ზედმეტად პოლიტიზებულ საქართველოში ჩხუბი არავის უკვირს, მაგრამ, თურმე, ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს დალევა-არდალევაც შესაძლებელია, განხეთქილების მიზეზი გახდეს. ყოველი შემთხვევისთვის, ასე მიგვანიშნებს ქუთაისში, ერთ-ერთ რესტორანში „პარკინგსერვისის“ კოორპორაციულ საღამოზე მომხდარი ფაქტი.
როგორც „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა, კორპორაციულ საღამოს მხოლოდ აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი ესწრებოდა. გუნდის ზოგიერთმა წევრმა ქეიფს უარი, სავარაუდოდ, ხელფასებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო უთხრა.
წვეულებას ქალაქისა და მხარის ჩინოვნიკებმაც შეჰმატეს ხიბლი. მათ შორის იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, „ქართული ოცნების“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჭიღვარიაც ყოფილა. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ბატონი ჭიღვარია მმართველი პარტიიდან ქუთაისის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება. სავარაუდოდ, ,,გამარჯვება-ძელქვიანი-უქიმერიონის“ საარჩევნო ოლქში მოსინჯავს საკუთარ ძალებს და საოცნებო მანდატსაც დაისაკუთრებს. თუმცა მანამდე ჯერ კიდევ შორია და ამიტომ იმერეთის ვიცე-გუბერნატორი დიდ პოლიტიკაში შესვლამდე პატარა პოლიტიკაში _ სუფრის აკადემიაში ათამაშებს კუნთებს.
წყარო ,,ქრონიკა+“-თან არ აკონკრეტებს, ბატონ ჭიღვარიას ერგო თუ არა კორპორაციულ წვეულებაზე თამადობის პატივი, მაგრამ მის ინიცირებულ წინადადებას კი კარგად იხსენებს: თურმე, ვიცე-გუბერნატორს თავი ვალდებულად მიუჩნევია, თანამეინახეებისთვის ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს დალევა შეეთავაზებინა. ეს ნაბიჯი რომ უპრეცედენტო არ იყო და, ჯერ კიდევ, ედუარდ შევარდნაძიდან მოყოლებული, ახლა ოდესაში ემიგრირებული სააკაშვილის თამადობით, ყველა სუფრაზე მშვიდობის მერე მათ სადიდებელს აღავლენდნენ, ყველასთვის ცნობილია. ამიტომ არც არავის გაჰკვირვებია, თუ რატომ უნდა ყოფილიყო „ბატონი ბიძინი“ გამონაკლისი?!
საბედნიეროდ, საქართველოში კერპთაყვანისმცემლობა ყველას არ ხიბლავს. ასეთი აღმოჩნდა თავად „პარკინგსერვისის“ ხელმძღვანელი ირაკლი სარიშვილი. მას იმ კარგ კაცად, რომლის სადღეგრძელოც უნდა შესვას, მხოლოდ საკუთარი მამა მიაჩნია. მომავალ მაჟორიტარობის კანდიდატს და ვინ იცის, იქნებ, დეპუტატსაც, ბატონ გიორგი ჭიღვარიას, სარიშვილის განმარტება არ მოსწონებია და გაბრაზებული გამომეტყველებით სუფრა მალევე დაუტოვებია. „ოცნების“ ქუთაისელი ლიდერისა და ბიძინა ივანიშვილის ღირსების დაცვა კი საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელს, ლევან გოგელაშვლს უცდია. მცდელობა _ შელაპარაკებაში, ხოლო, მოგვიანებით, გაწევ-გამოწევაში გადაზრდილა. არ ვიცით, „პარკინგსერვისის“ ხელმძღვანელის ნასროლი ჭიქა ვინმეს მოხვდა, თუ, უბრალოდ, იატაკზე დაენარეცხა, მაგრამ ჭურჭლის მსხვრევაც დაფიქსირებულა.
ტრადიციისამებრ, „შავი გაგების“ მენტალიტეტში ჩარჩენილ ქუთაისში ინციდენტი მეორე დღეს, ბუხაიძის ქუჩაზე საქმის გარჩევით გაგრძელებულა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ცნობით, მმართველ გუნდში ვიღაცას, ალბათ, გაახსენდა, რომ წინასაარჩევნოდ ხმაური მაინცდამაინც, სახარბიელო არ იყო და სახელდახელოდ დანიშნული „სტრელკა“ მორიგებაში გადაზრდილა, მოგვიანებით კი სუფრით დაგვირგვინებულა!
როგორც ქუთაისში ამბობენ, მართალია, „ბატონი ბიძინის“ სადიდებელი სადღეგრძელოს შეუსმელობამ საჯარო მოხელეებს „ქოროვით ჩაუქროლა“, ერთმანეთისკენ გაწევ-გამოწევამაც და ჯამ-ჭურჭლის მსხვრევამაც არ დააყოვნა და ბოლოს ჯერი დაზავებამდეც მივიდა, მაგრამ საზოგადოება მოლოდინში დარჩა: როდის მოუწევს „პარკინგსერვისის“ დირექტორს, ირაკლი სარიშვილს, „შეთითხნილი ბრალდებით“ დაკავებული თანამდებობის დატოვება? ივანიშვილის სადღეგრძელოზე უარის თქმა არც ამ უკანასკნელს შერჩება და არც იმერეთის ვიცე-გუბერნატორი ჭიღვარია დაიგდებს თამასას „მეოცნებეების“ თვალში. ბოლოს და ბოლოს, ღირსების საქმეა _ ერთი პატარა სუფრისთვის ვერ მიუხედავს კაცს და ქალაქის ელექტორატის მანდატის ჩაბარების შემთხვევაში გამონახავს საერთო ენას და გადაჭრის პრობლემებს?!
P. S. „ქრონიკა+“ ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა და დაუკავშირდა როგორც „პარკინგსერვისის“ უშუალო კურატორს ქუთაისის მერიას, ასევე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე ორგანოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლებმა მომხდარი ფაქტი უარყვეს.
მარიამ ბალანჩივაძე