ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
2025-07-17 05:49:19
მიხეილ ხაჩიძე
ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანმა ომმა გააოცა მსოფლიო: ქირურგიული სიზუსტით განხორციელებულმა დარტყმებმა სერიოზულად დააზიანა თეირანის ბირთვული და ბალისტიკური ინფრასტრუქტურა. ამ მოვლენებს რეგიონსა და მის გარეთაც უკვე მოჰყვა პოლიტიკური გადაადგილება, ახალი სტრატეგიული ხაზების გადანაწილება და საერთაშორისო აქტორების მხრიდან აშკარად გაძლიერებული ინტერესი ისრაელისადმი.
ომის მსვლელობისას ისრაელის საჰაერო ძალებმა და დაზვერვის სამსახურებმა ერთდროულად შეარჩიეს და გაანადგურეს სამიზნეები.
წერტილოვანი დარტყმები განხორციელდა შემდეგ ობიექტებზე:
• ირანის რევოლუციური გვარდიის საწვრთნელი და სამეთაურო ბაზები ისპაჰანსა და ქერმანში;
• უპილოტო საფრენი ობიექტებისა და რაკეტების ქარხნები ტაბასსა და შირაზში;
• ბირთვული კვლევითი კომპლექსები ფორდოსთან და არაკთან ახლოს.
ირანული მხარე ოფიციალურად არ აღიარებს მიყენებული ზიანის სრულ მასშტაბს, თუმცა დამოუკიდებელი წყაროებით ირკვევა, რომ მინიმუმ 11 ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ობიექტი გამოუვალ მდგომარეობაშია.
ისრაელის ქმედება ემყარება preemptive deterrence-ს _ პრევენციულ შეკავებას, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ თავდაცვით რეაქციას, არამედ საფრთხის თავიდან აცილებას მანამდე, სანამ ის გარდაუვალი გახდება.
კიბერსაომარი და ელექტრონული უპირატესობა
ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმები, რომლებიც ისრაელის მხარემ ირანის საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო კონტროლის სისტემების წინააღმდეგ გამოიყენა.
დროებით პარალიზებული იყო:
• სირია–ირანული ლოჯისტიკური დერეფანი;
• სარდარის ნავსადგური სპარსეთის ყურეში;
• რამდენიმე სამხედრო სატელიტური არხი.
ასეთ გარემოში ისრაელს მიეცა ოპერაციების განხორციელების ფანჯარა მინიმალური საფრთხის პირობებში.
დიპლომატიური და გეოპოლიტიკური შედეგები
ომმა სერიოზული გავლენა მოახდინა რეგიონულ და გლობალურ ურთიერთობებზე:
1. საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანის აგრესიის ფონზე ხაზი გაუსვეს სტრატეგიული თანხვედრის აუცილებლობას ისრაელთან უსაფრთხოების სფეროში. ფორმალურად არ ყოფილა ერთობლივი განცხადებები, მაგრამ დისკრეტული კოორდინაცია აქტიურდება;
2. აშშ და დასავლეთი – ვაშინგტონმა თავიდანვე გაიმეორა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება. ევროკავშირის განცხადებებში ირანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების გზავნილი შეინიშნებოდა;
3. რუსეთის პოზიცია – კრემლი შეეცადა, არ მიმხრობოდა არც ერთ მხარეს, თუმცა ირანის ქმედებას „სუვერენიტეტის დარღვევა“ უწოდა. ამის მიუხედავად, ირანი შეეცადა, უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა დაემყარებინა მოსკოვთან;
4. ჩინეთი და ინდოეთი – თავშეკავებული განცხადებების მიუხედავად, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია სტაბილურობით რეგიონში ენერგეტიკული მარშრუტების უსაფრთხოების გამო.
ირანის რეაქცია: რევოლუციური რეჟიმი კრიზისშია?
მიუხედავად რიტორიკისა „წმინდა წინააღმდეგობის“ შესახებ, ირანის რეალური პასუხი შემოიფარგლა შეზღუდული სარაკეტო და დრონების შეტევებით. წარუმატებელი აღმოჩნდა ისრაელის ტერიტორიაზე მრავალჯერადი მცდელობა დარტყმის მიყენების _ მათ შორის ჰეზბოლასა და ჰუსიტების საშუალებით.
რაც შეეხება საშინო დგომარეობას, ირანის ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მისმა სამხედრო მარცხმა შეარყია საზოგადოების ნდობა რეჟიმის სტრატეგიისადმი. ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, თეოკრატიამ კიდევ ერთხელ გადადო ბირთვული პროგრამის ღია განხორციელება და გააძლიერა ფარული ინფრასტრუქტურის დაცვა.
12-დღიანი ომი ისრაელსა და ირანს შორის შეიძლება შეფასდეს როგორც მაგალითი XXI საუკუნის ჰიბრიდული კონფლიქტისა — სადაც სამხედრო, კიბერ და დიპლომატიური ელემენტები ერთობლივად მოქმედებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო დროებით შეზღუდული კამპანია, მისმა შედეგებმა შეცვალა რეგიონული თანაფარდობა, გააძლიერა ისრაელის სტრატეგიული პოზიცია და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები მზად არიან მტკიცე პასუხისთვის მაშინაც კი, როცა მტერი მოქმედებს ჩრდილიდან.
***
ბოლო მოვლენებზე, საქართველოს როლსა და მძევლების საკითხის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი:
„ისრაელმა უპრეცედენტო სტრატეგიულ წარმატებას მიაღწია. ოპერაცია „აღმავალი ლომი“ მიზანმიმართულად იყო გათვლილი ირანის ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ და ჩვენ ზუსტად დავარტყით იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც პირდაპირ ემუქრებოდა ისრაელს _ და არა მხოლოდ ისრაელს,“ _ ამბობს ელჩი.
დარტყმები მოიცავდა ურანის გამდიდრების ცენტრებს, ბალისტიკური რაკეტების ქარხნებსა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) შტაბებს.
„ეს არ იყო უბრალოდ თავდაცვითი ოპერაცია, ეს იყო შეტევა, რომელიც იცავდა წესრიგს, თავისუფლებასა და რეგიონულ სტაბილურობას“,
ისრაელი პარალელურად აწარმოებდა დიპლომატიურ კამპანიასა სამხედრო ოპერაციას.
„ჩვენ არა მხოლოდ ვიბრძოლეთ, არამედ ვესაუბრეთ მსოფლიოს. გავუზიარეთ IAEA-ს მტკიცებულებები და დაზვერვის მონაცემები. როგორც გერმანიის კანცლერმა მერცმა თქვა, „ისრაელი შავ სამუშაოს ასრულებს ჩვენთვის“. ეს სიტყვები გვიჩვენებს, რომ მორალური რეალობა ცხადი ხდება“.
დასრულდა თუ არა ომი?
ელჩი ხაზს უსვამს, რომ ძირითადი ოპერაცია დასრულდა, თუმცა საფრთხე ბოლომდე არ არის განეიტრალებული:
„ბირთვული პროგრამის ზურგი მოვამტვრიეთ, მაგრამ ირანის რეჟიმი ჯერ კიდევ აგრესიული და არაპროგნოზირებადია. ისრაელი ფხიზლობს და მზად არის იმოქმედოს ყველგან, სადაც საჭირო იქნება“.
დიპლომატს გულწრფელად აწუხებს მძევლების საკითხი და საერთაშორისო რეაქციის სიმცირე:
„20-ზე მეტი ცოცხალი მძევალი დღემდე რჩება ღაზაში არაადამიანურ პირობებში. ზოგიერთს ეს, სამწუხაროდ, ავიწყდება. საერთაშორისო რეაგირება არასაკმარისია. დუმილი, ამ შემთხვევაში, თანამონაწილეობაა“.
ისრაელი პარალელურად აწარმოებს მოლაპარაკებებს შუამავლების მეშვეობით და ამავე დროს ახორციელებს სამხედრო ზეწოლას „ჰამასზე“. ელჩის თქმით, დაბრუნდება ყველა _ ცოცხალი თუ გარდაცვლილი.
ამასთან, ისრაელის ელჩი საქართველოში მადლობას უხდის ქართველ ხალხს:
„საქართველომ გამოავლინა პრინციპულობა IAEA-ს რეზოლუციის მხარდაჭერით და ასევე საზოგადოებრივი სოლიდარობით. ჩვენ ვგრძნობთ მეგობრობას _ გულწრფელსა და ღრმას“.
მისი თქმით, ქართველი ხალხის დამოკიდებულება ასახავს საერთო ღირებულებებს, რაც ამყარებს პარტნიორობას.
„ჩვენ ვერასდროს დავივიწყებთ იმ მხარდაჭერას, რაც მივიღეთ 7 ოქტომბრის შემდეგ. ქართველებმა _ ჟურნალისტებმა, არასამთავრობოებმა, რიგითმა მოქალაქეებმა _ აჩვენეს სოლიდარობა, რომელმაც ჩვენი გულები გაათბო. ეს მეგობრობაა გულიდან გულამდეა“, _ აღნიშნავს იგი.
_ ქალბატონო ჰადას, როგორ შეაფასებდით ისრაელის მიერ ირანთან 12-დღიანი ომის დროს მიღწეულ შედეგებს _ როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიური თვალსაზრისით?
_ ისრაელმა უპრეცედენტო სტრატეგიულ და სამხედრო წარმატებას მიაღწია ოპერაცია „აღმავალ ლომში“. ძირითადად ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს ზუსტი და ეფექტიანი დარტყმების სერია ირანის ტერიტორიის სიღრმეში. ოპერაცია მიზნად ისახავდა განადგურებულიყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების ინფრასტრუქტურა, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა ისრაელის სახელმწიფოს. ეს მოიცავდა ურანის გამდიდრების ობიექტებს, რაკეტების წარმოების ობიექტებსა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამეთაურო ცენტრებს. ოპერატიული შედეგები ირანის ბირთვულ პროგრამას მრავალი წლით, შესაძლოა, ათწლეულებითაც, უკან დახევს.
პარალელურად, ისრაელმა ჩაატარა ეფექტიანი დიპლომატიური კამპანია, რომელიც ხაზს უსვამდა ირანის მიერ ბირთვული დარღვევების სერიოზულობას და გლობალური უსაფრთხოებისთვის შექმნილ უმწვავეს საფრთხეს. IAEA-ს ბოლოდროინდელმა დასკვნებმა, დამაჯერებელ დაზვერვასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცხადყო, რომ გადამწყვეტი ქმედებები იყო საჭირო. როგორც გერმანიის კანცლერმა მერცმა განაცხადა: „ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის ასრულებს შავ სამუშაოს“. ეს საერთაშორისო აღიარება ასახავს მზარდ კონსენსუსს, რომ ბირთვული ირანი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ისრაელს, არამედ მთელ მსოფლიოს.
_ მართლა დასრულდა თუ არა ომი? ბოლო დღეებში პრეზიდენტმა ტრამპმა კვლავ გააგზავნა მუქარის შემცველი შეტყობინებები აიათოლას რეჟიმის მიმართ. მიუთითებს თუ არა ეს იმაზე, რომ დაძაბულობა ისევ მაღალია?
_ ისრაელ-ამერიკის ერთობლივი რეაქცია გარდამტეხი ფაქტორი იყო ირანის ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეერთებულმა შტატებმა, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, გაბედული და ისტორიული ნაბიჯი გადადგა ირანში ბირთვული სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმაში. ეს ოპერაცია ასახავს როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე ბირთვული ამბიციების მქონე რადიკალური რეჟიმის მიერ წარმოქმნილი საფრთხეების საერთო აღქმას.
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საბრძოლო ოპერაციები დასრულდა, რეგიონში არასტაბილურობა კვლავაც არსებობს. ჩვენი გზავნილი ნათელია: ისრაელი, თავის მოკავშირეებთან ერთად, არ შეეგუება ეგზისტენციალურ საფრთხეებს და გააგრძელებს გადამწყვეტ მოქმედებას მათ თავიდან ასაცილებლად.
_ რამდენად განეიტრალდა ირანის ბირთვული საფრთხე? ეს გრძელვადიანი მიღწევაა თუ დროებითი პაუზა?
_ ირანმა ისტორიული მასშტაბის სტრატეგიული დარტყმა განიცადა. ისრაელმა გაანადგურა ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის სასიცოცხლო ელემენტები ნათანზში, ისპაჰანსა და ფორდოში და მძიმედ დააზიანა მისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა. ეს მიღწევები მნიშვნელოვნად აფერხებს ირანის ბირთვული იარაღის შემუშავების უნარს.
როგორც IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ აღნიშნა: „13 ივნისამდე და მის შემდეგ ბირთვული ირანი დღე და ღამესავით განცხვავდება“. თუმცა ჩვენ ფხიზლად ვრჩებით. ისრაელი გააგრძელებს მოქმედებას ირანის ბირთვული ამბიციებისა და მისი რეგიონული მარიონეტების წინააღმდეგ. სტრატეგიული შეკავება აღდგენილია, მაგრამ ჩვენი ერთგულება ეროვნული უსაფრთხოების მიმართ გრძელდება.
_ რა გზავნილია ისრაელის პასუხი არა მხოლოდ თეირანისთვის, არამედ რეგიონში სხვა მტრულად განწყობილი მოთამაშეებისთვისაც, როგორიცაა „ჰეზბოლა“, „ჰამასი“ და ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვა ჯგუფები?
_ გზავნილი ცალსახაა: ისრაელი იმოქმედებს სადაც და როცა საჭირო იქნება თავისი მოქალაქეების დასაცავად.
_ გაძლიერდა თუ არა ისრაელის პოზიცია საერთაშორისო საზოგადოებაში ამ ოპერაციის შედეგად, მათ შორის, გაეროში, ევროკავშირსა და რეგიონულ ალიანსებში?
_ საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობა სულ უფრო მეტად აღიარებს, რომ ისრაელი რადიკალური რეჟიმებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების წინააღმდეგ უფრო ფართო ბრძოლის წინა ხაზზეა. ოპერაცია „აღმავალი ლომი“ არა მხოლოდ თავდაცვითი ღონისძიება იყო, არამედ გლობალური სტაბილურობის ხელშეწყობაც. ეს გამოჩნდა, მაგალითად, დიდი შვიდეულის განცხადებებში. რაც შეეხება გაეროს, სამწუხაროდ, გენერალურმა მდივანმა დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, ისრაელის საპირისპირო მხარეს დამდგარიყო, არსებული ფაქტების მიუხედავად.
_ „ჰამასის“ მიერ აყვანილი ისრაელელი მძევლები კვლავ ღაზაში არიან დატყვევებულნი. როგორ შეაფასებდით საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას მათი განთავისუფლების უზრუნველსაყოფად?
_ ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან, როგორც ჩანს, ზოგიერთს დაავიწყდა, რომ 20 ცოცხალი მძევალი კვლავ არაადამიანურ პირობებში იმყოფება ღაზაში. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა მძევლების უპირობო განთავისუფლების მოწოდებაში დასაფასებელია, თუმცა გაცილებით მეტია საჭირო. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ მთავრობას, ორგანიზაციასა და ლიდერს, გააძლიერონ ზეწოლა „ჰამასსა“ და მის მხარდამჭერებზე. მძევლების აყვანა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და დუმილი არ არის გამოსავალი.
_ რამდენად ეფექტიანად მუშაობს ისრაელის მთავრობა, როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო ფრონტებზე, მძევლების სახლში დასაბრუნებლად?
_ მძევლების დაბრუნება ეროვნული პრიორიტეტის მატარებელია. ისრაელი ორმხრივ მიდგომას იყენებს: სამხედრო ზეწოლასთან ერთად, სანდო საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით, მოლაპარაკებებს აწარმოებს „ჰამასთან“. ჩვენ ვაგრძელებთ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, მიუხედავად „ჰამასის“ მცდელობისა, გამოიყენოს ეს რესურსები თავისი საომარი მოქმედებებისთვის.
ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ყველა დარჩენილი მძევალი - კაცი და ქალი, ცოცხალი თუ გარდაცვლილი _ დავაბრუნოთ სახლში ოჯახებთან. ისრაელი არ მოისვენებს, სანამ ეს მისია არ შესრულდება.
_ რა როლს ასრულებს საქართველო, როგორც მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანა, ამ კონტექსტში _ პოლიტიკურად, დიპლომატიურად და საზოგადოებრივი სოლიდარობის თვალსაზრისით?
_ ქართველი ხალხი მუდმივად ამტკიცებს, რომ ისრაელის ახლო და საიმედო მეგობარია. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ლიდერების მიერ გამოხატულ პრინციპულ პოზიციას, როდესაც მათ მხარი დაუჭირეს IAEA-ს რეზოლუციას, რომლითაც ირანი სრულად არ იცავდა ბირთვულ უსაფრთხოებას და ასევე მისი ხალხის მიერ გამოვლენილ სოლიდარობასა და მხარდაჭერას. მჯერა, რომ საზოგადოებაში ნათელია, თუ რა გავლენას ახდენს ბირთვული ირანი ამ რეგიონის სტაბილურობაზე.
_ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ირან-რუსეთ-ჩინეთის პოტენციურ სამმხრივ ალიანსს რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურასა და დასავლურ გავლენაზე?
_ ასეთი გაერთიანება მნიშვნელოვან სტრატეგიულ გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. ბირთვული იარაღის მქონე ირანის რუსეთთან და ჩინეთთან გაერთიანება არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ საფრთხეს ქმნის. სწორედ ამიტომ არის დასავლელ მოკავშირეებს შორის კოორდინაცია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე და ამიტომ ისრაელი გააგრძელებს გადამწყვეტ მოქმედებას, რათა თავიდან აიცილოს ასეთი სცენარის განხორციელება.
_ რას ნიშნავს თქვენთვის პირადად 7 ოქტომბრის თავდასხმების შემდეგ ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი სოლიდარობა, მათ შორის, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ფართო საზოგადოების მხარდაჭერა?
_ 7 ოქტომბრის შემდეგ ქართველი საზოგადოების მხრიდან გამოხატულმა მხარდაჭერამ ჩვენი გულები გაათბო. ეს სოლიდარობა, რომელიც ჟურნალისტებმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გამოხატეს, ასახავს ჩვენს ერებს შორის ღრმა მეგობრობას. ეს არის სიძლიერის წყარო რთულ დროს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მყარ კავშირს.