გახდე მატერიალურად უზრუნველყოფილი, არ ნიშნავს, რომ ბედნიერი იქნები. ცხოვრებაში ამაზე ბევრად უფრო ღირებული ფასეულობები არსებობს, რომელთაც ყველანი ვფლობთ, თუმცა მათი შემჩნევა და დაფასება, სამწუხაროდ, ყველას არ შეგვიძლია.
კაცი რომ ქერის ორმოში ჩავარდება, ხომ გაგიგიათ?
ჰოდა, ასეა ჩვენი სოსოც!
რა გაუმართლა?
2012-ში ჯიბეგაფხეკილი, ვალებაკიდებული ხელისუფლებას მოჰყვა, 2012-მდე საკუთარ უსაფრთხოებას ვერ იცავდა და როგორც მისი მეზობელ-ნათესავები ამბობენ, ხალხს ემალებოდა, ვაიმე, ვალი არ მომთხოვონო...
და ახლა?
ახლა ისე აქვს აწყობილი საქმე, როგორც ინდური ფილმების „ბობის“ _ ქონებრივი დეკლარაცია სრულად შეუვსია.
დავიწყოთ, 2013, 2014, ან 2015 წელს რა ქონება ჰქონდა სოსოს?
ოჯახის წევრთა რაოდენობაში გოგაშვილს მეუღლე და სამი შვილი ჰყავდა მითითებული. წინა წლებისგან განსხვავებით მისი უფროსი ქალიშვილი ამ დეკლარაციაში აღარ არის, რადგან დაოჯახდა და, შესაბამისად, გოგაშვილმაც დეკლარაციიდან ამოიღო.
სამაგიეროდ, დეკლარაციაში თუ გასულ წლებში ვხედავდით, რომ გოგაშვილის ოჯახის წევრებს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ გააჩნდათ, საუკეთესო მეოთხე წელს აღმოჩნდა, რომ სოსოს ოჯახის წევრთა და თავად „სუსის“ შეფის ქონებრივი დეკლარაცია სრულიად შეიცვალა...
ანუ:
1997 წელს დაბადებულ უფროს ვაჟს, ნიკოლოზ გოგაშვილს, დედოფლისწყაროში, სოფელ მაჩხაანში აქვს საცხოვრებელი სახლი ფართობით 177.00 კვ.მ., ასევე მის 100%-იან მფლობელობაშია სოფელ ზემო მაჩხაანში 1038.00 კვ.მ. და 500.00 კვ.მ., მიწის ნაკვეთები. სავარაუდოდ, მამაპაპისეული ასჯერ დაგირავებული და დაყადაღებული ქონება ჩუქებით გადმოეცა.
თუმცა არც სოსო დაგვრჩა ურიგოდ. მის საკუთრებაში 12 ჰა-ზე მეტი მიწაა შირაქში. დეკლარაციის მიხედვით საქართველო, დედოფლისწყარო, სოფელი ზემო მაჩხაანი, შირაქი, ნაგომრები, _ ფართობი: 12502.00 კვ.მ.
ყველაფერი ამით არ დასრულებულა.
სოსოსთან ერთად 2012 წლის შემდეგ კარიერული წინსვლა მის მეუღლესაც განუცდია. კერძოდ: გოგაშვილის მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი, 2013 წელს არსად მუშაობდა.
2014 წელს მუშაობას იწყებს სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მთავარ სპეციალისტად, სადაც 2015 წელს იგივე პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას.
2016 წელს, ანუ „ქართული ოცნების“ მეოთხე საუკეთესო წელიწადის დასაწყისში, თეა მარტყოფლიშვილი წინაურდება, კერძოდ, შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ.
რაც შეეხება ოჯახის წევრის მიერ შესრულებულ ნებისმიერ ანაზღაურებად სამუშაოს, გოგაშვილის მეუღლეს 2013 წელს ჯამაგირი 0 ლარი აქვს, თუმცა 2014 წელს მისი წლიური ჯამაგირი 12 000 ლარია. 2015 წელს, იგივე თანამდებობაზე, რატომღაც, ხელფასს, თითქმის, სამჯერ მეტს იღებს _ 31318 ლარს, 2016 წელს კი მისი ანაზღაურება 59280 ლარია.
რაც შეეხება სოსოს ნაშრომს, რამდენს ვუხდით ჩვენი უსაფრთხოების დაცვაში, ხომ საინტერესოა?
2013 წელი, თანამდებობა, _ შსს გენერალური ინსპექცია, გამომძიებელ-ინსპექტორი, 2067 ლარი;
2014 წელი, თანამდებობა, _ შსს გენერალური ინსპექცია, ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, 29923.43 ლარი;
2015 წელი, თანამდებობა, _ შსს გენერალური ინსპექცია, სასაზღვრო პოლიცია, საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთ. სამმართველოს უფროსის მოადგილე, 49285.88 ლარი;
2016 წელი, თანამდებობა, _ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 58495.50 ლარი;
2016 წელი, თანამდებობა, _ შს მინისტრის პირველი მოადგილე, 77777.92 ლარი.
2016 წელს სოსო გოგაშვილს გასავალი, მხოლოდ და მხოლოდ, 13300 ლარი ჰქონდა: 5000 ლარი შვილის სწავლის გადასახადი, 5000 მიწის ნაკვეთების ყიდვისას, ხოლო 3300 დოლარი კი ავტომობილის შეძენაში გადაიხადა.
დეკლარაციის შევსების დროს გოგაშვილს ხელზე ჰქონდა 85 000 ლარი, ხოლო მის მეუღლეს _ 25 000 ლარი.
დაბოლოს, როცა ვინმეს კითხვა გაუჩნდება, _ იცავს თუ არა მას სახელმწიფო? იცოდეს, _ ეს სახელმწიფო მხოლოდ ერთეულებს ემსახურება! საქართველოში ჩვეულებრივი მოკვდავი, რიგითი ადამიანების ჯერი არ დამდგარა...
P. S. ამ დეკლარაციისა და კიდევ ბოლო ოთხი წლის მანძილზე ძალიან ბევრი რამის თვალის გადავლებისას მივხვდი, გოგაშვილზე ღარიბი კაცი ამ ქვეყანაზე არ ცხოვრობს. რატომ? _ ესეც იგავი სიღარიბესა და სიმდიდრეზე. შეგიძლიათ, ამის მერე მას სოსოსა და „ქრონიკა+“-ის იგავი უწოდოთ:
„ერთ დღეს ძალიან მდიდარმა ოჯახმა თავისი შვილი სოფელში წაიყვანა, რათა მისთვის ეჩვენებინა, თუ რა ღარიბულად ცხოვრობდნენ სხვა ადამიანები. მათ სოფელში მდგარ პატარა ქოხში რამდენიმე დღე გაატარეს და ამის შემდეგ ისევ შინისკენ გამოეშურნენ. გზაში მამასა და შვილს შორის ამგვარი საუბარი გაიმართა:
_ როგორ მოგეწონა მოგზაურობა, შვილო?
_ ძალიან მომეწონა, მამა.
_ ხომ ნახე, თუ როგორ ცხოვრობენ ღარიბი ადამიანები?
_ კი, მამი, რა თქმა უნდა.
_ კარგი, მაშინ მითხარი, რა ისწავლე ამ მოგზაურობიდან? _ იკითხა მამამ და სიამაყით მოემზადა შვილის პასუხის მოსასმენად. შვილმა კი მიუგო:
_ ჩვენ მხოლოდ ერთი ძაღლი გვყავს, მათ კი ოთხი, ან მეტი. ჩვენ აუზი გვაქვს, რომელიც ბოლომდე სწვდება ჩვენს ბაღს, მათ კი ტბა აქვთ, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ღამით ჩვენს ეზოში უამრავი ლამპიონი ანათებს, მათ კი ცაზე მოკიაფე ვარსკვლავები უნათებენ ბნელ ღამეებს. ჩვენი ეზო არაფერია მათ მინდვრებთან შედარებით. ჩვენ ვყიდულობთ ჩვენს საკვებს, მათ კი შეუძლიათ, მოიყვანონ იგი. ჩვენ ჩვენი სახლის გარშემო შემორტყმული ყრუ კედლები გვიცავს, მათ კი მეგობრები ჰყავთ, რომლებიც მზად არიან, ყოველთვის გვერდით დაუდგნენ და დაიცვან ისინი.
მწარედ დაფიქრებული მამა უსიტყვოდ უსმენდა შვილს.
_ მადლობელი ვარ, მამა, რომ მაჩვენე, თუ რა ღარიბები ვყოფილვართ, _ დაასრულა შვილმა.
ჩვენგან განსხვავებით სოსოს სახლს მაღალი, უშველებელი ყრუ კედელი იცავს, რადგან ოჯახს დაბალი ღობის ეშინია... ჩვენ კედლები და ღობეები არ გვაქვს, არც სახელმწიფო ფულს ვფლანგავთ, ჩვენ სინდისი და მეგობრები გვიცავს და მარად დაგვიცავს...
მაკა მოსიაშვილი