QronikaPlus
მობილიზაცია ახმეტაში - ,,ომი დაიწყო, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო...“

მობილიზაცია ახმეტაში - ,,ომი დაიწყო, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო...“

2016-04-18 10:41:52

იყო დრო, არც ისე შორს, 2012 წლის... ოქტომბერში, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური გახდა... ხოლო მაშინდელმა საკრებულომ ახალ თავმჯდომარედ „რესპუბლიკელი“ ზაქარია ქინქლაძე აირჩია... მშვიდი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა, ჯერ მაშინდელი ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, „ქართული ოცნების“ სახის, ბექა ბაიდაურის იმპიჩმენტი იდგა დღის წესრიგში, ხოლო მოგვიანებით კი, როცა ბაიდაურს ვერაფერი ავნეს, მავანმა საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი გახადა საჭირო.... და, აი, ასე, „რესპუბლიკელი“ ქინქლაძე თანამდებობის გარეშე დარჩა რიგით დეპუტატად... მაშინ ამბობდნენ, ზვიადაურმა ქინქლაძეს ღალატი არ აპატია და ამიტომ გაათავისუფლაო... ზვიადაურის მაშინდელი იპონით გაბრაზებული ქინქლაძე სოციალურ ქსელში წერდა: „ბატონო ბიძინა, პოლიტიკაში მოხვედით, გამიხარდა და დამსაჯეს, პოლიტიკიდან წასვლაზე დღეს განაცხადეთ და ისევ მე დამსაჯეს, ორივე შემთხვევაში „ნაცებმა“ გამწეწეს, ვაა, ბნელაა?“ მაშინ ზაქარია ქინქლაძემ ასე ახსნა ჩემთან ინტერვიუს დროს საქმის არსი.. „ზვიადაურთან დაპირისპირება ჩემი იმპიჩმენტით დამთავრდა!.. თუ რა იყო ამ დაპირისპირების მიზეზი,  მოგახსენებთ: ზვიადაურთან დაპირისპირება მე არ მქონია, ის თვითონ დამიპირისპირდა უმიზეზოდ, როცა საკონკურსო კომისიის არჩევის წინ ზეწოლა განახორციელა დეპუტატებზე, რომ მე არ ავერჩიე. აქედან დაიწყო აშკარა დაპირისპირება და ასევე ზეწოლის განხორციელება დეპუტატებზე, რომ ისინი დამპირისპირებოდნენ... მერე უკვე აშკარად დამიპირისპირდა, როცა ბაიდაურის საკითხი არ შევიტანე საკრებულოზე დასამტკიცებლად, რადგან სს საქმე იყო აღძრული (საჯარო სამსახურის კანონის თანახმად, ძიების ქვეშ მყოფი პირის დანიშვნა საჯარო სამსახურში არ შეიძლება). მიუხედავად ამისა, საკრებულოზე ბაიდაურის გამგებლობიდან განთავისუფდების შესახებ საკითხი არ დავაყენე (არადა, სრული უფლება მქონდა, რადგან ის პერსონალური დანაშაულის გამო გამოძიების ქვეშ მყოფებოდა). ბაიდაურის ყალბმა პასპორტმა საკრებულოსა და ჩემ შორის განსაკუთრებული კონფლიქტი არ წარმოშვა. როდესაც ბაიდაური დასამტკიცებლად არ შევიტანე, მაშინ საკრებულო მთხოვდა, რომ ბაიდაურზე უნდობლობის საკითხიც დამეყენებინა და საერთოდ გაგვეშვა თანამდებობიდან, მაგრამ ვთხოვე, რომ ეს უფრო უხეში ფორმა იქნებოდა. დროებით დავტოვეთ თანამდებობაზე,  რადგან ბაიდაური თვითონ აპირებდა პირადი განცხადებით წასვლას. ასე რომ, ჩემსა და საკრებულოს შორის მისი გადაყენების საკითხზე განსაკუთრებული დაძაბულობა არ მომხდარა. პირიქით, უფრო ლოიალური მეთოდი შევარჩიეთ... _ როგორ გააგრძელებთ თქვენს მოღვაწეობას, აპირებთ კვლავ პოლიტიკაში დარჩენას? _ ხვალიდან გავაგრძელებ ჩემს სადეპუტატო მოღვაწეობას საკრებულოში და რიგითი დეპუტატი ვიქნები, როგორც ვიყავი ორი წელი _ 1 წინააღმდეგი 24-ისა... მერე კი ადგილობრივ არჩევნებში, თუ ძალიან ასაკიანად არ ჩავთვალე თავი, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას... ყოველ შემთხვევაში, ვეცდები, კარგი ახალგაზრდები მოვამზადო ახალი არჩევნების კონკურენციის გასაზრდელად“. „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრი ახსნა-განმარტების გარეშე გადაირჩიეს, ბნელა თუ ნათელია, ამას მომავალი გვიჩვენებს... 2013 წელი... 2014 წელს ზაქარია ქინქლაძეს ასაკმა ხელი არ შეუშალა და პროპორციული სიის მეორე ნომრად კვლავ გავიდა საკრებულოს დეპუტატად... ამის შედეგი კი ასეთი გახდა... ამბობდნენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ „რესპუბლიკელი“ ქინქლაძე იყო გადაწყვეტილი, მაგრამ სკაიპით სხდომის ჩატარების წინა დღეს გუბერნატორი შიოლაშვილი ჩაერთო და ქინქლაძის ნაცვლად გელა ჯუგაშვილი დანიშნა, მეორე დღეს სხდომაზე ჯუგაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ გამოცხადდა, ხოლო ქინქლაძემ ფრაქცია შექმნა... ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ დამთავრებულა, საკონკურსო საატესტაციო კომისიამ გასაუბრების დროს ახმეტის მუნიციპალიტეტში ქინქლაძის გოგო დაიწუნა და უსამსახუროდ დატოვა... მაშინ სამნიძემ მკვეთრი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ახმეტაში „რესპუბლიკელებს“ ებრძვიან... ფინალში შედეგი დადგა, ღამე გუბერნატორის კაბინეტში ვიზიტის დროს რაც მოხდა, ქინქლაძემ საზოგადოებას არ დაუმალა და დაწერა: „ამ საღამოს გუბერნიაში ვიყავი. არ დაგიმალავთ, რომ წმინდა ადამიანურად ველოდი, მჯეროდა სიმართლის. გუბერნატორმა გულთან მიიტანა მედია საშუალებებით გავრცელებული, ახმეტაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა და თანამდებობის პირების დაპირისპირების საკითხი. შეხვედრაზე მე და რაიონის გამგებელი ბექა ბაიდაური ვიყავით. დიალოგი შედგა. გუბერნატორის მიერ ინიცირებული ჩემი და ახმეტის გამგებლის საუბარი სხვა არაფერი იყო, თუ არა ქრონოლოგია იმ საკითხებისა, რამაც დიდი გამარჯვებიდან დღემდე უკუღმა წაიყვანა, ეტაპობრივად გააფუჭა ურთიერთობები ცალკეულ ჯგუფებსა და თანამდებობის პირთა შორის. გუბერნატორმა ყველასთვის არამომგებიანი შედეგები განიხილა, რაც მოსდევს ხოლმე ასეთ კონფლიქტებს და მზაობა გამოთქვა საკითხების დეტალური მოსმენისა. შესაბამისად, ერთობლივად გავაანალიზეთ უკმაყოფილების მიზეზები, დასკვნები გავაკეთეთ და რაც ყველაზე მთავარია, ამ კონფლიქტებით დარღვეული ურთიერთობების აღდგენის გეგმა ჩამოვაყალიბეთ. იმედი მომეცა, რომ ნორმაში მოვა ზედმეტი სახელისუფლებო ამბიციები და, გარკვეულწილად, გამოუცდელობით დაშვებული შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანება. ამასთან, ბევრი ჩვენი თანამებრძოლი ისევ ჩადგება პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის აქტივში“. ამის შემდეგ ქინქლაძის ქალიშვილი სამსახურში დააბრუნეს და მშვიდობამ დროებით დაისადგურა... მაგრამ ზვიადაური-ქინქლაძის დაპირისპირება ისეთივე აქტუალური დარჩა, როგოც თავიდან... მალე ბატონი ზაქარია ჯერ წყალმომარაგების რეგიონის ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო უფრო გვიან კახეთის გარემოს დაცვის უფროსია... ახლა ამა წლის შემოდგომას ქინქლაძის იპონის დროც მოდის, „რესპუბლიკელებს“ მაჟორიტარ კანდიდატად სწორედ ზაქარია ქინქლაძე ჰყავთ გადაწყვეტილი... მთავარია, ვინ იქნება მისი ოპონენტი „ქართული ოცნებიდან“?.. გელა სამხარაული თელავის მაჟორიტარი დეპუტატია, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეა პარლამენტში... 2012 წელს კოალიციაში ალასანიას ხაზით მოგვევლინა. მაშინ, როდესაც ალასანიამ ბიძინას „ნახვამდის“ უთხრა, სამხარაული წულუკიანთან ერთად ალასანიას დაემშვიდობა და აი, ასე გახდა ბატონი ბიძინას, ალბათ, ერთ-ერთი რჩეული... სხვა კახელი დეპუტატებისგან განსხვავებით ინტელექტი შესაშური აქვს, კონფლიქტური არ არის, 2012 წლამდე პოლიტიკასთან ახლოს არც კი ჩაუვლია, თუმცა 2012 წლის მერე პოლიტიკოს სამხარაულს არც ისეთი განსაკუთრებული მუშაობა ჩაუტარებია პარლამენტში, როგორსაც ზვიადაური ატარებს.... ასე რომ, ახმეტაში ზაქარია ქინქლაძის მეორე კონკურენტი „ქართული ოცნებიდან“ სამხარაული იქნება... თელავის მერე სამხარაული, ალბათ, ახმეტას აგრარულ კერად აქცევს და ჩვენც ავშენდებით და ისინიც... სამხარაულის დედულეთი ახმეტაა, ხოლო, აი, რაც შეეხება „ნაცებს“... პეტრე ცისკარიშვილი, ალბათ, კიდევ ერთხელ იყრის კენჭს ახმეტაში... გინდ დაიჯერეთ, გინდ _ არა, „თუშს თავისი თავი სხვის კარგს ურჩევნია“, პეტრე ალვანში უყვართ, რა მადლი დააყარა ასეთი ახმეტას, არ ვიცი, თუმცა თუშებს მაინც თავისი ურჩევნიათ სხვისას... ასე რომ, ახმეტას დიდი არჩევანის გაკეთება მოუწევს შემოდგომას... ვინ გახდება დეპუტატი, _ ქინქლაძე, სამხარაული თუ ცისკარიშვილი? _ ეს შემოდგომის საკითხია.... ყველა კანდიდატი არაოფიციალურად ცნობილია, ოფიციალურად კი არავინ ადასტურებს სამომავლო გეგმებს...   P. S. ამბობენ, „რესპუბლიკელები“ კახეთში ყველაზე მეტ რესურსს ახმეტაზე დახარჯავენო. ასე რომ, ომი დაიწყო, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო...  

                                                                                                                      მაკა მოსიაშვილი

 

გაზიარება