ხუთშაბათი, 01 მაისი, 2025
2025-05-01 10:04:32
თამუნა მჭედლიშვილი
150 დღეზე მეტია, რაც ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. მოქალაქეები სინდისის პატიმრების განთავისუფლებას, ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და ახლა უკვე ე. წ. მმართველი გუნდის გადადგომას ითხოვენ! პარალელურად, შემოდგომაზე საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება ემუქრება.
რა შედეგები დადგება, თუ ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას შეუჩერებს? რა მიიღო ქვეყანამ უწყვეტი პროტესტით? რეალურად რატომ შეიქმნა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია? უნდა ჩატარდეს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები მასში მონაწილეობას? აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ახალი „ოპოზიციური“ პარტიის შექმნას? _ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი და პარტია „დროას“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიგა ლემონჯავა:
_ ბატონო გიგა, უკვე 150 დღეზე მეტია, რაც ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო ტალღა გრძელდება სინდისის პატიმრების განთავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნით. წინააღმდეგობის მოძრაობამ და სტუდენტებმა ახალი მოთხოვნა წამოაყენეს _ „ქართული ოცნების“ გადადგომა. რა დადებითი შედეგები მოიტანა უწყვეტი პროტესტის ტალღამ ქვეყნისთვის?
_ უწყვეტ პროტესტს საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები აქვს ქვეყნისთვის როგორც საგარეო ასპარაზზე, ასევე ქვეყნის შიგნით. საგარეო მიმართულებით განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს შედეგები იმიტომ, რომ 150-მდე წარმომადგენელი რეჟიმისა უკვე არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ. დღეს ევროკავშირში საინტერესო დისკუსია მიმდინარეობს საერთო ევროპული პოზიციის დაფიქსირების შესახებ სანქციებთან დაკავშირებით. ასევე სანქციები არის აშშ-ან და დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც ამ რუსულ რეჟიმს განსაკუთრებით აწუხებს. ივანიშვილის რეჟიმი არის არაღიარებული რეჟიმი! არცერთი ცივილიზებული ქვეყნა _ არც ევროკავშირი, არც აშშ, არც დიდი ბრიტანეთი, ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას არ ცნობს მოპარული არჩევნების გამო და ამ პროტესტის გამო! ამიტომ ივანიშვილის რეჟიმი, საგარეო თვალსაზრისით, არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა პოლიტიკიდან არის საერთაშორისო სანქციების შიშით გამოწვეული და სანქციები აუცილებლად ჩამოშლის ამ რეჟიმს. გარდა იმისა, რომ საერთაშორიო ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვა ივანიშვილის მთავრობამ, ქვეყნის შიგნით პროტესტი არ წყდება და არ ნელდება. რეჟიმს ჰქონდა გათვლები და იმედები, მაგალითად, პირველ ვადად აცხადებდნენ ახალ წელს. მათ ეგონათ, რომ 20 იანვრის შემდეგ პროტესტი შენელდებოდა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ პროტესტი არათუ წყდება, ხალხი მოტივირებულია, პროტესტის ახალ ფორმებსაც კი ვხედავთ. პროტესტი ხან იქნება მასშტაბური, ხან ნაკლებად მასშტაბური, ხან მწვავე, ხან ნაკლებად მწვავე, მაგრამ ფაქტია, რომ პროტესტი ვერ მოკლეს!
ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პოლიტიკური კლასის ქცევა: პოლიტიკური კლასი არ შევიდა გაყალბებული არჩევნების შედეგად შექმნილ ე. წ. პარლამენტში, რაც მისი არაღიარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პოზიცია იყო. ასეთი პოზიცია უნდა გაგრძელდეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. რომ შევაჯამოთ, ამ 150-დღიანმა პროტესტმა შედეგები მოიტანა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
_ თუ გახარიას პარტია მაინც შევიდა პარლამენტში?
_ ე. წ. პარლამენტში ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ერთი მხრივ, არის პოლიტიკურად და მორალურად არასწორი, მეორე მხრივ, _ რაგმატულად შეუძლებელი. საზოგადოებაში არსებობს ძალიან მკაფიო მოთხოვნა ახალ საპარლამენტო არჩევნებთან და პოლიტპატიმრების განთავისუფლებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოების ამ დაკვეთის წინააღმდეგ წავა, ბუნებრივია, შეწყვეტს პოლიტიკურ არსებობას!
_ გვყავს 52 სინდისის პატიმარი აბსურდული ბრალდებებით და 5000-ლარიანით დაჯარიმებული ასობით ადამიანი...
_ ასეთი ავტორიტარული და დიქტატურისკენ გადახრილი რეჟიმები საზოგადოებრივი პროტესტის წინააღმდეგ იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, ერთ-ერთია ძალადობა. ჩვენ რომ ვნახოთ ბელარუსის მაგალითები და მერე ის, თუ როგორ იქცეოდა საქართველოს ე. წ. პოლიცია დეკემბრის პირველ დღეებში აქციებზე, საერთოდ განსხვავებას ვერ აღმოვაჩენთ. ეს არის ერთი და იგივე რუსული სახელმძღვანელოდან აღებული ქცევის წესები. ისინი იმედოვნებდნენ, რომ პროტესტის შეჩერებას შეძლებდნენ ძალადობით, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ეს არ ჭრის, პირიქით, აბრაზებს და მეტი სოლიდარობით განაწყობს. ეს ერთი. მეორე იყო პოლიტპატიმრები, რომლებიც პირდაპირ ტყვეობაში აიყვანეს. ივანიშვილის ეს მეთოდი, ტყვეებით ვაჭრობა, ჩვენთვის უცხო არ არის. შემდეგ ვაჭრობს ამ ტყვეებით, მაგრამ განსხვავებით წინა შემთხვევისა, პოლიტპატიმრები, მათი ოჯახის წევრები, გასაოცარი გაბედულებით და შეგნებით გამოირჩევიან. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ მათი პირადი გამარჯვებაა დაკავშირებული ამ ქვეყნის გამარჯვებასთან. ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორების გარეშე მათი პერსონალური თავისუფლების უზრუნველყოფა, პრაქტიკულად შეუძლებელია, ისე როგორც ქვეყნის თავისუფლების უზრუნველყოფა. მესამე _ ჯარიმები: ჯარიმებიც არის რუსული ხელწერა, მაგალითად, მოსკოვში „ბალოტნაიას“ აქციების ანატომიას რომ მივადევნოთ თვალი, მაშინ ადმინისტრაციული პატიმრობით ვერ შეძლეს პროტესტის ჩახშობა და მერე დაიწყეს კოლოსალური ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრება ადამიანებისთვის, რითაც მოსკოვში ეს პროტესტი, პრაქტიკულად, მოკლეს. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ამანაც არ იმუშავა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ასობით ადამიანს 5000-ლარიანი ჯარიმები აქვს გამოწერილი და არსებობენ ადამიანები, რომელთაც ათობით 5-000 ლარიანი ჯარიმა აქვთ გამოწერილი, მათი პროტესტი მაინც ვერ გააჩერა. ხალხი ახერხებს ადაპტაციას ამ გამოწვევებთან. ასევე ვერ მუშაობს კანონების ნაწილი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა მიიღო. მაგალითად, პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებული რეგულაცია ვერ მუშაობს, პირბადეების, ზოგადად სახის დაფარვის აკრძალვასთან დაკავშირებით რეგულაცია ვერ მუშაობს და მთელი რიგი ე. წ. კანონებისა, რომელიც პრაქტიკაში ვერ ხორციელდება, რადგან ადამიანები არ ემორჩილებიან ამ რუსულ წესებს. ამიტომ ვერცერთი ამ ზეწოლის მექანიზმით ივანიშვილმა ვერ შეძლო პროტესტის შეჩერება. როდესაც რეჟიმი წინააღმდეგობას ვერ შეაჩერებს, პროცესი აუცილებლად დასრულდება ამ რეჟიმის ჩამოშლით!
_ კახი კალაძემ ახლახან აღნიშნა, რომ „2028 წელს და მერეც სულ ჩვენ ვიქნებითო“...
_ კალაძის ეს კომენტარი და, ზოგადად, საჯარო კომუნიკაციის ეს სტრატეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს აქვთ, არის მიმართული ერთადერთი რამისკენ, რომ, ერთი მხრივ, გაამხნევონ საკუთარი კრიმინალური სინდიკატის წევრები, მათ აფიქრებინონ, რომ თითქოს არავითარი საფრთხე მათ ძალაუფლბეას არ ემუქრება, მეორე მხრივ, ფსიქოლოგიური მოქმედება განახორციელონ პროტესტის მონაწილეებსა და წინააღმდეგობის წევრებზე. წინააღმდეგობაში ჩართულ ხალხს კი საერთოდ არ ადარდებს, რას ფიქრობს კალაძე ამ პროცესთან დაკავშირებით. და არც ის მგონია, რომ ვინც დასანქცირებულია საერთაშორისო დონეზე, მათთვის რაიმე სახის გამამხნევებელი იყოს კალაძის ეს გზავნილები. ეს არის რაღაც განწირული პათოსი, კალაძემ ხომ კარგად იცის სინამდვილეში, რომ 2028-ში კი არა, იქამდეც ვერ მივა ეს რეჟიმი.
_ ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის როგორი მძიმე და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს?
_ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ნაწილი და, ზოგადად, ნებისმიერი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოება და საბოლოოდ გაწევრიანება არის დაფუძნებული კონკრეტულ კრიტერიუმებზე. კრიტერიუმები არის როგორც კოპენჰაგენის, ასევე მადრიდის. მათ შორის არის სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ დემოკრატიის კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიას, ასევე ევროკავშირის ეკონომიკურ ბაზართან ადაპტირებადი ეკონომიკის არსებობას ქვეყანაში. ასევე არსებობს სამართლებრივი თავსებადობის კრიტერიუმები ევროგაერთიანებასთან, ანუ ევროკავშირის სამართლის ნორმების დამკვიდრება ეროვნულ სამართალში _ ეს არის ის კრიტერიუმები, რომელზედაც ქვეყნის სამართლებრივი მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის სამართლებრივ მოწყობას. ეს არის კრიტერიუმები, რომელსაც ეფუძნება ნებისმიერი ქვეყნის დაახლოება და გაწევრიანება ევროკავშირში. როდესაც უვიზო მიმოსვლაზე ვსაუბრობთ, ასევე არის გარკვეული ტექნიკური საკითხები, მაგალითად, უკანონო მიგრაციის კონტროლი, თუმცა საბაზისო მაინც არის პოლიტიკური კრიტერიუმები, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ.
_ და რას აკეთებს ამ დროს „ქართული ოცნება“?
_ „ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რომ სპობს სახელმწიფო ინსტიტუტებს. პრაქტიკულად, არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი აღარ არსებობს: გააუქმეს არჩევნები, გააუქმეს დემოკრატია, მართლმსაჯულების სისტემა სასამართლოს მიტაცების გზით, ადამიანების უფლებებს ფეხქვეშ თელავენ ყოველდღიურად, ნებისმიიერი ტიპის უმცირესობას ჩაგრავენ, ეკონომიკაზე ცდილობენ, რომ შერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, ზოგადად, დასავლურ სივრცეს ჩამოაშორონ ქართული ეკონომიკა და მიაბან პირდაპირ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს, ანუ აქედან გამომდინარეობს დასკვნა: თუ საქართველოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან შეუჩერდა, ეს იქნება პირადად ივანიშვილისა და მისი ამ კრიმინალური დაჯგუფების პასუხისმგებლობა. სანამ ივანიშვილი არ მოშორდება ძალაუფლებას, ამ ქვეყანას არავითარი ევროპული მომავალი არ გააჩნია! შესაბამისად, რისკი იმისა, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს ევროკავშირთან, რა თქმა უნდა, არსებობს. ეს თუ მოხდა, ეს უდიდეს პრობლემებს შეუქმნის არა ევროკავშირს, არამედ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს, უპირველეს ყოვლისა. ეს შეეხება განათლების მიღების შესაძლებლობას, რადგან ამ უვიზო მიმოსვლით უამრავი ადამიანი ახერხებს, ევროპულ განათლებას ეზიაროს; ჯანდაცვის მიმართულებითაც შეიქმნება პრობლემები, რომელთანაც. სამწუხაროდ. ქართული ჯანმრთელობის სისტემა უძლურია... ეს ეხება ეკონომიკურ კავშირებს, ბიზნესებს, _ ადამიანებს შეუძლიათ ჩავიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ და იქ შეხვედრები გამართონ, იმუშაონ თავისი პროდუქციის ევროკავშირში გაყიდვაზე. ასევე პრობლემებს შეუქმნის ემიგრანტებს, _ ახლა ადამიანები ახერხებენ, რომ თავიანთი ოჯახის წევრებთან უპრობლემოდ იკონტაქტონ, ეს შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, შეიზღუდება. მაგრამ ყველაზე უფრო რაც მაღელვებს ამ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაში არის ის, რომ ეს მიმოსვლის თავისუფლება ადამიანებს შორის არის არა მხოლოდ კონკრეტული ბენეფიტების მომტანი, არამედ ევროპულ სივრცესთან შინაარსობრივი კავშირი. გადაადგილება ნიშნავს, რომ ჩვენ იმ სივრცის ნაწილი ვართ. სამწუხაროდ, ვხედავთ, როგორ მუშაობს „ოცნების“ პროპაგანდა, „იმედი“, „პოს ტივი“, ბოტებისა და ტროლების ქარხანა, რომ ადამიანებს დააჯერონ, თითქოს პრობლემა ევროკავშირშია. სინამდვილეში, პრობლემა არის „ქართული ოცნების“ რუსულ ბუნებაში. ერთადერთი ხანგრძლივვადიანი გამოსავალი ამ მძიმე ვითარებიდან არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი უნდა მოშორდეს ქვეყნის მართვის სადავეებს და დამკვიდრდეს ნორმალური კოალიციური, გაწონასწორებული მმართველობა, რომელიც იქნება ორიენტირებული არა რუსეთის ეროვნულ ინტერესზე, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესზე, რომლის ამოცანაც იქნება ამ ქვეყნისა მოქალაქეების კეთილდღეობა.
_ რას ფიქრობთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის შესახებ? რამდენად სამართლიანია 2008 წლის ომის თემის წამოწევა ახლა? რეალურად რატომ და რისთვის შეიქმნა ეს კომისია?
_ ამ კომისიას აქვს რამდენიმე ამოცანა: ეს არის კლასიკური რუსული ჰიბრიდული ოპერაცია, ეს კომისია თავად კი _ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგი. ამ რუსულ ოპერაციას, ე.წ. საგამოძიებო კომისიის სახით, აქვს რამდენიმე მიზანი. პირველი: საინფორმაციო ამოცანა, რომ ჩვენ მუდმივად ვისაუბროთ არა რეალურ პრობლემებზე, არამედ იმაზე, რაც კრემლს უნდა. კრემლს უნდა, რომ წაიღოს მთლიანად საინფორმაციო დღის წესრიგი. ამიტომ ამ კომისიაზე ვინც მიდის, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხდება რუსული საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი. თუ ადამიანები არ მივლენ კომისიაზე, იგი იქნება „იმედის“ ან „პოსტ ტივის“ ერთი ჩვეულებრივი ტოქშოუ. მეორე მიზანი: პოლიტიკურ ოპონენტებზე და, ზოგადად, მიუღებელ ადამიანებზე რეპრესიის განხორციელების მეთოდი. ვიცით, რომ ამ კომისიაზე გამოუცხადებლობა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ძალინ მიხარია, რომ პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა უარს აცხადებს ამ კომისიის დასწრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ საფრთხე ემუქრებათ. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი უარს არ აცხადებს. მესამე არის სახელმწიფოს, სამშობლოს ღალატი, რადგან მთელ ცივილიზებულ სამყაროში არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი ვერსია 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ეს ვერსია გახლავთ შემდეგი, რომ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს! არავითარი სხვა ვერსია არ არსებობს. ამ კომისიის ამოცანაა, რომ ეს ვერსია შეატრიალოს და საკუთარ სამშობლოს დააბრალოს საკუთარსავე ტერიტორიაზე ომის დაწყება! ამ მავნებლობასთან და ღალატთან ერთად კომისიის ამოცანა ასევე არის საბაზისო ღირებულებებისა და ფასეულობების რღვევა! მაგალითად, როცა აცხადებენ, რომ გიორგი ანწუხელიძე არის არა ეროვნული გმირი, არამედ ვიღაცის პიარისთვის შეწირული ადამიანი, ამით მხოლოდ გიორგი ანწუხელიძის სახელს კი არ ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ, არამედ ამით ჩრდილს აყენებენ ზოგადად პატრიოტიზმს, როგორც მოვლენას, ზოგადად ქვეყნის სიყვარულს, ქვეყნისთვის თავგანწირვას! ამით შეურაცხყოფას აყენებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა. სინამდვილეში ატრიალებენ ამ ღირებულებების შკალას ისე, როგორც აწყობს რუსეთს!
_ შექმნის თუ არა ივანიშვილი ახალ „ოპოზიციურ“ პარტიას?
_ ვერ შექმნის. ივანიშვილი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, მუდმივად ამბობს, რომ მას სურს მისთვის მისაღები ოპოზიციის არსებობა ქვეყნაში, _2012 წლიდან ამას ცდილობს, ხან „ნაციონალურ მოძრაობას“ ახსენებს, ხან სხვა პარტიებს, ხან „დიფ სტეიტს“, ხან „გლობალური ომის“ პარტიას, მაგრამ მისი მთავარი ამოცანა არის, რომ კრიტიკული ოპოზიციური პარტია ამ ქვეყანაში არ არსებობდეს, არსებობდეს მისთვის მისაღები კომფორტული კვაზი ფსევდოოპოზიცია. 13 წელია, ეს ამოცანა აქვს და 13 წელია, ვერ შეძლო ამ ამოცანის შესრულება. პოლიტიკური პარტიები ასე არ იქმნებიან. პოლიტიკური პარტიები ღირებულებების, საერთო ამოცანების გარშემო შექმნილი ადამიანთა გაერთიანებებია. ხელოვნურად ასეთი გაერთიანებების შექმნა არის შეუძლებელი. მას ჰქონდა არაერთი მცდელობა: იყო „პატრიოტთა ალიანსი“, „ალტ ინფო“, კონსერვატიული მოძრაობა. ახლაც არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებითაც ცდილობს ივანიშვილი მანიპულირებას, მაგრამ სოლიდური საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ჯგუფის ხელოვნურად დაბადება არის შეუძლებელი!
_ შემთხვევით, ასეთი ფსევდოოპოზიციისთვის ხომ არ ამზადებს ახლახან „გამოთავისუფლებულ“ ღარიბაშვილს?
_ არ ვიცი, ღარიბაშვილს ამზადებს თუ არა ან რა გეგმა აქვს ივანიშვილს ამ მიმართულებით, მაგრამ რა გეგმაც არ უნდა ჰქონდეს და ვის წამოწევასაც არ უნდა აპირებდეს ამ გეგმის შესასრულებლად, ნებისმიერი გეგმა იქნება წარუმატებელი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ივანიშვილს თავად აქვს ძალიან სერიოზული სახალხო ლეგიტიმაციის პრობლემა! ივანიშვილმა სინამდვილეში წააგო 26 ოქტომბრის არჩევნები, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა. დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს ამ არჩევნებში, უბრალოდ, მან გადაწერა არჩევნების შედეგები. მაშინ, როდესაც თავად აქვს მხარდაჭერის ასეთი პრობლემა, თანაც მწვავე, ის ხმებს ვერ გაუყოფს ვერავითარ სატელიტ პოლიტიკურ ჯგუფებს, _ თავისთვის საკმარისი ხმები არ გააჩნია.