QronikaPlus
1937 წლის ქრონიკები - ,,ფრანგული დაზვერვის რეზიდენტი, ფსევდონიმი ,,ოტელო“, პირადი ნომერი – 68“.

1937 წლის ქრონიკები - ,,ფრანგული დაზვერვის რეზიდენტი, ფსევდონიმი ,,ოტელო“, პირადი ნომერი – 68“.

2016-04-23 11:17:02

  გაგრძელება. დასაწყისი იხ. ,,ქრონიკა+“ ##11-13.   მიუხედავად იმისა, რომ 1937 წლის მოვლენების დროს ასეულ ათასობით  ადამიანი გადაასახლეს, დახვრიტეს და ციხეში გამოკეტეს, ჩვენს მეხსიერებაში სტალინური ტერორის პერიოდი, პირველ რიგში, ცნობილი პიროვნებების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებთან ასოცირდება. მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, ევგენი მიქელაძე... ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. კომუნისტების მიერ ინიცირებულ ტოტალურ წმენდას ტექნიკური და შემოქმედებითი ინტელიგენციის უამრავი წარმომადგენელი შეეწირა. ბოლშევიკური პარტიის ხელმძღვანელებს შორის დაწყებული დაპირისპირება პარტიის ზედა ეშელონებს რომ არ გასცდენოდა, 1937 წელი ამჟამად მხოლოდ იმით იქნებოდა აღსანიშნავი, რომ სტალინმა შიდა ოპოზიცია სისხლიანი მეთოდებით მოიშორა. მეტი არაფერი. მაგრამ ტერორმა ტოტალური ხასიათი მიიღო და თითქმის მთლიანად მოსპო საზოგადოების ის ფენა, რომელიც ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს ქმნიდა. ამიტომ აღმოჩნდა მტკივნეული რეპრესიები _ მან მთლიანად დაანგრია ეროვნული ცნობიერება. სწორედ ამის შემდეგ ჩამოყალიბდა ადამიანის განსაკუთრებული, ჰომოსოვიეტიკუსის ტიპი, რომლის ძირითადი განმსაზღვრელი ცხოველური შიში და მონური მორჩილება გახდა. მაგრამ დროებით თავი დავანებოთ ზოგად მსჯელობას და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული მასალების მიხედვით კონკრეტული პიროვნებების ისტორიები აღვადგინოთ. რეჟისორი სანდრო ახმეტელი, ბაქტერიოლოგი გოგი ელიავა, ინჟინერი ვლადიმერ ჯიქია. მათი ტრაგიკული ბედი ერთმანეთს უკავშირდება და ერთმანეთზეა გადაბმული. დავიწყოთ ინჟინერ ვლადიმერ ჯიქიას საქმით. ბოლშევიკ ბუდუ მდივნის სქელტანიან სისხლის სამართლის საქმეში (ცხრა ტომი) ჯიქიას მეუღლის, თინათინ სვანიძის ჩვენებაა. იგი 1955 წლით თარიღდება. სტალინის სიკვდილის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ბელადის კულტის გამოაშკარავება დაიწყო, ამიტომ საბჭოთა უშიშროებას ტერორის უდანაშაულო მსხვერპლთა საქმეების შესწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაევალა. სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში დაკითხა გამოძიებამ სვანიძე. სანამ უშუალოდ თინათინის ჩვენებას შევეხებით, მოკლედ ვთქვათ, თუ ვინ იყო ინჟინერი ვლადიმერ ჯიქია: ჯიქია სტალინს პირადად იცნობდა. ბელადი მან, ჯერ კიდევ, ოქტომბრის რევოლუციის დროს გაიცნო. 1919-1921 წლებში პეტროგრადის ოლქის სამხედრო კომისარი გახლდათ. სამოქალაქო ომის შემდეგ იგი რუსეთში იყო და, ძირითადად, ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობდა. 1930 წელს საქართველოში დაბრუნდა. სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოში მსხვილი ჰიდრო-ელექტროსადგურების მშენებლობა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯიქია ქართული ენერგეტიკის ფუძემდებელია. 1930 წელს იგი რიონჰესის მშენებლობას ხელმძღვანელობდა. ამავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით ჩაეყარა საფუძველი ზაჰესს, 1934 წლიდან კი ჯიქია ტრესტ `საქჰიდროენერგოს~ უფროსია და ხრამჰესის პროექტზე მუშაობს. საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელთან, ლავრენტი ბერიასთან ვლადიმერს ხშირი კონტაქტი ჰქონდა. ჰესების მშენებლობა ხუთწლედის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, თუმცა ჯიქია ლავრენტი პავლოვიჩს ანგარიშს არ უწევდა _ საკუთარ ნაცნობობას იყენებდა და მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბერიას გვერდის ავლით, მოსკოვში დამოუკიდებლად აგვარებდა. რესპუბლიკის პირველი პირი სუბორდინაციის ასეთ დარღვევაზე საშინლად ღიზიანდებოდა. თუმცა ბერიასთან დაძაბული ურთიერთობა ჯიქიას ტრაგედიის მთავარი მიზეზი არ ყოფილა. ჯიქიას ისტორია სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მის ბედზე რამდენიმე ფაქტორმა ერთდროულად იმოქმედა. ერთ-ერთ ასეთ ფაქტორს კი ჯიქიას მეუღლე თინათინი წარმოადგენდა. თინათინ სვანიძის ჩვენებიდან: ,,ბერიას 1929 წლიდან ვიცნობდი. პირველად ჩემი ბიძაშვილის, ბესო ლომინაძის სახლში შევხვდი. ბერიას რომ მოვეწონე, ამის შესახებ ბესომ თავად მითხრა. იმ პერიოდში ენგელსის ქუჩაზე ბერიას მეზობლად ვცხოვრობდი. მისი ფანჯრები ჩვენს სახლს პირდაპირ უყურებდა. იგი ყველანაირად ცდილობდა ყურადღების მიქცევას. მთავაზობდა მანქანით გასეირნებას, მეპატიჟებოდა კინოში. არადა, მას უკვე ჰყავდა ცოლად ნინა გეგეჭკორი. ერთხელ მეგობართან, თალიკო ლეჟავასთან მივდიოდი. გზაში ბერია დამეწია და კინოში წასვლა შემომთავაზა. ძალიან მეხვეწებოდა, მაგრამ არ დავთანხმდი და მეგობრის სახლში ავედი. ბერია რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა ფანჯრების ქვეშ და მელოდებოდა. როცა გამოვედი, ისევ ამედევნა. 1932 წელს ვლადიმერ ჯიქიას ცოლად გავყევი. ამ დროისთვის ბერია საცხოვრებლად ვაჟა-ფშაველას #7-ში გადავიდა (დღევანდელი ქიაჩელის ქუჩა), ჯიქიას კი ბინა მის პირდაპირ, 12 ნომერში ჰქონდა. ერთხელ ბერიამ თავისი სახლიდან დამინახა. ისე გაუხარდა, რომ კინაღამ ფანჯრიდან გადმოვარდა. რამდენიმე დღის შემდეგ ტელეფონზე დამირეკა და მკითხა, თუ ვინ იმყოფებოდა სახლში. ვუთხარი, რომ მეგობარი მყავდა, თუმცა არავინ იმყოფებოდა. 15 წუთის შემდეგ მოვიდა. ხელში წიგნი ეჭირა. მითხრა, რომ ჩემს ქმარს წიგნი მოუტანა და ბინაში შემოსვლას ცდილობდა. ვურჩიე, ბინა დაეტოვებინა, მისთვისაც და ჩემთვისაც ასე უკეთესი იქნებოდა. ამის შემდეგ ბერია წავიდა. მაშინ ის უკვე ცეკას მდივანი იყო“. ბერია, რომელიც უკან არ იხევდა, თინათინს მოსვენებას არ აძლევდა: ტელეფონით ურეკავდა, საჩუქრებს ჰპირდებოდა და გასართობად ეპატიჟებოდა. მისი აქტიურობა განსაკუთრებით ზაფხულში იზრდებოდა, როდესაც ცოლ-შვილს დასასვენებლად აგარაკზე უშვებდა. თინათინ სვანიძის ჩვენებიდან: ,,მუდმივად მირეკავდა და კრწანისის აგარაკზე მასთან ერთად დროის გატარებას მთხოვდა. მისი ცოლი ამ დროს აბასთუმანში იყო, მაგრამ არ ვთანხმდებოდი. ბერია მთხოვდა, ერთად გვესადილა _ ამაზედაც უარი ვუთხარი. ამ ყველაფერს ტელეფონით მეუბნებოდა და მითხრა, რომ მუხლებზე დაჩოქილი მთხოვდა შეხვედრას. როცა ფანჯრიდან გავიხედე, ის თავის ბინაში მართლა მუხლებზე იდგა... ქმრისთვის არ დამიმალავს, რომ ბერიას ჩემთან ინტიმური კავშირის დამყარება უნდოდა. 1935 წელს ვლადიმერი ბერიას აგარაკზე იყო სტუმრად მიპატიჟებული. სუფრაზე საუბრისას ჩემმა ქმარმა ლავრენტის ზღაპარი მოუყვა, სადაც მეფე თავისი ვეზირის ცოლს ეარშიყება. ზღაპარი იმით სრულდება, რომ ვეზირმა ნადირობისას მეფე მოკლა. ამ საუბრის შესახებ ჯიქიამ მიამბო. ამბობდა, რომ ამ მოთხრობამ ბერია ძალიან შეაშინა. _ შენი თაყვანისმცემელი ტილოსავით თეთრი იყო, _ მითხრა ვლადიმერმა“. 1936 წლის მარტში ვლადიმერ ჯიქია ხრამჰესის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით მოსკოვში გამოიძახეს. ამავე პერიოდში, საქართველოს გასაბჭოების მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვში საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციაც იმყოფებოდა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ჯიქიაც ირიცხებოდა, სტალინმა შეხვედრაზე მიიწვია. ბელადმა ძველი ნაცნობი მეგობრულად მიიღო. ცოტა ხანში ხრამჰესის მშენებლობისთვის ჯიქია სტალინმა ლენინის ორდენით დააჯილდოვა. ჯიქიას წარმატებამ ბერია გააღიზიანა. ვლადიმერის დაჯილდოებაში ბერიამ საკუთარი დამცირება იგრძნო. როგორც თინათინი თავის ჩვენებაში ამბობს, მეუღლე ეჭვობდა, რომ ამ დაჯილდოებით მან ლავრენტი პავლოვიჩის სახით დაუძინებელი მტერი შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია რესპუბლიკის პირველი პირი იყო, პარტიულ წრეებში მის მიმართ მაინც ცივი და ძალდატანებითი დამოკიდებულება იგრძნობოდა. მას გაუთლელ პროვინციელად თვლიდნენ და მიაჩნდათ, რომ მაღალ თანამდებობას ინტრიგების საშუალებით მიაღწია. როდესაც 1931 წელს სტალინის რეკომენდაციით იგი საქართველოს ცეკას ხელმძღვანელად აირჩიეს, პარტიულმა აპარატმა ბერიას ბოიკოტი გამოუცხადა. ცეკას ახალ მდივანს ცარიელი შენობა დახვდა და სამუშაო კაბინეტში საღამომდე მარტო იჯდა. ძველი ბოლშევიკებისთვის დამამცირებელი იყო, რომ პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ჩეკაში ნამუშევარი, საეჭვო წარსულის მქონე კაცი დანიშნეს. ასეთი აგდებული დამოკიდებულება ბერიას თავმოყვარეობაზე მძიმედ მოქმედებდა. მას ჯეროვნად არც ქართული ინტელიგენცია აფასებდა. ამის ერთ-ერთი მაგალითი ჯიქიებთან ურთიერთობა იყო. ვლადიმერთან იკრიბებოდნენ მწერლები, პოეტები, მეცნიერები, მსახიობები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები. ჯიქიასთან დადიოდნენ გიმნაზიის მეგობრები: პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე. ხშირად სტუმრობდნენ: რუსთაველის თეატრის რეჟისორი სანდრო ახმეტელი, მწერალი კონსტანტინე გამსახურდია, ბაქტერიოლოგი გოგი ელიავა. ერთხელ აივანზე გადმომდგარმა ცეკას მდივანმა ჯიქია სტუმრებთან ერთად სახლში მიიპატიჟა. ამაზე ბერიამ ვლადიმერისგან ცივი უარი მიიღო, ჯიქიასთან სტუმრად მყოფმა რეჟისორმა სანდრო ახმეტელმა კი ლავრენტი ბერიას აივნიდან ღიად შეაგინა. გინება მთელ ქუჩას ესმოდა: თინათინ სვანიძის ჩვენებიდან: ,,1936 წლის ზაფხულში ბავშვებთან ერთად დასასვენებლად კიკეთში ვიმყოფებოდი. იქ საქართველოს ცკ-ს მეორე მდივანი, პეტრე აღნიაშვილიც ისვენებდა. აღნიაშვილმა სუფრაზე ბერიას სადღეგრძელო წარმოთქვა, რაც ჩემმა ქმარმა, რომელიც უკვე ნასვამი იყო, ხუმრობაში გაატარა და არ დალია. ამის შესახებ ბერიამ გაიგო. მან ჯიქია დაიბარა და ჰკითხა, თუ რა აზრის იყო აღნიაშვილზე. ჯიქიამ დადებითი დახასიათება მისცა. ამის მერე ბერიამ აღნიაშვილის მიერ დაწერილი დასმენა აჩვენა და ჰკითხა, ეს ფაქტი სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა. ჩემმა ქმარმა უპასუხა, რომ აღნიაშვილი ნასვამი იყო და ამ მდგომარეობაში მასთან ასეთი სადღეგრძელოს დალევა არ სურდა. ბერიამ წერილი დახია და ვლადიმერს უთხრა: `ხედავ, როგორ გაფასებ, გთხოვ, შენც ჯეროვნად მოიქცე და სხვების თანდასწრებით ჩემს ავტორიტეტს ნუღარ შელახავ“. 1937 წლის რეპრესიებს ერთი საინტერესო მახასიათებელი აქვს: სტალინს, ზოგადად, ძველი ბოლშევიკური ოპოზიციის განადგურება და, პარალელურად, მორჩილი საზოგადოების მიღება სურდა. აქედან გამომდინარე, ბელადი პირადად მხოლოდ იმ პირთა განადგურებას ითხოვდა, რომლებიც პარტელიტას განეკუთვნებოდნენ. რეპრესიების გზით მოსახლეობის დაშინება კი უკვე ადგილობრივი ხელმძღვანელობის საქმე იყო. ისინი მოსკოვს, უბრალოდ, დასახვრეტი მოქალაქეების სიას უგზავნიდნენ. ეს სქემა საქართველოს მაგალითზე რომ განვიხილოთ, შემდეგ სურათს მივიღებთ: სტალინმა ბერიას და ქართულ შინსახკომს ძველი ქართველი ბოლშევიკების: ბუდუ მდივნის, მალაქია ტოროშელიძის, მიხეილ ოკუჯავას, ლავრენტი ქართველიშვილის, მამია ორახელაშვილისა და სხვათა განადგურება დაავალა. ვის აირჩევდა ბერია ტროცკისტთა მიმდევრებად და რამდენ ტროცკისტს აღმოაჩენდა შინსახკომი საქართველოში, ეს ბელადს არ ანაღვლებდა. ასეთი სისტემის რეალობაში ამოქმედებამ ის შედეგი გამოიღო, რომ კონტრრევოლუციური ბრალდებით ყველა ის პირი დააპატიმრეს, ვის მიმართაც ბერიას პირადი ინტერესი და წყენა ამოძრავებდა. ბერიას მსგავსად მოქმედებდნენ გამომძიებლებიც. 1936 წლის შემოდგომაზე ჯიქიაზე თვალთვალი დაიწყო. ვლადიმერი ყველაფერს ხვდებოდა. თავის მეგობართან, სანდრო ახმეტელთან საუბრისას თქვა, რომ შინსახკომი დამსმენად ექიმს იყენებდა, რომელიც მათთან ძალიან ხშირად დადიოდა და უცნაურ კითხვებს სვამდა. 9 ნოემბერს ჯიქიას ცენტრალური კომიტეტიდან დაურეკეს და გადასცეს, რომ ბერია იბარებდა. შეხვედრის შემდეგ ვლადიმერი სახლში ცუდ ხასიათზე დაბრუნდა. თინათინისთვის არაფერი უთქვამს, თავის კაბინეტში ჩაიკეტა და მთელი ღამე ხრამჰესის ნახაზებს ათვალიერებდა. 11 ნოემბერს იგი უკვე შინსახკომში გამოიძახეს და თან ნახაზების წამოღება უბრძანეს. ჯიქია დააპატიმრეს და იმ დროისთვის სტანდარტული ბრალი წაუყენეს: ბრალდების მიხედვით იგი ეწეოდა კონტრრევოლუციურ მოღვაწეობას და ანტისაბჭოთა აგიტაციას; აგრეთვე იყო არალეგალური ფაშისტური ორგანიზაციის წევრი. თინათინ სვანიძის ჩვენებიდან: ,,დეკემბრის ბოლოს ცეკაში დავრეკე და ქმართან პაემანი ვითხოვე. ბერიამ მეორე დღის საღამოს დამიბარა. 10 საათზე მივედი. იგი ცეკაში არ იყო, მაგრამ როდესაც ჩემ შესახებ უთხრეს, მალე მოვიდა. მდივნის გარდა შენობაში არავინ იყო. საუბარში ბერია მარწმუნებდა, რომ ვლადიმერი ხალხის მტერია, მაგრამ არ დავუჯერე. ვთხოვე, პაემანი დაეშვა და ამანათის გადაცემის უფლება მოეცა. მან ამის ნება დამრთო. პაემანის დროს ვლადიმერმა შემდეგი მითხრა: ,,ყველაფერი ვიცი ჩემი დაპატიმრების შესახებ, ვინ დამაპატიმრა და რატომ. გემუდარები, ბერიას თხოვნით აღარ მიმართო“. სტალინის წყალობით ლავრენტი პავლოვიჩს ხელ-ფეხი გაეხსნა. კუდაბზიკა ინტელიგენტების წინააღმდეგ წლების განმავლობაში დაგროვილმა ბოღმამ გამოსავალი იპოვა და ყველა ის პირი, ვინც მას უპატივცემულოდ ექცეოდა, ან კონკურენტად მიაჩნდა, ციხეში ჩასვა. ჯიქიასთან ერთად დააპატიმრეს ვლადიმერის მეგობარი, ბაქტერიოლოგი გოგი ელიავა. ისევე როგორც ჯიქია, ელიავაც თბილისის რჩეული საზოგადოების ცენტრში ტრიალებდა. მის სახლში ყოველ კვირას წვეულება იმართებოდა. პარიზში ნასწავლი ელიავა მანდილოსნების მიმართ გალანტურობით გამოირჩეოდა. ელიავა კომპლიმენტებს არც მეგობრის მეუღლის, თინათინ ჯიქიას მისამართით იშურებდა. ბერია, რომლის აგენტურა ყველგან იყო, ელიავაზე ეჭვიანობდა: თინათინ სვანიძის ჩვენებიდან: ,,ბერია ბაქტერიოლოგიის პროფესორზე, გოგი ელიავაზე ეჭვიანობდა. ტელეფონით საუბრისას მეუბნებოდა, რომ ელიავას არშიყობის უფლებას ვაძლევ, ბერიას კი ამას ვუკრძალავ. ერთხელ ანონიმური წერილი მივიღეთ, სადაც ეწერა, რომ ვლადიმერის არყოფნისას ელიავას ვხვდებოდი. მე და ჩემი ქმარი დავრწმუნდით, რომ ანონიმური წერილი ბერიას ეკუთვნოდა“. საქართველოში ბაქტერიოლოგიის განვითარება გოგი ელიავას სახელს უკავშირდება. 1922 წელს მან საფრანგეთიდან, კერძოდ კი პასტერის ინსტიტუტიდან, სპეციალური მოწყობილობები ჩამოიტანა, რომლის მეშვეობითაც თბილისში ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია გახსნა. 1937 წლისთვის ელიავა უკვე ბაქტერიოფაგის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. თბილისში მდებარე ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში ერთადერთი დაწესებულება იყო, რომელიც სხვადასხვა ვირუსული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინებსა და შრატებს ამზადებდა. ელიავა ინსტიტუტის თანამშრომლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მუდამ მხიარული და ბუნებით გახსნილი უფროსი სამსახურში ანეკდოტებს ჰყვებოდა და ინსტიტუტის ტერიტორიაზე ცხენით დასეირნობდა. 1937 წლის იანვარში ბაქტერიოფაგის თანამშრომლებმა ნინაობა აღნიშნეს. სახლში ღამის პირველ საათზე დაბრუნდა. ერთი საათის შემდეგ მას შინსახკომის თანამშრომლები ესტუმრნენ. 23 იანვარს გოგი ელიავა დააპატიმრეს. იმავე ღამეს დააკავეს ელიავას მეუღლეც, თბილისის ოპერისა და ბალეტის სოლისტი, ანელია ვოლ-ლევიცკაია. ბერია გოგი ელიავას ირონიის გამო ვერ იტანდა. კერძო შეხვედრებისას ელიავა ლავრენტის ყოველთვის დამცინავად ესაუბრობდა. ბერიამ ისიც იცოდა, რომ ბაქტერიოლოგი საზოგადოებაში მის შესახებ უწმაწურ ანეკდოტებს ჰყვებოდა. რეპრესიების სქემაში ბერიამ ელიავას მნიშვნელოვანი ადგილი მოუძებნა. პროფესორმა არც კი იცოდა, რომ ცოტა ხანში, მისი მეშვეობით, ასეულობით უდანაშაულო ადამიანს დააპატიმრებდნენ. შინსახკომის შედგენილ ცნობაში ეწერა, რომ ელიავა საბჭოთა კავშირში საფრანგეთის დაზვერვის რეზიდენტი იყო. გამოძიების ამ ვერსიას მეცნიერის ბიოგრაფიაც უწყობდა ხელს. 20-იან წლებში ელიავა სტაჟირებაზე საფრანგეთში სამჯერ იყო. პარიზის პასტერის ინსტიტუტში მას უამრავი ნაცნობი ჰყავდა. მისი მეგობარი იყო ცნობილი მეცნიერი ფელიქს დერელი, რომლის დახმარებითაც თბილისში ბაქტერიოფაგის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა. ამ ინსტიტუტის მშენებლობასთან დაკავშირებით ელიავამ, თავის დროზე, დახმარებისთვის ბერიას მიმართა, თუმცა ცეკას მდივანმა უარი განუცხადა. პროფესორმა თავისი მაინც გაიტანა _ ბუდუ მდივნის მეშვეობით მშენებლობისთვის საჭირო თანხა გამოინახა. ელიავა მდივანს დიდი ხანია, იცნობდა. 1924-1926 წლებში ბუდუ პარიზში საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენელი იყო. ამავე წლებში ელიავა პასტერის ინსტიტუტში ფაგებთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს ატარებდა. გამოძიების ენაზე ეს შემდეგნაირად გამოიყურებოდა _ ტროცკისტული ცენტრის ხელმძღვანელი ბუდუ მდივანი საფრანგეთის დაზვერვის აგენტ გოგი ელიავასთან იყო დაკავშირებული და მდივნის ორგანიზაცია საზღვარგარეთთან ჯაშუშურ კავშირს სწორედ ელიავას მეშვეობით ამყარებდა. ელიავას საქმეს შინსახკომის კონტრდაზვერვის განყოფილება იძიებდა, რომელმაც ,,ოპერატიულად“ დაადგინა, რომ მეცნიერი საბჭოთა კავშირში საფრანგეთის სადაზვერვო ქსელს ხელმძღვანელობდა. ელიავა გამოძიებას სამი თვის მანძილზე უძალიანდებოდა და დაკითხვებზე აბსურდულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. 1937 წლის აპრილში ელიავას წინააღმდეგ ფიზიკური ზემოქმედების ბრძანება გაიცა. საშინელი წამების შემდეგ, 5 აპრილს, ბაქტერიოლოგმა აღიარებით ჩვენებას ხელი მოაწერა: გოგი ელიავას ჩვენებიდან: ,,1931 წლამდე ვიყავი ფრანგული დაზვერვის რეზიდენტი საქართველოში, ხოლო შემდეგ ჩემი სამუშაო კიდევ უფრო გაიშალა და სადაზვერვო საქმიანობის წარმოება მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დამევალა. ჩემი ფსევდონიმი იყო ,,ოტელო“, პირადი ნომერი გახლდათ – 68“. შინსახკომმა ელიავას ცხოვრება თავდაყირა დააყენა. გამოძიების მიერ შედგენილი საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ელიავა, მეცნიერების ნაცვლად, მთელი ცხოვრება შპიონაჟით იყო დაკავებული. მისი სადაზვერვო საქმიანობა 1918 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში საფრანგეთის სამხედრო ატაშე, კაპიტანი გესფელდი გაიცნო. კაპიტანმა ელიავა სადაზვერვო საქმიანობისთვის გადაიბირა. აგენტების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას იგი საფრანგეთის დაზვერვას თბილისში მდებარე ამერიკული ორგანიზაცია `ამერიკომის~ საშუალებით აწვდიდა. მის კურატორად ფრანგული დაზვერვის პოლკოვნიკი ვაგონი სახელდება. ელიავას ჩვენებით მას სადაზვერვო ქსელი ჰქონდა თბილისში, ბათუმში, მოსკოვში, ხარკოვში, ლენინგრადში. საფრანგეთის დაზვერვის ჯაშუშებად ელიავამ 65 პირი დაასახელა. მათ შორის იყვნენ: პაოლო იაშვილი, გერონტი ქიქოძე, ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, აკაკი შანიძე, მაგრამ პროფესორის სიაში ყველაზე მეტად ელიავას კოლეგები _ სამედიცინო სფეროს მუშაკები ირიცხებოდნენ. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ელიავა სადაზვერვო საქმიანობას სამხედროებს შორისაც აწარმოებდა. მეცნიერის ჩვენებით, 1924 წელს მან წითელ არმიაში ქართული დივიზიის პოლკოვნიკი ალექსანდრე მოსიძე გადაიბირა, რომლის ფსევდონიმი იყო ,,ამო“. შესაბამისი ინფორმაციის სანაცვლოდ ელიავა მას 500 მანეთს უხდიდა. ელიავას აგენტი იყო ასევე დივიზიის მეთაური თუხარელი ფსევდონიმით ,,თეგენი“. თუმცა გამოძიებას მხოლოდ ელიავას რეზიდენტობა არ აკმაყოფილებდა. შპიონაჟის გარდა მას მავნებლობისა და დივერსიის ბრალიც წაუყენეს. გამოძიების მტკიცებით, ბაქტერიოფაგის ინსტიტუტიდან, რომელიც მტკვრის სანაპიროსთან მდებარეობდა, ელიავა მდინარეს სასიკვდილო ბაქტერიებით აბინძურებდა. ამ მავნებლობას მოსახლეობის მასობრივი მოწამვლა უნდა გამოეწვია. ელიავას ხელმძღვანელობით ბაქტერიოფაგი აწარმოებდა: დიზინტერიის ფაგს, მუცლის ტიფის, სალმონელოზის საწინააღმდეგო ტაბლეტებს, შრატებს, ვაქცინებს, ბაქტერიოფაგებს, სადიაგნოსტიკო პრეპარატებს, ცოფის ვაქცინას _ ანტირაბოულს, ბოტულიზმის შრატს და ა. შ., ამიტომ უცნაური იქნებოდა, რომ ელიავას მსგავს ,,მავნებელს“ ეს ყველაფერი ხალხის წინააღმდეგ არ გამოეყენებინა. რა თქმა უნდა, ეს მავნებლობა საქართველოს მთავარ ტროცკისტთან, ბუდუ მდივანთან იყო შეთანხმებული. გოგი ელიავას ჩვენებიდან: ,,1936 წლის დასაწყისში ბუდუ მდივანი წითელი არმიის წინააღმდეგ ბაქტერიოლოგიის გამოყენებაზე მელაპარკა. ომის შემთხვევაში ჩვენ ჯარისკაცები უნდა მოგვეწამლა. გარდა ამისა, უნდა მოგვეწამლა მოსახლეობაც. მდივნის დავალებით მე მიხეილ ოკუჯავა დამიკავშირდა, რომელსაც ბაქტერიების სინჯარები გადავეცი. გერტიერისა და ბოტულინუსის მიკრობებს კონსერვებისა და ძეხვეულის მოწამვლა უნდა გამოეწვია“. ელიავას ეს ჩვენება ერთხმად დაადასტურა როგორც ბუდუ მდივანმა, ასევე მიხეილ ოკუჯავამაც (ძველი ბოლშევიკი, კვების მრეწველობის სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი). მიხეილ ოკუჯავას ჩვენებიდან: ,,სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ისე უნდა გვეწარმოებინა, რომ რეკომენდაცია გაგვეწია კონსერვირების ყველაზე უარესი მეთოდებისთვის. ჩემი დავალებით ინსტიტუტში მზადდებოდა რეცეპტი, რომელიც ჯარისკაცებსა და მოსახლეობაში მასობრივ მოწამვლას გამოიწვევდა“. შინსახკომმა დასაჭერი ხალხის უზარმაზარი სია მიიღო. ანტისაბჭოთა ორგანიზაციები აღმოაჩინეს ბაქტერიოფაგში და კვების მრეწველობის ინსტიტუტში. იჭერდნენ ყველას, ვისი გვარიც ელიავასა და მიხეილ ოკუჯავას დაკითხვის ოქმებში მოხვდებოდა. 1936 წლის ნოემბერში ბერიამ რეჟისორ სანდრო ახმეტელისთვისაც მოიცალა. ბერიასა და რეჟისორს შორის მრავალწლიანი დაპირისპირება არსებობდა. ამბიციური, უხეში და ამაყი რეჟისორი ბერიას არაფერს უთმობდა, თეატრში მთავრობის მითითებებს არ ასრულებდა და დამოუკიდებლობის დემონსტრირებას ბერიასთვის შეურაცხმყოფელი ფორმებით ახდენდა. პირველი სერიოზული კონფლიქტი 1930 წელს მოხდა. მაშინ ბერია საქართველოს შინსახკომს მეთაურობდა. იმ წელს მოსკოვში თეატრალური ოლიმპიადა გაიმართა, სადაც რუსთაველის თეატრმა გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი `ლამარა~ წარადგინა. სპექტაკლმა სტალინის მოწონება დაიმსახურა. კეთილგანწყობის ნიშნად ბელადმა ახმეტელთან ფოტო გადაიღო. მოსკოვშივე გადაწყდა, რომ რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ გასტროლს გამართავდა. გასტროლი ბერიამ ჩაშალა. ლავრენტიმ მოსკოვში ტელეფონოგრამა გააგზავნა: ,,სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება თეატრის გასტროლებზე გამგზავრებას. თეატრის ხელმძღვანელთა ძირითადი ჯგუფი და მათთან ერთად თეატრის დირექტორი ახმეტელი წარმოადგენენ ანტისაბჭოთა ელემენტს. ეს ჯგუფი ეწევა ანტისაბჭოთა მუშაობას. ამ ჯგუფის საზღვარგარეთ გამგზავრების, იქ მისი მოღვაწეობისა თუ საბჭოთა კავშირში დაბრუნების პასუხისმგებლობის აღება არ შეიძლება“. თეატრი გასტროლზე არ გაუშვეს. ამის გამო ახმეტელი ბერიას ღიად აგინებდა. მათი ნებისმიერი შეხვედრა ჩხუბითა და ერთმანეთის ლანძღვით მთავრდებოდა. ბერიას აპარატის თანამშრომელი კაჭარავა ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის მოწმე გახდა: `1935 წლის 2 მაისს ახმეტელი ბერიასთან იმყოფებოდა, სადაც რეჟისორმა ბერია უხამსი სიტყვებით შეამკო. იმავე წლის ზაფხულში ბერიასა და დეკანოზოვის (შინსახკომის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი) საუბრის მოწმე გავხდი, სადაც ბერიამ ახმეტელს ვიგინდარა უწოდა, რომელიც მას ანგარიშს საერთოდ არ უწევს. ბერია ამბობდა, რომ მისი ნებართვის გარეშე ახმეტელმა რუსთაველის თეატრში სტალინთან გადაღებული ფოტო გამოჰკიდა და ამ ფოტოთი თავი მოაქვს. ბერია განრისხებული იყო და თქვა, რომ ახმეტელი მალე თავის საკადრისს მიიღებსო~. ბერიას მცდელობის მიუხედავად, რუსთაველის თეატრში კომუნისტური იდეოლოგიის წარმოდგენებს ახმეტელი იშვიათად დგამდა. 1935 წელს გრიგოლ რობაქიძე საბჭოთა კავშირის მტრად გამოცხადდა და მისი ყველა ნაწარმოები აიკრძალა. ბერიამ რუსთაველის თეატრის რეპერტუარიდან რობაქიძის ,,ლამარას“ ამოღება მოითხოვა, მაგრამ ახმეტელი რესპუბლიკის პირველ პირს არ დაემორჩილა. 1935 წლის 13 სექტემბერს, მთავრობის დადგენილებით, ახმეტელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დევნილი რეჟისორი მოსკოვში გადაბარგდა, სადაც ,,მწვანე თეატრში“ დაიწყო მუშაობა. ახმეტელის დასაპატიმრებლად ბერია ნიადაგის მომზადებას 1936 წლის სექტემბერში შეუდგა. რუსთაველის თეატრს მოულოდნელად დაპატიმრებების ტალღამ გადაუარა. ბერიას მითითებით შინსახკომმა მსახიობთა შორის ანტისაბჭოთა ცენტრი აღმოაჩინა. გამოძიება ახმეტელის წინააღმდეგ კონკრეტულ ჩვენებებს აგროვებდა. 22 სექტემბერს დააპატიმრეს მსახიობები ელგუჯა ლორთქიფანიძე და ივანე ლაღიძე. ციხეში აღმოჩნდა თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი ია ქანთარია. სამივე დაკავებული ახმეტელის მხარდამჭერად მიიჩნეოდა. ციხეში ჩასვეს რუსთაველის თეატრის სუფლიორი ნანა ღვინიაშვილი. სპექტაკლებისას ღვინიაშვილი ნიჟარიდან მსახიობებს რეპლიკებსა და ტექსტს აწვდიდა, მაგრამ შინსახკომმა მიიჩნია, რომ იგი ფარული კონტრრევოლუციური ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ძირს უთხრიდა საბჭოთა წყობას და პარტიის ხელმძღვანელთა მოკვლას გეგმავდა. შესაბამისი დამუშავების შემდეგ პატიმრებმა გამოძიებას სასურველი ჩვენება მისცეს. ია ქანთარია: ,,ახმეტელი ნაციონალ-დემოკრატი იყო. იგი უარყოფდა კოლექტივიზაციას, ლაპარაკობდა დამოუკიდებელ საქართველოზე. ახმეტელთან იყვნენ თანამოაზრე, ნაციონალურად განწყობილი მწერლები: ჯავახიშვილი, გამსახურდია, რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი. ისინი ყოველთვის ლაპარაკობდნენ დამოუკიდებელ საქართველოზე, ებრძოდნენ რუსული კულტურის გავლენას“. ივანე ლაღიძე: ,,ახმეტელს ჰქონდა ნაციონალური მსოფლმხედველობა. ხშირად ამბობდა, რომ იგი იტანჯება ბოლშევიკებისგან საქართველოს გამოხსნის იდეით“. ელგუჯა ლორთქიფანიძე: ,,ახმეტელი იყო გამოკვეთილი ნაციონალ-დემოკრატი. მახსოვს მისი განცხადება: ბოლშევიკებისგან საქართველოს ხსნა მხოლოდ ნაციონალ-დემოკრატებს შეუძლიათო“. ახმეტელის დასაკავებლად ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. 1936 წლის 19 ნოემბერს სანდრო ახმეტელი მოსკოვში დააპატიმრეს და საქართველოს შინსახკომის მოთხოვნით თბილისში ეტაპით გამოუშვეს. ისევე როგორც გოგი ელიავას შემთხვევაში, ახმეტელსაც აგენტურულ საქმიანობაში დასდეს ბრალი. საზღვარგარეთის დაზვერვაზე მუშაობის სქემა ახმეტელს გამომძიებელმა თავად შეუდგინა. ამ სქემის მიხედვით რეჟისორი ამერიკელმა მზვერავმა, ვინმე რადომსკიმ გადაიბირა, რომელიც ინგლისის დაზვერვაზე მუშაობდა. ჯაშუშობის ბრალდებას რამდენიმე დღეში ტერორიზმიც დაემატა. ახმეტელისგან ითხოვდნენ, ბერიასა და სტალინზე ტერაქტის მოწყობის განზრახვა დაედასტურებინა და ტერორისტული ჯგუფის წევრები დაესახელებინა, თუმცა ახმეტელი ყველაფერს უარყოფდა. ჯიუტი რეჟისორის გასატეხად შინსახკომმა ახმეტელის მეუღლე, თამარ წულუკიძე დააპატიმრა. წულუკიძის გარდა თეატრში დამატებით კიდევ 20-მდე თანამშრომელი აიყვანეს. რეჟისორი, რომელიც ფიზიკურ ზემოქმედებას ვეღარ უძლებდა, მეუღლის დაპატიმრების ცნობამ საბოლოოდ გატეხა. 1937 წლის 17 მარტს ახმეტელი გამოძიებას დანებდა და დაკითხვის ოქმებზე ხელი მოაწერა. ოქმებში კითხვა-პასუხი წინასწარ იყო შევსებული. სანდრო ახმეტელის ჩვენებიდან: ,,საქართველოში მოქმედებდა კონტრრევოლუციური ნაციონალისტური ცენტრი, რომელშიც ჩემ გარდა შედიოდნენ: ინჟინერი ვლადიმერ ჯიქია, მწერლები მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა დადიანი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, მეცნიერი შალვა ნუცუბიძე. დაკავშირებული ვიყავით ბუდუ მდივნის ტროცკისტულ ორგანიზაციასთან. მათი დავალებით ბერიას მოსაკლავად რუსთაველის თეატრში შევქმენი ტერორისტული ჯგუფი. სტალინზე ტერაქტის მოსაწყობად 1936 წელს მოსკოვშიც ჩამოვაყალიბე ტერორისტული ორგანიზაცია“. ყალბ აღიარებაში რეჟისორმა 200-ზე მეტი გვარი დაასახელა. მათ შორის. მსახიობები: ლაღიძე, წულუკიძე, ღვინიაშვილი, შავიშვილი, ქანთარია, ლორთქიფანიძე, კორიშელი, ანუ რუსთაველის თეატრის თითქმის ყველა ძველი მსახიობი. აგრეთვე: საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები შალვა დადიანი და ალექსანდრე წუწუნავა. გამოძიებამ შესაბამისი ჩვენება თამარ წულუკიძისგანაც მიიღო. თამარ წულუკიძის ჩვენებიდან: ,,1934 წელს კონტრრევოლუციურ საქმიანობაში ქმარმა ჩამითრია. ვეწეოდი ძირგამომთხრელ საქმიანობას ხელოვნების სფეროში. ახმეტელის საშუალებით დაკავშირებული ვიყავი ამერიკელ მზვერავ რადომსკისთან“. ახმეტელის მიერ ციხეში გადატანილი წამების შედეგებს და მის სულიერ მდგომარეობას საკმაოდ კარგად აღწერს 1937 წელს საკანში მასთან ერთად მყოფი ვინმე ქვლივიძე, რომლის ჩვენებაც საარქივო მასალებშია დაცული: ,,ახმეტელი უმოწყალოდ იყო ნაცემი, ტანსაცმლისგან მხოლოდ ძონძები დარჩა. იგი ამბობდა, რ

გაზიარება