ოთხშაბათი, 13 აგვისტო, 2025
2025-08-13 08:02:14
თამუნა მჭედლიშვილი
რამდენად სწორია მზია ამაღლობელის საქმისთვის მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია? როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს სააპელაციო სასამართლო? რა შემთხვევაში შეიძლება განთავისუფლდეს პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვადამდე ადრე? რატომ დათმო ხელისუფლებამ მსჯავრდადებული გიორგი ახობაძე და დაისჯებიან თუ არა ცრუ მოწმე პოლიციელები?
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია:
- ქალბატონო ლონდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ ისე გადააკვალიფიცირა მისჯილი მუხლი, რომ პროკურატურის საქმე შეითავსა.
- მოსამართლეს ამის უფლებამოსილება აქვს. თუ იგი არ ეთანხმება პროკურატურის კვალიფიკაციას, როდესაც მას გამოაქვს განაჩენი, მაშინ მას შეუძლია უფრო მსუბუქი კვალიფიკაციით შეცვალოს პროკურატურის მინიჭებული კვალიფიკაცია. თუმცა აქ არის ორი „თუმცა“: ერთია, რამდენად სწორია ეს მინიჭებული კვალიფიკაცია, რომელიც მოსამართლემ ამ საქმეზე მიანიჭა, მეორე, თუნდაც დავეთანხმოთ ამ კვალიფიკაციას, რამდენად სწორია უკვე ის სასჯელი, რომელიც გამოიყენა მზიას მიმართ.
დავიწყებ კვალიფიკაციით: ეს კვალიფიკაცია ვერ იქნება ის კვალიფიკაცია, რომლითაც ამ საქმეზე განაჩენი უნდა დამდგარიყო. აქ 353-ე მუხლზეა საუბარი. ჩვენმა მკითხველმაც რომ იცოდეს, ეს ჟღერს, როგორც პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგისთვის ხელის შეშლისთვის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილი დანაშაული ძალადობის მუქარით. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, მოსამართლემ ჩათვალა, რომ დგებუაძე ასრულებდა თავის საპოლიციო უფლებამოსილებას, იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს და ამაში შეუშალა ხელი მზიამ სილის გაწვნით.
ქმედებები, რომლებიც წინ უძღოდა ამ ყველაფერს, არ იყო კანონიერი. პოლიცია ახორციელებდა უკანონო დაკავებას, თვითნებური დაკავებები დაიწყეს, მათ შორის, მზია ამაღლობელისაც. იგი რამდენიმე ხნით ადრე იყო დაკავებული უკანონოდ ადმინისტრაციული წესით სტიკერის გაკვრისთვის, შესაბამისად, თქმა იმისა, რომ ეს ადამიანი თავის კანონიერ მანდატში იყო და კანონიერ უფლებამოსილებას ახორციელებდა, სწორი არ არის. შესაბამისად, თქმა იმისა, რომ პოლიციელის მიმართ განახორციელა ეს ქმედება, არ არის სწორი. ამ დანაშაულის ადრესატი მხოლოდ და მხოლოდ არის პოლიციელი, რომელიც მის კანონიერ უფლებამოსილებას ახორციელებს და კანონიერ მოთხოვნებს უყენებს მოქალაქეებს, რომლებიც, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად იყვნენ აქციის მონაწილეები.
მეორე: სილის გაწვნა რომ ავიღოთ, სილის გაწვნა იყო თუ არა მიზანი პოლიციელის საქმიანობის შწყვეტის? ჯერ პირველი, დავუბრუნდები იმას, რომ ეს ქმედება უნდა ყოფილიყო კანონიერი, რასაც დგებუაძე ახორციელებდა, რაც არ იყო. და მეორე, იყო თუ არა ეს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და ძალადობის ეს ფორმა, სილის გაწვნაც, თავისი არსით, კონტექსტით და შინაარსით? როგორ წარმოუდგენია მკითხველს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნით შეიძლება შეაწყვეტინო მას რაიმე კანონიერი ბრძანების შესრულება?!. ამას უფრო ინტენსიური ხასიათი სჭირდება. ამიტომ ეს მინიჭებული კვალიფიკაცია, თავისთავად ცხადია, ვერ იქნებოდა ვერცერთ შემთხვევაში სწორი. ადვოკატები რაზედაც აპელირებდნენ, მათ შორის, 126-ე მუხლზე გადაყვანაზე, ეს კვალიფიკაცია ზუსტად იმიტომ იყო ყველაზე რელევანტური, რომ დგებუაძე არ იყო პოლიციის მანდატში, იგი არ იყო პოლიციელი, რომელიც კანონიერად მოქმედებდა იმ კონკრეტულ დღესა და მომენტში. მივყვეთ იმ ლოგიკას და დავუჯეროთ მოსამართლეს _ კი ბატონო, ეს არის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი და შევაფასოთ ეს ქმედება ამ კვალიფიკაციით.
- კანონის მიხედვით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით როგორი სახის სასჯელია გათვალისწინებული?
- ამ დანაშაულს აქვს სამი სასჯელი: შინაპატიმრობა, ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე. როდესაც კონკრეტული პირის დამნაშავედ ცნობ, რა თქმა უნდა, მოსამართლის შემდეგი კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს უსვამს, არის, _ რომელი სასჯელია აქედან ყველაზე რელევანტური? რის მიხედვით უნდა შეარჩიოს ჯარიმა, შინაპატიმრობა თუ თავისუფლების აღკვეთა? თავისუფლების აღკვეთა ამ სამიდან არის ყველაზე მძიმე სასჯელი. როდესაც ბრალდებული არ არის არასოდეს ნასამართლევი, როდესაც მთელი მისი წარსული ცხოვრება უკავშირდება კეთილსინდისიერ მუშაობას, როდესაც ვხედავდით, ეს ადამიანი სასამართლოს წინაშე როგორ იქცეოდა ყველაფრის მიუხედავად, უდიდესი პატივისცემით და ა. შ. როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო და როდესაც მას უკვე 7 თვე ჰქონდა გატარებული საპატიმროში, რა თქმა უნდა, მისთვის შეფარდებული სასჯელი არ უნდა ყოფილიყო ყველაზე მკაცრი ამ სამიდან. მაშინ ისმის კითხვა, _ თუ ამ დანაშაულს ჩაიდენს ნასამართლევი და არაერთხელ ნასამართლევი, რომელიც შემდგომ სასამართლო პროცესებზე მოიქცევა ცუდად, უპატივცემულობას გამოხატავს სასამართლოს მიმართ და ა. შ., მას რომელ სასჯელს მიუსჯის ამ სამიდან მოსამართლე? აქ ასევე გასათვალისწინებელი იყო მთელი წინა ისტორია, რომელიც სარჩელის განხილვისას მოსამართლეს აუცილებლად უნდა მიეღო მხედველობაში _ მისი უკანონო დაკავება ადმინისტრაციული მუხლით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვის უსჯიან, როგორი ტიპის დამნაშავეს ასეთ სასჯელს? თუ არა მზია ამაღლობელის ტიპის ადამიანს, მაშინ როგორი ტიპის ადამიანს შეიძლება მიესაჯოს უფრო მსუბუქი სასჯელი _ ჯარიმა ან შინაპატიმრობა? ამიტომ თუნდაც ეს კვალიფიკაცია ჩავთვალოთ სწორად, აი, სასჯელი ვერცერთ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს ვერანაირ კრიტიკას.
- რა შემთხვევაში შეიძლება განთავისუფლდეს პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვადამდე ადრე?
- არსებობს ორი მექანიზმი მისი ორ წლამდე განთავისუფლების უფლების. შეიძლება სამიც. პირველი: ეს არის შეწყალება. საქართველოს პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვის უფლება აქვს თავად მსჯავრდადებულს უშუალოდ ან სხვა ნებისმიერ პირს. ანუ მზია ამაღლობელის შესაწყალებლად სხვა პირებსაც შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს. არ არის კანონმდებლობით დაკონკტრეტებული, ვინ შეიძლება იყოს ეს პირი კერძო პირი. მეორე: პირობით ვადამდე განთავისუფლება. აქ მსჯავრდადებულს სასჯელის ნახევარი მაინც უნდა ჰქონდეს მოხდილი, რადგან ეს არის მძიმე დანაშაული; და მესამე: სასჯელის გადავადება, განაჩენის აღსრულების გადავადება იმ მსჯავრდადებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ- განჩინებით შემდეგი საფუძვლების არსებობისას: მსჯავრდადებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემა ჩაითვლება თუ არა მძიმედ, ეს უნდა გადაწყდეს
ეჭვი მეპარება, მზია ამაღლობელმა რომელიმე თხოვნით მიმართოს ან პრეზიდენტს ან თავად იუსტიციას, რომ გამათავისუფლეთო. მაგრამ მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემა რომ შეექმნა, არ ვიცი ამან შეიძლება საჭიროება დააყენოს, რომ იქ ვერ მოხდება სათანადო მკურნალობა.
- თქვენი აზრით, რამდენად აქვს გამოტანილი განაჩენის შეცვლის შანსი მზია ამაღლობელის ქეისს ზემდგომ ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში?
- სასამართლოს დამოუკიდებლობის პირობებში, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი შანსი, არსებული კვალიფიკაცია შეიცვალოს, მაგრამ ვინაიდან ჩვენი სასამართლო აბსოლუტურად პოლიტიკურია, პოლიტიზებულია, ეს გადაწყვეტილებებიც არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური.
- თქვენი აზრით, რატომ დათმო ხელისუფლებამ მსჯავრდადებული გიორგი ახობაძე?
- ეს დღე საინტერესო იყო: მზიას სასჯელის კვალიფიკაციის შეცვლა, გიორგი ახობაძის განთავისუფლება... არ მჯერა იმის, რომ რომელიმე ეს განაჩენი მოსამართლემ თვითონ გადაწყვიტა. უფრო მგონია, რომ ილუზიის შექმნა იწყება, თითქოს სასამართლო რაღაცებს დამოუკიდებლად წყვეტს.
- მესამე ვერსიაც არსებობს, თითქოს ზოგიერთი მოსამართლე ვეღარ უძლებს საერთაშორისო წნეხს და დაწესებულ სანქციებს, რის გამოც ხელისუფლების დაკვეთებს ბოიკოტს უცხადებს.
- ძალიან მინდა მჯეროდეს მესამე ვერსიის. წესით, უნდა მიხვდნენ, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ ხომ აღარ იქნება? ამ მოსამართლეებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოსტებზე ვინ დატოვებს? ამათი კეთილსინდისიერება გადამოწმდება.
უფრო მეტად მჯერა იმის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ილუზიას შექმნიან საზოგადოებისთვის.
- გაქვთ თუ არა იმის იმედი, რომ ცრუ მოწმე პოლიციელები რომლებმაც ნარკოტიკი ჩაუდეს გიორგი ახობაძეს, გასამართლდებიან და დაისჯებიან კანონით გათვალისწინებული სასჯელით?
- მეც ვიყავი პროკურორი და გამამართლებელ განაჩენს ყოველთვის არ მოსდევს ვიღაცის დასჯა. რისი თქმა მინდა: გამამართლებელ განაჩენში მოსამართლე არ ჩაწერს, რომ ეს ნარკოტიკი ახობაძეს ჩაუდეს! მაგრამ საიდან გაჩნდა ნარკორტიკი? ბრალდების მხარემ კარგად თუ ვერ იმუშავა, შეიძლება მართლა რეალურად დამნაშავეც გარეთ დარჩეს. ბრალდების მხარის მარიფათზეც არის დამოკიდებული, რამდენად მომზადებულ საქმეს მიიტანს იგი სასამართლოში. ესეც არის დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესებზე: ალბათ დაელოდებიან განაჩენს, ნახავენ, რა იქნება იქ ჩაწერილი და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
- ზემოაღნიშნულმა საქმეებმა დიდი ზიანი მიაყენა „ქართულ ოცნებას“. განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმემ. მზიას სასამართლოს დატოვებისას ხელში ეჭირა ფურცელი წარწერით: „სილა რეჟიმს“. სასამართლო დარბაზში რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ქალის რევოლუცია ვიხილეთ. რამდენ ხანს გაძლებს ივანიშვილის რეჟიმი?
- მარტო „ქალობის“ გამო ეს საქმე რეზონანსული არ იყო. ამას დაემატა ის ფონი, რაც პოლიციის მიმართ საზოგადოებაში გაჩნდა: ხალხის მიმართ ძალადობა სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან, მათი ქცევები, რომლებიც არანაირ კანონმდებლობაში არ ჯდება. პოლიტიკოსი არ ვარ და ვერიდები ხოლმე პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას, მაგრამ ერთი რამ ვიცი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ და ყოფილმა საჯარო მოხელემ: ყველა ინსტიტუტი მოშლილია! საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლის, არის ნულს ქვემოთ. წარმოუდგენლად მიიმაჩნია დიდხანს გაძლოს ხელისუფლებამ, რომლის აღარცერთი ინსტიტუტი აღარ მუშაობს.