ხუთშაბათი, 26 ივნისი, 2025
2025-06-26 07:48:56
შორენა მარსაგიშვილი
რას ითხოვს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე? აქვს თუ არა იმედი ვახა მაჩალიკაშვილს, რომ მისი შვილის მკვლელები დაისჯებიან? რატომ მინელდა ინტერესი გახმაურებული საქმეების მიმართ, გამოიყენა თუ არა მისი ტრაგედია ოპოზიციამ სათავისოდ? რატომ უჭერს მხარს იგი სკანდალში გახვეულ ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება შვილმოკლული მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი:
_ ბატონო მალხაზ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა სხდომაზე შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების პროგრესი. კომიტეტმა საქართველოს მოსთხოვა, წარადგინოს ინფორმაცია იმ დამატებითი შესაძლო ღონისძიებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს გამოძიების ხარვეზების სრულად აღმოსაფხვრელად, მათ შორის, გამოძიების შედეგებზე დამოუკიდებელი საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობის უზრუნველყოფით. თქვენი აზრით, ამის შემდეგ შეიცვლება რაიმე თქვენი შვილის საქმის გამოძიებაში?
_ ამასთან დაკავშირებით განცხადება სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა. თემირლანის საქმეზე მსჯელობა გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 10-12 ივნისის ადამიანის უფლებათა სხდომაზე. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამ საქმეს სამართლიანად გამოიძიებს. ამის მიუხედავად, მე ბრძოლას მაინც გავაგრძლებ და მივაღწევ იმას, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიც ითხოვენ სამართლიან გამოძიებას.
ორი წლის წინათ, 2023 წლის 19 იანვარს, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი) პროცედურული ნაწილის დარღვევა _ არაეფექტიანი და ხარვეზიანი გამოძიების გამო. კერძოდ, სასამართლომ გააკრიტიკა შემდეგი საკითხები:
გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევა, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე გამოიხატა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობით;
პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვით; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმენის ადგილმდებარეობისა და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლით;
გამოძიების პროცესში (ჩვენი ოჯახისთვის საიდუმლო) თემირლანის საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის არმინიჭებით. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არქონის გამო ჩემმა ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ ვერ დაადგინა სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა;
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მცდელობის შემდეგ გამოძიების განახლებაზე უარით
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, _ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა არაერთგზის მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების განახლებისა და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით.
_ მათ მოთხოვნას მოჰყვა რაიმე შედეგი?
_ სოციალური სამართლიანობის ცენტრის ყველა მიმართვა იყო უშედეგო. მხოლოდ ერთი წლის წინ, 2024 წლის 18 ივნისს, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო დადგენილება გამოძიების განახლებაზე უარის შესახებ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების შესახებ მოსაზრებებს რეგულარულად წარუდგენს. ამისთვის დიდი მადლობა მათ. შარშან, 2024 წლის 12-14 მარტის სხდომაზე, კომიტეტმა მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად მიეღო გადაწყვეტილება გამოძიების განახლების თაობაზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და გამოძიებას კვლავ აქვს რესურსი საქმისთვის საკვანძო საკითხის დასადგენად _ იყო თუ არა საჭირო ლეტალური ძალის გამოყენება სპეცოპერაციის ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ? საინტერესოა, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების განმარტებითი ბარათის თანახმად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვერ წარმოადგინა მკაფიო და დამაჯერებელი არგუმენტები გამოძიების არგანახლების გადაწყვეტილებაში.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დადგენილება გამოძიების განახლებაზე უარის შესახებ ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრა, საჩივარი პასუხგაუცემელი დარჩა. ამის შედეგად, ჩვენი ოჯახისთვის სასამართლო კონტროლი გამოძიების შედეგებზე კვლავ მიუწვდომელია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა, სწორედ ის იყო, რომ ჩვენი ოჯახის წევრები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, გამოძიების თაობაზე პროკურორის მიღებული გადაწყვეტილებები სასამართლოში გაესაჩივრებინათ. ამასთანავე, ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები შეუძლებელს ხდიდა სასამართლოსთვის, ნაწილობრივ სწორედ ხარვეზიანად ჩატარებული გამოძიების გამო, შეეფასებინა კონფლიქტური ვერსიები და რომ არ არსებობდა ეროვნული სასამართლოების შეფასება ფატალური გასროლის კონკრეტული გარემოებების შესახებ.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც მიუთითებს გამოძიების არგანახლების გადაწყვეტილებაზე, საპროკურორო და სასამართლო ზედამხედველობის აუცილებლობაზე. კომიტეტის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსასრულებლად არ არის საკმარისი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების არგანახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. არამედ აუცილებელია, ჩვენს ოჯახს მიეცეს შესაძლებლობა, პროკურატურასა და სასამართლოში გაასაჩივროს გამოძიების არგანახლების შესახებ გადაწყვეტილება. ამ უფლებით კი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ დაზარალებულის სტატუსის მქონე პირები არიან აღჭურვილნი. შესაბამისად, იმისთვის, რომ კომიტეტის მითითება შესრულდეს, საქართველო ვალდებულია, განაახლოს გამოძიება და თემირლან მაჩალიკაშვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი. ხოლო შემდგომ, თუ პროკურატურა მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა შეწყდეს, ჩვენს ოჯახს ექნება შესაძლებლობა, გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივროს, ხოლო შემდეგ _ სასამართლოში. აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კომიტეტმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დაყრდნობით გამოძიებას ზოგადი ღონისძიებების გატარებაც დაავალა. კერძოდ, საქართველომ უნდა წარადგინოს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს გამოძიების ფარგლებში საიდუმლოდ ცნობილი ინფორმაციის დაზარალებულისთვის გადაცემის დაგვიანების თავიდან აცილებას. აგრეთვე, საქართველო ვალდებულია, კომიტეტს აცნობოს, რა ღონისძიებები გატარდა ან გატარდება სპეციალური საპოლიციო ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების სათანადოდ დოკუმენტირებისთვის. იმედს არ ვკარგავ და მჯერა, რომ ამ საქმეს თავიდან გამოიძიებენ.
_ ამ ხელისუფლების პირობებში ელოდებით ამას?
_ ამათგან მეეჭვება. ევროპის საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ლეგიტიმური ინტერესების მრავალწლიანი უგულებელყოფის მიუხედავად, კვლავ გავაგრძელოთ ბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად და ჩემი შვილის, თემირლანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სათანადოდ გამოსაძიებლად.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ჩვენი ოჯახის ინტერესების წარმოდგენას და აპირებს, კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კიდევ ერთხელ მიმართოს პროკურატურას გამოძიების განახლების, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა და საქმისთვის კრიტიკულად აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით. ვნახოთ, რა მოხდება.
_ ბევრი ფიქრობდა, რომ სოსო გოგაშვილის დაჭერის შემდეგ ხელისუფლება გამოიძიებდა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს, მაგრამ ასე არ მოხდა. რა არის ამის მიზეზი?
_ ამის მიზეზი ის არის, რომ ამ საქმეში ფიგურირებდა ვახტანგ გომელაურიც. მაშინ, როცა თემირლანი მომიკლეს, ის სოსო გოგაშვილის უფროსი იყო. მთავარი დამნაშავე არის ჩიმაკაძე. უმთავრესი დამნაშავე კი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც მთელ საქართველოს ასეთი დიდი უბედურება მოუტანა. სამართლიანობისთვის არა, მაგრამ თუ ივანიშვილს გომელაურის დასჯა დასჭირდა, მაშინ შეიძლება ჩვენი საქმე წამოსწიონ წინ, როგორც ახლა გიორგი გახარიას უქექავენ რაღაცებს. თითქოს არ იცოდნენ მათ გუნდში როცა იყო, რას აკეთებდა. ამ ხელისუფლების დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სამართალს მაინც ვიპოვი.
_ აშკარაა, რომ ამ გახმაურებულმა საქმეებმა უკან გადაიწია. რა არის ამის მიზეზი _ მშობლები და ოჯახები გაჩუმდნენ, თუ ქვეყანაში მას შემდეგ ბევრი ცუდი რამ მოხდა?
_ სხვებზე ვერაფერს ვიტყვი, ყველას თავისი ბრძოლა აქვს. მე არ გავჩერებულვარ, ვაგრძელებ ბრძოლას ჩემი შვილის მკვლელების დასასჯელად. სამართალს მაინც მივაღწევ. ჩემს შვილს ვეღარ გავაცოცხლებ, მაგრამ ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ სამართალი აღსრულდეს და სხვისი შვილები გადავარჩინო. სოლიდარობას ვუცხადებ ყველა პოლიტპატიმარს. მე მათ გასათავისუფლებლადაც ვიბრძოლებ. თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, მაშინ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და უდანაშაულოები ციხიდან გარეთ გამოვიდნენ.
_ თქვენ საპროტესტო აქციების ხშირი მონაწილე იყავით, გვერდით ედექით ოპოზიციას. ბოლო დროს აღარ ჩანხართ და რა არის ამის მიზეზი? იმედგაცრუებული ხართ ოპოზიციაზე?
_ შესაძლოა, საჯაროდ აღარ ვჩანვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ბრძოლა შევწყვიტე. ამ ბრძოლას ვაგრძელებ. შესაძლოა, ოპოზიციაზე ნაწყენი ვიყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არ დავუპირისპირდე, რომელმაც საქართველოში უამრავი ოჯახი გაანადგურა და გააუბედურა. ჩემი ბრძოლა მარტო ჩემთვის არ არის. სამართლის პოვნა მომავალში სხვა ბევრ ადამიანს დაიცავს.
ოპოზიციასთან ერთად დგომას რაც შეხება, მე ძირითადად „ნაციონალობას“ მაბრალებდნენ. ამაზე რეაქცია არ მქონდა. არ მაინტერესებდა, რას იტყოდნენ. მე სამართალს ვეძებდი და ამიტომ ვიდექი ქუჩაში. ხშირად იმასაც მეუბნებოდნენ, რომ ოპოზიცია ჩემს ტრაგედიასა და ჩემი შვილის საქმეს იყენებდა.
_ რაღაც დოზით ეს მართალი იყო. ამ გადმოსახედიდან თქვენც ხომ არ ფიქრობთ, რომ ოპოზიცია თქვენს საქმეს იყენებდა?
_ იყენებდა, როგორ არ იყენებდა, მაგრამ ხომ ხმაურობდნენ ამ თემაზე, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვიღაცას ხმა ხომ უნდა ამოეღო? როცა სამართალს ვეძებდი, ისინი მოვიდნენ და გვერდით დამიდგნენ. რა მეთქვა, წადით, ნუ მიჭერთ მხარსო? ამას არ გავაკეთებდი. თუ თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენეს ეს საქმე, მაგათ სინდისზე იყოს.
_ ამიტომ აღარ ჩანხართ საჯარო სივრცეში, რომ გულნატკენი ხართ?
_ ჩემს პოზიციას ყოველთვის ვაფიქსირებ. არც აქციებზე მისვლას ვერიდები, როცა თბილისში ვარ და არც განცხადების გაკეთებას. ასევე
ჩემს პოზიციას ყოველთვის ღიად და მკაფიოდ ვაფიქსირებ სოციალური ქსელებით. აღარ ვჩანვარ იმიტომ, რომ ტელევიზიებში აღარ მიწვევენ. არ ვიცი, ეს რისი ბრალია. არც ეს არის პრობლემა. ჩემს სათქმელს მაინც ღიად ვიტყვი და ხალხამდე მაინც მივიტან. ის, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო, ამისთვის არც ტელევიზია მჭირდება, და არც ოპოზიციის გვერდით დგომა. მე ხალხისგან ვგრძნობ მხარდაჭერას. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჩემი შვილის საქმით არის დაინტერესებული. არის კიდევ მედიის ნაწილი, რომელიც ინტერესდება ამ საქმეებით.
თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება დრო, როცა დამნაშავეები პასუხს აგებენ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელებს არ ვგულისხმობ. ბევრი საშინელებაა ჩადენილი. რამდენი კიდევ არ ვიცით. უკვე ყველამ გაიგო, რომ თემირლანი ტერორისტი არ ყოფილა. ახლა უნდა მითხრან, რატომ მომიკლეს უდანაშაულო შვილი და რატომ აფარებენ ხელს დამნაშავეებს?! შვიდი წელია, ჩემი ოჯახი ჯოჯოხეთში ცხოვრობს. შვიდი წელია, ველოდებით, რომ დამნაშავეებს დასჯიან, მაგრამ არა _ გომელაურს ხომ არ დასჯიდნენ? არც გოგაშვილის დასჯა აწყობდათ თემირლანის საქმეზე. ის ყველაფერს მოყვებოდა.
ნორმალურ ქვეყანაში თუ გვინდა ცხოვრება, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამართლიანი სახელმწიფო შევქმნათ. ივანიშვილის პირობებში ასეთი ქვეყანა არ იქნება. მაგან მოიტანა საქართველოში ამდენი უბედურება. ის გადმოიტანა, რაც რუსეთში ხდება.
_ ხელისუფლების ამ ღია კრიტიკის ფონზე თქვენ მოულოდნელად დაუჭირეთ მხარი ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორ გიორგი შინჯიკაშვილს. ეს როგორ უნდა ავხსნათ?
_ გიორგი შინჯიკაშვილი კი იყო „ოცნების“ ხელისუფლებაში, მაგრამ ის ნამდვილად ღირსეული ადამიანია და ამიტომ დავუჭირე მას მხარი. კარგად ვიცი, რასაც ნიშნავს ცილისწამება. უამრავი რამე დამაბრალეს პირადად მე. მასაც მძიმე რამეებს აბრალებენ, ამიტომაც დავუჭირე მხარი. თან გიორგის კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ მას მეუფე გიორგი ჯამდელიანი აბრალებს, რომ მისი მოწამვლა უნდოდა.
_ საიდან იცნობთ შინჯიკაშვილს?
_ შინჯიკაშვილი არის მოჭიდავე, ძიუდოისტი. მაგ თაობის ძიუდოისტებში ადამიანი არ არის, ვისაც პანკისში ჩემს სახლში რამდენიმე ღამე არ აქვს გათენებული. ჩემი ძალიან ახლო ნათესავია დავით მარგოშვილი, რომელიც ცნობილი ძიუდოისტია და მისი მეგობრები იყვნენ. აქედან გავიცანი გიორგი და ვიცი, როგორი კაცია. შეიძლება გიკვირთ კიდევაც, როგორ ვუჭერ მხარს „ოცნების“ ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენელს, მაგრამ მე ყოველთვის სიმართლის მხარეს ვარ. გიორგი მართალი კაცია. დარწმუნებული რომ არ ვიყო მის სიმართლეში, მხარს არ დავუჭერდი არც ჩუმად და არც ხმამაღლა. დანამდვილებით ვიცი, რომ ის არავის მოკვლას არ პირებდა, მით უმეტეს, მეუფის.
_ თქვენ ეს ამბავი შინჯიკაშვილისგან იცით, თუ ასე ფიქრობთ?
_ ვიცი ეს ისტორია და დანამდვილებით გეუბნებით, რომ გიორგი მეუფეს არაფერს უშავებდა, პირიქით, იქით მოუწყვეს პროვოოკაცია.
_ რა პროვოკაცია?
_ კაცი ტრაპეზზე მიიწვიეს და სროლა აუტეხეს. ეს ნორმალურია?! არ შეიძლება, ადამიანს დააბრალო ასეთი ტყუილი, განსაკუთღებით მაშინ, თუ სასულიერო პირი ხარ. მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა და გული მტკივა, რაც ეკლესიაში ხდება. მართალია, მე სხვა რწმენა მაქვს, მაგრამ ქართული ეკლესიაც ძალიან მიყვარს.
ადამიანს მაშინ უნდა დააბრალო, რომ გწამლავდა, თუ ამის მტკიცებულება გაქვს, თუ მტკიცებულება არ გაგაჩნია და ეჭვი გალაპარაკებს, მაშინ პროკურატურაში უნდა წახვიდე. ასეთი რამის დაბრალება როგორ შეიძლება?! თან ადამიანს, რომელსაც ემეგობრებოდი ამას აბრალებ და ესვრი? ეს რანაირი რელიგიურობაა? მე ბევრი რამე ვიცი, მაგრამ ახლა არ ვიტყვი. ხმამაღლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გიორგი შინჯიკაშვილი მართალი კაცია, როგორც ამ ამბავში, ისე ზოგადად.
_ შინჯიკაშვილი იყო მეუფე გიორგის ახლობელი. იცით, რატომ დაუპირისპირდნენ ისინი ერთმანეთს?
_ მე ის ვიცი დანამდვილებით, რომ გიორგი მართალია და ის არავის კლავდა. დადგება დრო და თავად იტყვის, ალბათ, ყველაფერს. რაღაცები ვიცი და ამიტომ ვამტკიცებ, რომ ამ საქმეში შინჯიკაშვილი მართალია. ჯამდელიანს რაც შეეხება, რაკი ეჭვი აქვს, რომ კლავდნენ, პროკურატურაში უნდა წავიდეს, წარადგინოს მტკიცებულებები, თუ აქვს. დღეს რაცაა ცნობილი, ის არის, რომ მეუფე გიორგი ჯამდელიანს ძალიან ბევრი მიწა გადასცა სახელმწიფომ. ამ მიწაზე სხვადასხვა რაღაცები აქვს განთავსებული და აწარმოებს ბიზნესს. აქვს დიდძალი ფული. იმედი მაქვს, ამ საქმეს სერიოზულად მოჰკიდებს ხელს პროკურატურა და დაადგენს, რა ხდება და რა მოხდა სინამდვილეში. თუ ვინმეზე შეიძლება ვთქვათ, რომ კლავდნენ, შინჯიკაშვილია, _ მას მეუფე გიორგისთან ტრაპეზზე დაუძახეს, როცა მივიდა, სროლა აუტეხეს.