8 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. რეალობა ისეთია, რომ ვერავინ გაიგებს, კენჭისყრა რა შედეგებით დასრულდება. მმართველობის ოთხი წლისთავზე მარიონეტული ხელისუფლების რეიტინგი გაცამტვერებულია. მეორე მხრივ, პოლიტიკური ოპოზიციისადმი ნდობის ხარისხიც აღმატებული არ არის.
სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, ამომრჩეველს საკუთარი სიყვარული დაუმტკიცონ და ამ გზით პარლამენტსა და, შემდგომ, მთავრობაში ადგილები გაინაღდონ. ხალხის მოლოდინი კი დუხჭირი ყოფისგან თავის დაღწევაა.
სხვადასხვა წარმოშობის „ისტები“ თუ „იზმები“ აქტუალობას კარგავს, რადგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლისთავზე ე. წ. საშუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის ამ ქვეყანაში არსებობა, ლამის, შეუძლებელია. აღარაფერს ვამბობთ მილიონზე მეტ ადამიანზე, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, თუ ამას ცხოვრება ჰქვია.
დღევანდელი საქართველოს რეალური სურათი ეს არის და ტელევიზიიდან მომდინარე მჩქეფარე ზღაპრებით ადამიანების გულს ვერ მოიგებ. დამღუპველი სტაგნაცია უნდა დასრულდეს და ახალი პერსპექტივები გაჩნდეს, თორემ წყალსაც წაუღია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და მთავრობა, რომლის წევრებიც დღე და ღამე იმაზე ფიქრობენ და ოცნებობენ, თუ როგორ და რა გზით გაზიდონ სახლში მეტი და მეტი, სანამ დამსახურებულ პანღურს არ მიიღებენ.
მოკლედ ვთქვათ, საიდან მოვდივართ და სად ვართ? ნულოვანი პრეტენზია გვაქვს მემატიანეობაზე, მაგრამ გარკვეული შტრიხების ასახვას მაინც შევეცდებით.
დამოუკიდებელი საქართველო (რა მაგარი ცნებაა და რამდენ უკუღმართობა-უბედურებას იტევს!) ჩემს „თვალწინ გაიზარდა“, თუ ამას გაზრდა ჰქვია. სასწავლებელში 1991-ში ჩავირიცხე, მაგრამ სწავლა ვერ იწყებოდა. პოლიტბიუროს წევრებმა „გეკაჩეპე“ გამოაცხადეს და ახლად გამომცხვარ სტუდენტებს ყამირ მიწებზე კარტოფილის ასაღებად გაგდებას გვიპირებდნენ. გადატრიალება ჩაფლავდა და სწავლა, როგორც იქნა, 22 ნოემბერს დაიწყო.
იმ დროიდან მახსენდება თბილისური პერმანენტული მიტინგები, ცალკე ოპოზიციის, ცალკე ხელისუფლების მხარდამჭერების, ძირითადად, შუახნის ქალბატონების აქტიური მონაწილეობით. მუდმივად დენთის სუნი ჰეარში, დავები ყოველი ფეხის ნაბიჯზე, მათ შორის, უნივერსიტეტის წინ, ეზოში, კიბეებზე და ა.შ., სადაც კარგად მახსოვს, ერთი და იგივე უცნაური ტიპები აქტიურობდნენ.
მერე მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მატარებელი არ ჩერდება და გზას აგრძელებს. ვიგებთ, რომ ზემოთ ომი დაიწყო. დეკემბრის შუა რიცხვებში სასტიკად გაუბედურებულ-დანგრეულია რუსთაველი. „დემოკრატიამ გაიმარჯვა“. ხალხის მიერ 97%-ით არჩეული პრეზიდენტი განდევნილია, სამხედრო საბჭო მართავს ქვეყანას. ბედის ირონიაა, პირველი აქტი პრესის თავისუფლებას ეხება.
პატარა ქვეყანა გაყინულ-გაპარტახებულია, აქ პასუხისმგებელი არავინაა, ყველა თავისას „უბერავს“. შუქი არა, წყალი არა, გაყინული აუდიტორიები, სწავლის ხარისხი _ ნული! უკვე დამხობილ-კანონიერი ხელისუფლების აქტივობა, ქუჩებში მიტინგების დახვრეტები, საშინელებათა თეატრი თამაშდება.
ქვეყანას შიდა დაპირისპირება ჯიჯგნის და ერთ-ერთ გამოსავალს აფხაზეთში შესვლით ხედავენ. ფსოუს წყლის დალევა წარმატებით ვერ სრულდება. მოსკოვის დირიჟორობით მორიგი სასტიკი ომი იწყება, რომლის მიზანიც რაც შეიძლება მეტი ქართველის, აფხაზის, კავკასიელის ამოჟუჟვაა. ამ დროს თბილისი თვითონაც სულს ღაფავს უშუქობა-უწყლობა-უპურობა-უგაზობაში! ხალხი მთელი ღამით სამჯერ უნდა მივიდეს მაღაზიასთან, რომ დილით „პური არსობისა“ მისცენ, ერთხელ თუ გააცდენს, იმასაც არ მისცემენ.
უცბად გამდიდრებული „ელიტა“ დღე და ღამე ღრეობს რესტორნებში, ხალხი კი შიმშილს ებრძვის, ვის აინტერესებს შენი აფხაზეთი, გულანთებული ბიჭებისა და გოგონების გარდა? ყველაფერი ლოგიკურად სრულდება, თბილისური სიძულვილი მოწამლულ აფხაზურს აწყდება და, როგორც მოსალოდნელია, კრემლი სასწორის პინას სეპარატისტებისკენ ხრის.
ომიდან ქვეყანა კიდევ უფრო გაპარტახებული გამოდის. პერსპექტივა _ ნული! სახელები იცვლება, შინაარსი _ არა. თითქოს პატარა პლუსები ჩანს, ნავთობსადენი, გაზსადენი, დასავლური ინტერესების შემოსვლა კავკასიაში, მაგრამ კორუფცია ხრავს ყველას და ყველაფერს. ვისაც კი რაიმე საშუალება აქვს, ქვეყნიდან გარბის. ვინც რჩება, არსებობისთვის იბრძვის და ეს არ მთავრდება.
უკვე XXI საუკუნეა და ქვეყანაში ელემენტარული პირობები, დენი, წყალი, გაზი ისევ არ არის. დენი ქუჩის ლამპიონებიდან შემოგვყავს სიცოცხლის რისკის ფასად. ეს დენი დაღამებიდან 12 საათამდე მაინც უნდა იყოს, მაგრამ ხშირად ესეც არ არის.
ასე ცხოვრება შუძლებელი ხდება და „ვარდების რევოლუცია“ თავის საქმეს აკეთებს. იწყება წარმოუდგენელი რეფორმები პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. ეს ყველაფერი კარგად პიარდება კიდეც. კომუნალური პრობლემები გვარდება. სახელმწიფო უწყებები გამართულად მუშაობს, კორუფციას ბოლო ეღება, ნაბიჯი უზარმაზარია. ლეგენდები დადის პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოში გაკეთებულ რეფორმებზე...
მაგრამ რევოლუცია მსხვერპლს მოითხოვს და ამას ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები. რაოდენ „ბრალიანიც“ არ უნდა ყოფილიყო ვინმე, მისთვის სიცოცხლის წართმევის უფლება არც ერთ სხვა ადამიანს არ ჰქონდა, მით უმეტეს, სახელმწიფოს, მთელი თავისი სადამსჯელო მანქანით.
მოლაშვილი, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე... ყველა წარმატებას ფასი ეკარგება და ფერმკრთალდება, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელება, ციხეში არსებული მდგომარეობა სისტემური დანაშაული იყო, რომელმაც იგივე სისტემა, საბოლოოდ, დაამსხვრია და ამოატრიალა. მიღწევებს ფასი ეკარგება. არადა, რამდენი კარგი რამ გაკეთდა! ნუთუ, ამისთვის საკუთარ მოქალაქეებზე გადავლა აუცილებელი იყო?!
შემდეგ რუსულ-ოსურ აშკარა პროვოკაციაზე წამოგება და მორიგი ომი, რომლის დაწყება და დამთავრება ერთი დიდი კითხვის ნიშანია. შევარდნაძის სასტიკი გაკვეთილი ვერ გავითვალისწინეთ, სააკაშვილმა ხელისუფლების შენარჩუნება მაინც ვერ მოახერხა. კიდევ ერთი წაგებული ომი რუსების დირიჟორობითა და ახლა უკვე ღია მონაწილეობით, ახალი დაკარგული ტერიტორიები.
ზღვარგადასული სიძულვილი პოლიტიკურ ძალებს შორის, საზოგადოებაში ერთმანეთის მიუღებლობა: „ჩვენ ხომ ერთმანეთს ვჭამთ და აფხაზებს, ოსებს რაღას ვუზამთ?“
ოპოზიციის ლიდერის გამოჩენა, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავიდანვე უსტარით იწყებს მოსახლეობასთან საუბარს. დაპირება, რომ მიშას გააგდებს და თვითონ მოვა. ამ დროისთვის „ნაციონალების ხელისუფლება“ ისედაც მორყეულია, ძლიერი ლიდერის საჭიროებაა და ისიც ჩნდება.
ბიძინას ამერიკული დაცვა, ჯერარნახული დაპირებები, ყველა დაპირების გაცემა, რასაც კი ადამიანის ტვინი მოიფიქრებს... ხალხის რწმენა, რომ ადამიანის უფლებები აღარ შეილახება და ეკონომიკა, სოციალური ცხოვრება ბევრად გაუმჯობესდება. ხალხი რიგში დგას, დევნილები, იპოთეკარები, საბანკო სესხებისგან დატანჯულები და ათასი სხვა, ვისაც მილიარდერ ივანიშვილის იმედი აქვს.
დაპირებაც, იცოცხლე _ იაფი, უფასო ფული, უამრავი საწარმო, სოლარიუმები ურეკში, ყველა ოჯახში!.. რა ჩამოთვლის ამ ყველაფერს?! და ხალხიც შემართულია. 80-იანი წლების ბოლოდან რუსთაველზე ასეთი ხალხმრავალი მიტინგი არავის ჩაუტარებია. ბიძინა არჩევნებს იგებს, მაგრამ ივიწყებს საკუთარ დაპირებებს. ერთი წელი რის ვაი-ვაგლახით გაჰყავს და ხელისუფლებას ღარიბაშვილს აბარებს. ოცნებას მიშვებული ხალხი კითხულობს, _ მდიდარი ავირჩიეთ, იქნებ, ცოტა გვიშველოს და დღისით-მზისით ღარიბაშვილი შემოგვტენაო.
არჩევნებამდე გაცემული დაპირებებიდან, მაქსიმუმ, 10-15% სრულდება! ხალხი მალე ხვდება, რომ უნამუსოდ მოტყუებულია. ბიძინა ამერიკულ დაცვას სახლში უშვებს და ევრაზიული კავშირის ავ-კარგზე იწყებს საუბარს. ახლა მხოლოდ სატელევიზიო ეთერითა და პრესკონფერენციებით ესაუბრება მოსახლეობას. მთავრობის რეიტინგი მისი წასვლის მერე კიდევ უფრო გაცამტვერებულია. ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ უფრო მცირდება, ვინც დასაქმებულია, აქედან, ლამის, 70-80% ნეპოტიზმის ნიშნით. ლარი დევალვირებულია, საწარმოები არ გახსნილა, პირიქით, მცირე ობიექტები პანტაპუნტით იხურება.
უფასო ფული კი არა, ცოტა ნორმალურ სესხს ბანკებიც არ გასცემენ და ხალხი კერძო საფინანსოებს აწყდება, მათ ვიწრო ყულფში ჰყოფს თავს. ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება. ქვეყნიდან გამქცევების რაოდენობა კიდევ უფრო მატულობს. „მარჩენალს“ რეალობისთვის თვალებში ჩახედვა არ სურს, მაძღარს ყველა მაძღარი ეგონაო.
მთავრობისადმი ნდობა კრიტიკულ ზღვრამდეა დასული. ხალხი მთავრობას დაპირებებს ახსენებს და ვინც ეს, თავის დროზე, გულუხვად გასცა, ახლა ჩირგვებშია ღრმად დამალული. ის აწი მრავალწლოვან ხეზე და მისი გადანერგვის ტექნოლოგიაზე ნერვიულობს, იქვე ახლოს სოფლელები სოლარიუმების მშენებლობას ამაოდ ელოდებიან.
ქვეყანაში იქმნება ძირმომპალი არაფორმალური მმართველობა, რომლის შინაარსი ამ ქვეყნისთვის და მისი მოსახლეობისთვის ღრმად შეუარცხმყოფელი ხდება. ლამის ერთადერთი ნათელი წერტილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა, მაგრამ მედიკამენტებზე ფასების მუდმივი ზრდის ფონზე მისი ნაყოფიც მჟავეა.
იცვლება პრემიერი, მაგრამ უშედეგოდ... სიტყვების რახარუხი. ოთხი წლისთავზე ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბებულ-დაბეჩავებულია.
სურათი ასეთია, _ სააკაშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს არღვევდა, მაგრამ საქმეს რაც შეეხება, აკეთებდნენ და „ოცნებასთან“ განსხვავება ცა და დედამიწააო. მართლაც, წინა ხელისუფლების ნაბიჯებთან, კონკრეტულ რეფორმებთან შედარებით ესენი წყალწაღებულ უსაქმურებად გამოიყურებიან. ამის დამადასტურებელი ფაქტები იმდენია, ჩამოთვლას აზრი არ აქვს, ყველა საკუთარ ტყავზე ამჩნევს.
არსებული ხელისუფლება მართვის სადავეების შენარჩუნებას ერთი რეჟისორის (რომელიც, თავის დროზე, ყველა რეჟიმს წარმატებით ერგებოდა) მხატვრული ფილმით ცდილობს. ეს ხდება პრინციპით, _ ჩვენ, შეიძლება, მთლად კარგები ვერ ვიყოთ, მაგრამ ნახეთ, სხვები ჩვენზე უარესები იყვნენო. რას მოიტანს ასეთი მცდელობა, ესეც 8 ოქტომბერს გამოჩნდება.
ასეთი პოზიცია ყალიბდება, _ ჩამოაცილე წინა ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა სფეროში დარღვევები და ნორმალური მთავრობა გამოდის. ესენი კი ღმერთს არ უქნია და რაც უფრო მალე მოშორდებიან, მით უკეთესი იქნებაო.
რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, სისტემური დარღვევა-დანაშული აღარ არის, მაგრამ ცალკეული შემთხვევები დღესაც დიდ კითხვის ნიშნებს სვამს... მაგალითად, სამტრედიელი დემურ სტურუას ტრაგედია, როცა ახალგაზრდა კაცი ისევ უსახო სახელმწიფო აპარატს ეწირება. ასეთი შემთხვევები კი მომავალი ხელისუფლებისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა გახდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი და იგივე მახიჯ წრეზე სიარულს ვერ ავცდებით.
ამ ქვეყანაში ყველაზე მთავარი, ადამიანის უფლებები, ხელშეუვლად დაცული უნდა იყოს და სახელმწიფო აპარატს მკაცრად განსაზღვრული უფლება-მოვალეობები ჰქონდეს. სხვა პირობებში არც ევროპა გვიშველის და ბოლომდე ველურებად დავრჩებით. საით გვექნება პერსპექტივა ასეთ რეალობაში, ესეც ყველასთვის ცხადია, რადგან ჩრდილოეთით მობინადრე ეშმაკს არ სძინავს.
და კიდევ: ქვეყნის სამართალდამცველ ორგანოებს ერთხელ და სამუდამოდ მკაცრად განსაზღვრული უფლება-მოვალეობები უნდა ჰქონდეს. დაუშვებელია 21-22 წლის ბიჭების ისეთი ინსტრუმენტებით აღჭურვა, რითაც სხვასაც დაღუპავენ და ამით საკუთარ თავსაც სამუდამო განაჩენს გამოუტანენ.
მთლიანობაში, ფორმულა ასეთია: ქვეყანას სჭირდება ძლიერი, საქმეზე, რეფორმებზე, ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ხელისუფლება, ოღონდ ერთი პირობით _ ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათი ოჯახებისთვის, შვილებისთვის, პენსიონერებისთვის კეთდება და არა რაღაც ეფემერული იდეებისთვის, როგორ კაშკაშადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ის. მომავალ ხელისუფლებაში, თუნდაც „ნაციონალების“ საქმისკაცობა და „ოცნების“ მცირე წარმატება ადამიანის უფლებების სფეროში უნდა გაერთიანდეს ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.
ოკუპირებულ ქვეყანას უფლება არ აქვს, დახურულ წრეზე იტრიალოს. ვინც არ უნდა მოვიდეს სათავეში, სწრაფი დემოკრატიული განვითარება აუცილებელია, რათა ქვეყნის (ჩვენს თანამემამულეებთან) გაერთიანების რეალური პერსპექტივები გავაჩინოთ. ერთი ადგილის ტკეპნის უფლება არ გვაქვს. არადა, ბოლო ოთხი წელია, ამასაც არ ვაკეთებთ, ლამის ყველა მიმართულებით უკან მივდივართ და 8 ოქტომბერს ეს უნდა დასრულდეს.
ქვეყანას ახალი სისხლი სჭირდება, ძველებიდან ამ სიოს ვინც ალღოს ვერ აუღებს, ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება. ეს ქვეყანა ბევრად უკეთეს ხელისუფლებას და, საერთოდ, უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს. 8 ოქტომბერი კიდევ ერთი ტესტის ჩაბარებაა, ჩვენი საზოგადოების თითოეულმა წევრმა ეს უნდა გაითვალისწინოს. უნდა აირჩიოს და მკაცრად მოსთხოვოს! გამოსავალი მხოლოდ ეს არის.
დაბოლოს, გერმანულ-ამერიკულმა კომპანია GFK-მ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა.
კითხვაზე: თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? _ შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ _ 25.8%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ _ 25.5%; „სახელმწიფო ხალხისთვის _ პაატა ბურჭულაძე“ _ 6.9%; „ლეიბორისტული პარტია“ _ 3.7%; „თავისუფალი დემოკრატები _ ირაკლი ალასანია“ _ 2.9%; „პატრიოტთა ალიანსი _ ირმა ინაშვილი“ _ 1.6%; „ნინო ბურჯანაძე _ დემოკრატიული მოძრაობა“ _ 1.4%; „რესპუბლიკური პარტია“ _ 0.5%; „პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ _ 0.4%; „ახალი საქართველო _ გიორგი ვაშაძე“ _ 0.4%;
არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 3.0%; ჩატარებული გამოკითხვისას პასუხზე უარი განაცხადა 7.7%-მა; კატეგორია „მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია“ აირჩია 19.0%-მა;
კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2200 ადამიანი გამოიკითხა.
გამოკითხვის შედეგებს კვლევის დამკვეთი _ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აქვეყნებს. ამავე არხის ინფორმაციით, გერმანულ-ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.
გიორგი მეფარიძე