QronikaPlus
საქართველოში ფრანგი ჟურნალისტი არ შემოუშვეს, რუს პროპაგანდისტებს კი გზა ხსნილი აქვთ

საქართველოში ფრანგი ჟურნალისტი არ შემოუშვეს, რუს პროპაგანდისტებს კი გზა ხსნილი აქვთ

2025-08-13 07:33:29

მიხეილ ხაჩიძე

 

2025 წლის 2 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლა შეუზღუდა ფრანგ ფოტოჟურნალისტ ჰიშამ ელ ბოუჰმიდს, როდესაც ის სომხეთიდან რეპორტაჟული მოგზაურობიდან ბრუნდებოდა. ელ ბოუჰმიდი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და თვეების განმავლობაში ანტისამთავრობო აქციებს აშუქებდა, მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივითაა მიღებული და ზუსტად ჯდება უცხოელი ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიის ფართო ტენდენციაში.

 

„სადახლოს სასაზღვრო პუნქტზე სომხეთიდან ვბრუნდებოდი, _ უთხრა მან „ქრონიკა+“-ს, _ საბაჟო კონტროლზე პოლიციელმა მითხრა, რომ მარტის აქციასთან დაკავშირებით 5000-ლარიანი ჯარიმა მქონდა გადასახდელი. შემდეგ გამიყვანეს ცალკე ოთახში, სადაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული კაცი მეკითხებოდა ვინაობასა და საქმიანობაზე. მან გადაიღო ჩემი ჟურნალისტური ბარათის ფოტო და ტელეფონით ვიღაცას ესაუბრა ჩემს მუშაობაზე. მითხრა, გადამეხადა ჯარიმა, მაგრამ არც დოკუმენტი გადმომცა და არც რამე განმიმარტა. უარი ვთქვი, რადგან საკმარისი თანხა თან არ მქონდა“.

ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ მას ოფიციალურად გადასცეს დოკუმენტი, სადაც შესვლის აკრძალვის მიზეზად მითითებული იყო „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“. პოლიციელმა ურჩია, დეტალებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავშირებოდა.

ელ ბოუჰმიდი 2024 წლიდან რეგულარულად აშუქებდა მოვლენებს საქართველოში და ქვეყანაში ლეგალურად იმყოფებოდა საფრანგეთის 365-დღიანი უვიზო რეჟიმის ფარგლებში. ის საქართველოში ბოლოს ლეგალურად იანვარში შემოვიდა, ხოლო სომხეთში 21 ივლისს გაემგზავრა.

2024 წლის ოქტომბრიდან ის აშუქებდა მზარდ სამოქალაქო არეულობას _ როგორც ხელისუფლების მომხრე, ისე ოპოზიციურ აქციებს „ოჯახის სიწმინდის დღეზე“, ასევე რეგიონულ პროტესტებს სამეგრელოში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში.

პოლიტიკურ თემებთან ერთად ის მუშაობდა გრძელვადიან დოკუმენტურ პროექტზე მშვიდობის კათედრალისა და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიის შესახებ _ ეს რელიგიური გაერთიანება ჩართულია ინტერაქციულ დიალოგსა და ლტოლვილთა დაცვაში.

„ვფიქრობ, საქართველოში შეშვებაზე უარი სწორედ ჩემი საქმიანობისა და მიმდინარე მოვლენების გაშუქების გამო მითხრეს, _ ამბობს ის და დასძენს, _ ყველაზე მეტად სწორედ მმართველი პარტიის მიერ ოპონენტებზე მიმართული მძიმე რეპრესიების შესახებ ვწერდი. იანვრიდან მე უკვე მეოთხე ფრანგი ჟურნალისტი ვარ, რომელსაც საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს“.

ბოლო თვეებში კი ელ ბოუჰმიდი უკვე მეექვსე ევროპელი ჟურნალისტია, რომელიც საქართველომ დაადეპორტა ან ხელახლა შესვლაზე უარი უთხრა. მათ შორის იყვნენ გერმანელი, იტალიელი და ჰოლანდიელი რეპორტიორები, რომლებმაც ან გააშუქეს ქვეყნის პროტესტები, ან დემოკრატიულ რეფორმებს მხარი დაუჭირეს.

ამავე დროს, რუსეთის სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები ღოსსიყა 24-დან _ კრემლის კონტროლირებადი არხი, რომელიც ანტიქართულ პროპაგანდასა და უკრაინის ომის მხარდაჭერაშია შემჩნეული _ ივლისში ქვეყანაში შეუფერხებლად შემოუშვეს.

„სრულიად არ მიკვირს, რომ ისინი შეუშვეს და მე _ არა. „ქართული ოცნება“ ყოველდღე უფრო და უფრო აშკარად ხდება რუსეთის ვასალი. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ მაინც მწარე და გამაღიზიანებელია“.

 

რუსეთისა და ბელარუსის სცენარის კოპირება?!

 

უცხოელი ჟურნალისტების გაურკვეველი იურიდიული მიზეზებით შეშვებაზე უარის თქმა ზუსტად იმ მეთოდს იმეორებს, რომელსაც რუსეთი და ბელარუსი იყენებენ. შესვლის აკრძალვები იშვიათად არის განმარტებული, ხშირად კი „ეროვნული უსაფრთხოების“ საბაბითაა შეფუთული.

საქართველოში მმართველი პარტია აშკარად იღებს ავტორიტარული მმართველობის იარაღს, რომელსაც წლებია იყენებენ მოსკოვში და მინსკში. ახლახან მიღებული „უცხოელი აგენტების“ კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის „სახელმწიფოს მტრებად“ მონიშვნას ემსახურება, პრაქტიკულად ასლის სახით იმეორებს ვლადიმირ პუტინის მიერ შემოღებულ და ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ გაფართოებულ კანონმდებლობას. ეს მხოლოდ ბიუროკრატიული ინსტრუმენტი კი არა, პოლიტიკური იარაღია, რომლის მიზანიცაა სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაცია, ოპოზიციის დაშინება და ერთპარტიული მმართველობის გამყარება. როგორც რუსეთსა და ბელარუსში, საქართველოშიც ხელისუფლება იყენებს „პატრიოტულ“ რიტორიკას რეპრესიული ზომების გასამართლებლად, რითაც აშინებს ჟურნალისტებს, აქტივისტებს და პროევროპელებს.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ერთი შემთხვევა კი არ არის, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევისა და ქვეყნის აღმოსავლური ტიპის ავტოკრატიისკენ გადახრის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია.

დასავლელი დიპლომატები ღიად გამოთქვამენ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ივნისში მიიღო საკამათო „უცხოური გავლენის“ კანონი, რასაც მასობრივი პროტესტები და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ბრიუსელმა 2023 წელს მიცემული კანდიდატის სტატუსის მიუხედავად, გაწევრიანების მოლაპარაკებები გაყინა.

ელ ბოუჰმიდი ამჟამად იურისტებთან ერთად ასაჩივრებს გადაწყვეტილებას. ამბობს, რომ მას  მხარდაჭერა გამოუცხადეს ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და მეგობრებმა საქართველოდან.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებას წავაწყდი. ალბათ, ვეღარ შევძლებ საქართველოში მუშაობას და ვეღარც ჩემს მეგობრებს ვნახავ. მწყინს ისიც, რომ ვეღარ გავაგრძელებ ქართული ენის სწავლას, რაც ყოველდღე სულ უფრო მაინტერესებდა“.

 

„ქრონიკა+“-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფრანგ ფოტორეპორტიორ ჰიშამ ელ ბოუჰმიდთან:

 

- ჰიშამ, როდის და რომელ სასაზღვრო პუნქტზე სცადეთ საქართველოში შესვლა?

- საქართველოში შესვლა ვცადე საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადახლოს გადამსვლელ პუნქტზე 2025 წლის 2 აგვისტოს, შაბათს. სომხეთიდან ვბრუნდებოდი, სადაც რეპორტაჟზე ვმუშაობდი.

- რა გითხრეს სასაზღვრო პოლიციელებმა, როცა შესვლაზე უარი გამოგიცხადეს?

- პასპორტის კონტროლზე პოლიციელმა მითხრა, რომ მაქვს 5000-ლარიანი ჯარიმა, რომელიც უკავშირდება მარტის ერთ-ერთ საპროტესტო აქციას. ამის შემდეგ გამომიყვანეს ცალკე ოთახში, სადაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირმა დამიტოვა კითხვები ჩემი პიროვნებისა და სამუშაოს შესახებ. მან ფოტო გადაუღო ჩემს პროფესიულ ფოტოჟურნალისტურ ბარათს და ტელეფონით დაურეკა ვიღაცას, ვისთანაც განიხილეს ჩემი ფოტოგრაფიული საქმიანობა. მან მომთხოვა ჯარიმის გადახდა, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტი არ გადმომცა და დეტალები არ განმიმარტა. უარი ვთქვი, რადგან არასაკმარისი თანხა მქონდა. ამ პროცესის შემდეგ გამომიყვანეს პასპორტის კონტროლის ზონაში და 5-საათიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ ქვეყანაში შესვლა მეკრძალება.

- მოგეცათ თუ არა ოფიციალური დოკუმენტი ან წერილობითი ახსნა უარის შესახებ?

- მიღებული მაქვს ოფიციალური დოკუმენტი უარის შესახებ, სადაც მითითებულია მიზეზად „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“. პოლიციელმა, რომელმაც უფლებები ამიხსნა, მითხრა, რომ ზუსტი მიზეზის გასაგებად შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დავკავშირებოდი.

- გქონიათ თუ არა ადრე პრობლემები საქართველოში შესვლასთან ან ყოფნასთან დაკავშირებით?

- საქართველოში შესვლის დროს არასდროს მიგრძნია რაიმე პრობლემა, რადგან ქვეყნაში რეგულარულად ვმოგზაურობ 2022 წლიდან.

- რა თემებსა და მოვლენებს აშუქებდით ბოლო პერიოდში?

- ბოლო პერიოდში ვაშუქებდი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის, ანტისამთავრობო და ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებს. პარალელურად ვმუშაობდი დოკუმენტურ ფოტოპროექტზე საქართველოს ბაპტისტური ეკლესიის შესახებ - პროგრესულ რელიგიურ  ორგანიზაციაზე, რომელიც ინტერაქციურ დიალოგსა და ლტოლვილთა მხარდასაჭერად მუშაობს.

- გგონიათ, რომ თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა ან კონკრეტული გაშუქება შეიძლებოდა ყოფილიყო უარის მიზეზი სქართველოში შემოსვლაზე?

- დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში შესვლის შეზღუდვა გამოწვეულია ჩემი პროფესიული საქმიანობით და მიმდინარე მოვლენების გაშუქებით. უმეტესად ვწერდი „ქართული ოცნების“ რეპრესიებზე ოპონენტების მიმართ და მე ვარ მეოთხე ფრანგი ჟურნალისტი, რომელსაც უარი უთხრეს შესვლაზე 2025 წლის იანვრიდან.

- იცით თუ არა, რომ რუსული სახელმწიფო მედიაჯგუფი შემოუშვეს საქართველოში? როგორ აღიქვამთ ამ კონტრასტულ დამოკიდებულებას?

- ვიცი, რომ რუსეთის მედიაჯგუფი ღოსსიყა 24 საქართველოში ბოლო დროს შეუშვეს და ეს ფაქტი ჩემთვის არ არის მოულოდნელი. „ქართული ოცნება“ დღითი დღე უფრო და უფრო ცხადად ხდება რუსეთის ვასალი. ეს მოსალოდნელი იყო ჩემთვის, თუმცა მაინც მწარე და აღმაშფოთებელია.

- როგორ იმოქმედა ამ გამოცდილებამ თქვენზე პიროვნულად და პროფესიულად?

- ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე ვდგავარ. დიდი ალბათობით, გარკვეული დროის განმავლობაში ვერ შევძლებ საქართველოში მუშაობას, ვერც მეგობრებს ვნახავ და ვერ მოვახერხებ ცხოვრებას ქვეყანაში, რომელსაც ვუყვარვარ და რომელიც უზომოდ მიყვარს. ასევე სასტიკად განვიცდი, რომ ვეღარ გავაგრძელებ ქართული ენის სწავლას. ეს პროცესი ყოველდღე უფრო და უფრო მიზიდავდა და მსიამოვნებდა.

- გაასაჩივრებთ თქვენ მიმართ გადაწყვეტილებას?

- ამჟამად ვთანამშრომლობ იურიდიულ გუნდთან, რომელიც დამეხმარება აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებაში. დეტალებზე ვმუშაობთ და შევჯერდებით. ვნახოთ, რა იქნება.

- მიიღეთ თუ არა მხარდაჭერა საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაციების, საფრანგეთის  საელჩოს ან ქართული სამოქალაქო საზოგადოებისგან?

- არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, რომელთაც დიდ მადლობას ვუხდი, უკვე გამოხატავს მხარდაჭერას და საჯაროდ გმობს უცხოელი ჟურნალისტების მიმართ მიმართული შესვლის აკრძალვების ტალღას. საფრანგეთის საელჩო საქართველოში აღნიშნული საქმის შესახებ ინფორმირებულია, კონსული დამიკავშირდა. თუმცა თბილისში მყავს უამრავი მეგობარი, რომელთა მხარდაჭერას ძალიან ვაფასებ. მადლობას ვუხდი ყველა მათგანს.

გაზიარება