QronikaPlus
რას ფიქრობენ ერთმანეთზე კოალიციაში შემავალი პარტიები?

რას ფიქრობენ ერთმანეთზე კოალიციაში შემავალი პარტიები?

2016-04-21 08:22:19

სამწელიწადნახევრიანი ჯახირის შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშლილია. პრინციპში, მგლისა და კრავის მწვანე მდელოზე მშვიდობიანი ძოვა უფრო ადვილად წარმოსადგენი იყო, ვიდრე ამ „პოლიტიკური ერთობის“ შენარჩუნება. ქვების შეგროვების ხანა დასრულებულია და ახლა მათი სროლის დროა. მიზანში ვინ უფრო კარგად მოარტყამს, ეს ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებზე გამოჩნდება. „შემოდგომის წიწილებზე“ და მისთანებზე რომ არ გადავიდეთ, კოალიციაში შემავალი პარტიების წრმომადგენლებს მოვუსმინოთ. ჩვენ ყველას ერთნაირი კითხვით მივმართეთ, _ რა ფორმით გავლენ არჩევნებზე და რა შედეგის მიღწევას იმედოვნებენ? ზაქარია ქუცნაშვილი _ პარტიაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“: _ არჩევნებზე გასვლის კონკრეტულ ფორმაზე არ გვიმსჯელია. არ შევკრებილვართ და ფრაქციის ფორმატში ამ საკითხის განხილვა არ ყოფილა. _ თქვენი პოზიცია როგორია, ცალკე უნდა გავიდეს პარტია, თუ კიდევ კოალიციური რეჟიმი აჯობებს? _ მგონი, იმ საჯარო განცხადებების შემდეგ, რაც კოალიციის თაობაზე გაკეთდა, პირად აზრს მნიშვნელობა აღარ აქვს. _ მაშინქართულ ოცნებასრა შანსები აქვს მომავალ არჩევნებში? _ ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება, ერთი _ წინასაარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვაზე; მეორე _ საპროგრამო დოკუმენტაციის სწორად ჩამოყალიბებაზე და მესამე _ კანდიდატების შერჩევაზე. აი, ამ სამ გარემოებაზე ერთობლივად დამოკიდებული იქნება შედეგები: კამპანია, პროგრამა და კანდიდატები. _ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების პერსპექტივებზე რას იტყვით? _ ვფიქრობ, `თავისუფალ დემოკრატებს” რეალური შანსი აქვთ, ბარიერი გადალახონ და პარლამენტში მოხვდნენ. ასეთივე შანსი აქვთ „რესპუბლიკელებს“, თუ სწორი კამპანია აწარმოეს, სწორი პროგრამა და კანდიდატები შეარჩიეს. „ეროვნულ ფორუმს“ ასევე ნაწილობრივ აქვს შანსი. დანარჩენ სუბიექტებზე რამის თქმა გამიჭირდება.   გია ჟორჟოლიანი _ „სოციალ-დემოკრატიულიპარტია: _ ჩვენ ამის თაობაზე გადაწყვეტილებას, დაახლოებით, ერთ კვირაში მივიღებთ. _ წინასწარ ვერაფერს გვეტყვით? _ სხვადასხვა ვერსიაზე ვმსჯელობთ. ერთი კვირა მოვიცადოთ და ყველაფერს აუცილებლად მოგახსენებთ. _ რამ გამოიწვია კოალიციის დაშლა? _ მგონი, ბუნებრივი პროცესია. 2012 წელს ამ ყველაფერს აერთიანებდა უარყოფითი დამოკიდებულება ავტორიტარული, რეპრესიული რეჟიმის მიმართ. ანუ ეს იყო, თითქმის, ყველას გაერთიანება რაღაცის წინააღმდეგ. და ახლაც, ალბათ, ისევ უნდა შედგეს ერთობა რაღაცისთვის. ყველა მკაფიოდ გამოხატავს თავის ხედვებს და ამის შეჯერების საფუძველზე, ალბათ, ის წამყვანი ხედვა გამომუშავდება (ხალხის მხარდაჭერის გათვალისწინებით), რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკას წარმართავს. _ კოალიციაში შემავალი პარტიების ცალ-ცალკე შესაძლებლობებს როგორ უყურებთ? _ რასაკვირველია, ყველაზე სერიოზული და უმრავლესობის პრაქტიკულად გარანტირებული შესაძლებლობები „ქართულ ოცნებას“ აქვს. დანარჩენი ვნახოთ...   ზურაბ ტყემალაძე _ „მრეწველები“: _ რა ფორმით აპირებთ „მრეწველები“ ოქტომბრის არჩევნებზე გასვლას? _ ვნახოთ, არსებული ვითარება პარტიაში შეფასდება. ჩვენ ახლა ბათუმიდან მოვდივართ. ამ კვირაში შეხვედრა გვექნება, რის შემდეგაც ამ საკითხში ჩამოვყალიბდებით. ალბათ, უფრო ცალკე ვიქნებით. _ კოალიციურ ვარიანტს გამორიცხავთ? _ გამორიცხული არაფერია. _ რა შესაძლებლობები გექნებათ მომავალ კენჭისყრაზე? _ რასაკვირველია, დადებითი. _ დანარჩენი პარტიების საარჩევნო შანსებზე რას გვეტყვით? _ სხვის შანსებზე ვერ ვისაუბრებთ. ვნახავთ, ვის როგორ დაუჭერს მხარს ჩვენი ამომრჩეველი. თავის მხრივ, „ეროვნულმა ფორუმმა“ კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, „ფორუმის“ ყრილობამ გადაწყვიტა, რომ კოალიციამ საკუთარი ფუნქცია ამოწურა. პარტია მომავალ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას ანი მიროტაძე _ „ეროვნული ფორუმისწევრი“: _ ბოლო ხანებში განვითარებულმა გარემოებებმა, „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებებმა, ჩვენი ყრილობის წესრიგი ოდნავ შეცვალა. საკუთარი მხარდამჭერებისთვის ამის შესახებ ისედაც უნდა გვეკითხა. ორი თვის წინ დაავაანონსეთ, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის მზადებას ვიწყებდით, მაგრამ ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებდით (ანუ კონსულტაციები გვექნებოდა პარტნიორ ორგანიზაციებთან), მანამდე ჩვენივე წევრებისთვის აზრი უნდა გვეკითხა. ამიტომ ყველა რაიონში კონფერენციები ჩავატარეთ. ამით ჩვენი მხარდამჭერების პოზიციები გავიგეთ. ავირჩიეთ კომიტეტები, დაახლოებით ასეთი თანაფარდობით, _ ერთი მანდატი უდრის 20-30 ხმას, გააჩნია რაიონს. დაახლოებით 12 ათასი წევრის მიერ უფლებამოსილი პირების, დელეგატების რაოდენობა 500 ადამიანით განისაზღვრა. ეს ყველაფერი კი ამ ყრილობისთვის მოვამზადეთ. _ რა შანსები გაქვთ? _ საკუთარ შანსებს ოპტიმისტურად ვაფასებთ. ათი წლის პარტია ვართ, საკმოდ დიდი რესურსი გვაქვს, სტრუქტურები კარგად ჩამოვაყალიბეთ, კარგი ლიდერები გვყავს. იცით, რომ პარტიას პოლიტიკური საბჭო მართავს, მაგრამ ლიდერი კახა შარტავაა. ასე რომ, ვფიქრობ, ჯანსაღ, თანაბარ და სამართლიან, თანასწორუფლებიან არჩევნებში კარგი შედეგები გვექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არჩევნები სამართლიანი არ იქნება, ეს მარტო „ფორუმისთვის“ კი არა, ყველასთვის დამაზარალებელი იქნება. არჩევნების ლეგიტიმაცია თუ კითხვის ნიშნის ქვეშ  დადგება, ეს არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.   გია გაჩეჩილაძე _ „მწვანეთა პარტიისთავმჯდომარე: _ ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. ამ ეტაპზე იმ რეჟიმში ვართ, რომ პარტიული რესურსის მობილიზებას ვცდილობთ. კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, რომ მაჟორიტარები ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ და 73-ვე ოლქში კონკურენტუნარიანი მაჟორიტარები უნდა შევარჩიოთ. ახლა „მწვანეთა პარტიას“ ცოტა პრობლემები აქვს, იმ თვალსაზრისით, რომ სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ დაფინანსება არ გაგვაჩნია. მედიასთანაც გვაქვს გარკვეული პრობლემები. ამიტომ, ძირითადად, ავტორიტეტულ პიროვნებებზე ვაკეთებთ აქცენტს და იქნებ, მათი საშუალებით საზოგადოების ხმების მობილიზაცია შევძლოთ, მათი საშუალებით მოსახლეობამდე ჩვენი ძირითადი საარჩევნო თეზისები მივიტანოთ. ეს რთულია პროცესია, რადგან ოლქები გაერთიანდა, რაიონები ერთმანეთს შეუერთდა. ძალიან ძნელია ისეთი ადამიანების წარდგენა, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე რაიონში ავტორიტეტულნი იქნებიან. მაგრამ რადგან პოლიტიკური პარტია ხარ, უნდა შეძლო კიდეც, სხვანაირად არ გამოვა. ახლა ამ ეტაპზე ვიმყოფებით. რაც შეეხება სხვასთან გაერთიანებას, როგორც ყოველთვის, ჩვენი პრინციპები გვაქვს: ჩვენ ვართ ევროპული, დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც თავისი ფრაქცია აქვს ევროპის პარლამენტში. ვართ ევროპის „მწანეთა პარტიის“ მმართველი საბჭოს წევრები; ძალიან ვეხმარებით სახელმწიფოს, როდესაც იქ სახალხო პარტიის გარკვეული ნაწილი საქართველოსთან დაკავშირებით პრობლემებს ქმნის ხოლმე. ერთ-ერთი დიდი ფრაქცია ევროპის პარლამენტში ყოველთვის მხარს გვიჭერს; მხარს უჭერს ამ პროცესს, რომელიც ევროინტეგრაციისკენ არის მიმართული. ამიტომ ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი სხვა პარტიებთან ურთიერთობაში _ ისიც აუცილებლად დასავლური ორიენტაციის უნდა იყოს. მეორე გახლავთ წმინდა იდეოლოგიური თვალსაზრისი _ ჩვენ მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ორგანიზაცია ვართ და თუ გვექნება ურთიერთობა, სწორედ ასეთ მემარცხენე-ცენტრისტულ ორგანიზაციასთან. ამ ეტაპზე ასეა. _ ანუ არჩევნებში კოალიციურ მონაწილეობას არ გამორიცხავთ? _ თუ შესაბამისად ჩვენი იდეოლოგიისა და საგარეო კურსის პოლიტიკური ორგანიზაცია წამოვა კონსულტაციებზე. სხვათა შორის, საქართველოში ასეთი ორგანიზაციები ცოტაა. არა მარტო ევროპაში, მთელ მსოფლიოში „მწვანეთა პარტიები“ სოციალ-დემოკრატიულ პარტიებთან თანამშრომლობენ. ისინიც მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ორგანიზაციებია. ამიტომ, ბუნებრივია, ასეთი ტიპის ორგანიზაციასთან შესაძლებელია კონსულტაციები და საუბარი ბლოკთან, ან მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. _ შანსებს როგორ შეაფასებთ? _ ძალიან რთული საკითხია. განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან ვიმეორებ, რომ დაფინანსების პრობლემები გვაქვს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი პარტია ფინანსდება, ჩვენ _ არა, მიუხედავად იმისა, რომ „მწვანეთა პარტია“ პარლამენტში არის წარმოდგენილი. ჩვენ იმედს ვამყარებთ სწორედ რაიონებში ჩვენს გუნდზე, მაჟორიტარებზე, რომლებსაც ჩვენ შევარჩევთ; და მათ ავტორიტეტზე, რაც მნიშვნელოვანია. ასე რომ, იმედი გვაქვს, გარკვეულ რაიონებში მაჟორიტარებსაც გავიყვანთ და აგრეთვე ისინი პარტიული ხმების მობილიზაციასაც გააკეთებენ.  

                                                                                                      გელა მამულაშვილი

   

გაზიარება