ხუთშაბათი, 01 მაისი, 2025
2025-02-27 09:52:23
გიგა გელხვიიძე
მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად შეცვალა (28 ნოემბრის განცხადებით) საქართველოს ევროპული კურსი, ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. უკვე 89-ე დღეა, ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის ევროპული მომავალი სურთ და მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადგილი ისტორიულად სწორედ ევროპაშია, სხვადასხვა ტიპის პროტესტს მიმართავენ.
„ქრონიკა+“-მა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ტატა ხვედელიანი ჩაწერა, რომელიც ამავდროულად პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი და თბილისი საკრებულოს ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრია:
_ ქალბატონო ტატა, საქართველოში უწყვეტი პროტესტის 89-ე დღეა. რა ფაზაში გადავიდა პროტესტი ამ დროის მანძილზე?
_ საქართველოში უწყვეტი პროტესტი 89-ე დღესაც გრძელდება. მოქალაქეები კვლავ აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა აქციაში, რომლებიც მოიცავს მსვლელობებს, მიტინგებსა და სხვა ფორმატებს.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი პროტესტის დაწყების დღიდან ასრულებს ამომრჩეველთა დაკვეთას და დგას ქვეყნის მთავარ გამზირზე ორი მოთხოვნით: განთავისუფლდნენ სინდისის პატიმრები და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
ისევე როგორც მთელმა პროცესმა არჩევნების დღიდან დღემდე, პროტესტმაც გაიარა ფაზები, რომელთა შედეგიცაა ის წინსვლა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე.
დაწყებითი ფაზა იყო უმნიშვნელოვანესი საფუძველი და მან მოგვიტანა პროტესტის მდგრადობა.
გაფართოების ფაზა, რომლის დროსაც პროტესტი გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში, ახმეტაში, გორსა და ახალციხეში.
მზია ამაღლობელის დაკავება და მისი მტკიცე პოზიცია გახდა პროტესტის მუხტის მომატების მიზეზი. პოლიტპატიმარმა ქალმა პროტესტის ახალი სტანდარტი დადო, რომლითაც კიდევ უფრო გაშიშვლდა რეჟიმი.
პროტესტი გრძელდება უკვე 89-ე დღეა, რაც მიუთითებს მოქალაქეების მტკიცე პოზიციასა და აქტიურ ჩართულობაზე. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს სხვა გზა, რადგან ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც ჩვენ უნდა მოვიგოთ საქართველოსთვის და სინდისის პატიმრებისთვის, რომლებიც ივანიშვილი ბიძინას პირად მძევლებს წარმოადგენენ.
_ რამდენიმე დღის წინ მამუკა მდინარაძემ გააკეთა განცხადება, ვაკვირდებით პროტესტის მონაწილეებს, ასევე მედიას და ამის მიხედვით ვიღებთ ახალ კანონებს და ცვლილებები შეგვაქვს არსებულშიო _ არის თუ არა საჭირო ტაქტიკის შეცვლა პროტესტის მიმართულებით?
_ დღესდღეობით ყველაზე დიდი წინაღობა რეჟიმისთვის არის საქართველოში მიმდინარე პროტესტი. პროტესტის დამსახურებით დასანქცირდნენ ე. წ. მთავრობის დამნაშავე წევრები იმ ძალადობისთვის და რეპრესიებისთვის, რომელსაც ხალხის წინააღმდეგ ახორციელებენ.
ყველა ის არაკონსტიტუციური კანონი, რომელიც რეჟიმმა რეაქტიული ფორმით მიიღო, ემსახურება „ოცნების“ ყველაზე დიდი პრობლემის _ პროტესტის დასუსტებასა და დაშლას. მდინარაძის განცხადება კი სწორედ აღიარებაა იმისა, რომ დღესდღეობით პროტესტი განაპირობებს მათ ქცევას და პროტესტი არის ის, რაც მოსვენებას არ აძლევს რეჟიმს.
_ „ქართულმა ოცნებამ“ მას შემდეგ, რაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო ტალღა აგორდა, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაამატა ახალი კანონები და შეიტანა ასევე ცვლილებები, როგორც უკვე აღვნიშნეთ _ რა მსგავსებას ხედავთ აქედან გამომდინარე პუტინისა და ივანიშვილის რეჟიმებს შორის?
_ ყველა კანონი, რომელიც მიიღო „ოცნების“ ე. წ. პარლამენტმა არის არაკონსტიტუციური. ის ემსახურება რუსული ინტერესების გატარებას ჩვენს ქვეყანაში, მიმართულია ხალხის წინააღმდეგ და მას შემდეგ, რაც ივანიშვილი წავა პოლიტიკურ დათმობებზე, ჩანიშნავს ხელახალ არჩევნებს და გაათავისუფლებს სინდისის პატიმრებს, ეს კანონებიც გაუქმდება. ასევე შემიძლია უამრავი მაგალითი მოვიყვანო, სადაც ზღვარი არ არსებობს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ 2012 წლამდე რეჟიმს შორის. იგივე ადამიანები წარმოადგენენ ახლა უკვე „ქართულ ოცნებას“ და ზუსტად იგივე მეთოდებითა და ინსტრუმენტებით ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე.
_ თავდასხმები ოპოზიციის ლიდერებზე და საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე _ ბოლო პერიოდის მოვლენები რომ შევაფასოთ: გახარიასა და ზურაბიშვილზე თავდასხმა; ბათუმი და თბილისის აეროპორტი...
_ ეს იყო ბათუმში ივანიშვილის მიერ გახარიაზე დაგეგმილი თავდასხმის გაგრძელება. თავდამსხმელებმა სალომე ზურაბიშვილისა და გახარიას შემთხვევაშიც ზუსტად იცოდნენ ფრენის დეტალები, იყვნენ მობილიზებულები და შესაბამისად აღჭურვილები, ისევე როგორც ბათუმში თვითონ აღბეჭდავდნენ კადრებს. ჩაუსაფრდნენ და გადაიღეს კადრები იმისთვის, რომ ეჩვენებინათ დამკვეთისთვის შესრულებული სამუშაო.
ეს იყო „ოცნების“ გამოხმაურება, რომელიც მოჰყვა მიუნხენის კონფერენციას და იმას, რომ კონფერენციაზე საქართველოს წარმოადგენდა არა „ოცნება“, არამედ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელშიც ერთი გაწნული სილის გამო ქალს სასიკვდილოდ იმეტებენ, ასამართლებენ სისხლის სამართლის კოდექსით, როგორც ეს მზია ამაღლობელის მიმართ ვნახეთ. ამასობაში კი ივანიშვილი თავის სანქცირებულ ზონდერებს საგულდაგულოდ იცავს და მათი პირადი ხარჯების ანაზღაურებას აპირებს ხალხის ბიუჯეტიდან.
_ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგი გამართეთ, სადაც საუბრობდით იმ წნეხზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებზე ახორციელებს _ რა ხდება საჯარო სექტორში, უფრო დეტალურად რომ განვუმარტოთ მკითხველს?
_ ქვეყნის მართვის რესურსის გარეშე დარჩენილი ე. წ. მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს საჯარო სექტორში არსებული პროტესტი და ის საჯარო მოხელეები, რომლებიც არ შეუშინდნენ რეპრესიებს და ღიად დაუპირისპირდნენ რეჟიმის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გაუქმებას.
პროტესტის დაწყებისთანავე ჩვენ ვნახეთ „ოცნების“ ბოსების მხრიდან საჯარო მოხელეებზე რეპრესიული ქმედებების ღია და დაუფარავი მოწოდება, რაც 2025 წლის დადგომიდან საჯარო მოხელეთა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სისრულეში მოიყვანა.
მიღებულ იქნა ცვლილებები საჯარო მოხელეთა შესახებ კანონში, რომლითაც ივანიშვილი ახდენს საჯარო სექტორის პრივატიზებას და მთლიანად სპობს პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის იდეას.
„ოცნების“ ე. წ. მთავრობის მიერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ახალი ცვლილებებით საჯარო მოხელეები მინიმალურ დონეზეც აღარ არიან დაცული და ამით იზრდება მათზე გავლენის მოპოვების რისკი.
ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 25-მდე უწყება, სადაც რეორგანიზაცია მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით. დღემდე 100-ზე მეტი საჯარო მოხელე არის განთავისუფლებული სამსახურიდან საპროტესტო პეტიციის ხელმოწერისთვის.
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმების შესახებ კანონი. ბიუროს ფუნქციებში შედიოდა საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, საჯარო მოხელეების თანამდებობიდან განთავისუფლების პრაქტიკის შესწავლა, მოხელეთა ანაზღაურების ერთიანი სისტემის შექმნა, განვითარების ერთიანი სტანდარტის შემუშავება. ბიუროს შექმნა და განვითარება ვიზალიბერალიზაციის პროცესში ერთ-ერთი ნაკისრი ვალდებულება იყო. საჯარო სამსახურის ბიუროში დასაქმებულებისთვის ანაზღაურდება მხოლოდ ერთი თვის კომპენსაცია, სამი თვის კომპენსაციის ნაცვლად.
იუსტიციის სახლებიდან საპროტესტო პეტიციას ყველაზე მეტმა, 600-მდე თანამშრომელმა მოაწერა ხელი, რომელთა რეპრესიები ახალი წლის დღეებიდან დაიწყო. დაკავებული თანამდებობებიდან განთავისუფლდნენ იურიდიული, აუდიტისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების უფროსები და მოადგილეები, ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლების მენეჯერები. ბოლო დღეებში უკანონო განთავისუფლებები დაიწყო იუსტიციის სახლების მომსახურების წინა ხაზის ოპერატორებშიც, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს მომსახურების ხარისხზე.
ამ პერიოდში ივანიშვილის რეჟიმმა გააუქმა პარლამენტის კვლევითი ცენტრი და ამით კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო პროცესის გარეშე დატოვა საკანონმდებლო ორგანო.
თბილისის მერიაში პირველი თებერვლიდან დაწყებულია რეორგანიზაცია, უკანონოდ ხდება პროფესიონალი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეების დევნა, მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო. გარდა ამისა, მიმდინარეობს მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რამდენიმემ ვერ გაუძლო ამას და გაიტანა საპროტესტო პეტიციიდან საკუთარი ხელმოწერა.
რეგიონებში უკანონო განთავისუფლებები მიმდინარეობს ერთი და იგივე ოჯახების სხვადასხვა წევრებზე: სამოქალაქო აქტივისტი და ცოდნის კაფის დამფუძნებელი ქეთი მოლაშვილის მამა, მალხაზ მოლაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს და დედა, მანანა ჯავაშვილი, რომელიც მუშაობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში, ორივე პოლიტიკური მოტივებით გაათავისუფლეს სამსახურიდან.
ხაზგასასმელია ის, რომ სიღნაღში ამ რეპრესიებს ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, რომელიც 2004-2007 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში იკავებდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიციას.
ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცვლილება გარდაუვალია, ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის კი ზეპარტიული თემაა შევქმნათ პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორი და ყველა უკანონოდ განთავისუფლებული საჯარო მოხელე დაუბრუნდეს საკუთარი მოვალეობის შესრულებას.
_ მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი არ არის ლოკალური და ის გაშლილია სრულიად საქართველოში, რეგიონში, მაინც მძლავრია სახელისუფლებო პროპაგანდა - რა უნდა გაკეთდეს ამ მხრივ, რომ ადამიანებს მეტი ინფორმაცია მიეწოდოს?
_ საჭიროა, პროტესტი გაიშალოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოიცვას ქალაქები და სოფლები. პროპაგანდას უნდა ვებრძოლოთ საუბრით და ცნობიერების ამაღლებით. საჭიროა ვიაროთ თბილისის რაიონებსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ვესაუბროთ და მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია ფაქტებზე დაყრდნობით, იმაზე, თუ რა პროცესებია ჩვენს ქვეყანაში და იმაზე, რომ ამ ყველაფერში არის „ოცნების“ რეჟიმის პასუხისმგებლობა. საჭიროა, მეტი ვისაუბროთ სინდისის პატიმრებზე, მოვყვეთ მათი პირადი ისტორიები, რომლებიც არც ერთ მოქალაქეს გულგრილს არ დატოვებს. ძალიან მომეწონა ახალი თეატრის მანიფესტის იდეა და პროექტი, დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ამ პროცესში, რომელიც ბევრ ადამიანს შემატებს ქართულ პროტესტს.
გამოსავალს ვხედავ პოლიტიკური პარტიების მხრიდან ძლიერ პოზიციონირებაში „ოცნების“ წინააღმდეგ, საჭიროა შინაარსობრივ ნაწილში ვიყოთ მეტად ძლიერები და მეტი კონტაქტი გვქონდეს ჩვენს მოსახლეობასთან.
_ ქვეყანაში ორი საზოგადოებრივი მაუწყებელი გვაქვს (პირველი არხი და აჭარის ტელევიზია). ორივე შემთხვევაში ვხედავთ, რომ ხელისუფლება ერევა სარედაქციო პოლიტიკაში და რეპრესიებს ახორციელებს თანამშრომლებზე (2019 წელს იმპიჩმენტის საშუალებით გაათავისუფლეს აჭარის დირექტორი ნათია კაპანაძე, ხოლო ახალი დირექტორის, გოგა კოხრეიძის მეშვეობით, გაასუფთავეს ფაქტობრივად ტელევიზია იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც კრიტიკულ შეკითხვებს სვამდნენ პირდაპირ ეთერში, თბილისშიც ვხედავთ იგივე წნეხს). რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტელევიზიები, რომლებიც ხალხის ფულით ფინანსდება, ემსახუროს ხალხს?
_ დღემდე პროტესტმა ნაწილობრივი შედეგი გამოიღო, რადგან საზოგადოებამ მიიღო რაღაც დროის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოჩენისა და საუბრის საშუალება.
ეს ბრძოლა არის ხანგრძლივი, ჩვენ ვერ დავასრულებთ ამ ყველაფერს ერთ და ორ დღეში. საჭიროა თანმიმდევრული, ხანგრძლივი და მტკიცე პროტესტი, რომელიც საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანს. ძალიან კარგია ის პროტესტი, რომელიც უწყვეტად ტარდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან. საჭიროა გაგრძელდეს და გაფართოვდეს ეს პროტესტი, რომელიც საბოლოოდ აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე.
_ გახარიას გუნდი აქტიურად არის ჩართული იმ საერთო ოპოზიციური ფრონტის საქმიანობაში, რომელიც იგეგმება ერთგვარად სალომე ზურაბიშვილთან ერთად. რამდენად არის შედეგის მომცემი ეს ფორმატი და არის თუ არა სრული ერთიანობის აუცილებლობა?
_ ერთიანობა არის ზეპარტიულ და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომლებიც ეხება საქართველოს ევროპული მომავლის დაბრუნებას, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას, პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. ეს მიმართულებები გვაერთიანებს და ამისთვის ყველა ფორმატში ვითანამშრომლებთ ყველასთან.
ამ მიმართულებების გარდა ჩვენსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ბევრი განსხვავებებია, რომელთა მართვას ჩვენ ვახერხებთ შიდაპარტიულად. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ ცალკე უფრო ეფექტიანად ვმუშაობთ, არის შემთხვევები, რომ ერთიანად პოზიციის დაფიქსირება უპრიანია. საერთო ჯამში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფული და ძალაუფლება და ამით გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა და ხალხი.
სალომე ზურაბიშვილის როლი ამ პროცესში და ზოგადად პროევროპული ფლანგის გაძლიერებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მისი წამოწყებები და საერთაშორისო დონეზე პოზიციონირება არის ქვეყნისთვის შედეგიანი.