საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთაგან ბევრს ახსოვს პერიოდი, როცა სისტემა „აიძულებდა“, თვითდასაქმებულ, მცირე ბიზნესის მქონე „ბიზნესმენებისთვის“ ფული ეხადა. ფულს უხდიდით ადამიანს, რომელიც 20-30 თეთრის საფასურად გრთავდათ საავადმყოფოს ეზოში შესვლის ნებას, იქ შესულს კი მეორე „ბიზნესმენი“ ლიფტით რომელიღაც სართულამდე მგზავრობისთვის ამავე რაოდენობის თანხის გადახდის ვალდებულებას გაკისრებდათ. ასეთი იყო სისტემა და იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცალსახად კორუფციას ეწეოდნენ, რაშიც ხელი არც ეშლებოდათ.
სასაცილო იქნება ვთქვათ, რომ დღესაც იგივე ხდება, რადგან ჩვენ ფულს არ ვუხდით ლიფტიორს, არც კერძო პირისთვის გვიწევს თანხის გადახდა მანქანის საავადმყოფოს ეზოში დასაყენებლად, მაგრამ ჩვენ ისევ მახინჯ სისტემას ვემსახურებით, ოღონდ ამას კანონის ფარგლებში მოქმედების სახე აქვს. ხშირად ისინი უწყებასა და მოქალაქეს შორის შუამავლები არიან, რომლებსაც ცალკე უნდა გადაუხადოთ მომსახურების ფული, როცა იმ ბიუჯეტიდანაც ფინანსდებიან, რომელსაც მოქალაქეები ავსებენ და უკან სარგებელს ნაკლებად იღებენ.
მუშაობის პრინციპით სსიპი ან ააიპი იმ მელიფტეს ემსგავსება, რომელსაც 30 თეთრს არაფრის გამო უხდიდი, მაგრამ ერთი განსხვავებით, _ მელიფტეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არავინ აფინანსებდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა სსიპ-ების დაფუძნებითაა გატაცებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც ფუნქციის კომერციალიზაცია ხდება.
საქართველოში, დაახლოებით, 3000-მდე საჯარო სამართლის იურიდიული პირია, თუმცა ბიუჯეტში მხოლოდ რამდენიმე მათგანის დაფინანსებაა გაწერილი. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ყველა უწყებას ჰყავს და, მათ შორის, ზოგიერთ სამინისტროს 4-ზე მეტი სსიპ ექვემდებარება. ისინი ფინანსდებიან ზედამხედველი სამინისტროს ბიუჯეტიდან, გრანტებიდან და სხვადასხვა მომსახურებაზე, სერვისებზე დაწესებული საფასურიდან. საბოლოოდ კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, სსიპ-ების მეშვეობით ბიუჯეტის გარეთ, დაახლოებით, მილიარდი ლარი მოძრაობს.
დღეს ყოველდღიურად გვესმის სიტყვა სსიპ-ი, ააიპ-ი და სინამდვილეში, რას წარმოადგენენ, რა დაფინანსებას იღებენ და რა სარგებელს ხედავენ მოქალაქეების მომსახურებიდან, ბევრმა არ იცის. თემას, რომელიც საზოგადოების წინაშე მწვავედ დგას და რომელსაც, ფაქტობრივად, შესაძლოა, „სსიპომანია“ ვუწოდოთ, ქვემოთ მოყვანილ ინტერვიუში გაეცნობით.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება მაკროეკონომიკის სპეციალისტი, ეკონომიკის ანალიტიკოსი _ ვაჟა კაპანაძე:
_ რა არის სსიპ-ი და როდის დაიწყო მისი აქტიური გავრცელება სახელმწიფოში?
_ საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) შესახებ ამბობს:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას“.
მისი ბექგრაუნდი კი წინა ხელისუფლებაში უნდა ვეძებოთ, როდესაც აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს, არსებული სისტემის დაკანონებისა და სარგებლის მიღების პოტენციალით, უცხოელმა ექსპერტებმა ურჩიეს, რომ მისი კომერციალიზაცია მოეხდინა, ანუ დაეკანონებინა და ბიუჯეტში გადაეხდევინებინა მოქალაქეების ფული, რომელსაც ქრთამის სახით აძლევნდნენ, ამას კი სსიპ-ი დასჭირდა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით, ყველა იმ კორუმპირებული სქემის ლეგალიზაცია მოახდინა, რომელიც მანამდე არსებობდა, თუნდაც პასპორტების გაცემის დროს. მისთვის მთავარი ის კი არ იყო, რომ მოსახლეობისთვის ისეთი სერვისი მიეწვდინა, რომლითაც საქმეს გააუმჯობესებდა, არა, მან თქვა, რადგან მოსახლეობა შეჩვეულია და ამ ფულს იხდის, მოდი, ეს ფული ბიუჯეტში გადაიხადოსო... და არაოფიციალური სერვისიც კანონიერი გახადა.
ვთქვათ, თუ თქვენ დღეს მიხვალთ იუსტიციის სამინისტროში დაქვემდებარებულ სსიპ-თან და პირობითად, 100 $-ს გადაიხდით, დღესვე დაგიმზადებენ პასპორტს. ადრე ჩინოვნიკისთვის უნდა გადაგეხადათ ეს თანხა. ამას გარკვეული დადებითი კონტექსტიც აქვს, მაგრამ ამ მიდგომამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ცალკე სსიპ-ები შეიქმნა, რომელებიც ამ თანხას ხაზინაში კი არა, საკუთარ ანგარიშზე რიცხავენ. სსიპ-სა და სამინისტროს შორის ის განსხვავებაა, რომ სამინისტროს ცალკეული ანგარიში არ აქვს, ის ემსახურება სახელმწიფო ხაზინას, ყველა ხარჯი პირდაპირ ხაზინაში აისახება. რაც შეეხება სსიპ-ებს, ისინი არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებსაც თავიანთი ანგარიში აქვთ კომერციულ ბანკებში და მათი აკუმულირება ხდება. საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ თითქოს კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითით, დღეს ბიუჯეტში გადასახდელი თანხის უმეტესი ნაწილი ლეგალურად უკან წაიღეს „ჩინოვნკებმა“. თუმცა ისინი საშემოსავლო გადასახადს იხდიან. დღეს ამ თანხას სსიპ-ის ხელმძღვანელობა, როგორც სახელფასო ფონდის, პრემიის, ან სახელფასო დანამატის სახით იყენებს. აქ პროგრესი ისაა, რომ ამ დანამატსა და ხელფასზე იგი საშემოსავლო გადასახადს იხდის, ადრე არ იხდიდა. მსგავსი მაგალითები გავრცელდა და ყველა უწყება ცდილობს, როგორც კი რამე ანაზღაურებადი საქმე ჩნდება, იმწამსვე სსიპ-ი შექმნს.
_ რა შეიცვალა ახალი ხელისუფლების პირობებში არსებულ სიტუაციაში?
_ არსებულმა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო სტრუქტურა, რომელიც არ შეუცვლია, არადა, ნებისმიერი ახალი ხელისუფლების მიდგომა ახალი ღირებულებების ჩამოყალიბება და მასზე მიყოლაა. იგი ახალ მიდგომებსა და პრიორიტეტებზე უნდა იყოს მორგებული სტრუქტურულად. აქედან გამომდინარე, ახლად მოსული ხელისუფლების ცალსახა შეცდომაა, რომ მან ხელუხლებლად დატოვა ძველი სტრუქტურა, აღმასრულებელი ხელისუფლების კანონი საქმიანობის შესახებ, რომლითაც საქმიანობის სტრუქტურა და წესებია განსაზღვრული. ეს ყველაფერი გადასახედია. უნდა გაეუქმებინათ მხარჯველი ორგანოები, რომლებიც, შესაძლოა, რომ სამინისტრო კი არა, დეპარტამენტები ყოფილიყო.
ჩვენ გვაქვს ცალკე სოციალური ჯგუფების სამინისტროები: ლტოლვილებისა და განსახლების სამინისტრო, პატიმრების, დიასპორის სამინისტრო, ანუ სამინისტროები არა ცალკეული პოლიტიკების, არამედ სოციალური ჯგუფების მიხედვით არის შექმნილი, ეს ანაქრონიზმია. მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ სათავეში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ მათ ის სტრუქტურა დატოვეს, რითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელმძღვანელბდა. ახალ პოლიტიკას ხომ ახალი სტრუქტურა სჭირდებოდა, ეს მათ არ გაუკეთებიათ. ამ სოციალური ჯგუფების სამინისტროების არსებობასთან ერთად შენარჩუნდა ის მანკიერი პროცესი, რაც ამ სსიპ-ებთან და ააიპ-ებთანაა დაკავშირებული.
_ როგორ შეიძლება ვაკონტროლოთ მათი ხარჯები, ან რა პრობლემებია ფინანსებთან დაკავშირებით?
_ აქ ერთიანი სახელფასო ბადის პრობლემაა, არის დანამატებისა და პრემიების პრობლემაც. ასე მარტივად ვერ დავამარცხებთ მას, რადგან ვერ ვაკონტროლებთ. ვერც ერთი უწყება ვერ აკონტროლებს დანამატსა და სახელფასო ბადეს. სსიპ-ის შემთხვევაში სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო ისმენს და ამტკიცებს სახელფასო ფონდს, მაგრამ მის შიგნით იგი კონკრეტულ თანხას არ უმტკიცებს (მაგალითად, რამდენი უნდა ჰქონდეს ხელფასი და ა.შ.). გადათამაშებას სსიპ-ის ხელმძღვანელი ახორციელებს. ამან დიფერენცირება გამოიწვია. ახალმა ხელისუფლებამ არ მოშალა ძველი, გაუმართავი სისტემა, რომელიც ამგვარ ქაოსს მოშლიდა და შემთხვევითი და გამოუცდელი კადრების წყალობით მიიღო ის, რაც დღეს გვაქვს.
_ რა არის პრობლემის გადაჭრის გზა?
_ პირველ რიგში, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის წესია გადასახედი, ფუნქციების მიხედვითაა სამინისტროები დასალაგებელი და არა სოციალური ჯგუფების მიხედვით. თუ პრობლემის სათავეს ვიპოვით, დაფინანსების წყარო თუ მხოლოდ ბიუჯეტი იქნება და სერვისებიდან შემოსულ თანხებს პირდაპირ ხაზინაში გავუშვებთ, მხარჯველი სსიპ-ების პრობლემაც მოგვარდება. თავისთავად, მიზანი არ არის ყველა სსიპ-ის გაქრობა. აუცილებელია ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არსებობა, რომელიც კანონის საფუძველზეა შექმნილი. მაგალითად, მე შევქმენი სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო და საინვესტიციო სააგენტო. მათ თავისი პროგრამა აქვთ და ისინი არ გაუქმდება. სსიპ-ის მსგავსი პრინციპი აქვს აიპ-ისაც. განსხვავდებიან ფილოსოფიური თვალსაზრისით, თორემ ფორმით და სისტემით ჰგვანან.
_ როგორც ეკონომისტს, მიგაჩნიათ, რომ სსიპ-ებზე გამოყოფილი თანხა აზრიანად დაიხარჯებოდა სხვა შემთხვევაში?
_ როგორც ეკონომისტი ვამბობ, რომ ის თანხა, რაც ინვესტიციებში უნდა წასულიყო, სახელმწიფო სტრუქტურების დაფინანსებაში მიდის. იგი ეკონომიკის განვითარებას მოხმარდებოდა და არა ვინმეს პრემიებს, ან სახელფასო დანამატებს. დღეს კი კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ის ხელმძღვანელები მეტ ხელფასს იღებენ, ვიდრე თავად მინისტრები.
_ ბიუჯეტიდან რომ არ დაფინანსდნენ ეს ობიექტები, მაშინ რა იქნება?
_ კანონით შექმნილი სსიპ-ების ბიუჯეტიდან დაფინანსების გასამართლებელი არგუმენტი ისაა, რომ მათ არ ჰყოფნით თავიანთი შემოსავალი, მაგრამ თუ სულ არ დაფინანსდა ბიუჯეტიდან, ის სსიპ-ი ვეღარ იქნება და შპს-დ გადაკეთდება, ეს არავის აწყობს. ამის გამო ისინი სამინისტროს დაფინანსებაში შედიან და იქიდან გადაეცემათ თანხა. ამიტომ ვამბობ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების დასაქმების ეს სტრუქტურა გადასახედია და ის ნეგატიური ასპექტები, რაც გამოიკვეთა, დასახვეწი და გასამართია. პირველი რიგის ამოცანა სწორედ ესაა _ რაიმე ღონისძიების დაწყებისას, პირველ რიგში, შენი პოზიციები უნდა გაამაგრო, უნდა გქონდეს გამართული სტრუქტურა და შემდეგ იმოქმედო. ყველაფერს პოლიტიკური ნება სჭირდება. ხშირად, როცა წინ 2 ნაბიჯის გადადგმა გინდა, უკან 1-ის გადადგმა გიწევს. სსიპ-ების შემთხვევებისთვის ობიექტური შემფასებელი უნდა შეიქმნას, რადგან სამინისტრო თავად ვერ იქნება შემფასებელი. უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც ნეიტრალურია და მხოლოდ ჭეშმარიტი კრიტერიუმების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
სსიპ-ებისა და ააიპ-ების თემასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ნოდარ ებანოიძეს ესაუბრა:
_ ეს ძალიან სერიოზული თემაა: ბევრი ფული იკარგება უაზროდ, უკონტროლოდ. ზოგადად, სსიპ-ი და ააიპ-ი არის ფორმები, რომლითაც, ერთგვარად, სახელმწიფო და მეორე მხრივ, თვითმმართველი ორგანო თავისი უფლებების გარკვეულ ნაწილს გადასცემს და ქმნის უფრო მეტად დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს. მთავარია, ეს იქმნებოდეს სწორად, კონკრეტული მიზნებისთვის და მთავარია, ეს ადმინისტრაციული ხარჯების, ბიუჯეტის მჭამელი ორგანო არ იყოს. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო ქონების სწორი მართვა, სწორი მენეჯმენტი. ააიპ-ების ნაწილი გვჭირდება, მაგრამ მთავარია, რამდენად მიზანშეწონილია მათი არსებობა და მერე, შიგნით, რამდენად სწორად იხარჯება ის სუბსიდია, რაც აქვს? რა არის შედეგი, როგორ ანაწილებ ფულს?
აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო სამსახურთა მართვის ეფექტიანობა დაითვალა და აღმოჩნდა, რომ კერძო სამართლის სუბიექტების 97% წამგებიანია.
თავისთავად სახელმწიფო მართავს რაღაც სეგმენტს, რომელიც შეუძლია ხელიდან გაუშვას, რომელიც ხარჯტევადია და არაეფექტიანი, ამიტომ ნებისმიერი კანონისა თუ სსიპ-ის შექმნის იდეის შემოტანისას უნდა ამოწურო კითხვები, დადო გათვლები, გაწიო ოპონირება, ასეა პროგრამებზეც. ასე რომ, მთავარია, ხარჯი გამართლებული იყოს და ეს უდიდესი პრობლემა მოგვარდეს.
საბოლოოდ, სანამ სისტემა არ შეიცვლება, მოქალაქეებს ყოველდღიურად მოუწევთ, საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო იურიდიულ პირებს თანხა უხადონ, მაშინ, როდესაც გარკვეული საქმის შესრულება მათი შუამავლობისა და ზედმეტი თანხის გადახდის გარეშეც შეიძლება, მოქალაქეების ჯიბიდან წასული თანხა კი რომელიმე მოხელის სახელფასო დანამატზე, ან პრემიაზე აუცილებლად აისახება.
ნინო ტაბაღუა