ხუთშაბათი, 01 მაისი, 2025
2025-02-27 09:42:11
ირინა მაკარიძე
უკვე მესამე თვე სრულდება, რაც ქვეყანაში უწყვეტი სამოქალაქო პროტესტი მიმდინარეობს. აქციებმა მოიცვა დედაქალაქი და ქვეყნის ქალაქები, პროტესტის მუდმივი ეპიცენტრი რუსთაველის გამზირია.
პროტესტის ავანგარდში არის სამოქალაქო საზოგადოება, ის ხალხი, ვინც ირაკლი კობახიძემ „ფსევდოელიტად“ შეაფასა _ მსახიობები, ხელოვანები, პოეტები, ლიტერატორები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. რეჟიმის პატიმრებს შორის არიან ამ სფეროს ადამიანები. დაკავებების, დარბევებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების პარალელურად ივანიშვილის რეჟიმი მოქალაქეების ფინანსურ რეკეტზე გადავიდა. აქტიურ ადამიანებს ყოველდღე და ზოგს დღეში რამდენჯერმე მისდით 5-ათასლარიანი ჯარიმის ქვითრები.
ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლიტერატურათმცოდნე ლაშა ბაქრაძე:
_ მდგომარეობა მძიმეა. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ლენინის სიტყვების პერეფრაზირება რომ გავაკეთო, ე. წ. ხელისუფლებას აღარ შეუძლია ძველებურად მართვა _ ეყრდნობა მხოლოდ უხეშ ძალას, გასულია სამართლებრივი სივრციდან, ხალხს აღარ სურს და აღარ შეუძლია ისე ცხოვრება, თითქოს ვერ ხედავდეს, საითკენ მიაქანებს ქვეყანას ბანდიტური ჯგუფი, რომელმაც ძალაუფლება მიითვისა.
ეს განსაკუთრებით საშიშია არსებულ არასტაბილურ სიტუაციაში, როცა ვხედავთ, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელიც ბევრს ძალიან მყარი ეგონა, ჩვენ თვალწინ ინგრევა. ასეთ პირობებში, ე. წ. ხელისუფლება, რომელსაც მეზობლების გარდა თითქმის არავინ აღიარებს, რომელმაც იზოლაციაში ჩააგდო ქვეყანა, რომელიც თავის ხალხს ტერორით პასუხობს, ამ დიდი გამოწვევების წინაშე სრულიად უძლურია და თუ მალე არ შევცვალეთ ის, კიდევ უფრო დიდი კრიზისი გველის.
_ ერთი მხრივ, გვაქვს უწყვეტი პროტესტი და, მეორე მხრივ, არალეგიტიმური ხელისუფლება. თქვენი აზრით, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ეტაპი და როგორ წარმოგიდგენიათ ამ ვითარებიდან გამოსავალი?
_ ასეთი სიტუაცია ქვეყანაში დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. რყევები შიგნიდან და გარედან აიძულებს ე. წ. ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები, რომელთა გადადგმა არ უნდა და არ ეთმობა მითვისებული ძალაუფლება. ვფიქრობ, საზაფხულოდ მდგომარეობა ძირეულად შეიცვლება ქვეყანაში.
_ 53 ადამიანია რეჟიმის პატიმრობაში, 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან, სახალხო დამცველის განცხადებითაც კი 80 პროცენტი ნაცემი იყო, როგორია თქვენი შეფასება?
_ როგორი შეფასება უნდა მქონდეს ავტორიტარული რეჟიმის ტერორზე? „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა გაიყვანა სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ე. წ. ხელისუფლებისგან წახალისებული ნიღბიანი ბანდიტები დათარეშობენ. პოლიციის იმედი აღარავინ აქვს. თვით პოლიცია, რომელიც ოდესღაც ეამაყებოდა ხალხს, აქციეს ტერორის ინსტრუმენტად. რა უყვეს ჩვენს პოლიციას?! სამართლიან სასამართლოზე აღარაფერს ვიტყვი. ერთპარტიულ პარლამენტში იღებენ კანონებს, რომლებიც არანაირად შეესაბამება კონსტიტუციას. „ქართულ ოცნებას“ ამიტომ უნდოდა კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ გაენადგურებინა კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებები, მაგრამ არჩევნების გაყალბების მიუხედავად, ვერ შეძლო _ ამდენის გაყალბებაც ვერ შეძლო. „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს დიქტატურისკენ, ბელარუსი და რუსეთია მათი მმართველობის იდეალი _ ვითომ ოპოზიციებით და ტერორით განსხვავებული აზრის მიმართ. გაითვალეს პარლამენტში: ინკლი ბინკლი გრამა ცინკლი ვი-შლა-ძე, ვისი ხელი გინდა, შენ ა-მო-ირ-ჩი-ე! და სამი ძლივს დაინიშნეს ოპოზიციად.
_ რას იტყვით მზია ამაღლობელის საკითხზე?
_ მზია ამაღლობელი არის უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის ნათელი სიმბოლო. მისი თავდადებული ბრძოლა იწვევს ღრმა პატივისცემას. ამაზრზენია, რასაც ქოცპროპაგანდით გაბრუებული ადამიანები წერდნენ მზიაზე _ კარგი მაგალითი იმისთვის, თუ როგორ გააპირუტყვეს ადამიანები ჩვენს ქვეყანაში. უკვე მრავალჯერ ვიკითხე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხშირად რომ უყვართ გამეორება, სხვაგანაც ასე არისო _ ერთი მაგალითი დაასახელონ ამ საუკუნეში, დასავლეთ ევროპაში ვინმე თუ ჩაუსვამთ ციხეში პოლიციელისთვის სილის გარტყმის გამო. მხოლოდ ერთი მაგალითი! პოლიციელების ღირსებასა და კაცობაზე, რომლებიც ტირიან, ლოყა გამიწითლდაო, არც ღირს საუბარი.
_ როგორ უყურებთ ამ ბრძოლას, როგორც რუსეთის იმპერიასთან ხანგრძლივი ბრძოლის გაგრძელებას, თუ ლოკალური დამნაშავეების მიერ, რომლებმაც ხელისუფლება მიიტაცეს, ყველაფრის ფასად ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობას?
_ ჩვენ ვიმყოფებით საბოლოო ბრძოლაში დეკოლონიზაციისთვის, პირველ რიგში, ტვინების დეკოლონიზაციისთვის. 1921 წელს თავისუფალი საქართველო დამარცხდა, რადგან ვერ წარმოგვედგინა, რომ რუსეთთან ბრძოლა შეიძლებოდა, რომ რუსეთზე გამარჯვება შესაძლებელი იყო. მაგრამ მაშინ მხოლოდ 3 წელი ვიყავით დამოუკიდებელნი და ახლა 30-ზე მეტი წლის დამოუკიდებლობის დაკარგვას ასე ადვილად ვერ შევეგუებით. ნასუნთქი გვაქვს თავისუფლების ჰაერი.
_ როგორ უყურებთ დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, სანქციებსა და ამის შესაძლო შედეგებს?
_ უაღრესად რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავზე ვამბობდი, რომ მოდის დროთა მიჯნა _ პირველი მსოფლიო ომით დაწყებული ეპოქა მთავრდება, იწყება რაღაც ახალი და რომ 5-6 წელიწადში სამყაროში ძირეული ცვლილებები დაიწყებოდა. სსრკ-ს და მისი სატელიტების ჩამოშლა, ჩვენ რომ ეპოქის დასასრული გვეგონა, დასავლეთს სიღრმისეულად არ შეხებია. ახლა მოვიდა დასავლეთის ჯერი და მთელ მსოფლიოზე იქონიებს გავლენას. 2020 წელს დაიწყო კოვიდ-პანდემია და სამყარო თითქოს გაჩერდა. პანდემია მთავრდებოდა, როცა უკრაინის ომი დაიწყო. ახლა ტრამპი მოვიდა. ამ ერთი შეხედვით ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მოვლენებს მე განვიხილავ, როგორც მოვლენათა ჯაჭვს.
ჩვენ შეიძლება მართლა ვართ ტრანსატლანტიკური მეგობრობის დასრულების პირას. რაც ამერიკაში ხდება, რაც ამერიკასა და ევროპას შორის ხდება დაუჯერებელი იყო ჯერ კიდევ ერთი თვის წინ. ცივი ქარი ქრის. ტრამპი უროთი ანგრევს, შეიძლება, ბევრისთვის მოყირჭებულ წესრიგს, მაგრამ როგორი იქნება ეს საოცარი ახალი სამყარო (Brave New World), არავინ იცის. და ეს მხოლოდ არსებული პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებას კი არ გულისხმობს, არამედ ახალ ეპოქას, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები იქნებიან დომინანტური. ან ვინ იქნება ამ ახალი ეპოქის აღმშენებელი? ტრამპი მხოლოდ დამანგრეველია და არა ამშენებელი.
მხოლოდ ტრამპიღა დარჩათ იმედის მიმცემი ქოცებს. ტრამპის სიგიჟეების მიუხედავად, ქოცებისთვის სახარბიელო მაინც ბევრი არაფერი იქნება. FAღA-ს მიხედვით დავწერთ თავიდან კანონსო და ტრამპი „ფარას“ აუქმებს. ხარობენ უსაიდ -ის განადგურებით, თითქოს საკუთარი ფულით ჰქონდეთ გაკეთებული თუნდაც პარლამენტის ვებსაიტი ან საქართველოში უამრავი სკოლა გარემონტებული.
ევროპისგან გაგრძელდება ძალაუფლების მიმტაცებელთა არაღიარება და მეტი სანქციებიც იქნება, ოღონდ ჯერ ევროპისთვის, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო პრიორიტეტულია ამერიკა და უკრაინა. გერმანიაში ახალი კოალიციური მთავრობის (სხვათა შორის, გერმანიის ყველა მთავრობა გფრ-ის დაარსებიდან, 1949 წელიდან, დღემდე _ ყოველთვის კოალიციური იყო) ჩამოყალიბებამდე საერთო ევროპული პოლიტიკა ვერ შეიქმნება. ამჟამინდელი კოალიციური მოლაპარაკებები განსაკუთრებით რთული იქნება, მაგრამ შეიძლება ამერიკასთან ურთიერთობების სწრაფი გარკვევის აუცილებლობამ ეს პროცესი დააჩქაროს კიდეც. მარტის ბოლოსთვის, ალბათ, გერმანიის ახალ მთავრობას უნდა ველოდოთ. სამწუხაროდ, ახალ კანცლერ მერცისგან არ მგონია, რომ ისეთი ქარიზმატული და ძლიერი ლიდერი დადგეს, როგორიც ევროპას ახლა ასე სჭირდება.
მთელი უბედურება ის კი არ არის, რომ იზოლაციაში ვართ, არამედ ის, რომ ამ ე. წ. მთავრობას უნდა ევროპულ ინსტიტუციებს ჩაეხსნას. აპრილამდე, რასაკვირველია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არც ერთ მოთხოვნას არ შეასრულებენ და გამოვლენ ასამბლეიდან. შემდეგ, შეიძლება, საერთოდ ევროსაბჭოდანაც გამოვიდნენ. სტრასბურგის სასამართლო ხომ სძულს უსამართლო რეჟიმს.
რაც ამ ე. წ. ხელისუფლებას გაახარებდა _ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ რუსეთს რომ გადაულოცოს საქართველო _ მაგრამ ტრამპის საშიში, მოუქნელი პოლიტიკის მიუხედავად, ეს მაინც ნაკლებ მოსალოდნელია.
_ ფაქტია, რომ პროტესტის ავანგარდში დგას ხალხი. როგორ უყურებთ ამ პროცესს და მასში პოლიტიკური პარტიების როლს?
_ ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაში. მებრძოლი, სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში ვართ.
ასე ახლოს და ასე დიდხანს პოლიტიკოსები და საზოგადოება ერთად არ ყოფილა, რაღაც თანასწორობა დამყარდა _ არა როცა ერთნი ტრიბუნაზე არიან და მეორენი მასად ტრიბუნის ქვეშ, არა _ ერთ დონეზეა ყველა, ერთ სიბრტყეში. პოლიტიკოსები და საზოგადოება ქუჩაში დგომის დროს დიალოგში შევიდა ერთმანეთთან. ხალხი, რომელსაც წინათ მხოლოდ ტელევიზორში თუ ნახავდით _ მსახიობები, რეჟისორები, მუსიკოსები, მომღერლები, ჟურნალისტები, მეცნიერები _ დღეს ყველასთვის ხელ და ხმამისაწვდომნი გახდნენ, ყველას შეუძლია ერთმანეთთან საუბარი. რუსთაველი გადაიქცა დემოკრატიულ სივრცედ, ეს არის ადგილი, სადაც ახალი საქართველო იბადება, სადაც არის ერთიანობა და რწმენა, რომ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, თანასწორობისთვის მართალი საქმეა და ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები.
მე მართლა მეამაყება, რომ ამ ადამიანებთან ერთად ვარ ქუჩაში. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ძალების გაერთიანება _ ერთიანი შტაბის შექმნა, რომელშიც აუცილებლად უნდა იღებდნენ მონაწილეობას საზოგადოებრივი ჯგუფები, ის ჯგუფები და ადამიანები, რომლებიც ამ პროტესტმა წინ წამოწია.
მაოცებს ის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ მათი ცხოვრება არ შეიცვლება, ისევე გააგრძელებენ როგორც აქამდე, რომლებიც ამ ბრძოლას უყურებენ როგორც ორი მხარის დაპირისპირებას, რომელიც მათ არ ეხებათ. ცხოვრება აღარ გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე _ როცა ქუჩაში იქნება „ბეზპრიდელი“, „უსამართლო ხელი“ შეეხება ყველას.
ის ხალხიც მაოცებს, რომელიც საპროტესტო მოძრაობაში არის და ქოცპროპაგანდას იმეორებს, _ არც „ნაცი“ და არც „ქოცი“, ტოლობის ნიშანს სვამენ „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის და ამით „ქოცების“ წისქვილზე ასხამენ წყალს.
ქუჩაში დგას საქართველოს უკეთესი ნაწილი, თავდადებული ხალხი, ჯანმრთელი აზროვნების ადამიანები, რომლებიც უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან _ ყველასთვის, მათ შორის, მათი შვილებისთვისაც, ვინც დღეს ჩვენთან არ დგას.
მეორე მხარეს არიან რეტროგრადები და რევანშისტები, მარად გუშინდელნი, წარსულისკენ რომ აქვთ პირი მიბრუნებული. და, რასაკვირველია, მომავალი გაიმარჯვებს წარსულზე, ახალი გაიმარჯვებს ძველსა და ჩამყაყებულზე!
_ თქვენი აზრით, რა აიძულებს ივანიშვილს, წავიდეს დათმობაზე, როგორია თქვენი მოლოდინი?
_ დასაწყისში ვახსენე, რომ „ოცნებამ“ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ჩვენ ყველანი ვართ ჩიხში. ვაცლავ ჰაველს აქვს უმნიშვნელოვანესი ტექსტი „ძალა უძალოთა“, რომლის წაკითხვას ყველას ვურჩევდი. ერთი შეხედვით, უძალო ხალხი სიმართლითა და პატიოსნებით გაიმარჯვებს.
და, ბოლოს და ბოლოს, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ღვთისმშობელიც დაგვეხმარება. როგორც ჟამთააღმწერელი გვიყვება: _ როცა მონღოლებმა ქართველები დაადანაშაულეს ალამუთის ციხის ალყისას ჩაღატა ნოინის მკვლელობაში და მონღოლებთან შედარებით ბევრად უფრო მცირერიცხოვანი ქართველობა გადარჩენის შანსს ვერ ხედავდა და „უღონოებასა მოეცვნეს“, აი, ამ დროს მულიდს (ასასინს) ღვთისმშობელი გამოეცხადა და მოუწოდა, რომ მკვლელობა ეღიარებინა და მისი უდანაშაულო ხალხი განსაცდელისგან ასე დაეხსნა. მულიდი სამალავიდან გამოვარდა და შეჰყვირა: „მან ქუშტემ ჩაღატა“, რომელ არს ენითა სპარსულითა: „მე მოვკალ ჩაღატა“.
და ქართველობა გადარჩა.