QronikaPlus
გულიკო ზუმბაძე - „ანტიდასავლელ, კორუმპირებულ მერს თბილისი არ უნდა დავუთმოთ!“

გულიკო ზუმბაძე - „ანტიდასავლელ, კორუმპირებულ მერს თბილისი არ უნდა დავუთმოთ!“

2025-08-13 07:42:54

თამუნა მჭედლიშვილი

 

რატომ არის „ბოიკოტი“ რუსული გეგმის ხორცშესხმის ინსტრუმენტი? შეთანხმდებიან თუ არა „ლელო _ ძლიერი საქართველო“ და „გახარია _ საქართველოსთვის“ საერთო კანდიდატზე 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის? ვინ იქნება დედაქალაქის მერის კანდიდატურა „ლელოდან“? როგორი შანსები აქვს კახა კალაძეს, გახდეს დედაქალაქის მერი მესამე ვადით? აქვს თუ არა „ლელო _ ძლიერი საქართველოს“ დედაქალაქის მოსახლეობისთვის წინასაარჩევნო პროგრამა და რა მიმართულებებია პრიორიტეტული?

 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე „ქრონიკა+“-ს პასუხობს მეოთხე და მეხუთე მოწვევის თბილისის საკრებულოს წევრი, პარტია „ლელო _ ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გულიკო ზუმბაძე: 

 

- ქალბატონო გულიკო, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ ცესკ-ო პარტია „ქართული ოცნების“ დაკვეთის შემსრულებელი და მასზე დამოკიდებელი ორგანოა. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა დადეს დასკვნა, სადაც წარმოდგენილი იყო ცესკო-ს გადაცდომები და საარჩევნო კოდექსში არსებული მანკიერი მხარეები, ასევე არჩევნების დღეს სერიოზული საარჩევნო კანონდარღვევების, გადაცდომების ფაქტები. ხელისუფლების მხრიდან ხმების ტოტალური გაყალბება და მიტაცება დაფიქსირდა. რატომ შედიხართ მეორეჯერ ამ მდინარეში?

- საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, არცერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა ცესკო დამოუკიდებელი. ყოველი არჩევნების შემდეგ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები შეიცავდა როგორც გადაცდომებს, ისე რეკომენდაციებსაც. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მუდამ შედიოდა საარჩევნო ბრძოლაში და ერთ-ერთი ასეთი ბრძოლა დამთავრდა „ვარდების რევოლუციით“. არჩევნები, როგორც დემოკრატიული ინსტრუმენტი, მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ წარმოადგენს ბრძოლის ერთ-ერთ იარაღს. ამ იარაღის ხელში არ აღება და ბრძოლაზე უარის თქმა, პირადად ჩემთვის, წარმოუდგენელია. იმ ამომრჩეველს რას ვუპირებთ, რომელიც არ მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, მაგრამ სურს, არჩევნების გზით უთხრას უარი ამ მოძალადე ხელისუფლებას? ამ ხალხს ვეუბნებით, _ სახლში დარჩი და შენი კონსტიტუციური უფლება არ გამოიყენო მაშინ, როდესაც ამომრჩევლის 40% ისედაც არ დადის არჩევნებზე და სწორედ ამით სარგებლობს ხელისუფლება.

- თქვენ თქვით, რომ „რუსული სპეცოპერაცია“ სწორედ ის არის, რომ ამ არჩევნებში არ გაჭაჭანდნენ პროდასავლური ძალები. სამწუხაროდ, „ბოიკოტი“ რუსული გეგმის ხორცშესხმის ინსტრუმენტი მგონია. რვა ოპოზიურ პარტიას გაემიჯნა „ლელო _ ძლიერი საქართველო“ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ აჩევნებში მონაწილეობით. რატომ ფიქრობთ ასე?

- ცხადია, ასეა, რუსეთს აქვს თანმიმდევრული, დროში გაწერილი გეგმა, როგორ განულდეს პროდასავლელი ძალები საქართველოში. „რუსული კანონის“ მიღება, ევროპული და ამერიკული ფონდების გასვლა საქართველოდან, არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადება, ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამომწყვდევა, პროტესტის მონაწილე საუკეთესო ახალგაზრდების ცემა, დაპატიმრებები, გაწელილი სასამართლოები, მუდმივი დაძაბულობა და დაპირისპირება, ყველაფერი ეს ემსახურება პროდასავლელი ოპოპარტიების მხრიდან არჩევნებში არშესვლის აზრის განმტკიცებას. ამათ ლეგიტიმაციის პრობლემა საერთოდ არ აქვთ, დიდი ხანია დასავლეთი დააიგნორეს; წყნარად, ოპოზიციის გარეშე სურთ ადგილობრივი არჩევნების გადაგორებაც და კიდევ 4 წლით საჯიჯგნად, მილიონების საკეთებლად, აბსოლუტურად ხელშეუშლელად ხელში ჩაგდებული ჰქონდეთ ჩვენი ქალაქები და სოფლები, იყიდონ, გაყიდონ ქართული მიწები, ხოლო ხალხი, უფლებააყრილი და დაშინებული იყოს. 

რაც შეეხება „გამიჯვნას“ _ პირიქით, ეს რვა პარტია გაემიჯნა „ლელოს“ გადაწყვეტილებას _ „საარჩევნო იარაღიც“ გამოყენებულიყო ამ საერთო ბრძოლაში! არადა, ვინც ცოტა მაინც ერკვევა არჩევნებში, კარგად იცის, რომ საარჩევნო პერიოდში გააქტიურებული ადამიანების ამაღლებული საბრძოლო განწყობა ბევრად მარტივად გადასატანია მძლავრ საპროტესტო ტალღაზე. ამ მხრივაც აქვს ამ ბრძოლას აზრი!

- რატომ ვერ შეთანხმდა „ლელო _ ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ საერთო კანდიდატზე 2025 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის?

- ასეთი ფაქტი ჯერ არ დამდგარა. დიდი ალბათობით, იქნება ერთი შეთანხმებული კანდიდატი. თუმცა ყველაფერი იზომება და თუ ცალ-ცალკე კანდიდატის საჭიროება დადგა, ამაზედაც შევთანხმდებით.

- ვინ იქნება დედაქალაქის მერის კანდიდატურა „ლელოდან“?

- საზოგადოებისთვის ცნობილია ერთ-ერთი ასეთი კანდიდატი, არიან სხვებიც, მიდის მსჯელობა, ვნახოთ...

- როგორი შანსები აქვს კახა კალაძეს, გახდეს დედაქალაქის მერი მესამე ვადით? მისი არაერთი დაპირება დღესაც შეუსრულებელია. თბილისი კალაძემ, ფაქტობრივად, ბეტონის ჯუნგლებად გადააქცია.

- „ქართულმა ოცნებამ“, წლების განმავლობაში, აპრობირებული პროპაგანდისტული მეთოდებით, შექმნა მხარდამჭერთა „მუდმივმოქმედი არმია“: რაც არ უნდა დააშავოს მერმა თუ „ოცნების“ სხვა მაღალჩინოსანმა მზად არიან, ნებისმიერი გზით მოუძებნონ გამართლება. ეს არის ძალინ ცუდი მოცემულობა. საბედნიეროდ, ამომრჩევლის ეს ნაწილი რაოდენობრივად არ ჰყოფნის „ქართულ ოცნებას“ და ამიტომ ყოველ არჩევნებზე ახალ-ახალ არასამართლიან მეთოდს იყენებს სასურველი შედეგის მისაღწევად. როგორ მოიქცევიან ახლა? ცხადია, თუ დასჭირდათ, იგივეს გააკეთებენ. როდის ვერ შეძლებენ ბოლომდე მიიყვანონ ჩანაფიქრი? როცა ამომრჩევლის კრიტიკული უმრავლესობა მივა არჩევნებზე!..

- ანტიკორუფციულმა ბიურომ მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო. პარალელურად, აღსრულების ბიურომ პარტია „ლელო _ ძლიერი საქართველოს“ მიმართ დაიწყო იძულებითი სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განმარტება გააკეთა, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს“. ეს მორიგი თავდასხმაა?

- პარტიის ლიდერების მიმართ, რეპუტაციული ზიანის მისაყენებლად, ისეთ უმნიშვნელო და მარტივად გადასაწყვეტ საკითხს ამუქებენ, როგორიც იყო ამ შემთხვევაში ეს „ყადაღის“ თემა. მანამდე ყაველაშვილის „შეწყალების“ ამბავსაც თუ გავიხსენებთ, ამგვარი მცდელობები კიდევ ბევრჯერ ექნებათ.

- პარტია „ლელოს“ ორ ლიდერს 8-8 თვე მიუსაჯეს და ციხეში ჩასვეს მხოლოდ იმიტომ, რომ თეა წულუკიანის ე. წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადნენ. მით უმეტეს, კანონით განსაზღვრული მათზე დაკისრებული ჯარიმა ხაზარაძემაც და ჯაფარიძემაც გადაიხადა.

- ეს იყო გირაო, რაც შეეხება განაჩენს, მოსამართლემ გამოიყენა არა ჯარიმა, არამედ პატიმრობა. ცხადია, ეს დაპატიმრებებიც ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება და კიდევ ერთი დასტურია იმისა, როგორ არ უნდა რეჟიმს პროდასავლელი პარტიების მონაწილეობა ამ არჩევნებში.

- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ პარტია „ლელო _ ძლიერი საქართველო“ არაერთმა ლიდერმა დატოვა მას შემდეგ, რაც კოალიციამ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა. დეა მეტრეველი, საბა ბუაძე, ანა ნაცვლიშვილი... რა ფაქტორებმა გამოიწვია პარტიის შიგნით ამ კონკრეტულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა?

- განსხვავებული მოსაზრებები, ბუნებრივია, იქნებოდა. ფაქტი კი ის არის, რომ ოცკაციანი პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან 17 წევრი, ასევე თბილისისა და რეგიონების თითქმის ყველა ადგილობრივი ლიდერი მზად არის, იბრძოლოს თვითმმართველობის არჩევნებში. ხოლო სამწუხარო ის არის, რომ ამას არ აკეთებს სრულიად ოპოზიციური სპექტრი.

- აქვს თუ არა „ლელო - ძლიერ საქართველოს“ დედაქალაქის მოსახლეობისთვის წინასაარჩევნო პროგრამა და რა მიმართულებებია პრიორიტეტული?

- „ლელო“ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წინასაარჩევნო პროგრამის შედგენას. ამაზე სერიოზული მუშაობა გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ და ბუნებრივია, ასე იქნება ახლაც. არასწორი ურბანული განვითარების შედეგად, დედაქალაქში ცხოვრება სულ უფრო და უფრო მძიმდება, მწვავდება ეკოლოგიური პრობლემები, სადაც ავარიული საცხოვრებელი ბინები ყველაზე მძიმე საკითხია. ადამიანებს არ აქვთ უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა, რაც თავისთავად ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. პრიორიტეტი უნდა იყოს ბავშვი, მოზარდი, ხანდაზმული, შშმ პირი, დასაქმების გარეშე დარჩენილი შრომისუნარიანი მოსახლეობა. ჩვენ სამართლიანი ქალაქი გვინდა, ევროპული, დემოკრატიული, ლაღი და თავისუფალი მოქალაქეებით. ამას უნდა მივაღწიოთ, მიზანდასახული და პრინციპული ბრძოლით ყველგან, სადაც ამ ბრძოლის მცირედი შანსი მაინც არსებობს.  

- ფეისბუქის პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ დაწერეთ, რომ „არასოდეს ასეთი მაღალი არ ყოფილა ხალხისა და ოპოზიციის საბრძოლო სულისკვეთება და არასოდეს ასეთი სუსტი და დემორალიზებული _ „ქართული ოცნება“.

- ის ნებისმიერი გაყალბების შემთხვევაშიც კი მარცხდება. თბილისს „გამოსაგლეჯი“ არაფერი სჭირს, თბილისი ისედაც ჩვენია და რატომ უნდა მივცეთ კალაძეს, ანტიდასავლელ მერს, იმის ფუფუნება, რომ უბრძოლველად ჩაიგდოს ხელში მთავარი საპროტესტო ქალაქი კიდევ 4 წლით?!“

- რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?

- არსებული გარემოება. ეს იგრძნობა მოსახლეობასთან ურთიერთობითაც. არსებული ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების დონემ თვალში საცემად იმატა. ეს კარგად იცის „ქართულმა ოცნებამაც“. როგორც აღვნიშნე, მათი სტრატეგიაა, ეს უკმაყოფილო ამომრჩეველი არ მივიდეს საარჩევნო ყუთთან. სამწუხაროდ, „ბოიკოტი“ ამ მხრივ დიდ სამსახურს უწევს მათ. არადა, მართლაც, ერთ მხარეს დგას სრულიად დემორალიზებული პოლიტიკური ძალა, ხოლო მეორე მხარეს ის მებრძოლი ადამიანები, რომლებიც მრავალ განსაცდელს უძლებენ საქართველოს ისტორიული არჩევანის, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. ამ მხარეს არის, აგრეთვე, ხალხის ის ნაწილი, რომელიც სხვადასხვა მიზეზით აქტიურ პროტესტს ვერ უერთდება და არჩევნები არის მათთვის ერთადერთი გამოსავალი. ეს არის სერიოზული ძალა! დიახ, ანტიდასავლელ, კორუმპირებულ მერს თბილისი არ უნდა დავუთმოთ!

გაზიარება