ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
2025-07-16 12:26:59
შორენა მარსაგიშვილი
სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი ძვრები დაიწყო. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ღიად აქციეს ზურგი რუსეთს. სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ფიქრობს, რომ შორს არაა ის დრო, როცა აგრესორ სახელმწიფოს კავკასიის დატოვება მოუწევს. მანამდე კი, მისი აზრით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩამოიშლება.
როდის დამარცხდება „ქართული ოცნება“ და ვის იმედზე ამყარებს მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში იმედებს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება გიორგი თავდგირძე.
_ ბატონო გიორგი, ჩვენს რეგიონში ძალიან უცნაური ამბები დაიწყო. სომხეთი და აზერბაიჯანი მკვეთრ ანტირუსულ კურსს დაადგნენ. ამას რით ახსნით? და თუ შეცვლის ეს პროცესები საქართველოში არსებულ ვითარებას? ჩვენ ხომ ყოველთვის იმის იმედად ვართ, რომ ჩვენ გარშემო რაღაც მოხდება და აქ სიტუაცია შეიცვლება.
_ გამოცდილება, კულტურა და ტრადიცია გვაკლია იმისთვის, რომ გრძელვადიანი პროგნოზები ვაკეთოთ. გრძელვადიან პროგნოზებში იმას არ ვგულისხმობ, რომელიმე ექსპერტმა სადღაც ტელევიზიაში რაღაც რომ განაცხადა. ვგულისხმობ ინსტიტუტებს, რომლებიც ამაზე მუშაობენ და შემდეგ სახელმწიფო პოლიტიკა ეფუძნება გარკვეულ ანალიზსა და სისტემურ მიდგომებს.
2022-24 წლებში ძალიან თვალში საცემი იყო, რომ თურქეთი აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთთან. ამ თანამშრომლობის საფუძველი იყო გარკვეული კომერციული სარგებელი. როგორც ყოველთვის, ეს არის ხოლმე მთავარი მამოძრავებელი პოლიტიკაში. გაჩნდა ეჭვი, რომ აზერბაიჯანი რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირზე გადავიდოდა. ეს კავშირი აშკარა იყო უკვე. ერთი მხრივ, დიდი აზერბაიჯანული დიასპორა რუსეთში, მეორე მხრივ, ოდიოზური ბიზნესმენები და ასევე კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებსაც გავლენები ჰქონდათ არა მხოლოდ ქურდულ სამყაროზე, არამედ ფინანსურ სქემეებზეც, საუბარია მრავალმილიარდიან ფინანსურ სქემებზე. ასევე არსებობდა აზერბაიჯანის ინტერესი, _ ბაქოს სურდა მიეღო რუსეთის მხარდაჭერა ყარაბაღის დაბრუნების საკითხში. ეს ძალიან ცუდი ტენდენცია იყო საქართველოსთვის. წესით, უნდა გვცოდნოდა, რომ ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, რადგან თურქეთსა და აზერბაიჯანს აქვს თავისი მიზნები და, შესაბამისად, ეს ინტერესები რუსეთის ინტერესებთან გადაიკვეთებოდა და მოსკოვთან კონფლიქტით დამთავრდებოდა.
თავიდან ჩანდა, რომ მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობის დაძაბვა აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებას მოჰყვა. თვითმფრინავის ჩამოგდებაა თავად საეჭვო, რადგან ამ ამბამდე დაიწყო აზერბაიჯანმა და სომხეთმა დაახლოება, გამონახეს საერთო ენა. ფაშინიანი საკმაოდ გონიერი მმართველი გამოდგა.
_ ისეთი გონიერი გამოდგა, რომ სანატრელია ასეთი ლიდერი.
_ მან სწორი აქცენტები გააკეთა, თუ რა იყო მთავარი სომეხი ერისთვის და სახელმწიფოს განვითარებისთვის. აგრესორ სახელმწიფოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და დანარჩენ მსოფლიოსთან მისი, როგორც ყინულმჭრელად გამოყენება, ეს სომხეთისთვის არ იყო ყველაზე კარგი როლი. ამიტომ დაიწყო ერევანსა და ბაქოს შორის დაახლოება, რაღაცა დათმო აზერბაიჯანმა, რაღაცა _ სომხეთმა. სერიოზული საუბარი დაიწყო ზანგეზურის დერეფანზე. რუსეთისთვის ეს გამოდგა ძალიან პრობლემური. შესაძლებელია, ამის გამო ჩამოაგდეს თვითმფრინავი. აზერბაიჯანმა შურისძიებად შეაფასა თვითმფრინავის ჩამოგდება. ამან ხელი შეუწყო ვითარების სწრაფ დაძაბვას. ბაქომ დაიწყო რუსეთისგან დისტანცირება და მკაფიოდ სთხოვდა პასუხს პუტინს. რუსეთში დაიწყო აზერბაიჯანული დიასპორის შევიწროება. ამას საპასუხო ქმედებები მოჰყვა ბაქოში. აზერბაიჯანი იმიტომ კი არ დისტანცირებს რუსეთისგან, რომ ალიევი გაბრაზდა პუტინზე, ამრამედ ეს ბუნებრივი დისტანცირებაა. აზერბაიჯანს აღარ სურს რუსეთთან თანამშრომლობა. სომხეთიც დაინტერესებულია, რომ შეცვალოს სტრატეგიული პარტნიორი და რუსეთთან თანამშრომობის ნაცვლად ევროპაში ინტეგრირდეს.
_ საქართველოში რა ხდება ამ დროს?
_ საქართველოში ისედაც იყო ანტირუსული განწყობა. რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი დღეს, ეს დიდად მნიშვნელოვანი არაა, ის დროებითი მოვლენაა. მთავარი ისაა, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლლიკა შეიკრა. სამივე ქვეყანა მზად არის, კავკასიიდან გააძევოს რუსეთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. აზერბაიჯანის ევროპასთან ურთიერთობა გადის თურქეთზე და მას სხვა ტიპის ურთიერთობა ექნება, რაც ევროპასთან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირს არ გამორიცხავს. სომხეთი და საქართველო ევროპასთან მხოლოდ ეკონომუკური ურთიერთობით არ არიან დაინტერესებულნი, ჩვენ ევროინტეგრაცია გვსურს, ეს კი ვერანაირად იტევს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში.
არ უნდა დაგვავიწყდეს თურქეთი, რომელსაც აწყობს ეს სიტუაცია. ის, როგორც რეგიონული ზესახელმწიფო, კავკასიიდან რუსეთის განდევნას მიესალმება. ეს ანკარასთვის ეკონომიკურად, სამხედრო და უსაფრთხოების თვალასაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის განდევნის შემდეგ კავკასიაში გაიზრდება თურქეთის წილი მნიშვნელოვან პროექტებში, მთავარი ამოსავალი წერტილი არის ეკონომიკური პროექტები, რომელსაც დიდი შემოსავალი მოაქვს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხებიც. რუსეთისთვის ეს არის უდიდესი დარტყმა, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. რუსეთი ისეთი ტიპის სახელმწიფოა, რომელსაც ეკონომიკურ ინტერესებზე წინ აქვს ხოლმე თავისი იმპერიული ამბიციები.
_ ეს უგუნური ამბიციები ვერაფრით მოიშალა აგრესორმა ქვეყანამ, ამით სხვასაც ანადგურებს და საკუთარ თავსაც.
_ უკრაინის ომში რუსეთის, როგორც იმპერიის, რეანიმაციის მცდელობა ჩავარდა. რუსეთს აუცილებლად სჭირდებოდა საზღვარი ევროპასთან იმისთვის, რომ ის დაეშანტაჟებინა და შეეშინებინა. ამიტომ ბელარუსისა და უკრაინის შესრუტვა რუსეთისთვის, როგორც იმპერიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ესტონეთთან და ფინეთთანაც აქვს საზღვარი, მაგრამ ეს ევროპაზე ზეწოლისთვის არ ჰყოფნის. მეორე იყო თბილ ზღვებში პორტების არსებობა. რუსეთისთვის სირია და ახლო აღმოსავლეთის პროცესებთან სიახლოვე მნიშვნელოვანი იყო. თუ კავკასიიდან მას განდევნიან და დღეს ეს პროცესი მიდის, რუსეთის იმპერიის სამხრეთით გაფართოება ჩაიშალება. ახლო აღმოსავლეთთან ახლოს ყოფნა მას საშუალებას აძლევდა, ბევრი პროექტი განეხორციელებინა. თუ ის დაკარგავს სამხრეთ კავკასიას, ის დაემშვიდობება ყოველგვარ გავლენას ირანით დაწყებული, მთელი ამ რეგიონით დამთავრებული. იმპერია, რომელიც ვერ ფართოვდება, აუცილებლად ინგრევა. იმპერიას გაფართოების ინსტინქტის არქონის შემთხვევაში ექმნება პრობლემა. მას არ გააჩნია ის უნარ-ჩვევა, სიღრმეში განვითარდეს. ეს ძირითადად რუსულ იმპერიას ეხება, ბრიტანულ იმპერიას უფრო სხვა ტიპის ისტორია აქვს, რუსეთის იმპერია გაფართოების გარეშე ეხვევა ხოლმე შიდა პრობლემებში და ახლაც ასე მოხდება.
ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ის პროცესები, რაც ახლა სამხრეთ კავკასიაში მიდის. ძალიან კომიკურად ჟღერს ის ამბავი, რომ დღეს რუსეთის სამხრეთული ოცნებები ბიძინას მხრებზეა. კიდევ უფრო სასაცილოა, რომ ის ამას თავს გაართმევს. ივანიშვილი ახლა ურმის მეხუთე ბორბალივითაა, ის სრულიად ამოვარდნილია იმ განწყობებიდან, რომელიც დღეს სამხრეთ კავკასიაშია. ის ახლა ცდილობს, რუსეთის ძალისმიერი დახმარების გარეშე შეინარჩუნოს გავლენები კავკასიაში. თუ ბიძინა ამას მოახერხებს, ორივე ხელს ავწევ.
_ ჯერჯერობით რაღაცებს ახერხებს. ეს შესაძლოა, ოპოზიციის უნიათობის ბრალია, ხალხზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ მოსახლეობის ბრალიცაა რაღაცნაირად. საზოგადოება რომ არ ყოფილიყო ასეთი მომთმენი, ხელისუფლება იმას ვერ გაბედავდა, რაც გაბედა.
_ ეს არის დროებითი მოვლენა, რომლის უკანაც მილიარდები დგას. ივანიშვილმა პროპაგანდისტული მანქანაც კი არ შექმნა საკუთარი. სხვისი შექმნილი „იმედით“ და „რუსთავი 2“-ით ეწევა პროპაგანდას. მის მიერ შექმნილი „ჯიდიესი“ არსებობს თუ არა, ეს მოსახლეობას საერთოდ აღარ ახსოვს. ფინანსებმა და ოპოზიციის მოუქნელობამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ. ივანიშვილმა ოპოზიციაშიც ჩადო ინვესტიციები.
_ რა ინვესტიციები ჩადო ოპოზიციაში?
_ ივანიშვილმა გარკვეულ პირებში ჩადო ინვესტიცია იმისთვის, რომ ოპოზიციის კონსოლიდაცია არ მომხდარიყო. ამით მან მოიგო დრო. მოსახლეობას საყვედურს არ ვეტყოდი. ძალიან ბევრი ადამიანი იდგა თვეების მანძილზე გარეთ, უბრალოდ, არ აღმოჩნდა ლიდერი, რომელიც მათ ენერგიას გამოიყენებდა, გეგმაში და სტრუქტურაში მოაქცევდა. იყო შიშის ფაქტორი ლიდერებშიც, მაგრამ იყო ასევე „ოცნების“ სპეცსამსახურების კარგი მუშაობა. ოპოზიციას უნდა ჰქონოდა მაღალი ლოზუნგები და აღსრულების დაბალი ხარისხი. ახლა დრო იწელება. ივანიშვილს თუ შევხედავთ, ის ვერაფერს ქმნის. ახალი არაფერი შეუქმნია. იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფო შედგეს, ამას სჭირდება რაღაც საფუძვლები, აქ არანაირი საფუძველი არ არის. ივანიშვილი ექსპლუატაციას უწევს სააკაშვილი-შევარდნაძის სახელმწიფოს და ინერციით ამ სახელმწიფოზე დგას. ის არაფერს ქმნის, რაღაც სტრუქტურებს თავისი ფულით აცოცხლებს. როგორც კი რაიმე სიახლე შემოდის, უუნარო ხდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდირება, რაც გაერთიანებას სულაც არ ნიშნავს. ეს კონსოლიდირებული ხალხი მოქმედებას შესთავაზებს ბიძინა ივანიშვილს, რათა ის იძულებული გახდეს რეაგირება მოახდინოს. დღეს, წესით, ჩვენ უნდა დავცინოდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და საერთოდ უნდა დავაიგნოროთ ის. ამის ნაცვლად ოპოზიცია ორად გაიყო და ერთმანეთში დებატობს, უნდა მიიღონ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა.
აქ არჩევნები კი არაა მთავარი, არამედ ის დებატებია, რასაც ოპოზიცია მართავს. „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ აინტერესებს, რამდენი პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. მათთვის მთავარია განხეთქილება და დებატები ოპოზიციაში. ამით ივანიშვილის ხელისუფლება დროს იგებს. „ქართული ოცნების“ მთავარი თავშესაფარი და ნავსაყუდელი არის გამარჯვებული რუსეთი. ეგონათ, რომ რუსეთი გაიმარჯვებდა 2022 წელს, შემდეგ ელოდნენ 2023 წელს, შემდეგ 2024 წელს და აგერ 2025 წელია და რუსეთი ვერ იმარჯვებს. ჩვენ ინსტრუმენტი ვერ შევქმენით „ოცნებასთან“ დასაპირისპირებლად, თორემ ეგენი მხოლოდ დროის გაყვანაზე არიან. ჩვენც ინერციით მივდივართ. ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალა არის ეს. მას ძალისმიერი დაჯგუფებაც კი არ შეუქმნია თავისი. იყენებს შევარდნაძის დროს შექმნილ პოლიციას. თავისი ინსტრუმენტი არ აქვს. ეს არის მისი მთავარი სისუსტე. ივანიშვილის სიძლიერე არის ის, რომ ჩვენ ყველაფერზე ძალიან ზანტად და ნელა ვრეაგირებთ, ამით ის დროს იგებს.
_ თქვენ ზოგადად არ გახასიათებთ ზედმეტად ოპტიმისტური განცხადებები, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და დარწმუნებული ამბობთ, რომ კავკასიიდან რუსეთი განიდევნება.
_ ეს არის ობიექტური პროცესი. ბრძოლა შესაძლოა ნებისმიერი შედეგით დასრულდეს, მაგრამ თავიდანვე ეტყობა ხოლმე, რა შედეგით დასრულდება ის მიახლოებით. ახლა მარტო საქართველო რომ იყოს რუსეთის პირისპირ, ასეთი დარწმუნებუილი არ ვიქნებოდი. იყო ასეთი პერიოდი, როცა მარტო ჩვენ ვიყავით რეგიონში ანტირუსული სახელმწიფო. ახლა სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფო ანტირუსულია. ახლა ამ სამ სახელმწიფოში ქართული სული, სომხური მანევრის უნარი და აზერბაიჯანული ფინანსები რუსეთის გავლენებს აუცილებლად შეასუსტებს. ეს აისახება რუსეთში მოღვაწე პრორუსულად განწყობილ ბიზნესმენებზე. მათი აზროვნებაც შეიცვლება. შეიცვლება იმიტომ, რომ რეგიონი უბრუნდება თავის ბუნებრივ სივრცეს.
ჩვენ შევეცადეთ, რომ ჩრდილოეთიდან რაღაც დადებითი წამოგვეღო. უქმად გავფლანგეთ დრო და საკუთარი მე კინაღამ დავკარგეთ, როგორც ქართველებმა, ასევე სომხებმა და აზერბაიჯანელებმა. ამ მდიდარ რეგიონში ახლა სამხრეთ-ეკონომიკური სარტყელი ყალიბდება, რომელიც თავისი არაბული სამყაროთი, ინდოეთით და ჩინეთით აბრეშუმის გზას აღადგენს. ეს ეკონომიკური სარტყელი მრავალი საუკუნის წინათ კანონზოიერად მოძრაობდა ბუნებაში. ჩრდილოური ეკონომიკა და რუსეთი საერთოდ არ არსებობდა. კავკასიის ქედს მიღმა ველური ტომებით დასახლებული სტეპები იყო.
_ კავკასიის ქედს გადაღმა დღემდე ველური ტომები სახლობენ. არაფერი შეცვლილა.
_ მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ განვითარებულიყვნენ, მაგრამ არ მოინდომეს. მოსკოვისა და პეტერბურგის გარდა ცივილიზაციური კერები ვერ შექმნეს. ისიც საკითხავია, რამდენად არის ეს ორი ქალაქი რუსული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მდიდარ ეკონომიკურ სარტყელში უნდა დავბრუნდეთ. ის ნდობა, რაც გვქონდა ევროპელების მხრიდან, ეს ჩვენი ძალიან დიდი დივიდენდია. ის კი არაა მთავარი, დერეფანი რომ გვაქვს და ზანგეზურის დერეფანს ეჭვის თავლით ვუყურებთ. აგერ ევროპაში ასეთი დერეფანი არავის აქვს, მაგრამ მდიდარი სახელმწიფოები არიან. დერეფნით გამდიდრება არ გამიგია მე. ის ხომ არ არის, გველეშაპივით დაწვე და ხან გაუშვა წყალი და ხან _ არა. მთავარი ისაა, რომ ამ უზარმაზარ ეკონომიკურ სარტყელში ჩვენი ადგილი ვიპოვოთ. ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება აზიას. აქ უნდა შედგეს ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთოებები. აქ უნდა იყოს შეხვედრის ადგილი ევროპულ და აზიურ ცივილიზაციებს შორის. ამ როლს აუცილებლად შევასრულებთ.
_ თქვენ თქვით, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობაა და არის მართლა? ძალიან ბევრი რუსეთუმე გვყავს. უკრაინასთან ომში ღიად უჭერენ მხარს რუსებს. ახლა სომხებსა და აზერბაიჯანელებს დაუწყეს ლანძღვა, მოსკოვს რომ დაუპირისპირდნენ. მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება, შენი ქვეყნის მტერი გიყვრდეს?
_ განწყობას ქმნიან ის ადამიანები, რომლებიც სკოლაში ოროსნები იყვნენ და „ვეფხისტყაოსნის“ კითხვა ეზიზღებოდათ. ღირებულებითი ნაწილის მნიშვნელობა გადავწიეთ უკან. სუფრულ-ქართული ვაქციეთ ნამდვილ ღირებულებებზე მნიშვნელოვნად. არადა, ამ ღირებულებებზე ვიყავით გაზრდილები და ჩვენს თავს შეღავათს არ ვუკეთებდით და არ ვიადვილებდით ცხოვრებას. ახლა ადამიანებს ეზარებათ აზროვნება. გადასულები არიან 24 საათი სერიალების ყურებაზე. ახლა მიდი და მათ გააგებინე, უკრაინაა მართალი, თუ რუსეთი. რომელ ტელევზიაშიც სერიალებს უყურებენ, იმ ტელევიზიაში რასაც პროპაგანდა ჩაუდებს თავში, იმას იმეორებენ. ასეთი პრორუსული განწყობა არ მგონია, რომ დიდი პრობლემა იყოს.
_ რატომ ფიქრობთ, რომ ეს დიდი პრობლემა არ არის?
_ ესენი შესაძლოა, თავის პოზიციას აფიქსირებენ, მაგრამ ესაა და ეს. აქტიური რუსეთუმე პირადად იშვიათად მინახავს.
_ როგორ მშურს თქვენი. მე, სამწუხაროდ, ბევრი რუსეთუმე მხვდება.
_ შესაძლოა, უფრო მეტნი არიან, ვიდრე მე შემხვედრია, მაგრამ მათ რცხვენიათ ხმამაღლა თავისი პოზიციის დაფიქსირების. ეს უკვე კარგია. კარგია, რომ ხმამაღლა რუსეთის მხარდაჭერას ვერ ბედავენ. უბრალოდ, გაიძახიან, ობიექტური მიზეზების გამო ვართ ამ პოზიციაზეო. ომი არ გვინდა და ამოტომ ვიქცევით ასეო. ამდენად, ეს არ არის პრობლემური საკითხი. ისინი უცბად გაქრებიან, როცა სახელმწიფო მოწესრიგდება. როცა მოქალაქე თავისი ცხოვრებით დაკავდება, ყველაფერი ჩაწყნარდება. მთავარია, შევქმნათ დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლება იქნება გარანტირებული და ხალხი სანაგვეზე არ დაიწყებს ქექვას საჭმლის მოსაძიებლად. ის სიდუხჭირე დიდწილად განსაზღვრავს ასეთ პრორუსულობას, როგორიც დღეს საქართველოშია. თანამოაზრეები ვთანხმდებით, რომ მთავარი არაა მხოლოდ რეჟიმის ჩამოქცევა. ჩვენ გვინდა კარგი საქართველო კარგი მმართველობით და დემოკრატიით. კარგ მმართველობას მეტაფორულად არ ვხმარობ მხოლოდ. კარგი მმართველობა არის მმართველობის სისტემა, რომელიც გარკვეულია ევროპულ დემოკრატიაში. ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ნამდვილი დემოკრატია და არა ისეთი, როგორსაც სააკაშვილი ამკვიდრებდა. წინწასულ დემოკრატიას განვითარებადს ეძახდნენ. დემოკრატია არის დემოკრატია. ის ან გაქვს, ან არ გაქვს. თუ ამას ერთხელ მაინც დავძრავთ, მერე დიდი პრობლემები აღარ გვექნება. მთავარია, რეჟიმი გავუშვათ და არც ესაა დაუძლეველი პრობლემა.
_ პრობლემა არ არის ხელისუფლების გაშვებაო. ამ მიმართულებითაც ოპტიმისტურ განცხადებას აკეთებთ.
_ საქართველოში რუსული რეჟიმი დროებითი მოვლენაა და მალე დასრულდება. ბავშვებთან მებრძოლი ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფება ძალისმიერ დასაყრდენს ვერ ქმნის და მხოლოდ ინერციით განაგრძობს ქვეყნის მართვას. არსად წასულა ნატოს გაწვრთნილი ჯარი და ევროინტეგრაციის მომხრე საზოგადოება. ივანიშვილის დასრულებასთან ერთად დასრულდება რუსეთი საქართველოში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სომხეთი მყარად აგრძელებს რუსეთიდან დისტანცირების პოლიტიკას და ამ გზაზე ფაშინიანი ერთნაირად წარმატებულია პრორუს ძალებთან ბრძოლაშიც და საგარეო მხარდაჭერის მოპოვებაშიც. რაც მთავარია, გვარდება ურთიერთობა აზერბაიჯანთანაც და თურქეთთანაც. დღის წესრიგში მალე დადგება გიუმრის სამხედრო ბაზის დაბრუნების საკითხიც. აზერბაიჯანის ანტირუსული კამპანია ძალიან ეფექტურია. ბრიტანეთი, ისრაელი და თურქეთი იქნებიან რუსეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის სამხედრო ძლიერების ზრდის გარანტორები. საქართველოში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის ყოფნა არ იყო დეკლარირებული, როგორც ნატოს ძალების განთავსება კავკასიაში, მაგრამ თურქეთის ბაზის მშენებლობა აზერბაიჯანში არის კავკასიაში ნატოს ოფიციალური სამხედრო ყოფნის განაცხადი.
კავკასიის სამივე სახელმწიფოს ერთიანი ინტერესები, რომლებსაც ამყარებს სამომავლო დიდი ეკონომიკური პერსპექტივები, ქმნის შესაძლებლობას, რომ რეგიონიდან ფეხი ამოეკვეთოს რუსეთს და ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასია ერთიან კავკასიურ რეგიონად ჩამოყალიბდეს.
იმ ფონზე, რომ მიუხედავად გადაუდებელი აუცილებლობისა, რუსეთი ვერ ახერხებს გიუმრის 102 სამხედრო ბაზისა და ჩრდილოეთ კავკასიაში განთავსებულ სამხედრო ნაწილების საშტატო დაკომპლექტების 60%-მდე აწევას, რუსეთის იმპერიის სამხრეთ ამბიციების გადარჩენა მთლიანად ივანიშვილისა და მისი რაზმის მხრებზეა. კობახიძე, ზარქუა, შათირიშვილი, მოროშკინა, მდინარაძე და საძმო რუსეთის იმპერიის სამხრეთ კარიბჭის სადარაჯოზე, მე მგონი, ცოტა კომიკურია. ობიექტურად, რეჟიმს უფრო უნდა ეშინოდეს ჩვენი, ვიდრე გვაშინებს. ჩვენ ვძლიერდებით, აუცილებლად დავასრულებთ რეჟიმს და ყველა დანაშაულზე პასუხს მოვთხოვთ. სექტემბერ-ოქტომბერში ივანიშვილს იმხელა პრობლემები შეექმნება, რომ საქართველოდან გაიქცევა.