QronikaPlus
მალხაზ პატარაია: „ოცნება“ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას ვერ ბედავს“

მალხაზ პატარაია: „ოცნება“ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას ვერ ბედავს“

2025-05-01 10:08:21

შორენა მარსაგიშვილი

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლებამ საქართველოსგან ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება მოითხოვა. „აფხაზთა კრების“ თავმჯდომარე მალხაზ პატარაია „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ ოკუპირებულმა სოხუმმა ეს მოთხოვნა მოსკოვის დავალებით გააჟღერა. პატარაია არ გამორიცხავს, რომ მალე დღის წესრიგში დადგება ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი:

_ ბატონო მალხაზ, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისისგან ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმება მოითხოვა. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. თქვენი აზრით, რისთვის ემზადებიან?

_ ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლება არის რუსეთის გაგრძელება. ისინი არცერთ სიტყვას რუსეთთან შეუთანხმებლად არ გააჟღერებენ, შესაბამისად, ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნა არის რუსეთის განცხადება. ერთი მხრივ, რუსები თავის ყმა მარიონეტებს ალაპარაკებენ და, მეორე მხრივ, თავადაც იგივეს ამბობენ. კრემლს ასე წარმოუდგენია საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება. ეს უნდა მოხდეს ორი ოკუპირებული რეგიონის გარეშე, სამი საელჩოთი. ამ მოთხოვნით აფსუები ადრეც გამოდიოდნენ ჟენევის ე. წ. მოლაპარაკებებზე. ამის გარდა, ისინი ითხოვენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. ასე რომ, ეს ახალი არ არის, მაგრამ ახალი რეალობიდან გამომდინარე, საკმაოდ შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია იმდენად, რამდენადაც ზუსტად ასეთ მოთხოვნებს უყენებს რუსეთი უკრაინას. მოითხოვენ მათგან, რომ ცნონ უკრაინის 5 ოლქი რუსეთის ნაწილად. მათგან ითხოვენ ნეიტრალიტეტს და ნატოზე უარის თქმას.

_ ნატოზე უარის თქმა რუსეთმა საქართველოსგანაც მოითხოვა არაერთხელ.

_ ერთნაირი მოთხოვნები აქვს ჩვენი და უკრაინის მიმართ. სურთ, რომ ოკუპირებული რეგიონები დე იურე დატოვოს საქართველოს საზღვრებს გარეთ,  შემდეგ მოახდინოს მისი სრული ანექსია. დღეს რუსები განსაკუთრებულ მადაზე მოვიდნენ იმის გამო, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია აშკარად მხარს უჭერს პუტინს. არის კიდევ ერთი ფაქტი, რომელსაც არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია ყურადღებას არ აქცევს: პირველი მაისიდან იხსნება ოკუპირებული სოხუმის აეროპორტი, მათ ვებგვერდიც აქვთ. რუსეთიდან უკვე დაგეგმილია სამი რეისი, ორი მოსკოვიდან და ერთი ნიჟნი ნოვგოროდიდან. ასე რომ, სოხუმის აეროპორტი იწყებს ფუნქციონირებას საჰაერო ნაოსნობის წესების ყოველგვარი დარღვევით. სამწუხაროდ, ამაზე არავინ ხმას არ იღებს, მათ შორის, არც ოპოზიცია.

მმართველ გუნდს რაც შეეხება, იმათ რამე რომც თქვან, მათ ვინ მოუსმენს? მაგრამ მაინც უნდა ილაპარაკონ. მართალია, სრულ იზოლაციაში არიან, მაგრამ დუმილს ხმაური სჯობს. სრულ იზოლაციაში არიან და ამიტომ დასახმარებლად ვეღარ მიმართავენ ჩვენს დასავლელ მეგობრებს. ამის მიუხედავად, განცხადებები უნდა გააკეთონ და „იკაოს“ უნდა მისწერონ წერილები. სოხუმში ფრენები „იკაოს“ წესების დარღვევით იწყება. ამას არ აკეთებენ და არც გააკეთებენ, რადგან ამ და ძალიან ბევრ სხვა საკითხში ისინი რუსულ ხაზზე დგანან, რუსულ მიმართულებას ადგანან. სადაც ანწუხელიძის გმირობა დაამცირეს, იქ მათი დუმილი არ უნდა გაგვიკვირდეს.

_ ბოლო დროს აშკარაა, რომ იმ ხალხს აკნინებენ, ვინც საქართველოსთვის დაიღუპა. დაღუპულების ეშინიათ, თუ ამით რუსეთის დანაშაულებებს ფარავენ?

_ ისინი საქართველოს გმირები არიან და, შესაბამისად, მიიჩნევიან რუსების მტრებად. როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, აქედან უნდა გამოვიდეთ. „ქართული ოცნება“ ატარებს რუსულ ხაზს და საქართველოს გმირების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც რუსეთს. რა გასაკვირია, რომ დამპყრობელს სძულდეს ის, ვინც მას იარაღით დაუპირისპირდა? რაც შეეხება ე. წ. ბოდიშისტობას, ამ ბოდიშისტობის გაგრძელეებაა გმირების დამცირება, მათი არა გმირებად, არამედ უაზრო მსხვერპლად გამოყვანა.

_ გმირების მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ რამდენიმე თვის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ერთი ამბავი გამახსენა: შამილ ბასაევი ქართველებს კი გვეზიზღება, მაგრამ ის არის აფსუების გმირი და მისი პორტრეტი მუზეუმში უკიდიათ. მოსკოვმა კატეგორიულად მოითხოვა ბასაევის სურათის ჩამოხსნა. ამას დიდი სკანდალი მოჰყვა. ჩვენთანაც ხომ არ მოითხოვენ გმირების სურათების გაქრობას?

_ საინტერესო პარალელია. ეს მიზნად ისახავს გმირების დამცირებას და ჩვენი უახლესი ისტორიის გადაწერას. შოთა რუსთაველის უკვდავი პოემიდან პირველი რაც გვახსენდება, ეს არის აფორიზმი: „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი“. ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ფორმულა. ქართული ტრადიციების „დიდი მოამაგეები“ ზუსტად ამ მთავარ საყრდენს გვაცლიან. გვაცლიან იმისთვის, რომ მტერს გაუადვილონ შემდგომი მოქმედებები. მტერს გასაგები ამოცანა აქვს, მას სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა. საბჭოთა კავშირში ქაქუცა ჩოლოყაშვილი გმირად არ ითვლებოდა.

_ იქ ფილიპე მახარაძე იყო გმირი.

_ სერგო ორჯონიკიძეც. იყვნენ სხვა საბჭოთა გმირებიც. ქუჩებს და ქალაქებს მათ სახელებს არქმევდნენ, დგამდნენ მათ ბიუსტებს და ა. შ. არსებობს ბოლშევიკ მამია ორახელაშვილის გამონათქვამი, მან იუნკრებზე თქვა, რომ ისინი ტყუილი მსხვერპლი იყვნენ.

_ ერთი ერთში, რაც თეა წულუკიანმა თქვა ჩვენს ეროვნულ გმირ გიორგი ანწუხელიძეზე.

_ ერთი ერთშია, რა თქმა უნდა. ისინი ლაპარაკობენ ისევე, როგორც ბოლშევიკები, აკეთებენ იმას, რასაც რუსი იდეოლოგები კარნახობენ.

_ რუსული იდეოლოგია ახსენეთ და კრემლის მთავარმა იდეოლოგმა დუგინმა არაერთხლ ახსენა, რომ ახალ საბჭოთა კავშირში საქართველო სამ სუბიექტად უნდა შევიდეს: საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

_ ამაზე, რა თქმა უნდა, მუშაობენ და არა მარტო ამაზე. ყბადაღებული საუბარი მიდის დიფ სტეიტზე, რომელიც სრულიად არამეცნიერული, ანტირელიგიური ტერმინია. ესეც დუგინის ერთგვარი ნარატივია, არცერთი მეცნიერება არ ცნობს ამ დიფ სტეიტს. მოიგონეს ეს რაღაც ტერმინი. ყველა სხვადასხვანაირად იყენებს. საქართველოს ხელისუფლება ამ დიფ სტეიტში დებს იმ შინაარსს, რასაც დებს დუგინი. ეს არის რაღაც მსოფლიოს შეთქმულების თეორია. ეს დუგინი არაა ჭკვიანი სოციოლოგი, მაგრამ დემაგოგი ნამდვილად არის. ამასთან, ის არის თანამედროვე რაშიზმისა და კომუნიზმის კაცთმოძულე იდეოლოგი. რაშიზმი ეს გახლავთ კომუნიზმისა და ფაშიზმის ნაჯვარი. დუგინი და „ქართული ოცნება“ ერთნაირი იდეოლოგიით საუბრობენ. დიფ სტეიტსა და გლობალური ომის პარტიაში იგულისხმება დასავლეთი. რუსები ხომ ღიად ამბობენ, რომ უკრაინასთან ომში ჩვენ ვებრძვით კოლექტიურ დასავლეთსო.

_ საბედნიეროდ, ეს კოლექტიური დასავლეთი, უფრო ზუტად კი, უკრაინა საქართველოსაც იცავს და მთელ ევროპასაც.

_ ახლა მთავარი გეოპოლიტიკური პროცესები წყდება უკრაინაში. გმირი უკრაინელი ხალხი და მისი გმირი ხელისუფლება იცავს საკაცობრიობო ღირებულებებს, დასავლეთსაც და ჩვენც. ჩვენი ბედიც უკრაინაში წყდება.

_ მათი ასეთი თავგანწირული წინააღმდეგობა რომ არა, ალბათ, საქართველო უკვე გადაყლაპული იქნებოდა და თბილისში წითელი დროშა იფრიალებდა.

_ ნამდვილად ასეა. ღმერთმა არ ქნას, იქ რუსეთმა გაიმარჯვოს. რუსულ არმიას სამ დღეში რომ აეღო კიევი, დარწმუნებული იყავით, მომდევნო სამ დღეში უკვე თბილისს აიღებდნენ.

_ თბილისის ასაღებად სამი დღეც არ დასჭირდებოდათ.

_ არ დასჭირდებოდათ სამი დღე, მაგრამ ეს სამი დღე ფიგურალურად ვახსენე. ჩვენი მეგობარი უკრაინა საკაცობრიო ღირებულებებისთვის სისხლს ღვრის. ამ ღირებულებებს ემუქრება საფრთხე და არა მარტო რუსეთის მხრიდან. ამ ღირებულებებს საფრთხეს უქმნის აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია. არ შეიძლება გქონდეს ერთნაირი დამოკიდებულება კეთილისა და ბოროტის მიმართ. ამ შემთხვევაში უფრო უარესადაა საქმე. ტრამპის ადმინისტრაციას კეთილის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება აქვს. ასეთი განურჩევლობა არ შეიძლება. ეს თავად ამერიკული საზოგადოებისთვის არის საფრთხის მომტანი. ხშირად ამბობენ, რომ დღეს მესამე მსოფლიო ომი მიმდინარობს, რაც სიმართლე არ არის. ადამიანების ცნობიერების მსოფლიო ომი კი ნამდვილად მიმდინარეობს. ეს ომი მიდის აზროვნებისთვის, ცნობიერებისთვის და მორალისთვის. სერიოზული საფრთხის შემცველია ის პოლიტიკა, რასაც დღეს თეთრი სახლი ატარებს. კაცობრიობა შეიძლება ამ ომში დამარცხდეს და მორალი დაკარგოს. შესაძლოა, საზოგადოებამ კეთილი და ბოროტი ვეღარ გაარჩიოს ერთმანეთისგან. ეს კაცობრიობისთვის დიდი უბედურება იქნება

_ ტრამპის ასეთმა პოლიტიკამ ერთი კარგი რამე გააკეთა _ ევროპა გამოაფხიზლა და სამართლიან პოზიციაზე დააყენა.

_ ევროპა ღიად უჭრს მხარს უკრაინას. ევროპას შეუძლია მთლიანად საკუთარ თავზე აიღოს უკრაინის დახმარება. ამას გააკეთებენ კიდევაც, თუ აშშ შეწყვეტს დახმარებას. ამით ამერიკა, პირველ რიგში, საკუთარ რეპუტაციას დაასამარებს.  გეოპოლიტიკურადაც პრობლემები შეექმნება ამერიკას. ევროპის ასეთი ძლიერი ცენტრის შექმნა გეოპოლიტიკურ რა ცუდ ცვლილებებს გამოიწვევს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არავინ იცის. არ დაგვავიწყდეს ჩინეთი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი ურთიერთობები ჰქონდეს ევროპასთან. არსებობს ირანი, როელსაც შეუძლია ევროპასთან კავშირზე გასვლა. ერთი სიტყვით, ბევრი მოთამაშეა მსოფლიოში, რომლებიც ამერიკელებს არ ეპიტნავებათ.  თვალს თუ მივადევნებთ ჩინეთის აქტიურობას ევროპის მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპელებთან სერიოზული კავშირი დამყარდება. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენი ვექტორი, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, გაძლიერდება ევროპის მიმართულებით.

_ ოპოზიციას, ძირითადად, ევროპაზე აქვს გეზი აღებული.

_ არ ვიცი, ვერ გეტყვით. მათ კი აქვთ დასავლური ვექტორი, მაგრამ კონკრეტული არაფერი ჩანს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: რამდენიმე თვის წინ ევროპის საბჭოში ქართულ დელეგაციას შეუჩერეს ხმის უფლება. მანამდე ამათ განაცხადეს, რომ ტოვებენ ევროპის საბჭოს. ძნელი დასანახი არ არის, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ევროპის საბჭოს მიმართ. ეს გზა რუსეთმა უკვე გაიარა, ის გამოვიდა ევროპის საბჭოდან და შეაჩერა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია. ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქტიურობაა საჭირო ოპოზიციის მხრიდან. თუ ამათ გაბედეს და თქვეს, რომ ჩვენ ვტოვებთ ევროსაბჭოს, ევროსაბჭომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს და არ დაადასტუროს საქართველოს გასვლა ევროპის საბჭოდან და ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისდიქციის შეწყვეტა საქართველოზე. ეს ძალიან მარტივად შეიძლება მოგვარდეს. ევროკავშირისა და ევროსაბჭოს რეზოლუციებში განსაკუთრებით გამოკვეთილად წერია, რომ მმართველი გუნდი არის უკანონო და არალეგიტიმური ხელისუფლება. შესაბამისად, არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ შეუძლია გამოხატოს ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს ნება. ყოველი ასეთი მცდელობა უნდა აღიკვეთოს სწორედ ასე. „ქართული ოცნების“ მოთხოვნა განუხილველად უნდა დატოვონ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ისევ უნდა იმუშაოს საქართველოს საქმეებზე.

ოპოზიციამ ასევე სერიოზული მუშაობა უნდა დაიწყოს დიდ ბრიტანეთთან. გერმანიასთანაც გააქტიურებაა საჭირო. ამერიკელებთანაც უნდა გაგრძელდეს ურთიერთობა. თუმცა 20 იანვრის შემდეგ არც არაფერი ყოფილა საქართველოს მიმართ. არც კავკასია უხსენებია ამერიკას, გარდა იმისა, რომ ელჩმა გააკეთა განცხადებები.

_ ტრამპმა ორჯერ ახსენა, რომ რუსეთმა 2008 წელს საქართველო ბუშის დროს წაიღოო. ესეც იმ კონტექსტში თქვა, რომ თავისი წინამორბედები დაემცირებინა.

_ ეს მიდგომა ძალიან არასახელმწიფოებრივია. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ რა უნდა თქვას? _ აფხაზეთი შევარდნაძის დროს დაიკარგა და ამიტომ არ მაინტერესებსო? ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი ზვიად გამსახურდიას დროს დაიწყო და ამიტომ ამაზე დღევანდელმა აღარ უნდა იფიქროსო? ტრამპის ეს განცხადება ძალიან წააგავს ირაკლი კობახიძის მავნებლურ განცხადებას. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომი ცხნვალში დაიწყო საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ. ის პროფესიით იურისტია და იმდენი მაინც უნდა ესმოდეს, რომ ქვეყანა თავის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებს. თან ასეთ ომს აგრესია ჰქვია და ის დასჯადია. რა ქნა საქართველომ? აგრესიული ომი აწარმოა? ანუ სხვა ქვეყანაა ცხინვალი? ეს არის ძალიან საშიში განცხადება.

_ ამ გაცხადებით, ფაქტობრივად, ცხინვალის რეგიონი აღიარა.

_ აშკარაა, რომ ქვეყანა კოსოვიზაციის მიმართულებით მიდის. კოსოვიზაცია მეტი კი არაფერია. ამ ფონზე ბოდიში და ასეთი განცხადებები ნიშნავს, რომ ბულდოზერებით მიადგნენ გმირთა მოედანზე გმირების მემორიალს. მენტალურად მიადგნენ და აწი ვნახოთ. ქართული საზოგადოება, საბედნიეროდ, მოქმედებს და იბრძვის. გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს ნაცემი და დასახიჩრებული ადამიანები. საქართველო იბრძვის და მმართველ გუნდს აქვს ძალიან სერიოზული კრიზისი. დასავლეთის ასეთი დამოკიდებულება, ანუ იზოლაცია, მიღწეულია მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის აქტიურობის შედეგად. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია, ის ოპოზიცია რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა გასული წლის 28 ოქტომბრიდან მოყოლებული, ერთი თვის მანძილზე არ ჩანდა. მათ ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლეს პროტესტის აგორება. 2-3 ათასი კაცი ვერ გამოჰყავდათ. და, აბა, ვნახოთ მერე რა მოხდა? ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირთან ურთიერთობას. იმ წამიდან ხალხი თავისით გამოვიდა ქუჩაში და დღემდე აგრძელებს ბრძოლას. აუცილებელია იყოს სინერგია დასავლეთის პოზიციასა და ქართველ ხალხს შორის. საბოლოოდ მაინც ჩვენ ვწყვეტთ საკუთარ ბედს. დასავლეთის სოლიდარობა და სანქციები ძალიან ქმედითია, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენ ვართ. სანქციებს რაც შეეხება, დასავლეთს მწვავე სანქციები ჯერ არ გამოუყენებია საქართველოს მმართველი გუნდის მიმართ. ეს სანქციები ჯიბეზე ჯერ მხოლოდ რამდენიმე პირს შეეხო. ევროკავშირის გადაწყვეტილებას ამათ დასანქცირებასთან დაკავშირებით ბლოკავს ორბანი. მაგრამ ესეც დაძლევადია, სხვა მექანიზმის მოფიქრება შესაძლებელია. იმუშავებს ინდივიდუალური სანქციები, თუ ის მძიმე ხასიათის იქნება. 

საინტერესო ამბავია, რაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ააგორეს. ერთ მხარეს დააყენეს პატრიოტიზმი, მეორე მხარეს დააყენეს ვიზალიბერალიზაცია, თითქოს ეს რაღაც წინააღმდეგობაში მოდიოდეს ერთმანეთთან. ამბობენ, ჩვენ გვირჩევნია სუვერენიტეტი ვიზალიბერალიზაციას და ქართველი ხალხი პატრიოტრია და ის ამ ამბავს გაიგებს. არავის გასჩენია ერთი მარტივი აზრი და არ მიუმართავს ხელისუფლებისთვის კითხვებით. შენ თუ ასეთი მოამაგე ხარ საკუთარი ხალხისა და ქვეყნის, ებრძვი თავგამოდებით ამ საშინელ დიფ სტეიტს, არ გეშინია არაფრის და გმირი ხარ, ამ დროს რატომ არ ამბობ, _ მე გადავდებ თავს, ხალხს თავი დაანებე და მე დამასანქცირე. ე. ი. ოლიგარქიისთვის ხალხი უნდა დასანქცირდეს და არა ოლიგარქია ხალხისთვის? ხომ შეუძლია თავდადებულ კალაძეს თქვას, _ ა, ბატონო, მე ჩემს ქონებას ვთმობ, იტალიაში არ ვივლი შოპინგზე, მე დამასანქცირონ, ოღონდ ხალხს შეეშვან და საკუთარ თავზე ვიღებ ამ დარტყმას. რატომ არ ამბობენ ამას, თუ ასეთი გმირები არიან? არც თავად ამბობენ ამას და არც ოპოზიცია ითხოვს ამათგან ამის გაკეთებას.

_ ისევ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ჩვენს რეგიონებს დავუბრნდეთ. ეს რეგიონები აღარავის ახსოვს ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის, ოპოზიციას. ამ თემაზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი საუბრობთ. ხელისუფლება გავიგე, მაგრამ ოპოზიციას რატომ არ აინტერესებს ეს თემა?

_ ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი. ძალიან მწყინს, ოპოზიცია ოკუპირებული ტერიტორიებით რომ არ ინტერესდება. ოპოზიციას ოკუპირებული ტერიტორიების გარდა კიდევ ბევრი რამე არ აინტერესებს. მათ მუშაობაც კი არ უნდათ. არადა, გასულ წელს სათანადოდ რომ ემუშავათ საზოგადოებასთან, შეეძლოთ გაცილებით ბევრი ხმა მიეღოთ არჩევნებზე. ამ ხმების მიღება შეეძლოთ გაყალბების მიუხედავად. საუბარი მაქვს 200-დან 300 ათასამდე ხმაზე. 

ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც არჩევნების წინ არ დაუპირისპირდნენ ვითომ ამ ანტისაომარ რიტორიკას. არანაირი ფორმით არ პასუხობდნენ ხელისუფლების ბრალდებას, რომ მათ ომი სურდათ საქართველოში. არადა, ხელისუფლების მთავარი არგუმენტი იყო მხოლოდ და მხოლოდ ეს. გამოფინეს რაღაც მკრეხელური პლაკატები, რომელზედაც რუსეთის მიერ დანგრეული უკრაინა იყო გამოსახული. ერთი ხმა არ ამოუღია ოპოზიციას ამის წინააღმდეგ. მათ შეგნებულად აუარეს გვერდი ყველაზე მწვავე არგუმენტს და ინსინუაციას, რომელიც პირდაპირ სერავდა ადამიანების ცნობიერებას. ომის შიში ბუნებრივი შიშია და ამის გამო არავის დავძრახავ.

_ მით უმეტეს საშიშია იმ ხალხისთვის, ვისაც ომი გამოვლილი აქვს. საქართველოში ათასობით ადამიანი ცხოვრობს, მათ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საკუთარ თავზე იწვნიეს ომის საშინელება.

_ ასეა! უამრავმა ადამიანმა ნახა საქართველოში თავისი თვალით ომის საშინელება. რა გასაკვირია, რომ მათ ომის ნახვა მეორედ აღარ სურთ. ხელისუფლების რიტორიკამ მათზე იმოქმედა. ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ხალხი საპირისპიროში დაერწმუნებინა. როგორც უკვე ვთქვი, მათ შეგნებულად აუარეს გვერდი „ქართული ოცნების“ მთავარ არგუმენტს.

_ რატომ აუარეს გვერდი, თან შეგნებულად?

_ ვერ გეტყვით, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ფაქტი ისაა, რომ ამ რიტორიკისთვის გვერდის ავლამ მათ ძალიან ბევრი ხმა დააკარგვინა. ოპოზიციას არც ბოდიშის თემაზე გამოუხატავს მწვავე პროტესტი. არჩევნების წინა პერიოდში ბიძინა იავნიშვილმა თქვა, რომ ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო. ამაზე ოპოზიციას ხმა არ ამოუღია. ხელისუფლებას პასუხი ხალხმა გასცა. ოპოზიცია აქაც შეგნებულად დადუმდა. მე კარგად მახსოვს ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის განცხადება, რანაირად დავუპირისპირდეთ ამ ბოდიშსო. ამ ადამიანმა თქვა, რომ ბოდიშს არ გააპროტესტებდა.

ამ დუმილისა და საკითხის გვერდის ავლის მიზეზებიც არსებობს, თუმცა ზოგადი ვითარების შეცვლა მნიშვნელოვნად განაპირობებს წინსვლას ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საქმეში. კარდინალურად შეიცვლება სიტუაცია. დასავლური ინტეგრაცია და დაცულობა რუსეთისგან მნიშვნელოვანწილად განაპირობებს შიდა პრობლემების მოგვარების პერსპექტვას. პრობლემები მერეც იქნება. იქნება დაპირისპირებები პოლიტიკურ ძალებს შორის, მაგრამ ეს არაფერია იმ საფრთხესთან შედარებით, რომლის წინაშეც ახლა საქართველო დგას. ახლა საფრთხე საქართველოს სახელმწიფოებრიობას ემუქრება. მთავარია, ქართული სახელმწიფო გადავარჩინოთ.

_ ასეთი დუმილითვე ხომ არ შეხვდება ოპოზიცია, თუ საქმე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობაზე მიდგება? რუსეთი, დიდი ალბათობით, მოითხოვს ამას.

_ რუსეთმა შეიძლება მოითხოვოს. რაღაც მოთხოვნები კი აქვთ, მაგრამ „ქართული ოცნება“ მოსკოვს ამაზე არ პასუხობს. იციან, ხალხში ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარება ძალიან დიდ აგრესიას გამოიწვევს, ამიტომ ვერ ბედავენ ამ მიმართულებით დათმობაზე წასვლას. ისინი ცდილობენ, საქართველოს საკითხი მიაბან უკრაინის თემას რუსეთის მხრიდან. როგორც იქ იქნება, შემდეგ იგივე განმეორდება აქაც.

გაზიარება