QronikaPlus
რა ხმებს უვრცელებს ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილს?

რა ხმებს უვრცელებს ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილს?

2015-09-09 11:52:32

აშენდება თუ არა ანაკლიაში პორტი, ამ კვირაში გახდება ცნობილი. ანაკლიის პორტის, ლაზიკისა და განმუხურის გამო სააკაშვილს ლამის შეურაცხადად მიიჩნევდნენ, ახლა კი, როგორც ირკვევა, ამ პროექტებით ყოფილი პრემიერიც დაინტერესდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა გასულ კვირას განმუხური და ანაკლია პირადად მოინახულა. მართალია, პარლამენტარ ომარ ნიშნიანიძის იდეას, ქუთაისში პორტის აშენების თაობაზე, ჯერჯერობით, განხორციელება არ უწერია, მაგრამ განხეთქილების ვაშლად ისევ რჩება ფოთის პორტი. დავა ფოთის პორტის ნავმისადგომების („პრიჩალები“) გამო სასამართლოში, ქუჩაში, პროკურატურაში, არბიტრაჟსა და ვინ იცის, კიდევ სად არ მიმდინარეობს. ბრძოლა წესების გარეშეა, გამოიყენება აკრძალული და დაუშვებელი მეთოდებიც. თბილისში უკვე ღიად საუბრობენ, რომ სწორედ ერთ-ერთი მისადგომის გამო ხელისუფლება ამაზრზენ სვლაზე წავიდა და პირადი ცხოვრების შანტაჟიც კი გამოიყენა („ქრონიკა+“ ამ გაუხმაურებელი საქმის დეტალებზე უკვე მუშაობს და მასალას უახლოეს ნომრებში შემოგთავაზებთ), თუმცა მიზანს მაინც ვერ მიაღწია. სამართლიანობის აღდგენის მოტივით კი მთავარი პროკურატურის საგანგებო დეპარტამენტმა თამაზ ნიჟარაძის საქმე განცხადების შეტანიდან სამ დღეში გამოიძია და სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი დამფინანსებელი, თამაზ ნიჟარაძე, რომელიც ქვეყანაში შევარდნაძის მძახლებთან ერთად ნავთობის ბიზნესის ფაქტობრივი მონოპოლისტი იყო, რეჟიმის მსხვერპლად გამოაცხადა, ხოლო `მეტალექსის~ მფლობელი იოსებ დოლიძე კი _ დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორად. რა ხდება ფოთის პორტში, ვინ დგას ამ პროცესების უკან და უკავშირდება თუ არა ბიზნესწილების გადანაწილება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს? „ქრონიკა+“ შეეცდება, ქრონოლოგიურად მიყვეს მოვლენებს.   გავრცელებული ინფორმაციით, ნიჟარაძისთვის „სამართლიანობის“ აღდგენის პროცესი ქართველი ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის სახელს უკავშირდება. ვანო ჩხარტიშვილი საქართველოდან სააკაშვილის ხელისუფლების დროს წავიდა და ლონდონში დასახლდა. იგი აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იყო. მართალია, პატარკაციშვილის საარჩევნო კამპანიის დროს მის გვერდით არც ერთხელ გამოჩენილა, სამაგიეროდ, ოლიგარქის დაკრძალვაში ქელეხის სუფრას ჭირისუფლობდა. მოგვიანებით, მასსა და ინა გუდავაძეს შორის, პატარკაციშვილის აქტივების გამო, სასამართლო დავა დაიწყო. ინა გუდავაძე ჩხარტიშვილს გარდაცვლილი მეგობრის ქონების მითვისებაში ადანაშაულებდა. მათ შორის იყო ფოთის პორტის ნავმისადგომებიც („პრიჩალები“). დავამ ლონდონის სასამართლოში გადაინაცვლა. მართალია, ჯერ არ ამხელს, მაგრამ ვანო ჩხარტიშვილმა უკვე იცის, რომ გარდაცვლილის ქვრივთან მან ლონდონში სასამართლო პროცესი უკვე წააგო და ინა გუდავაძისთვის სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს. სწორედ ამის გამო ჩხარტიშვილი იძულებულია, საქართველოში გააქტიურდეს და მისი აქტიურობის ობიექტი, ამჯერად, ფოთის პორტია. ჯერ კიდევ პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილს მოელაპარაკა და ბრიტანეთში ჯონ გრიფინად წოდებულმა საქველმოქმედო ფონდი „მედია სახლი“ დააფუძნა, _ საერთაშორისო ფონდს უნდა გაეცა გრანტები, დაეფინანსებინა ჟურნალისტები და მედიასაშუალებები. წერილში, რომელიც ჩხარტიშვილმა ბიძინა ივანიშვილს გამოუგზავნა და რომელიც ექსკლუზიურად „ქრონიკა+“-მა, თავის დროზე, გამოაქვეყნა, ნათქვამია: „ფონდის ამოცანაა ქართველების დარაზმვა, რათა მათ დაგმონ საქართველოში მედიისა და ადამიანის უფლებათა შეზღუდვის ფაქტები, ასევე წინასწარი კვლევებით დადგენილი რეგიონების სატელიტური თეფშებით და სხვა ტექნიკური ინსტრუმენტებით მომარაგება, რათა მომხდარიყო „მედია სახლის“ პროდუქტისა და სხვა მედიასაშუალებათა პროდუქტის მიტანა მოსახლეობამდე“. შეასრულა თუ არა ნაკისრი ვალდებულებები ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაფუძნებულმა „მედია სახლმა“, უცნობია, მაგრამ იმავე პერიოდში გაირკვა, რომ იგი ხელფასს უხდიდა ცნობილ პოეტ დავით მაღრაძეს, დაჩი ცაგურიასა და ირაკლი კორძაიას, რომლებიც კონსულტანტებად ჰყავდა გაფორმებული მის ერთ-ერთ კომპანიაში. ვანო ჩხარტიშვილს ინა გუდავაძესთან დაწყებული ფინანსური დავის მოგვარება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვისაც უთხოვია. პატრიარქის ფონდის თავმჯდომარე, ლაშა ჟვანია, გუდავაძე-ჩხარტიშვილის შეხვედრის ორგანიზებას 2013 წლის იანვარში მოსკოვში ცდილობდა, მაგრამ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ინა გუდავაძემ პროცესი უკვე მოიგო და ვანო ჩხარტიშვილიც იძულებული გახდა, საქართველოში გააქტიურებულიყო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ ვანო ჩხარტიშვილმა დააკავშირა თამაზ ნიჟარაძე („პარაშუტა“) ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან, რომელმაც მას პროკურატურასთან ურთიერთობები დაულაგა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ჩხარტიშვილი აქტიურად ავრცელებს ხმებს იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის ანაკლიაში პორტის მშენებლობის ჩაშლა. ამ ხმების გასავრცელებლად იყენებს მედიასაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდება. მაშინ როცა ტენდერის ბოლო ეტაპზე ორი კომპანიაა დარჩენილი, მათ შორის – ანაკლიის კონსორციუმი, რომლის დამფუძნებელია მამუკა ხაზარაძე პარტნიორებთან ერთად „კონტი ჯგუფი“ და ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კომპანია GRCCI. ვინც არ იცის, მათთვის: „კონტი ჯგუფი“ არის მულტიმილიარდიანი კომპანია ამერიკიდან, რომელსაც განხორციელებული აქვს არაერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტის მშენებლობა ნიუ-იორკში, ასევე ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ერთიანდება ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კომპანია GRCCI,  რომელიც შედის მსოფლიო კომპანიების ასეულში და ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს 84 ქვეყანაში. სწორედ ამ კვირაში პეკინში ხელი მოეწერება საინვესტიციო დოკუმენტს ქართულ და ჩინურ მხარეებს შორის. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ამ მნიშვნელობის პროექტის დისკრედიტაცია და მისი ჩაშლის მცდელობის ბიძინა ივანიშვილისთვის დაბრალება, როგორც ვანო ჩხარტიშვილის, ისე თემურ ქარჩავას მხრიდან მავნებლობაა და სხვა არაფერი.  ამბობენ იმასაც, რომ ჩხარტიშვილის ბოლო ამოცანა ფოთის პორტში ინტერესების გაფართოებაა. სწორედ ამ მიზნით დაეხმარა ის თამაზ ნიჟარაძეს და ამიტომ ცდილობს სოსო დოლიძის ჩაძირვასაც, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბიზნესპარტნიორად იმ მიზნით დასახელდა, რომ კეზერაშვილთან ერთად მოყოლილიყო გაკულაკებაში. ფაქტები და დოკუმენტები კი სრულიად საპირისპიროს მეტყველებს _ დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი სოსო დოლიძე კი არა, არც მეტი _ არც ნაკლები, თავად თამაზ ნიჟარაძე იყო. რას უყვება „ქრონიკა+“-ს კარგად ინფორმირებული წყარო? მართალია, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ კეზერაშვილი თანამდებობაზე ცალ-ცალი „კალოშით“ მივიდა, მაგრამ, რეალურად, იგი შეძლებული ებრაელის შვილი იყო, ვერაზე დაიბადა და გაიზარდა, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ კი, მეგობრებთან ერთად, ბიზნესს მიჰყო ხელი. ცხადია, კეზერაშვილს, სხვებთან შედარებით, იმთავითვე ჰქონდა პრივილეგიები: მეგობრები _ ხელისუფლებაში და საკუთარი კავშირები _ უცხოეთში. სწორედ ამ დროს, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ოფისში, მასთან თამაზ ნიჟარაძე მივიდა და ერთობლივი ბიზნესპროექტი შესთავაზა. არც კეზერაშვილისთვის და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისთვის თამაზ ნიჟარაძე უცხო კაცი არ იყო, იგი აქტიურად ეხმარებოდა სააკაშვილს „ვარდების რევოლუციის“ დროს როგორც ფინანსურად, ისე აჭარაში საკუთარი გავლენებით. მოგვიანებით, 2004-2005 წლებში, ამ დამსახურებისთვის დივიდენდებიც მიიღო, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად თავდაცვის ფონდის ეგიდით ბიზნესს აკეთებდა, მეხუთე ნავმისადგომიდან ჯართი გაჰქონდა და სპეციალურად მისთვის ისეთი პირობებიც კი შეიქმნა, რომ ჯართის ბიზნესში ის მონოპოლისტიც გახდა. მოგვიანებით, მან სააკაშვილის ხელისუფლებას ასევე ფასდაუდებელი სამსახური გაუწია _ ირაკლი ოქრუაშვილის გირაო, 9 მილიონი ლარი გადაიხადა, რითაც კორუმპირებული მინისტრის იმიჯი საბოლოოდ შეუქმნა თავდაცვის მინისტრს. მოკლედ, თამაზ ნიჟარაძე, რომელსაც ფოთში ნავთობტერმინალი ჰქონდა, ხოლო კეზერაშვილი აზერბაიჯანიდან სწორედ ნავთობის ტრანზაქციას იწყებდა, თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სხვათა შორის, იმ პერიოდში ნიჟარაძე სულ წუწუნებდა, რომ ნავთობტერმინალი, რომელსაც ლიბანელი მუჰამედ ჰაბაბი ხელმძღვანელობდა, მას ფულს არ უწერდა. ნიჟარაძემ კეზერაშვილს ბუნკირების ბიზნესი და მის კომპანიაში 50%-იანი წილი შესთავაზა. შპს „ლუკას“ დამფუძნებლები დავით კეზერაშვილი და ნუკრი ნიჟარაძე (თამაზ ნიჟარაძის ძმა) გახდნენ. კომპანიის დირექტორი ვახტანგ გუგუშვილი იყო. (იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი) მკითხველისთვის უფრო გასაგებად, ბუნკირება მომგებიანი ბიზნესია _ გადასახადებს არ იხდი, საბაჟო ვალდებულებებისგან თავისუფალი ხარ, საწვავი ზღვაშივე ნაწილდება და სხვადასხვა მიმართულებით ტრანსპორტირდება. წელიწადნახევრის განმავლობაში შპს „ლუკა“ სწორედ ამ ბიზნესს აწარმოებდა. ამბობენ, ნუკრი ნიჟარაძე მუდმივად აცხადებდა, რომ მოგება არ იყო, სხვა საქმეებით დაკავებული კეზერაშვილი კი კომპანიის კონტროლისთვის ნაკლებად იცლიდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, წელიწადნახევრის შემდეგ დავით კეზერაშვილი ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა დაიბარეს და უთხრეს, რომ მისი ბიზნესპარტნიორი თამაზ ნიჟარაძე უნდა დაიჭირონ, ხოლო კომპანია ფინანსურმა პოლიციამ უნდა შეამოწმოს. როგორც გაირკვა, წელიწადნახევრის განმავლობაში ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და თამაზ ნიჟარაძის ძმის კომპანია კონტრაბანდით იყო დაკავებული, საწვავი ბუნკირების ზონიდან საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოდიოდა და იყიდებოდა. დავით კეზერაშვილი მეგობრებთან ფრიად უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და თავის მართლება მოუწია, რომ მან „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრაბანდის შესახებ არაფერი იცოდა და არც ფული მიუღია. ნიჟარაძის ძმა საქართველოდან გაიქცა, ხოლო ნიჟარაძეს თავისუფლების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონი მოსთხოვეს. სხვათა შორის, „პარაშუტა“, თავის მხრივ, ასევე ამბობდა, რომ არც ისაა საქმის კურსში და ყველაფერს ძმას აბრალებდა, მაგრამ კერძო საუბრებში ამბობდა, _ რას ვიფიქრებდი, კეზერაშვილის კომპანიაში ფინანსური პოლიცია თუ შემოვიდოდა შესამოწმებლადო? სწორედ ამ პერიოდში თამაზ ნიჟარაძემ დავით კეზერაშვილს „ლუკოილის“ შეფის, ზაზა ქათამაძის მეშვეობით შემოუთვალა, რომ მას გირაოს გადასახდელი თანხა არ ჰქონდა და ათი მილიონის სანაცვლოდ ბიზნესის ყიდვა შესთავაზა. სხვათა შორის, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის გამოც ნიჟარაძემ კეზერაშვილს სასამართლო დავა ვერ მოუგო. გარიგება საქართველოში არ  გაფორმებულა, გაფორმდა შვეიცარიაში, იქაური იურისტების მონაწილეობით. თავის დროზე საქართველოს პროკურატურამ შვეიცარიულ მხარეს მიმართა, მოკვლევა ჩატარდა და დანაშაულის ნიშნები არ აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ საქმე თაროზე შემოდეს. ერთადერთი შეცდომა, რომელიც კეზერაშვილმა თამაზ ნიჟარაძესთან მიმართებით დაუშვა, არის ის, რომ „პარაშუტას“ თხოვნა გაითვალისწინა, _ კონტრაქტში ნიჟარაძის თხოვნით და დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით თანხის მოცულობა არ ფიგურირებს. მართალია, პროკურატურა გვიმტკიცებს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თამაზ ნიჟარაძეს წილი ძალით დაათმობინა, მაგრამ საინტერესოა, უკვე უცხო ქვეყანაში და არა „პიქსელის“ შენობაში რატომ მოაწერა მან ხელი წილის გასხვისების კონტრაქტს? თუ ამ მასალის წაკითხვის შემდეგ ნიჟარაძე იტყვის, რომ მისი გირაოს თანხა, 10 მილიონი, კეზერაშვილს არ გადაუხდია და თავად  გადაიხადა, საკმარისია, რიგითმა პროკურორმა მას დაუსვას შეკითხვა, _ საიდან მოიტანა ქეშად ამდენი ფული? „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ეს არის ფოთის ნავმისადგომისა („პრიჩალი“) და „პარაშუტას“ ისტორია. რეალურად, ნიჟარაძე რეჟიმის მსხვერპლი და კეთილსინდისიერი მეწარმე კი არა, „პო ბიზნესუ“ ჩვეულებრივი გადამგდებია, რომელიც ბიზნესპარტნიორის გავლენებით სარგებლობდა და მის ზურგსუკან კონტრაბანდას „აკატავებდა“. საბოლოოდ გაირკვა, რომ კონტრაბანდასთან კეზერაშვილს შეხება არ ჰქონია. სხვა შემთხვევაში, მას ადეიშვილის უწყებასთან სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. (გადაგდებას „ნაცები“ მეგობრებსაც არ პატიობდნენ და ამის ნათელი მაგალითი ირაკლი ოქრუაშვილია.) შვეიცარიის პროკურატურიდან მიღებული მოკვლევის მასალების შემდეგ, 2012 წლიდან, საქმე თაროზე იდო, მაგრამ ვანო ჩხარტიშვილის გამოჩენის შემდეგ, 2015 წელს, პროცესები ამ გზით წარიმართა. სხვათა შორის, სანამ ბიძინა ივანიშვილის კარზე გია ხუხაშვილი გავლენებით სარგებლობდა, ივანიშვილსა და ჩხარტიშვილს შორის შავმა კატამ გაირბინა, ყოფილი პრემიერისა და ჩხარტიშვილის შერიგება ივანიშვილის მეგობარმა ალექსანდრე მაშკევიჩმა მოახერხა, რომელიც, სხვათა შორის, ფარმაცევტულ ბაზარზე შემოდის საქართველოში და რომლის გამოჩენამაც ქართული ფარმაცევტული კომპანიები სერიოზულად გაანაწყენა, განსაკუთრებით კახა ოქრიაშვილი, რომელიც სწორედ ხელშეუხებლობის გარანტიებით გადაბარგდა „ოცნების“ ბანაკში. ოქრიაშვილის პროტესტს მის კუთვნილ  კომპანიებში ფინანსური პოლიციის შესვლა მოყვა. ფინანსური პოლიცია მერვე თვეა, ბიძინა ივანიშვილის ძველი მეგობრის, დავით იაკობაშვილის კომპანიებსაც ამოწმებს. თუ პირველ შემთხვევაში ქართულ პოლიტიკას ხედავენ, იაკობაშვილის შემთხვევაში უკვე დიდ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე (ამ თემას „ქრონიკა+“ სამომავლოდ დაუბრუნდება). გავრცელებული ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილი 2016 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ფინანსურ „ობშიაკს“ ჩაიბარებს და ეს თანხა 150 მილიონ დოლარს შეადგენს. არც ერთი ოლიგარქი არჩევნებზე საკუთარი ფულის დახარჯვას არ აპირებს, თანხა იმ მონოპოლიური სქემებიდან უნდა შეგროვდეს, რომელმაც მუშაობა უკვე დაიწყო: ერთ-ერთი მათგანი ხორბლის შემოტანის მონოპოლიაა. ქართველი მეწარმეები დიდი ხანია წუწუნებენ, რომ ფქვილის შემოტანას საკუთარი სურვილით და ფასებით ვეღარ ახერხებენ, ახალ მონოპოლისტად კი კონსტანტინე ოსიპოვი სახელდება, რომელიც ფოთში მარცვლეულის ტერმინალს ფლობს. ტერმინალი, ჯერ კიდევ, 2011 წელს ამოქმედდა, 2013 წელს კი პრემიერმა ღარიბაშვილმა იგი ხელახლა გახსნა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, აქაც ვანო ჩხარტიშვილის ფაქტორი გამოჩნდა. ის იმდენად გაღიზიანდა ფოთის მარცვლეულის ტერმინალის გახსნაზე პრემიერის გამოჩენით და კულისებში პრემიერის ცოლის მამიდაშვილის, ზვიად ჯანყარაშვილის სახელის ხსენებით, რომ ღარიბაშვილს ივანიშვილთან უჩივლა, ბიძინა ივანიშვილმა კი პრემიერს და მისი ცოლის ნათესავებს კოკი ოსიპოვთან ურთიერთობა სასტიკად აუკრძალა და ამ ფრონტზეც ვანო ჩხარტიშვილი დაწინაურდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილი ოთარ ფარცხალაძესთან ერთად რამდენჯერმე ნახეს ბათუმში, ასევე ფარცხალაძის გვერდით ხშირად ხედავენ სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსანს, რამაზ ნიკოლეიშვილს, რომელიც, თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილს აზერბაიჯანის მხარესთან სიტუაციის „დალაგებას“ ჰპირდებოდა. თუ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფავორიტების: გია ხუხაშვილის, ლაშა ნაცვლიშვილის, არჩილ კბილაშვილის და სხვების ისტორიებს გავითვალისწინებთ, ივანიშვილის კარზე არაფერი მუდმივი არ არის, მათ შორის, არც ვანო ჩხარტიშვილის გავლენები. დანარჩენი კი მომავლის საქმეა. ამ ეტაპზე ყოფილ პრემიერს საკუთარი პრობლემები უფრო აწუხებს, ვიდრე სავარაუდო პარტნიორები.

ელისო კილაძე

გაზიარება