QronikaPlus
მაია ეკალაძე: „დემოკრატიისთვის საჭირო და აუცილებელია ერთობა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია“

მაია ეკალაძე: „დემოკრატიისთვის საჭირო და აუცილებელია ერთობა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია“

2025-02-27 09:44:49

თამუნა მჭედლიშვილი

თვითმარქვია, არალეგიტიმური მთავრობის მიმართ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით საქართველოს დედაქალაქში თითქმის სამი თვეა მიმდინარეობს მოსახლეობის უწყვეტი პროტესტი, რომელიც ქვეყნის განვითარების შეჩერებისა და დასავლური კურსის შეცვლის გამო დაიწყო. თითქმის ყველა პროფესიის ადამიანი გამოვიდა ქუჩაში თავისი უფლებებისა და ქვეყნის მომავლის დასაცავად, მათ შორის ბევრი მასწავლებელია.

რა ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც მასწავლებლებმა შექმნეს ? რა როლს თამაშობს მასწავლებელი დღევანდელ რთულ პოლიტიკურ მოცემულობაში? აჯარიმებენ თუ არა მასწავლებლებს „გზის გადაკეტვის“ გამო და როგორ ხედავენ ისინი საქართველოს პოლიტიკურ მომავალს?

„ქრონიკა+“-ის სტუმარია ორგანიზაცია „თავისუფალი განათლებისა და დემოკრატიული სწავლების პლატფორმის“ თანადამფუძნებელი, მაია ეკალაძე:

_ ქალბატონო მაია, რა მიზნით შეიქმნა „თავისუფალი განათლებისა და დემოკრატიული სწავლების პლატფორმა“ და რატომ ახლა?

_ ეს ორგანიზაცია არის მასწავლებელთა ერთობა და შეიქმნა იმიტომ, რომ მასწავლებლის ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო თანამედროვე პროცესებში... რამდენიმე ადამიანი აქტიურად ვმუშაობდით წლების განმავლობაში და ყოველთვის გამოვთქვამდით ჩვენს კრიტიკულ აზრს შექმნილი მდგომარეობის შესახებ... მაგრამ ახლა სწორედაც ერთობა და რაოდენობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრი ადამიანი არის უმნიშვნელოვანესი! დემოკრატიული სიტყვა ფაქტობრივად ჩამკვდარია. შეუძლებელია, ამ დროს მასწავლებელი იყოს გაჩერებული. ამიტომ უფრო გავფართოვდით. მივეცით, რასაკვირველია, ლეგიტიმაცია, ოფიციალურად ორგანიზაციის გაფორმება მნიშვნელოვანია, რადგან უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეს ნდობა. საზოგადოებას აქვს იმის მოთხოვნა, რომ ორგანიზაცია იყოს ოფიციალურად. ერთ-ერთ შეხვედრაზე გაჩნდა იდეა, რომ დაგვეარსებინა ისეთი ორგანიზაცია, რომლითაც შემდგომ შეიქმნებოდა ფონდი, რითაც შევძლებდით ერთმანეთის დხმარებას.

_ რა როლი შეუძლია შეასრულოს მასწავლებელმა დღეს მიმდინარე პროცესებში?

_ მასწავლებელს ძალიან დიდი როლი აქვს ზოგადად დემოკრატიული პროცესების განვითარების კუთხით, რადგან ის, ფაქტობრივად, გარემოს ქმნის თავის ირგვლივ. შეუძლებელია, თვითონ არ იყოს დემოკრატიული  ღირებულებების. დემოკრატიისთვის კი საჭირო და აუცილებელია ერთობა, მით უმეტეს, ასეთ დროს. დღეს ერთობას ალტერნატივა არ გააჩნია ყველა საზოგადოებაში. ჩვენი ორგანიზაცია და ჩვენ, მასწავლებლები, გავერთიანდით _ საზოგადოების სხვა ჯგუფებთან შეიქმნა ერთობლივი საზოგადოებრივი ასაბლეა, რომლის ყრილობაც სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა.

_ რამდენადაც ვიცი, მასწავლებლები აქტიურად, ყოველდღიურად  გამოდიხართ და დგახართ ქუჩაში აქციებზე... დაგაჯარიმეს?

_ დიახ, მარშებში აქტიურად ვმონაწილეობთ და თავად მასწავლებლებიც ვაანონსებთ აქციებს და ვმარშირებთ. 5000-ლარიანი ჯარიმაც მივიღეთ მეც და ჩემმა კოლეგებმაც, ოღონდ გვედავებიან უკვე გადაკეტილი გზის გადაკეტვას! ალბათ, მოხარული ვიქნებოდი,  თავად რომ გადამეკეტა გზა, მაგრამ ნამდვილად არ გადამიკეტავს, ისე დამაჯარიმეს! დღეს აჯარიმებენ ყველას, აბსოლუტურად ყველას და საერთოდ, რატომ არის გზის გადაკეტვა დანაშაული? ახალ კანონში ცხადად წერია, რომ გზის გადაკეტვა კი არ არის დანაშაული, არამედ პოლიციელის დაუმორჩილებლობაა დანაშაული. იმსახურებენ თუ არა ისინი დაუმორჩილებლობას და გვაქვს თუ არა სახელმწიფო, ამაზე დავა და კამათი აღარც ღირს, რეალურად ისეთი რამ ხდება ირგვლივ...

_ არ ემორჩილებით პოლიციელებს?

_ პოლიციელის დაუმორჩილებლობა რას ნიშნავს, არ ვიცი... პოლიციელები ძალიან უხეშად ექცევიან მოქალაქეებს, თუ არ ხედავენ ტელევიზიებს და  ჟურნალისტებს. არ ერიდებიან ტყუილსაც. მახსოვს, ერთხელ, დაგვშალეს და ჩაგვაჩოჩეს იმიტომ, რომ მოგვატყუეს, _ სასწრაფო დახმარების მანქანა მოდის, გაატარეთო, შემდეგ კი იძულებით, ძალის გამოყენებით, ჩაგვწიეს. ხუთი დღე მტკიოდა მხარი, გადაგვჯეგეს! მე არ ვიცი, ეს ადამიანები სად და როგორ იზრდებიან, სად იწვრთნებიან, რომ ასე სასტიკად ექცევიან თავიანთ მოქალაქეებს?!..

_ თქვენ აპირებთ 5000-ლარიანი ჯარიმის გადახდას?

_ 5000-ლარიან ჯარიმას, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ, რადგან გზა არ გადამიკეტავს _ გადაკეტილ რუსთაველზე გადავედი! ეს იმას მაგონებს, კაცი რომ ბუზებს დახოცავს და ქამარზე დაიწერს, ზღაპარია, _ ერთი დავკარ, მოვკალ ხუთიო, სამყარო კი გმირად გამოაცხადებს! დავადასტურებ და მოვიხსნი ამ ჯარიმას, მაგრამ აქ უფრო მასშტაბური პრობლემაა _ რამდენ ადამიანს აჯარიმებენ ასე უსაფუძვლოდ! ან ეს 5000-ლარიანი ჯარიმა როგორ განსაზღვრავს დანაშაულს და რანაირად შეუძლია გადაიხადოს საქართველოს მოქალაქემ ის? ამ ქვეყანაში იმდენი რამ არის არასწორი, იმდენი რამ იქმნება ალოგიკური, ბუნებრივია, რომ  გარემო უნდა გამოსწორდეს!

_ „ქართული ოცნება“ აპირებს სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლოს ის ადამიანები, რომლებიც ევროპულ მომავალსა და თავისუფლებას ირჩევენ! რას ფიქრობთ, როგორი იქნება მათი შემდეგი ნაბიჯი?

_ „ქართული ოცნება“ მხოლოდ ხარჯავს გადამხდელების ფულს, ეს სავალალოა! პირიქით, აქეთ არიან გასასამართლებლები არა მარტო სამშობლოს ღალატის, არამედ ყოველგვარი უღირსობისა და ადამიანობის სახის დაკარგვის გამო! მჯერა, საქართველოს პოლიტიკური მომავალი აუცილებლად დემოკრატიული იქნება!

_ რა სამომავლო გეგმები აქვს ორგანიზაციას?

_ ორგანიზაციას ძალიან დიდი გეგმები და უამრავი ინიციატივა აქვს. მომავალი გვიჩვენებს, რის გაკეთებას შევძლებთ. პირველი და უმთავრესი ახლა არის ერთობა, რათა დემოკრატიული პროცესები გაგრძელდეს და განვითარდეს! ჩვენი მთავარი სთქმელი არის ის, რომ ვასწავლოთ, რა არის თავისუფლება! ყველამ დავიცვათ ჩვენი მომავალი, მომავალი როგორც მოსწავლის, ისე ზოგადად საქართველოს მოქალაქის. მომავალს, დიახ, უნდა იცავდნენ საქართველოს მასწავლებლები!

გაზიარება