QronikaPlus
გიგა ლემონჯავა: „ეუთოს წლიური ანგარიშის მთავარი შინაარსი არის ივანიშვილის რეჟიმის არაღიარება“

გიგა ლემონჯავა: „ეუთოს წლიური ანგარიშის მთავარი შინაარსი არის ივანიშვილის რეჟიმის არაღიარება“

2025-07-17 05:47:40

თამუნა მჭედლიშვილი

რა წერია ეუთოს წლიურ ანგარიშში? როგორი შინაარსი გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით? რომელი რეკომენდაციებია გაწერილი ახალი საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის? ვის შეეხება ახალი სანქციები და როგორი ჩანაწერი არის საქართველოს „სვიფტიდან“ გათიშვის შესახებ?

ამ თემების გარშემო „ქრონიკა+“-ს ესაუბრება კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი და პარტია „დროას“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიგა ლემონჯავა:

_ ბატონო გიგა, როგორ შეაფასებთ ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშს, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეიცავს საქართველოს მიმართულებით? 

_ ევროპარლამენტის წლიური ანგარიში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იგი ეყრდნობა 2023-2024 წლებში საქართველოზე გაკეთებულ კომისიის წლიურ ანგარიშებს, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც ევროპარლამენტის ნაწილია ჩართული, ასევე აღმასრულებელი ნაწილიც ევროკომისიის სახით, ანუ არა მხოლოდ პარლამენტის პოზიციაა ეს, არამედ ევროკომისიისაც. რაც შეეხება შინაარსს, აქ ისეთი სიტყვებია გამოყენებული ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით, როგორიცაა: არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტი, დე ფაქტო ხელისუფლება, გაყალბებული არჩევნები და ა. შ. ანუ მთავარი შინაარსი ამ დოკუმენტისა არის ივანიშვილის რეჟიმის არაღიარება. ასევე რაც შეეხება სამოქმედო ნაწილებს, ევროკავშირი სტრუქტურებს, ზოგადად, ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, რომ „ქართული ოცნება“ არის არალეგიტიმური, დე ფაქტო ძალა და საქართველო არის მიტაცებული სახელმწიფო; ასევე ჩანაწერს იმის შესახებ, რომ პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს; ასევე ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ივანიშვილის რეჟიმის გრძელვადიანი მიზანია საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის ამოძირკვა და რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა ჩამოაყალიბა არალეგიტიმური ე. წ. კომისია, რომელიც არის იარაღი პოლიტიკური ოპონენტების, პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ.

უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი ეთმობა პოლიტპატიმრების თემას. პირდაპირ არის მოწოდება-ანგარიში, _ პოლიტპატიმრები დაუყონებლივ უნდა განთავისუფლდნენ. განსაკუთრებული ხაზგასმა არის მზია ამაღლობელის საქმეზე, ამ საქმეზე წერია: „ის დაკავებული არის გამოგონილი ბრალდებით“.

_ რა რეკომენდაციებია გაცემული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ?

_ მნიშვნელოვანი ჩანაწერი ეთმობა ე. წ. ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხს. ეს არ არის არჩევნები, ეს არის კიდევ ერთი რუსული სპეცოპერაცია იქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ სპეცოპერაციაზე წერია, რომ არსებული პოლიტიკური გასამართლებელი პირობების გათვალისწინებით, ე. წ. მუნიციპალური არჩევნები არის უზარმაზარი გამოწვევა ნებისმიერი მონაწილისთვის და ეს ე. წ. არჩევბნები თავისუფალ და სამართლიან შეჯიბრს არ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომ ამ პროცესს თვითგამოცხადებული ხელისუფლება გამოიყენებს ახალი სტატუს კვოს აღიარებისთვის. ეს არის პირდაპირი მოწოდება პროდასავლელი პოლიტიკური კლასისთვის, რომ ამ ე. წ. არჩევნებში, სინამდვილეში კი რუსულ სპეცოპერაციაში, არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა.

_ თუ არის დაანონსებული დოკუმენტში მოსალოდნელი სანქციები?

_ დიახ, მნიშვნელოვანი პასაჟია სანქციების ნაწილი. სანქციები ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ, ასევე სანქციები დაბალი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელიეებისთვის. აქ იგულისხმება ძირითადად პოლიციის თანამშრომლები, პროკურორები, ცრუმოწმე პოლიციელები.

_ ბანკების „სვიფტიდან“ გათიშვის საფრთხე რეალურია?

_ ცალკე ჩანაწერია „სვიფტიდან“ გათიშვასთან დაკავშირებით. გამოყოფილია „ქართუ ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“. ეს არის ორი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც განსაკუთრებული მონდომებით ემსახურება რუსული რეჟიმის ფინანსურ მდგრადობას. ამიტომ საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ესეც გახდეს რეალური.

_ როგორი განწყობა იგრძნობა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესხებ დოკუმენტში?

_ რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების სცენარს, სამწუხაროდ, ამ სცენარის შესახებაც არის ჩანაწერი წლიურ ანგარიშში და მთელი პასიუხისმგებლობა დაკისრებულია „ქართულ ოცნებაზე“.  თუ ვინმე იქნება პასუხისმგებელი ამ უდიდესი მონაპოვარის შეჩერებაზე, იქნება პირადად ივანიშვილი და მისი რეჟიმი. მათი ქმედებები უბრალოდ შეუთავსებელია უვიზო მიმოსვლის დათქმებთან.

_ როგორ შეაფასებთ აშშ-ის ელჩის (დღეს უკვე ექს) დანიგანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ ამერიკასთან ურთიერთობის ახალი და სუფთა ფურცლიდან დაწყებას?

_ ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმს არავითარი რესურსი ურთიერთობების, ე .წ. გადატვირთვის, აღარ გააჩნია არა მხოლოდ აშშ-თან, ზოგადათ კრებსით დასავლეთთან. ეს არის ცრუ დაპირება იმ ამომრჩევლისთვის, რომელიც პროდასავლურად ფიქრობს, მაგრამ შეიძლება ბოლო არჩევნებზე ხმა მისცა პროპაგანდის გამო ივანიშვილის „ოცნებას“. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ ხალხი მუდმივ ტყუილში ამყოფოს, თითქოს რაიმე ტიპის რესურსი ამ რეჟიმს ჩვენს პროდასავლელ მეგობრებთან დალაგებისა აქვს. ელჩ დანიგანის ინფორმაცია ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ და საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი არის ორი შეუთავსებელი ცნება. არათუ ევროპული მომავალი, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესები და ივანიშვილის რეჟიმი არის ორი შეუთავსებელი სიდიდე. ცხადია, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არის პირდაპირ დაკავშირებული ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟთან. სანამ ივანიშვილი რჩება ხელისუფლებაში, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში და ნატოში სტრატეგიული მეგობრული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან არის გამორიცხული.

_ შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ ხმა არ მისცა ეუთოს რეზოლუციას, რომელიც სირიას მოუწოდებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების გაუქმებისკენ...

_ როდესაც ხმას არ აძლევ, საპარლამენტო ასამბლეაში ავტომატურად იგულისხმება, რომ წინააღმდეგ აძლევ ხმას. ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, იმ ადამიანების მოტყუების მცდელობა, რომლებიც ვერ ერკვევიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის პროცედურებში. ფაქტი არის შემდეგი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია-დეკლარაცია, რომელიც ბევრი სხვადასხვა რეზოლუციისგან შედგება, შეიცავდა რამდენიმე მნიშვნელოვან ჩანაწერს. ერთ-ერთია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ეს ეხებოდა სირიის ახალი ხლისუფლეფისადმი მიმართვას, რომ მან უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღების საკითხის მიმართვა სირიის ხელისუფლებისადმი  მოხვდა უკრაინის ტერიტორიებთან ერთიან პაკეტში. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის ხელისუფლებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო ბერკეტები იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს და სასიხარულოა, რომ პაკეტში ეს წერია ერთად და არა ცალ-ცალკე. ამის შანსი გაცილებით უფრო მეტია უკრაინის ხელისუფლების საერთაშორისო ძალისხმევის პირობებში. უკრაინას აქვს სპეციალური მისია დამასკოში და მათ საკმაოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვთ სირიის ახალ ხელისუფლებასთან. ამის გარდა, დეკლარაცია შეიცავდა კრიტიკულ ჩანაწერებს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, პირადპირ მოწოდებას ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. ეს არის უპრეცედენტო ჩანაწერი, აქამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში არასოდეს ასეთი პირდაპირი მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ არ ყოფილა. და მეორე: პოლიტპატიმტრებისა და სინდისის პარტიმრების დაუყონებლივ განთავისუფლების შესახებ მოწოდება. რატომაც არ მისცა ხმა „ქართული ოცნების“ დე ფაქტო დელეგაციამ ამ დეკლარაციას, სწორედ ეს კრიტიკული ნაწილია მიზეზი.

_ რამდენადაც ვიცი, პროდასავლური პოლიტიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს სირიის ახალ ხელისუფლებასთან.

_ დიახ, პროდასავლური პოლიტიკური კლასი უკვე შვიდი თვეა, მუშაობს სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომ მათ გააუქმონ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებები. ჩვენ ამისთვის არ ვაჩერებთ საერთაშორისო ძალისხმევას. მივმართეთ პირდაპირი წერილით სირიის ელჩს გაეროში. მოგეხსენებათ, გაერო არის ყველაზე მნიშვნელივანი საერთაშორისო ფორმატი ასეთი ტიპის საკითხებზე. ჩვენ ასევე გვქონდა შეხვედრა ერევანში სირიის ელჩთან და იქაც გავაჟღერეთ მესიჯი, რომ მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ გააუქმოს სირიის ახალმა ხელისუფლებამ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება.

_ საქართველოს რამდენად აქვს შანსი, ხავერდოვანი რევოლუციის გზით შეცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მშვიდობიანი გზით გაისტუმროს ის აქტიური პოლიტიკის დღის წესრიგიდან? 

_ ჩვენი გამარჯვების გზა გადის რეჟიმის მეთოდურად ჩამოშლაზე. მეთოდურად ჩამოშლა გულისხმობს ოლიგარქიული საყრდენების მეთოდურად გამოცლას. ეს ოლიგარქიული სისტემა დგას რამდენიმე მნიშვნელოვან საყრდენზე: ფინანსური სისტემა. ოლიგარქის ჯიბის ე. წ. ბიზნესები, სინამდვილეში, ოლიგარქიული სისტემის მკვებავი ფინანსური რესურსები-კომპანიები; სუსი და შინაგან საქმეთა სამისნისტრო, საპოლიციო რესურსი; მესამე ნაწილია არჩევნების გამყალბებლები და ა. შ. ბევრი სხვადასხვა შრეა და ამ შრეების მეთოდური ჩამოშლა სისტემას იქამდე მიიყვანს, რომ მათ ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები. „ქართული ოცნება“ არ გამოიყურება ისე ძლიერად,  როგორც აქამდე.

_ რატომ? რა მიზეზით?

_ მათ ძალიან აწუხებთ ლეგიტიმაციის საკითხი. ჩვენ ვხედავთ რომ ე.წ. პრეზიდენტი ეხვეწება პირდაპირ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, მაღიარეთ, ადგილობრივ არჩევნებში შემოდით და ციხიდან გაგათავისუფლებთო! წულუკიანი ამ ე. წ. კომისიაზე იხვეწება აღიარებას. კობახიძე ამბობს, რომ ან გვაღიარეთ ან ციხეში წადითო. ეს ნიშნავს რომ არაღიარების საკითხი ძალიან აწუხებთ _ არალეგიტიმურობის რეჟიმში არსებობას აქვს დროის ლიმიტი! იციან, რომ ასე დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. ნურავის ნუ ექნება იმის იმედი, რომ რაღაც ისეთ მოქმედებებს ჩავიდენთ, რაც რეჟიმის წისქვილზე წყალს დაასხამს. ჩვენ ვდგავართ ართანამშრომლობის წინააღმდეგობისა და არაღიარების გზაზე, რაც საბოლოოდ ჩამოშლის ამ რეჟიმს. სწორედ ამ გზით გაიმარჯვებს საქართველოს ხალხი.

გაზიარება