ყოფილი პროკურორი, მაკა შეროზია, ციხის ცხოვრებას იხსენებს!
მუშაობა დაიწყო ზუგდიდის რაიონის პროკურატურაში. 8 წლის განმავლობაში საოლქო პროკურატურაშიც გადაინაცვლა და ბოლოს საგამოძიებო ნაწილის უფროსი, ზედამხედველი პროკურორიც იყო, რომელსაც რეგიონები ჰქონდა ჩაბარებული, ხოლო მისი სახელი და გვარი _ მაკა შეროზია _ უკვე ცნობილი იყო! ცნობადობასთან ერთად კარიერაზე ზრუნვასაც შეუდგა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა. ზედამხედველი პროკურორობიდან მოსამართლეობაზე პრეტენზია თავისთავად მოვიდა. კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა და დადებითი პასუხის შემდეგ პროკურატურაც დატოვა. ეს იყო 2004 წლის დეკემბერი. ფიცის დადებას ელოდებოდა პრეზიდენტთან, როცა ქვეყანაში პოლიტიკური მოვლენები დაიძაბა, _ ჯერ პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, შემდეგ არასტაბილური პროცესები დაიწყო. ბუნებრივია, კონკურსგავლილი და გამოცდებჩაბარებული მოსამართლეების ფიცის დადებაც გადაიდო და ჯერ კიდევ გაურკვეველი ვადით შინ მყოფმა მაკა შეროზიამ გადაწყვეტილება მიიღო _ გახდა ადვოკატი. უკვე ამ პერიოდიდან იწყება მისი პრობლემებიც და ერთადერთი გზა _ თავისუფლებიდან ციხემდე!
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ყოფილი პროკურორი და ყოფილი მსჯავრდადებული _ მაკა შეროზია:
_ მახსოვს, ჩემი დაბადების დღის მეორე დღე _ 28 მაისი იყო, ჩემს შვილთან ერთად მივდიოდი რუსთავიდან და ქუჩაში გამაჩერეს, _ რეიდი არისო! სოკოებივით ამოდიოდნენ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები და დამაკავეს კიდეც. იმ პერიოდში მე ვიცავდი ე. წ. კრიმინალურ ავორიტეტს, მეტსახელად „ჯაოს“ _ კახა ჯავახაძეს და სწორედ მისი საქმიდან გამომდინარე ხდებოდა ჩემი დაპირისპირება იმდროინდელ სამართალდამცველებთან. იმდენად, რამდენადაც იმ პერიოდისთვის მართლა უკანონო პატიმრობაში იყო პირი, მე მას კბილებით ვიცავდი, რომელსაც ედავებოდნენ ყაჩაღობას, _ სტომატოლოგის სახლში შეღწევას და მის დაყაჩაღებას. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო _ თავად სტომატოლოგი ამბობდა, რომ „ჯაო“ მის სახლში არ ყოფილა, ვერც ამოცნობის დროს დაადასტურა. მეტიც, დაზარალებული ამბობდა, რომ მასთან მივიდა სამი პიროვნება, ერთმა მოიმიზეზა კბილის ტკივილი და სახლში ამ ფორმით შესულებმა შემდეგ ყაჩაღობაც ჩაიდინეს. თუმცა სტომატოლოგი ხელს ვერ ადებდა „ჯაოს“, მაგრამ მაშინ ხელისუფლება აქტიურად ებრძოდა „ავტორიტეტებს“ და მიუხედავად ვერდამტკიცებული ბრალისა, „ჯაოს“ დაკავება მათთვის მომგებიანი იყო. მე, რა თქმა უნდა, „ჟანა დ’არკივით“ ვიცავდი მას და პრობლემებსაც ვუქმნიდი სამართალდამცველებს. ჩემთვის არ არსებობს გამოთქმა: „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“, ვაკეთებ ჩემს საქმეს ბოლომდე, რის გამოც აღმოვჩნდი ციხეში. რა გავიარე, გადავიტანე, რა ტკივილს გავუძელი, როგორ ჩააბარეს ჩემი შვილი ბავშვთა სახლში, ან რა გამეტებით მცემეს, ამაზე საუბრით არც თავს შეგაწყენთ და არც სურვილი მაქვს. ბრალდებად შეთითხნეს ქრთამის აღება, თუმცა ამას წინ უსწრებდა ჩემი პრესკონფერენცია უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესთან ერთად, რომლის შემდეგაც თავს დამესხნენ და სასტიკად მცემეს. აღძრეს კიდეც სისხლის სამართლის საქმე და ჩემთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენებისთვის პირების ამოცნობა რომ უნდა მომხდარიყო, სწორედ ერთი კვირით ადრე დამაკავეს სამართალდამცველებმა. სამი დღის განმავლობაში ვითხოვდი ოჯახთან დაკავშირებას, 13 წლის შვილი დამრჩა ქუჩაში, არავინ არაფერი იცოდა და ვიყავი ასეთ გაურკვევლობაში. მერე უკვე გადამიყვანეს ციხეზე და პირველი რეაქცია, როცა მომეცა საშუალება დამერეკა სახლში, იყო უცნაური, _ კარგია, თუ ციხეში ხარ, ჩვენ მკვდარი გვეგონეო. რა უნდა მექნა? შევეგუე ყველაფერს და გავაგრძელე ცხოვრება გისოსებს მიღმა!
_ როგორ მიგიღოთ ციხემ? როგორც წესი, ახალმისულებს არცთუ „სტუმართმოყვარე“ დახვედრას უწყობენ, თან როცა ყოფილი თანამშრომელი, ისიც ყოფილი პროკურორი შედის, ამ დროს პრობლემებიც მეტია, რისკიც და საფრთხეც...
_ იმ დროს დაწესებულების დირექტორის მოვალეობას ასრულებდა კახა ქუთათელაძე, რადგან ქალბატონი მედიკო ალანია ქალაქში არ იმყოფებოდა და მახსოვს, როცა შევედი, მაგიდაზე დამიდო სია. იმ პერიოდისთვის, სადღაც, 130 ქალამდე იყო კორპუსზე, აბსოლუტურად უცნობი სახელები და გვარები, და მითხრა კახამ, _ რადგან თანამშრომელი იყავი, ჩვენ იზოლირებულად, ცალკე გაცხოვრებთ, რომ დაპირისპირება არ მოხდესო. ცხადია, წინააღმდეგობა გავუწიე, პირველ რიგში ის, რომ მე ქალებთან შეხება არასდროს მქონია და მეორეც _ როგორც იურისტმა, კარგად ვიცოდი, რომ ციხიდან არავინ გამიშვებდა და უნდა მეცხოვრა მისი წესებით. ძალიან მოკლედ ვუპასუხე: „საცა ვიწროა, იქ, გაწყდეს!~ და მე შევედი კორპუსზე. აი, რომ მეგონა, დამხვდებოდა რაღაც სიბნელე, საშინელი გარემო, მოკლედ, როგორც გადმოცემით ვიცოდი, საპირისპირო დამხვდა. დიდხანს ვფიქრობდი, ალბათ, ამის იქით იწყება ციხე და ეს სხვა ტერიტორიაა-მეთქი. უცებ დამემსხვრა ყველა წარმოდგენა და მოსმენილი ამბავი. ერთ მხარეს გავიხედე, „პარეოშემოხვეული“ ქალები, გარუჯულები, მეორე მხარეს _ მოსეირნე, გამოპრანჭული ქალები... სამი დღე „კაპეზეზე“ მყოფმა რომ უცებ შევხედე საკუთარ თავს და უნებლიეთ შემრცხვა... მერე შემიყვანეს „კამერაში“. მითხრეს, _ ეს ციხეაო! პირველი, რაც ვიკითხე, _ კარი რატომ არის ღია-მეთქი? პასუხი კიდევ უფრო უცნაური იყო: ქალბატონმა მედიკომ თქვა, ქალებს სასჯელად ისიც ეყოფათ, რომ ციხეში არიან და „კამერებს“ ვეღარ დავუკეტავო! იმ 130 ქალში ისეთი დამოკიდებულება იყო, რომ გავოცდი. წალაპარაკება დედ-მამიშვილს შორის ხდება, ხომ? მაგრამ აქ სერიოზული ჩხუბი, ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, არ ყოფილა. პირიქით, თუ ვინმეს ამანათი შემოდიოდა, იყო მიკითხვა, მოპატიჟება და რამდენადაც შესაძლებელია დახურულ სივრცეში თავისუფლება, ეს თავისუფლება სრული მნიშვნელობით.
თუმცა არ მინდა, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ ციხე იდეალური გარემოა და იქ ცხოვრება, ან მოხვედრა საამურია. არა, უბრალოდ, ყველაფერს აქვს თავისი შედარებითი საზღვრები. „კამერაში“ რომ შევედი, დამხვდა ფისო ჯოჯუა, ციცო ინასარიძე, ნინო ბერძენიშვილი. ციცოს ჰქონდა ჩვევად „დედა-დედულიას“ დაძახება, ფისო სულ „ბებოს“ გვეძახდა და ვიყავით ასე „ოჯახის წევრებში“. იმდენი ვიძახეთ „დედულია“ და „ბებო“, მახსოვს, ახალმა პატიმარმა, რომელიც უაქციზო სიგარეტის რეალიზაციისთვის იყო დაკავებული, მთელი სერიოზულობით დაიჩივლა: ნეტა, რა დააშავა ამდენი ამ ხალხმა, რომ მთელი ოჯახი დააპატიმრესო?! დედა, შვილი, შვილიშვილი _ ეს რა უბედურებააო?! აი, ასეთი დამოკიდებულება იყო. იგივე დამოკიდებულებაში ვიყავით ადმინისტრაციასთან, ძალიან მეგობრული სიტუაცია იყო. ზუსტად ვიცი, მამაჩემი რომ ყოფილიყო დაწესებულების დირექტორი, სულ „კარცერში“ ვიქნებოდი. უფრო მკაცრად მომექცეოდა, ვიდრე ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ეს მარტო ჩემ მიმართ, იმიტომ, რომ მე მაკა შეროზია ვიყავი. ყველა პატიმარი თანაბარ სიტუაციაში ვიყავით. მახსოვს ისიც, პატიმრებს, რომლებსაც შვილები ციხეში შეეძინათ, ადმინისტრაცია რეჟიმის დარგში, პაატა ქუთათელაძე, რომელმაც კახა ქუთათელაძე ჩაანაცვლა, მთავარი ექიმი ნინო ბოქოლიშვილი, ქალბატონი მედიკო და ძალიან ბევრი, ყველას ვერ ჩამოვთვლი, თანგადაყოლილები იყვნენ ამ ჩვილებზე, როგორც საკუთარ შვილებს, ისე უვლიდნენ, რადგან პატიმრებს მომკითხავი არ ჰყავდათ. აი, ამ პირობებში ვიყავით იქ! გარდა იმისა, რომ მათ აცრები უტარდებოდათ, რაც კანონით იყო გათვალისწინებული, აბა, ტკბილეულობა, აბა, „კალიასკები“, ჩასაცმელები, მათთვის ყიდულობდნენ. „ვოვაჩკა“ გვყავდა ერთი, მთელი ზონის შვილობილი, მასზე განსაკუთრებულად იყო შეყვარებული მთავარი ექიმი. სანამ სასჯელაღსრულება, ან იუსტიციის სამინისტრო გამოგზავნიდა დახმარებას, ყველა ხელფასზე, მოჭრით, საკუთარი ჯიბის ფულიდან მოდიოდა ბავშვებისთვის საჭირო ნივთები თუ პროდუქტი. ეს ყოველგვარი ძალდატანებისა და ზედმეტი განცხადებების გარეშე.
_ ამავე დაწესებულებაში იჯდა ქეთევან ზარნაძე, რომელიც დღეს, თავისუფლებაზე მყოფი, აცხადებს, რომ გაუსაძლის პირობებში იყო, რომ ციხემ დაანგრია მისი ცხოვრება, იყო რეჟიმი, სასტიკი ცემა, გაუპატიურებები და ა. შ.
_ როდესაც დამიკავშირდით და მთხოვეთ ინტერვიუს ჩაწერა, ვიცოდი, რა თემებზე უნდა მელაპრაკა, რა გარემოზე და დამოკიდებულებებზე. ჩემი ინტერვიუც იმიტომ დავიწყე ცოტა შორიდან, გისოსებსმიღმა ცხოვრების შეიძლება დაუჯერებელი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებით, რომ პასუხი იმ კითხვაზე, თუ რა გაუსაძლის პირობებში ამყოფებდნენ, თურმე, ქეთი ზარნაძეს, ამ ე. წ. პროლოგით გამეცა.
მეტსაც გეტყვით, სამი თვის დაჭერილი ვიყავი, „კამერაში“ ვიჯექი, როცა ციცო ინასარიძემ გაიგო ქეთი ზარნაძის დაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ მე სისტემაში ვმუშაობდი, ვიყავი პროკურორი, ქეთინო ზარნაძეს არ ვიცნობდი. ატყდა ამბავი _ ვაი, მე! ქეთინო მოიყვანეს, ზარნაძე, პოლიციის პოლკოვნიკი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდაო და ა. შ. მახსოვს კარგად ის პერიოდი, რომ ეს ქალი ორი თუ სამი დღით შემოიყვანეს ციხეზე. რომელ „კამერაში“ იყო, კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენთან რომ შემოვიდა, ეს კარგად მახსოვს. რადგან ყოფილი თანამშრომელი ვიყავი, უფრო კოლეგიალურობამ იძალა და მეტი სიახლოვე გამოვხატე მის მიმართ. ძალაუნებურად, ურთიერთობაც აეწყო, ჩვენ ერთი მტერი გვყავს და დაგვაკავეს და ა. შ. გასაგებია, რომ დაგვაკავეს, იმ პერიოდში იქ მყოფი ქალების 95% მართლაც უკანონოდ დაკავებული იყო და მე როგორც იურისტს, იქ ხშირად მომმართავდნენ, _ იქნებ, შეწყალებაზე დაგვაწერინო, იქნებ, რა და რა. მახსოვს მისი ფრაზა: ნუ მიიჩვევ ამ ხალხსო! მე ჰოროსკოპით ტყუპები ვარ და რასაც მიკრძალავენ, იქით მიმიწევს გული. ეს ფრაზა ჩამრჩა.
მერე ქეთი გადაიყვანეს ბავშვთა კორპუსში, „მალალეტკებს“ რომ ეძახიან. იქ ჯერ კიდევ არ იყვნენ შემოსახლებული ბავშვები, ახალაშენებული კორპუსი იყო და პირველ სართულზე განათავსეს. მე მგონი, ერთ-ერთი პირველი პატიმარი ქეთი იყო, ვინც ბავშვთა კორპუსზე დასახლდა. ამის შემდეგ მე ქეთი 5-6 თვე არც მინახავს და არც გამიგია მასზე არაფერი. ვიცოდი, რომ იქ იყო, „მალალეტკებში“. აი, მერე რომ თქვეს, ქეთის მიუსაჯესო, ჩვენ უკვე ზონაზე ვიყავით გადასულები და ველოდებოდით, მაგრამ ქეთი არ შემოვიდა, რადგან იქ დაძაბულობა იქნებაო.
_ თუმცა ცოტა ხნით, ერთი პერიოდი, ზონაზეც იყო...
_ არა, ეგ როგორ იყო, მაგას მოგიყვებით მოგვიანებით. მე ადმინისტრაციაში დავდიოდი, დაახლოებით ის პრინციპი მუშაობდა: „გიჟი თავისუფალია!“ მე და ფისო ჯოჯუა ვიტყოდით, _ გაგვიღეთ კარი! გაგვიღებდნენ და გავდიოდით. არ გვითხოვია, „ვახტის“ იქით გაგვიშვით-თქო, თორემ შეიძლება გავეშვით კიდეც, იმდენად მოშინაურებულები ვიყავით. აი, სწორედ აქ ვხვდებოდი ძალიან ხშირად ქეთის. ადმინისტრაციაში ვხედავდი და დავმეგობრდით. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. სულ ადმინისტრაციაში იყო, „ჩაიპიწიე“, „კოფეპიწიე“, ოხუნჯობდა სულ, _ აი, ჯადო უნდა გავაკეთოო და მსგავსი რამეები.
_ აკეთებდა ჯადოს?
_ არ ვიცი, რაღაცებს მარხავდა, მაგრამ მე იმდენად არ მჯერა ჯადოების, ამაზე მხოლოდ მეღიმებოდა. რაღაც სანთლისგან, ნაჭრებისგან ფიგურებს გამოჭრიდა, ნემსებს არჭობდა და ვღადაობდით ამაზე. ნუ, ახლა ვისაც ცოტა სუსტი ნებისყოფა ჰქონდა, ის უფრო მძიმედ აღიქვამდა ყველა მის სიტყვას და ემოციურადაც განეწყობოდა. მახსოვს, ქალბატონი მედიკო ეუბნებოდა, _ ნუ გააგიჟე ეს ხალხიო და მერე ყველა ვიცინოდით. ბავშვებიც რომ მოდიოდნენ პაემანზე... ჩემი და ქეთის და სხვა პატიმარი დედების პრივილეგია, ალბათ, იმითაც გამოიხატებოდა, რომ ადმინისტრაცია და ქალბატონი მედიკო ცდილობდნენ, შეხვედრა ყოფილიყო არა ციხის „გარემოში“, ერთ საერთო ოთახში ყველა პატიმარი რომ შვილს ელაპარაკება, არამედ სხვადასხვა ოთახში, რომ არ დათრგუნვილიყვნენ ჩვენი შვილები. ბევრჯერ ყოფილა, რომ ქეთის შვილები ქალბატონ მედიკოს მის ოთახში, ანუ სხვა კორპუსში გადაუყვანია, რასაც ჩვენ პატივისცემად ვიღებდით.
მე და ქეთის, როგორც ყოფილ თანამშრომლებს, სულ გვქონდა ეს პრივილეგიები და განსაკუთრებული დამოკიდებულება. მახსოვს, ნონა ქირია იყო, კანცელარია ებარა, სპეცნაწილის უფროსი, რომ ავდიოდი ზემოთ, მიჩვეული ვიყავი _ სადღაც ზემოთ ქეთი დამხვდებოდა, ხალხი თუ იცინოდა, ესე იგი, იქ ქეთი იყო და ადმინისტრაციასთან თუ რაღაც ხორხოცი იყო, _ ქეთის ვნახავდი. ანუ ასეთი დამოკიდებულება იყო და დეტალებში იმიტომ ვიხსენებ ყველა ეპიზოდს, რომ გაუსაძლის პირობებში ამ მდგომარეობას ვერ აღწევს ადამიანი.
მახსოვს ისიც, რომ ერთი პერიოდი ქეთი ავად გახდა, ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო და ცოტა ხნით გადმოვიდა ზონაზე, სამედიცინო ნაწილში ქალბატონ ნინოსთან. მკურნალობის ქვეშ იყო და, დაახლოებით, ერთი თვე დაჰყო გვერდზე ოთახში ჩემს მეგობრებთან. იქ კიდევ უფრო მეტად დავახლოვდით. რეჟიმი რომ შეიცვალა, უსაფრთხოება, მოადგილეები, ამ პერიოდში გადმოიყვანეს ქეთი. ახალ ხელმძღვანელობას, რატომღაც, ეგონა, რომ ჩვენ აქ გქონდა აკრძალული ნივთები _ ტელეფონები და ა. შ. მათ ფსიქიკაზე დაიწყეს მოქმედება. ახლები უცებ ვერ შემოვიდოდნენ ჩვენთან ურთიერთობაში, ვერც ადვილად დაგვიმეგობრდებოდნენ. ისედაც ცნობილია, მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ ყველაზე რთულად მისადგომი საპატიმრო სისტემაში ბავშვების მერე ქალები არიან. ზუსტად ამ დიპლომატიას იცავდა ადმინისტრაცია, მეგობრულ ვითარებაში ვიყავით და არც ჩვენ ვაშავებდით არაფერს. პირიქით, ჩვენც ყოველთვის ვცდილობდით, კანონს არ გადავსულიყავით და უფროს-უმცროსობის პრინციპს ყოველთვის ვიცავდით. მსგავსი დამოკიდებულება დღემდე გრძელდება ისევე როგორც პატიმრებთან, ადმინისტრაციის წევრებთან.
ქეთის გადმოყვანის შემდეგ მე გავხდი ავად და სასწარაფოდ გადამიყვანეს საოპერაციოდ. სწორედ იმ პერიოდში დააკავეს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი რამაზ გაბისონია. ტელევიზიითაც გაჟღერდა და ისეც გავიგე, რომ თანხა შემოუტანა ქეთის და ამ თანხის საფასურიც აიღო. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან საპროცესო გარიგება დაიდო.
_ რატომ გააკეთა? თუ, ასე ვთქვათ, კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ყველაზე ახლო ურთიერთობა გქონდათ, არ ჰკითხეთ, რისთვის დასჭირდა, ეთხოვა უსაფრთხოების სამსახურის უფროსისთვის, შეხვედროდა მის ნათესავ მამაკაცს, გამოერთმია ფული, შემდეგ შეეტანა ციხეში და ამ ფულის შეტანა-გადაცემა ფარულად ჩაეწერა?
_ ამბობდა, რომ ჩემი, როგორც თანამშრომლის მოვალეობაა, კანონდარღვევა აღმოვფხვრაო. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუ რატომ დაიჭირეს. მახსოვს, გამწარებული იყო _ მე წამლის რეალიზაციას მაბრალებენო, მებრძოდნენ, როგორც კახა თარგამაძესთან დაახლოებულ პირსო და იმ ჩანაწერშიც ვიღაც ქალი დადგა ლიფტთან, რომელიც ფულს იღებს და წამალს აწვდის, მონტაჟი გააკეთეს, თითქოს მე ვიყავიო!
ქეთინოზე შემიძლია ვთქვა ასი ათასი ცუდი, მაგრამ... რა დამოკიდებულებითაც ციხეში ვიყავით, იმ დამოკიდებულებით უნდა შემოვრჩენილიყავით და ძალიან ბევრს დღემდე ეს მეგობრობა მოგვყვება. რატომღაც ქეთინო გამონაკლისი აღმოჩნდა. როცა გამოვიდა, დავურეკე და მივულოცე, აღარ ისურვა ურთიერთობა. ძალად, ერთი შვილი მყავს და, მასთან არ მინდა ურთიერთობა, არათუ სხვასთან. რაც შეეხება რამაზის თემას, მე ის კადრები არ მინახავს. თქვეს, რომ აიღო თანხა, მაგრამ რატომ გააკეთა ეს, არ ვიცი. მე ის ვიცი მხოლოდ, რომ რამაზ გაბისონიასთან ქეთის ძალიან კარგი მეგობრობა ჰქონდა.
_ ერთია მეგობრობა, მეორე თანამშრომლობა! რომელ ნაწილში განვიხილავთ ზარნაძეს?
_ ზარნაძეს? ზარნაძე თანამშრომელია!
_ თანამშრომლობდა, ანუ პატიმრებზე მუშაობდა?
_ პატიმრებზეც მუშაობდა, იმიტომ რომ ერთ თვეში ზარნაძე სამედიცინო ნაწილიდან გადავიდა. მე ვერ გეტყვით, ფაქტზე რომ არ დაიჭერ ადამიანს, იმას ძნელია, ბრალდება წაუყენო, მაგრამ, რატომღაც, მაინც მგონია, რომ მისი ერთთვიანი ავადმყოფობა იმ პერიოდში, როცა მე იქ ვიყავი, გათვლილი იყო და ის ავად არ გახლდათ! ვერ ვამტკიცებ ამას, მაგრამ ასე მგონია!
_ დღეს გავრცელებული ინფორმაციით ამბობენ, რომ ის ჩანერგილი აგენტი იყო „კუდის“, შსს-სი და დღემდე რჩება...
_ არ ვიცი, შესაძლებელია! ვერ დავადასტურებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. თავად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დიდი საახლობლო მყავდა, ქეთინო ზარნაძე არც სუფრასთან მინახავს მათთან და არც კაბინეტებში.
_ თუმცა როცა აგენტურა მუშაობს, ის სუფრებსა და კაბინეტებში არ ახდენს აფიშირებას...
_ ეგ გასაგებია, თუმცა იყო თანამშრომელი და კიდევ ვიღაცის თანამშრომელი, არ ვიცი, რისთვის უნდა გჭირდებოდეს ადამიანს. მე გეტყვით, როგორ იქცეოდა ზარნაძე _ დავუშვათ, იგებდა, რომ ვინმეს აკრძალულად ჰქონდა ტელეფონი, მეგობრობაში შემოდიოდა, როგორც ეს მერე გავაანალიზე, აი, მეგობრობით იწყებდა ურთიერთობას და მერე რაღაც ფაქტებს წევდა... ჯერ ერთი, რა მქონდა დასამალი? ჩემს საიდუმლოებას ვეუბნებოდი ჩემს მეგობრებს „კამერაში“ _ ციცოს, ფისოს, მარიანას... ახლა ქუჩაში არ ვიდექი და არ ვყვებოდი ჩემს ამბებს, თორემ მეგობრებმა ყველაფერი იცოდნენ. დასამალი არასდროს არაფერი მქონია, თუ რამე დამიშავებია, ისიც კი მომიყოლია. ქეთიმ იცოდა ზედმეტად ჩაძიება. ერთს ჩაეძია, ვიღაცამ რაღაც გული გადაუშალა, იქ რაღაც კუდი მოჰყვა, მე ვერ დავადასტურებ. დავუშვათ, ქეთიმ იმუშავა ამაზე და ისე გაიხსნა ეს საქმე, ფაქტია, რომ გაგრძელება ასეთი ჰქონდა.
_ ვინმესთან კონფლიქტი მოსვლია?
_ არავისთან, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. მას ერთთვიანი ურთიერთობა ჰქონდა პატიმრებთან, „სანჩასტიდან“ ეზოში არ გამოდიოდა, არ სეირნობდა. ერთადერთი, ვისთანაც დაპირისპირებული ვიყავით და ამანაც უფრო გაგვაერთიანა, ეს იყო მარინა გაბუნია, ყოფილი მოსამართლე. ურთიერთობა იყო როგორი _ იქ არ გვყავდა ქმრები და შვილები, სხვა ყველაფერი იყო. რეპეტიციისას გიტარა გინდა? _ ქეთის ჰქონდა და გვაძლევდა. რაღაც დაჯდომა გინდა, ატმოსფეროს შექმნა გინდა? _ ქეთისთან წავიდეთ, რადგან თავად აქეთ არ გადმოდიოდა. მეც ძალიან ხშირად ვყოფილვარ მასთან და გვქონია საუბარი, _ აი, რამაზს ეს რატომ გაუკეთე-მეთქი?! ჯერ ერთი, მასთან მეგობრობდა, თან ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, იმდენად ახლო, რომ იმის იქით კიდევ შეიძლებოდა, რაღაც ეჭვი დაბადებულიყო. დამისვამს მისთვის მე ეს კითხვა. ახლა ქეთიმ შეიძლება თქვას, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, მაგრამ სიმართლეს გეუბნებით. უფლის წინაშე შემიძლია დავიფიცო, რომ დამისვამს ეს კითხვა, _ რისთვის რამაზი? „ვაი, მე! ძალიან გამომიყვანა წყობიდან და ამ თემაზე არ მინდა ლაპარაკი!“ _ იყო მისი პასუხი. შვილის მდგომარეობას იშველიებდა, _ აი, ჩემს შვილს სთხოვა რაღაცო. ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა. სამაგიეროდ, მიუხედავად იმისა, რომ რამაზი სტუდენტობიდან მიცნობდა, იცოდა ჩემი შვილი, ჩემი და, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემთვის არასდროს უთხოვია არაფერი, როცა შეეძლო, უფრო ჩემთვის მოემართა, ვიდრე ქეთისთვის. აი, არ ვიცი, მართლა რატომ გაუკეთა ეს რამაზს! არ მგონია, რამე ეთხოვა მას ქეთისთვის, მე მეტყოდა, თუ რამე სჭირდებოდა! არა იმიტომ, რომ მე კარგი ტიპი ვარ და მე მაკა ვარ, უბრალოდ, იმ ბავშვობის პერიოდიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაკავშირებდა და გვამეგობრებდა. რამაზ გაბისონია იყო ძალიან წესიერი ადამიანი და ის ციხეში იმიტომ მოხვდა, რომ „სათანამშრომლო“ კაცი არ იყო. იყო ადამიანი, რომელსაც არასოდეს უნდა ემუშავა სისტემაში.
აი, ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატომ დააჭერინა ქეთიმ რამაზ გაბისონია. როცა თქვეს, „ქეთინომ გააკეთა“, იმდენად ვერ დავიჯერე, მაშინ ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი, ლამის ისტერიკა დამემართა, _ გამორიცხულია, ამას არ იზამდა ქეთი-მეთქი! კიო, ქეთინომ გააკეთაო და როგორც ამბობდნენ, ამას თავადაც არ მალავდა, _ გამამწარაო!
_ თავად ხომ სთხოვა რეჟიმის უფროსს, შეხვდი ჩემს ნათესავს, ფული მჭირდება, გავუგზავნო შვილებს და შემომიტანეო? აი, რომ არ შეხვედროდა რამაზ გაბისონია იმ ადამიანს, არ შემოეტანა მისთვის ფული, როგორ აპირებდა ე. წ. კანონდარღვევის აღმოფხვრას, თავად ხომ დაგეგმა მთელი ეს პროცესი?
_ ქეთინოს გონებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარე არ გაუჭირდებოდა, შეემუშავებინა სხვა გეგმა, ეს არ იქნებოდა, დავუშვათ, ის რამაზი, იქნებოდა სხვა რამაზი. ქეთინო იმდენად ნდობაში იყო და იმდენად მეგობრულ ურთიერთობაში ადმინისტრაციასთან, რომ ვერც ვერავინ დაუშვებდა მოვლენების მსგავს განვითარებას. მახსოვს, როცა გავთავისუფლდი ციხიდან, მაშინ თქვეს, რომ ქეთინოს მეშვეობით ერთ პატიმარს ტელეფონი ამოუღეს, მეორეს რაღაც ნარკოტიკული აბები, სადაც ცხოვრობდა იმ „კამერიდანო“, თუმცა ეს ვიცი უკვე მონაყოლი და არა ქეთისგან.
ერთი შემიძლია ვთქვა თამამად: ჩემთვის იმდენად გაუგებარი იყო ქეთის გამოსვლა „ობიექტივში“ და იქ მისი მხრიდან დაწესებულებაში არსებულ რეჟიმსა თუ ზეწოლებზე საუბარი, სადაც თითქოს გაუსაძლის პირობებში იყო, პროტესტის ნიშნად მივედი „ობიექტივში“ და მოვითხოვე საეთერო დრო. თუმცა ვიდრე ტელევიზიაში მივიდოდი, მანამდე მას დავურეკე, განთავისუფლება რომ მივულოცე იმ ნომერზე და სხვას ააღებინა ტელეფონი. იმ პიროვნებამ მითხრა, _ ქეთის ეს ნომერი აღარ აქვსო! პატარა ბავშვი არ ვარ და ყველაფერს მივხვდი, ის მერიდებოდა, ისევე როგორც ერიდება ყველას, ვინც იცის მისი ამბები.
მე „ობიექტივში“ გამოვედი იმიტომ, რომ მეთქვა სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში დავკარგე ყველაფერი: სამსახური, კარიერა, თავისფულება, ჯანმრთელობაც და დამენგრა მთელი ცხოვრება, უბრალოდ, ვერ ვიკადრებ იმას, რომ ტყუილი ვთქვა. არა იმიტომ, რომ ფრთიანი ანგელოზი ვარ, იმდენი დანაშაული ჩამიდენია, წარსულს რომ გადავხედავ, თავად მეშინია, მაგრამ მადლობა უფალს, ამ ყველაფრისთვის მე დავისაჯე და არა ჩემი შვილი.
გამაოცა იმან, რომ ჯერ ვიზუალურადაც სულ სხვა ადამიანი საუბრობდა, რაც მე გავთავისუფლდი, იმ სამ წელიწადში შეცვლილა ციხეში და მეორეც, ისეთ აბსურდულ ბრალდებებს აყენებდა, _ ჯანმრთელობა შემირყიეს, სამედიცინო უზრუნველყოფა არ მქონდა, გვაწამებდნენ, გვაუპატიურებდნენ, გცემდნენო.... აი, მართლა ერთი შვილის სიცოცხლეს გეფიცებით, მსგავსი არაფერი ყოფილა არც ერთი პატიმრის მიმართით! მე არ ვიცი, რა ხდებოდა მამაკაცების ციხეში, მაგრამ ჩვენთან მსგავსი რამ არ ყოფილა. პირიქით კი ხშირად ხდებოდა, ადმინისტრაცია ისე შეიძლებოდა გამოგვეყვანა წყობიდან, ვეღარ გვიძლებდნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ. დავუშვათ, ესეც რომ ყოფილიყო, სიტყვაზე, ყველა რომ დაეკლათ ზონაზე, ქეთის ისეთი ურთიერთობა ჰქონდა ადმინისტრაციასთან, ქალბატონ მედიკოსთან და ყველასთან, გამორიცხული იყო, მასზე ეს გავრცელებულიყო. მეტიც, თუ გინდოდა, ქეთი გეპოვა, ან ადმინისტრაციაში უნდა მისულიყავი, ან ღამით ვისხედით „ბასეინთან!“ მოკლედ, ვიჯექი ტელევიზორთან და ვუსმენდი სხვა ადამიანს და არა ქეთი ზარნაძეს! და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამოვსულიყავი საჯაროდ და მეთქვა სიმართლე. დღემდე მაქვს სურვილი ვნახო, არა ტელევიზიით და მასთან დებატში შევიდე, უბრალოდ ვნახო და ვკითხო ყველაფერი! რისთვის სჭირდებოდა და სჭირდება ეს? მახსოვს, პაემნები შეზღუდული რომ გვქონდა, შვილის ნახვის უფლება ერთი წლით ჩამომართვა გამომძიებელმა და მამიდაჩემსაც კი არ ანახებდნენ ჩემს თავს. ქეთისთან კი შემოდიოდნენ მისი მეგობრები, ნაცნობები, არ ჰქონდა მნიშვნელობა დროს, დღეს, კვირა დღესაც უშვებდნენ მასთან მნახველებს. როცა ქეთი იტყოდა, როცა მას დაურეკავდნენ, დაბრკოლებების გარეშე ხვდებოდა ყველას. „ნაციონალებისგან“ ამ გზაზე ანთებული ჰქონდა, ეს ნამდვილად ასე იყო!
მე ციხეში 1500 პატიმარი დავტოვე და ყველა მათგანმა იცოდა სახელით და გვარით ქეთი ზარნაძე, როგორც პრივილეგირებული, ადმინისტრაციასთან ძალიან დაახლოებული და რამაზ გაბისონია ვინც დააჭერინა, ეს ის ქალია! აი, თუნდაც, იმ მომენტს რომ დავუბრუნდეთ, ტელეფონების ამოღების ფაქტებს პატიმრებიდან _ ციხე ისეთი დაწესებულებაა, შეიძლება ვერ შემოგიტანონ, მაგრამ ყველა პატიმარს აქვს თავისი „კანალი“ და იქიდან მოიპოვებს თუნდაც ამ ნივთს. ეს იყო სულ და ეს არის დღესაც, ნურავინ დადებს თავს, რომ არ ხდება რაიმეს „მოპოვება!“ რა გზით, რა საშუალებით _ რჩება უცნობი! მაგრამ ამ ე. წ. ამოღების შემდეგ ერთ პატიმარს დაუმატეს 1 წელი, მეორე 2 წელი, მომდევნოს 3 წელი, ერთი საერთოდ თავისუფლებოდა _ გახოკიძე თამარი, დღე-დღეზე გადიოდა და დაუმატეს, შორენას 30 ლარისთვის და ასეთი ბევრი ფაქტი იყო. ერთხელაც, მოდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გაგა მკურნალიძე, ამოიღო ქეთისგან ტელეფონი, მაგრამ პასუხისგებაში არ მიუციათ! მოსისხლე მტერი რომ იყოს, იმისთვის არ ვინატრებ სასჯელის დამატებას ციხეში, მაგრამ მე რა ფაქტებიც ჩამოგითვალეთ, როცა სხვებისთვის ტელეფონის ამოღება სასჯელის დამატებით სრულდებოდა, ქეთის შემთხვევაში პასუხისგება იყო ნული!
ერთ დეტალსაც გავიხსენებ: გვარით და სახელით იმ ხელისუფლებაში ბევრი ადამიანი შიშის ზარს სცემდა ხალხს, ყველას გვახსოვს ეს დროც და ეს ადამიანებიც. აი, მაგალითად, მახსოვს, რომ იგივე სოსო თოფურიძეს ძალიან ხშირად ახსენებდა ქეთი, ჩემი ახლობელია, სოსოს დავურეკე, სოსოს ველაპარაკე, იმას დავურეკე, ამას ვუთხარი, _ ბიჭო, ფული დროზე ჩამირიცხე! ეს ფრაზები ძალიან კარგად მახსოვს. არ ვიცი, რამდენად რეალურად ხდებოდა, ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ხშირად ახსენებდა. შეიძლება ისევ ადმინისტრაციისთვის უნდოდა რამის დამტკიცება, რომ ჩემ ირგვლივ ასეთი ხალხია და არაფერი შეგეშალოთო. არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ხშირად კი ახსენებდა! შეიძლება მართლა ჩანერგილი იყო, ვერ გეტყვით.
_ გრჩებათ რამე სათქმელი, ან დეტალი?
_ მე ამ წუთში არც იმ ადმინისტრაციის დამცველი ვარ და არც იმ ხელისუფლების, რომელმაც ყველაფერი წამართვა. მე ვარ აპოლიტიკური ადამიანი, არც ერთ ხელისუფლებას არც ვემხრობი და არც ვეწინააღმდეგები, მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდნენ ძველებმაც და ახლებმაც, მათ შორის საზოგადოებამაც მინდა გაიგოს _ ჩვენ იგივე ადამიანები ვართ და ვიყავით, ციხეში არფერს გვაიძულებდნენ, არც გვატერორებდნენ და გვავიწროებდნენ, პირიქით, მე რომ ამ დაწესებულებაში მკურნალობის კურსები გავიარე, შვილს გეფიცებით, გარეთ რომ ვყოფილიყავი, ალბათ, მკვდარი ვიქნებოდი! ცოცხალი რომ ვზივარ და დღეს ინტერვიუს გაძლევთ, იმის დამსახურებაა, რომ ქალბატონმა ნინო ბოქოლიშვილმა გადამარჩინა და არ დაგვკლებია არავის ყველაზე პრესტიჟულ კლინიკებში გაყვანა ციხიდან და მკურნალობა! ერთს რომ დარეკავდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ადმინისტრაციიდან, მძიმე ავადმყოფი გვყავსო, ნახევარ საათში ბადრაგი გამოყოფილი იყო და პატიმარი გადაყვანილი ჰყავდათ. ახლა ასეთ პირობებში რომ იყო ჩვეულებრივი პატიმარი, ქეთი ზარნაძემ როგორ შეიძლება თქვას, რომ ჯანმრთელობა შეურყიეს და სამედიცინო მკურნალობას არ გადიოდა?
მე მაქვს კითხვები, რომელზედაც პასუხები უნდა გამცეს ქეთი ზარნაძემ... რატომ ჰყვება არარსებულ ისტორიებს, ვისი ინტერესებით ავრცელებს აბსურდულ ინფორმაციებს და რა მიზანს ემსახურებოდა რეჟიმის უფროსის გაწირვა?!
რედაქციის მინაწერი: მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა პროკურორმა სასჯელი პირნათლად მოიხადა, თავისუფლებაზე მყოფს ისევ სამართალდამცველებთან აქვს პრობლემა. ხანდაზმული და ე. წ. ძველი ქეისის გაცოცხლებით მას ისევ მოუწია დაკავება, 5 დღით ციხეში ცხოვრება და დღეს გირაოშეფარდებული თავისი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს. სასამართლო პროცესი პირველ აპრილსაა ჩანიშნული და `ქრონიკა+~ იმედს იტოვებს, მაკა შეროზიას აღნიშნული ინტერვიუ, რომელიც არავითარ კავშირში არ არის მიმდინარე პროცესთან, სიტუაციას არ გაართულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რედაქცია იტოვებს უფლებას, ყოფილი პროკურორის საქმეში მისი ინტერესების საინფორმაციო მხარდაჭერა აიღოს საკუთარ თავზე და გამოძიებისა თუ სასამართლო პროცესის ყველა სხდომა გახადოს საჯარო საზოგადოებისთვის.