეს! სწორი და ნათელი მხარე კი დღეს უკრაინაა. უკრაინა იბრძვის ყველა იმ ღირებულებისთვის, რომელსაც ჩემი პარტია ქადაგებს. ეს არის ჭეშმარტება.
- თქვენ გერმანიიდან ხართ და იმ პარტიას განეკუთვნებით, რომელსაც ხშირად პრორუსულობაში ადანაშაულებენ. როგორ აიხსნება თქვენი ანტირუსული პოზიცია?
- უპირველეს ყოვლისა, ჩემი პარტია პროგრამულად არ არის პრორუსული. ჩვენი პარტია პროგერმანულია – ჩვენ გვინდა, რომ გერმანიის ინტერესებს ვემსახუროთ და არ ვაფინანსებდეთ ნახევარ მსოფლიოს მაშინ, როცა საკუთარ ქვეყანაში გზები ინგრევა.
რუსეთი კი, რეალურად, არ არის გერმანიის მეგობარი – რუსულ სახელმწიფო ტელევიზიაში ყოველ კვირას გვაჩვენებენ, როგორ მარტივად შეიძლება ბერლინზე ბირთვული იერიში. ამას ემატება პირდაპირი და ჰიბრიდული თავდასხმები - მაგალითად, სავარაუდოდ, რუსულმა დივერსანტებმა გერმანული სამხედრო მანქანები დაწვეს. რუსეთის მიზანი ევროკავშირის შიგნით არეულობის შექმნაა, მათ შორის, მიგრაციის მეშვეობით - და ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი პარტიის მიდგომას.
ასე რომ, ჩემი აზრით, პრორუსულობა და პატრიოტიზმი ურთიერთგამომრიცხავია. თუმცა პარტიაში არიან ცალკეული პირები, რომლებიც ცდილობენ პარტიის მიტაცებას პრორუსული დღის წესრიგით. და ეს მათ იციან კიდეც, ამიტომ ეშინიათ, რომ შიგნით აზრი შეიცვლება - ამიტომაც ცდილობენ ჩემს გარიცხვას ახლა პარტიიდან.
- თქვენ გადაწყვეტილებას, წასულიყავით ომში, როგორ შეხვდა თქვენი გარემოცვა?
- ბევრმა ვერ გაიგო. თავიდან მეკითხებოდნენ: „ნორმალური ხარ?“ ან „რისთვის იკლავ თავს, როცა ეს შენი ომი არ არის?“ ზოგადად, უკვე შეეგუენ იმას, რომ ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვერ ვიჯდებოდი გულხელდაკრეფილი და ვერ ვუყურებდი, როგორ ცდილობს რუსეთი ევროპული ერის განადგურებას.
ძალიან ხშირად ვისმენდი (მათ შორის, ჩემსავე პარტიაში), რომ თუ უკრაინის დახმარება გინდა, წადი და იბრძოლე. მეც ვთქვი: კარგი, მივდივარ.
- ოჯახის რეაქცია როგორი იყო?
- სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ მითქვამს მათთვის. არ მინდოდა, ენერვიულათ. ვთქვი, ჯობს, აღარაფერი ვთქვა – და მხოლოდ შემდეგ, უვნებლად როცა დავბრუნდი, გავუმხილე მათ ყოველივე ეს.
- თქვენ ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან თქვით, რომ ეს ომი გერმანიის ომიცაა – ჩვენც განგვიმარტეთ...
- დიახ. თუ უკრაინა ამ ომს წააგებს, ეს დაუშვებელი მაგალითი იქნება: რომ აგრესიული ომი ისევ შეიძლება და წარმატებასაც მიაღწევს. ეს სხვა ქვეყნებსაც წაახალისებს, მაგალითად, ჩინეთს ტაივანის ანექსიისთვის.
გარდა ამისა, გერმანია, როგორც ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა, უსაფრთხო გლობალურ ვაჭრობაზეა დამოკიდებული. ომის ესკალაცია კატასტროფა იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. დაბოლოს, არსებობს მორალური ვალდებულებაც - ევროპული ერი, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, არ უნდა მივატოვოთ.
არ გამოვრიცხავ, რომ თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი ბალტიისპირეთი იქნება – და მაშინ უკვე გერმანელი ჯარისკაცების აუცილებლობა იქნება. ასე რომ, უკრაინის მხარდაჭერა იაფია და წინდახედული.
- როგორია თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა პარტიაში?
- მომხსნეს ადგილობრივი თავმჯდომარის მოადგილის პოზიციიდან და ამჟამად ჩემ წინააღმდეგ პარტიიდან გარიცხვის პროცესი მიმდინარეობს. ეს არის ჩემ წინააღმდეგ პირადი ომი კონკრეტული პირებისა, რომელთა აზრით, რუსეთის ინტერესები პარტიის ინტერესებზე წინ დგას.
- როგორი იყო თქვენი გამოცდილება ბრძოლის ველზე როგორც სამხედრო, ისე ადამიანური თვალსაზრისით?
- ძალიან ძლიერად დამამახსოვრდა. ზოგჯერ მძიმე იყო - ჭურვების ქვეშ ყოფნა სასიამოვნო ნამდვილად არ არის - მაგრამ ბევრი დადებითი გამოცდილებაც მქონდა. განსაკუთრებით გამორჩეული იყო მეგობრობა, სიმარტივე და ადამიანური სითბო. ეს ყოველივე უკრიანელ ჯარისკაცებთან ყოველწუთიერად იგრძობა: სასწაული ენერგია, პატრიოტიზმი, სიკეთე და სიმამაცე მოდის.
- სად იყავით განლაგებული, ფრონტის რა ხაზზე გიწევდათ მოქმედება?
- ძირითადად სამხრეთ ფრონტზე _ ზაპოროჟიეს ოლქში, ჰულაიპოლეს რეგიონში. ვიყავი მოტომსროლელი და სადაზვერვო დრონების ოპერატორი. ტერიტორიული თავდაცვის ნაწილში ვიყავი, რადგან მინდოდა, უკრაინელებთან ერთად მებრძოლა და არა, დავუშვათ, უცხოურ ლეგიონში.
- რა ისწავლეთ უკრაინელ ხალხსა და ჯარისკაცებზე?
- უკრაინელები ძალიან მედგარი ხალხია _ განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე მცხოვრები სამოქალაქო პირები, რომლებიც მაღაზიებს არ ხურავენ და ადგილს არ ტოვებენ; სამხედროები კი საოცრად მეგობრულები არიან, მათ მოღუშულებს ვერასდროს ნახავთ, ყოველთვის ამბობენ: „ყველაფერი კარგად იქნება“. გერმანელებისგან განსხვავებით არ იძაბებიან, ბევრად უფრო მოდუნებულები და პოზიტიურები არიან.
- რას ფიქრობთ რუსეთის არმიაზე?
- სრულიად საპირისპიროს, ვიდრე ადრე. მეგონა, რუსეთის არმია ძლიერი და მოწინავე ძალა იყო, მაგრამ რეალურად ეს არის არმია ჩამორჩენილი ქვეყნისა, რომელიც მესამე სამყაროს დახმარებით ცდილობს ევროპის ყველაზე ძლიერ არმიასთან ბრძოლას, თან სრული კრახით.
- რას ეტყოდით გერმანელებს, (განსაკუთრებით თქვენი პარტიის ამომრჩევლებს, პუტინსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე?
- ვისაც რუსეთი უყვარს, დაე, წავიდეს იქ და ნახოს რეალობა. ბევრი რუსეთში არც კი ყოფილა. თუ გერმანია არ მოგწონთ და რუსეთი გიყვართ - წადით იქ. მაგრამ არ მიდიან, რადგან ეშინიათ რეალობის.
საუბარი იმის შესახებ, რომ „მაიდანი იყო გადატრიალება“, „CIA“ და მსგავსი თეორიები სრული გაუგებრობაა. ისინი არ ემყარება რეალობას. უკრაინაში ყოველდღე კლავენ ევროპელებს. ევროპული ერი იბრძვის გადარჩენისთვის. ამის ფონზე კი აქ დემაგოგობენ, რომ „ფრთხილად, პუტინი არ გავაბრაზოთ“. ეს სირცხვილია!
მემარჯვენე იქნება ადამიანი თუ მემარცხენე, არგუმენტებზე დაყრდნობით უნდა იმსჯელოს და არა პროპაგანდის გავლენით. ვისაც რუსეთი უყვარს - დაე, ნახოს რუსეთი! ვისაც სძულს უკრაინა - გაეცნოს ამ ქვეყანას რეალურად.
- გეგმავთ თუ არა უკრაინაში დაბრუნებას?
- რა თქმა უნდა. ამჟამად აქტიური ბრძოლის ხაზზე ვერ ვბრუნდები – ჩემი პროფესია ამის საშუალებას არ მაძლევს, მაგრამ ვაგრძელებ დახმარებას. მაგალითად, ახლახან ვიყიდე და პირადად მივიყვანე ავტობუსი ფრონტზე, რომელიც დატვირთული იყო ინსტრუმენტებით, გენერატორებით, ეკოენერგიით. რაც შემიძლია ვაგზავნი მზის პანელებს, კონდიციონერებს, ლამპებს და მუდმივ კავშირზე ვარ ჩემს ნაწილთან.
- რას ფიქრობთ კანცლერ მერცზე?
- გულწრფელად რომ ვთქვა, იმედგაცრუებული ვარ. არჩევნებამდე თაურუს-ის რაკეტების შესახებ ლაპარაკობდა, ახლა აღარაფერი ისმის. მიგრაციის პრობლემაც მოუგვარებელია - პალესტინელების აღიარების გეგმებზე ვკითხულობდი. არაფერი იცვლება, მაგრამ მე ჩDU (ქრისტიან-დემოკრატები, - რედ.) არ ამირჩევია და მათგან მეტს არც ველოდი.
სამართლიანობისთვის კი უნდა ვთქვა: როგორც სახელმწიფო მოღვაწე, მერცი, კარგად მუშაობას, მის კრიტიკას ახლა აქ არ დავიწყებ.