QronikaPlus
„მშვიდობის ხიდი“, „სქაი გრუპი“, „იქს ვექტორი“ და თბილისის მერია!

„მშვიდობის ხიდი“, „სქაი გრუპი“, „იქს ვექტორი“ და თბილისის მერია!

2016-07-11 14:38:39

არასამთავრობო ორგანიზაცია ანტიკორუფციული პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ლაგვილავა, იმ სატენდერო მაქინაციებზე გვესაუბრა, რომელიც, მისი თქმით, მერიის სპეციალურმა სამსახურმა განახორციელა, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ტენდერები ეხება იმ ობიექტების მოვლა-პატრონობას, რომლებიც ამჟამინდელ ხელისუფლებას არ მოსწონდა და მის დაშლა-განადგურებაზე იმთავითვე საუბრობდა. ვლადიმერ ლაგვილავა: _ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს ხალხს ეუბნებოდა, მტკვარზე გადებული „მშვიდობის ხიდი“ წინა ხელისუფლების გადმონაშთია, ამიტომ აუცილებლად უნდა დავანგრიოთო. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის სიტყვები. იგი იმასაც ამბობდა, რომ ამასთან დაკავშირებით უნდა ჩაეტარებინათ რეფერენდუმი, მაგრამ ხელისუფლებაში მოვიდნენ თუ არა, მასზე, როგორც დასანგრევ ობიექტზე, საუბარი შეწყდა. ალბათ, საინტერესოა, რატომ მოხდა ასე? საქმე ის არის, რომ „ოცნება“ ფულის გასათეთრებლად ხიდს ძალიან კარგად იყენებს, განსაკუთრებით, თბილისის მერია სარგებლობს ამით. _ როგორ სარგებლობს თბილისის მერია? _ ცხადია, ჩვენ არ ვართ მომხრეები ამ ხიდის დაშლა-დანგრევისა და მან უნდა იფუნქციონიროს, მაგრამ ეს ხიდიც „ოცნებამ“ ხალხის მოსატყუებლად გამოიყენა. აღმოჩნდა, რომ ხიდის მოვლა-პატრონობაზე მილიონობით ლარი იხარჯება, თბილისის მერია კი ამის გაკეთების საშუალებას და ბიუჯეტის ფულის აღების უფლებას მხოლოდ ახლობელ კომპანიებს აძლევს ტენდერში გამარჯვებით. ეს ყველაფერი დოკუმენტურად არის დადასტურებული. თბილისის მერიამ, მიმდინარე წლის 15 იანვარს, ტენდერი გამოაცხადა „მშვიდობის ხიდის“ მოვლა-პატრონობისთვის. წინადადებების მიღება დასრულდა 8 თებერვალს, 19 თებერვალს კი მერიის სატენდერო კომისია შედგა. ამ ტენდერში მონაწილეობდა შპს „იქს ვექტორი“, რომლის წინადადებაც იყო, რომ ხიდს მოუვლიდა წლის განმავლობაში 424 029 ლარად, მეორე კომპანია კი იყო „სქაი გრუპი“, რომელიც 418 000 ლარით დასუფთავებას ჰპირდებოდა, ანუ 6 ათასი ლარით ნაკლებად. გაიმარჯვა „სქაი გრუპმა“. კომპანია ხელშეკრულების გაფორმებას ელოდებოდა, მაგრამ სატენდერო კომისია შეიკრიბა, სადაც წინადადებით გამოვიდა მერიის სატენდერო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, ტენდერი გააუქმა და ტენდერის ახლიდან გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. „სქაი გრუპს“ მოგებული ტენდერი ასე წაართვეს. სხდომის ოქმს გადმოგცემთ, სადაც სიტყვა-სიტყვით წერია, ვინ ესწრებოდა მას, ასევე არის დღის წესრიგი და  დადგენილება. კომისიამ დაადგინა: აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანებით, ქალაქ თბილისში „მშვიდობის ხიდის“ მოვლა-პატრონობის მომსახურებისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერს მიენიჭოს სტატუსი „ტენდერი შეწყვეტილია“. ეს მაშინ, როდესაც ტენდერის სამივე ნაწილი „სქაი გრუპმა“ გაიარა. ამის შემდგომ გამოცხადდა ახალი ტენდერი, ვითომ უფრო გამკაცრებული პირობებით: კომპანია რომელიც აიღებს „მშვიდობის ხიდის“ მოვლა-პატრონობას, ამ საქმის კეთების გამოცდილება აუცილებლად 2013 წელს უნდა ჰქონდეს მიღებული და ა. შ. იცით, ამ შემთხვევაში რა მოხდა? პირველ კონკურსში ვინც მონაწილეობდა, ყველას ბეგრაუნდი ნახეს, როგორი გამოცდილება ჰქონდათ და მათ რომ არ გაემარჯვათ, მხოლოდ ის პირობა ჩაწერეს, რომელიც სასურველ კომპანიას აუცილებლად გაამარჯვებინებდა. შესაბამისად, ტენდერში მონაწილეობა შეძლო, მხოლოდ და მხოლოდ, შპს „იქს ვექტორმა“, რომელმაც წინა ტენდერი წააგო. _ რომელ პირობაზე საუბრობთ _ 2013 წელს მიღებულ გამოცდილებაზე? _ დიახ. იცით, ამით რა მოხდა? _ 418 000 ლარი ხომ ჰქონდა პირველი ტენდერით მოგებული „სქაი გრუპს“, მეორე ტენდერში 423 000 ლარი იყო „იქს ვექტორის“ შეთავაზება და მერიამ ყველაფერი გააკეთა, რომ მას გაემარჯვა. „გრინსერვის პლუსის“ წარმომადგენელი  კობა ხარჩილაძე და „სქაი გრუპის“ ხელმძღვანელი ელისო ქეცბაია ამის გამო ტენდერების საიტზე საკმაოდ კრიტიკულ წერილებს წერენ. „გრინ სერვისი“ წერს: „თქვენ მიერ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნილი გამოცდილება პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ ტენდერში მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოში არსებულმა მხოლოდ ერთმა კომპანიამ. ასეთი პირობების ჩადებას სჯობდა, პირდაპირ გაგეფორმებინათ ერთ პირთან ხელშეკრულება. გვანტერესებს, პრეტენდენტს 2011 წელს რომ ჰქონდეს გამოცდილება მიღებული, ეს რატომ  არ მოგწონთ? მიგაჩნიათ, რომ აღნიშნული საქმის გამოცდილება შეიძლებოდა დავიწყებოდა რომელიმე კომპანიას, რომელმაც 2012 წელს იგივე გააკეთა? საინტერესოა კიდევ ერთი რამ: როდესაც ერთ ობიექტზე გამოცდილებას ითხოვთ 150 ათასი ლარის ფარგლებში, თუკი კომპანიას გამოცდილება აქვს სხვადასხვა ობიექტზე, რატომ უნდა იყოს ეს თქვენთვის მიუღებელი? ამ საქმის ტენდერში, თავდაპირველად წარმოდგენილი გქონდათ სხვა მოთხოვნები, მაგრამ ის ჩაშალეთ, რადგან თქვენთვის სასურველმა კომპანიამ გაიმარჯვა. ეს არის მხოლოდ ერთ კომპანიაზე მორგებული ტენდერი. თუ არ შეცვლით აღნიშნულ პირობებს და არ ჩამოაყალიბებთ ისეთს, რომელიც სხვადასხვა კომპანიას საშუალებას მისცემს, მასში მონაწილეობა მიიღოს, ღიად დაგიწერთ იმ კომპანიის სახელს, რომელსაც, ფაქტობრივად, ეს ტენდერი გამოუცხადეთ კონკრეტული პირობებით“. აქვე წერს „სქაი გრუპიც“, რომ ახალი გარემოება, რომლის გამოც „მშვიდობის ხიდის“ მოვლა-პარტონობაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტეს, ოქმში არ ჩანს. დასკვნა ერთია, რადგან ნახეს, რომ მათი სასურველი კომპანია ვერ იმარჯვებდა და სხვები უფრო ნაკლებ ფასად სთავაზობდნენ ამ საქმის კეთებას, მოთხოვნაში ჩაწერეს, რომ ნათურების გამოცვლის უფრო მეტი გამოცდილება უნდა ჰქონოდათ და ასე გაამარჯვებინეს „იქს ვექტორს“. _ კიდევ რით მტკიცდება, რომ „იქს ვექტორი“ მერიისთვის სასურველი კომპანიაა? _ „სქაი გრუპი“ წლების განმავლობაში ბევრ ტენდერს იგებდა სხვადასხვა საქალაქო სასამართლოს, სამინისტროს, ბენზინგასამართი სადგურების მოვლა-პატრონობაზე, თუმცა პირობები ახლა ისე შეუცვალეს, რომ ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს. „იქს ვექტორთან“ ხელისუფლების წარმომადგენლების დაახლოების გონივრული ეჭვის საფუძველს გვაძლევს ისიც, რომ მეორე ტენდერზე, რომელიც გმირთა მოედანზე არსებული სვეტის მოვლა-პატრონობას გულისხმობდა, იგივე სახის მაქინაცია ჩაატარეს _ შეწყვიტეს ისიც და ბოლოს, მაინც, ეს საქმეც „იქს ვექტორს“ გადააბარეს. გმირთა მოედნის ტენდერი 15 იანვარს გამოცხადდა, თუმცა 8 თებერვალს განაცხადების მიღება შეწყდა და ტენდერი სწრაფი წესით ჩატარდა. შედეგ კი ამასთან დაკავშირებითაც მედიის ტენდერების სამსახურში კომისია შეიკრიბა, სადაც გივი კუბლაშვილი სიტყვით გამოვიდა და გაურკვეველი მიზეზით ტენდერი შეწყვეტილად გამოაცხადა. ამ ტენდერშიც ვაჭრობის სამივე რაუნდი იყო გამართული და შედეგებიც გამოცხადებული. შპს „იქს ვექტორმა“ ვაჭრობის მესამე რაუნდში ყველაზე მაღალი თანხა _ 296 592 ლარი დაასახელა, მეორე ადგილზე კი შპს „სქაი გრუპი“ გავიდა, რომელმაც 16 ათასი ლარით ნაკლები თანხა თქვა _ 280 200 ლარი, მაგრამ „ჯორჯია თრეიდ ეჯენსმა“ ტენდერი 279 911 ლარად მოიგო. მერე კი ეს ტენდერიც შეწყვიტეს იგივე ფორმით, მცირე ვადებში ახალი ტენდერი გამოაცხადეს და, რა თქმა უნდა, პირობები თავიანთ კომპანია „იქს ვექტორს“ მოარგეს. აღნიშნულ ტენდერშიც მხოლოდ „იქს ვექტორმა“ მიიღო მონაწილეობა, რადგან მხოლოდ ამ კომპანიის ბეგრაუნდზე იყო აწყობილი სატენდერო პირობები. ამ კომპანიამ აღნიშნულ ტენდერში საბოლოო ფასი დააფიქსირა _ 295 ათასი ლარი, ანუ 16 ათასი ლარით მეტი, ვიდრე ამას სხვა კომპანია აკეთებდა, რომ არ შეეწყვიტათ ის ტენდერი უგუნური პირობების გამო. აქაც გივი კუბლაშვილის გამოსვლას მოჰყვა ეს ყველაფერი და ისევ აღნიშნულ კომპანიას გაამარჯვებინეს. ყოველივე ამის შემდეგ ტენდერებში ნათელია მერიის დაინტერესება, რომ ის მოეგო კომპანია „იქს ვექტორს“ და მას ხელისუფლების მიერ საკმაოდ წონიანი ქოლგა ფარავს. _ „იქს ვექტორის“ შესახებ კიდევ რა იცით? _ მისი ხელმძღვანელი არის ვინმე მამუკა ხაჩიძე. კომპანია დარეგისტრირებულია 2010 წლის ბოლოს და იურიდიული მისამართი არის რუსთავში, კოსტავას გამზირზე, სავარაუდოდ, საცხოვრებელ სახლში, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ რეგისტრაციის დროს მას არ ჰქონდა ოფისი. რა კავშირი აქვს კუბლაშვილს ამ ადამიანთან, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაინტერესება რომ არსებობს, ეს თვალნათლივ, დოკუმენტურად ჩანს. მას შემდეგ, რაც დავების საბჭოს საიტთან დაკავშირებით ბესო შენგელიას წერილი გამოქვეყნდა, ამ საბჭოს საიტზე შესვლა შეუძლებელი გახდა. იქ არ წერია, რომ რეკონსტრუქცია, ან მსგავსი რამ მიმდინარეობს და ამიტომ შეაჩერეს მუშაობა. აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, _ საიტის მუშაობა შეწყდა იმიტომ, რომ ამ საკითხით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც ტენდერებზე მონიტორინგს პერიოდულად ვატარებთ, ბევრი რამ არ გავიგოთ, არ ვიცოდეთ, რომელი ტენდერის შესახებ არის გამართული დავა და რომელი წარმოადგენს ე. წ. საეჭვო ტენდერს. ეს მონაცემები კი, რასაც ახლა გეუბნებით, მანამდე ამოვიღეთ! _ რატომ უნდა იყოს დაინტერესებული მერია, ტენდერი სასურველ კომპანიას მოაგებინოს? ამით თავად მერიის წარმომადგენლები რა ხეირს ნახავენ? _ ალბათ, აღნიშნული თანხებიდან „ატკატებით“ არიან დაინტერესებულნი. ყოველივე ამით ერთ ტენდერში 30 ათასი ლარით მეტს უხდიან „იქს ვექტორს“, მეორეში _ 15 ათასი ლარით მეტს. სულელი არავინ არის, რომ ისე იმუშაოს, მოგება არ დარჩეს. მოგებიდან გარკვეულ ნაწილს იღებენ და მერიაში მიარბენინებენ. მეორე ვარიანტი არის ის, რომ ნათესავებსა და ახლობლებს აშოვნინებენ ფულს. ხმას არ ამოვიღებდით, იმ კომპანიებს რომ არ ეჩივლათ, რომლებიც მონაწილეობდნენ. მათი დავები საჯაროა დავების საიტზე, საბოლოოდ თუ არ დაბლოკეს ეს საიტიც. _ ქვეყანაში არ არსებობს ისეთი სტრუქტურა, რომელიც ტენდერებს ყურადღებას აქცევს და მათ უკანონობებს წინ აღუდგება? დამოუკიდებელ სტრუქტურაზე გეკითხებით. _ წესით და რიგით, პოლიციაც, პროკურატურაც და სასამართლოც დამოუკიდებლები არიან, მაგრამ დღეს რომ ყველაფერი ივანიშვილის ნება-სურვილსა და მის რეჟიმზეა დამოკიდებული, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ამ საქმეში სიმართლის პოვნა ძალიან რთულია. აი, რა წერია ოქმში, რომლითაც გმირთა მოედნის დასუფთავების ელექტრონული ტენდერი შეწყდა: „სახელმწიფო ტენდერი, ოქმი #4, 2006 წლის 19 თებერვალი. სხდომაში მონაწილეობდნენ ვიცე-მერი, მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი, მერიის კეთილმოწყობის უფროსი, სამსახურის უფროსები, პირველი მოადგილეები და ა. შ. დღის წესრიგში იყო ქალაქ თბილისში, გმირთა მოედანზე, მემორიალური სვეტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პარტონობის მომსახურების  სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შეწყვეტა. მოისმინეს სატენდერო კომისიის წევრის, გივი კუბლაშვილის გამოსვლა, რომელმაც სხდომას მოახსენა, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული ტენდერის შეწყვეტა. მის აზრს დაეთანხმნენ კომისიის წევრები და დაადგინეს, რომ ტენდერი შეწყვეტილიყო. ოქმს აქვს ხელმოწერები“. ვერც ჩვენ და ვერც ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ვერ მიაგნეს, რა ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო შეწყდა ტენდერი? _ კონკრეტულად ვის ადანაშაულებთ ამ ყველაფერში, მხოლოდ კუბლაშვილს, თუ სხვებსაც? ვის გარემოცვაზე თუ ახლობლობაზეა საუბარი იმ კომპანიასთან, ვისაც მიიჩნევთ, რომ მოაგებინეს? _ ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან შესაძლებელია, კუბლაშვილს ვინმემ დაავალა ამის გაკეთება, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ მის ინტერესებშიც შედიოდეს. 9-წევრიან კომისიაზე, რომლის სხდომასაც აპარატის უფროსები ესწრებოდნენ და სხვა დამსწრეები, მათ შორის, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, იურიდიული, საფინანსო სამსახურების მოადგილეები, კუბლაშვილი გამოვიდა სიტყვით და თქვა, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო მიაჩნია საჭიროდ ტენდერის შეწყვეტა. ამდენი ადამიანიდან კითხვა არავის გაუჩნდა, რა არის ახლად აღმოჩენილი გარემოებაო? ბრმად დაეთანხმნენ და ხომ არის საკვირველი, ასე რატომ მოიქცნენ? ახალი გარემოების შესახებ კუბლაშვილმა მაინც თუ იცოდა რაიმე, ესეც კარგია. ცხადი ხდება ის, რომ ტენდერის დამსწრეებისა და მონაწილეთათვის წინდაწინვე იყო ცნობილი, რომ აუცილებლად უნდა გაემარჯვა ვიღაცისთვის სასურველ კომპანიას. _ სატენდერო კომისიის წევრებზე რას გვეტყვთ, ვინ ნიშნავს მათ და ვინ განსაზღვრავს სხდომის დამსწრე პირებს? _ რადგან მერია თავად ახორციელებს გარკვეული მომსახურების შესყიდვებს, მას თავისი კომისიაც ჰყავს. შესყიდვების სააგენტოს ხელში არის ტენდერის სხვა მექანიზმი _ ის თავს უყრის ყველა ტენდერს და განათავსებს სოციალურ საიტზე, შემდეგ დავების დროს ერთვება. მერიის შესყიდვებისთვის კი სატენდერო კომისიას ნიშნავს ქალაქის მერი. იგი შედგება 9 ადამიანისგან და მტკიცდება ქალაქის მერის შიდა ბრძანებით. თუ მერს მოუნდება, ნებისმიერ წევრს შეცვლის. ანუ ნარმანიამ შექმნა გუნდი, რომელიც თავის სასურველ ადამიანებს აკეთებინებს ფულს და „ხელი ხელს ჰბანს“ პოლიტიკით მუშაობს. სამი წელია, ნარმანია ამ საქმეში კარგად არის ჩართული. _ ე. წ. ვიღაცისთვის სასურველი კომპანიები საბოლოოდ იმ საქმეს მაინც თუ აკეთებენ, რომლის შესრულების ვალდებულებაც ტენდერით აიღეს? _ რატომ არ შეასრულებს საქმეს, როცა თავადაც კმაყოფილია და ისიც იცის, რომ მისი „მამა და მარჩენალიც“ უკმაყოფილო არ ჰყავს? ისიც კარგად მოეხსენებათ, რომ ვინც არ უნდა იჩივლოს, მათ ვერაფერს დაუშავებს და ამით არაფერი შეიცვლება. _ შეიძლება დავასკვნათ, რომ ტენდერების მაკონტროლებლები ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და გაზეთი „ქრონიკა+“-ია. კონტროლის პალატაც ვერაფერს აკეთებს? _ კონტროლის პალატის მკაცრი დასკვნები სხვადასხვა ტენდერზე რამდენჯერმე პროკურატურას გადაეცა და იქ ადამიანები დაიბარეს, მაგრამ პროკურატურის ინტერესი ამ მიმართებით ნულია, რადან „ზემოდან“ არ არსებობს ამის გარკვევის ნება. ძალიან ბევრი ასეთი საქმე შეუსწავლელად შეწყდა, პროკურატურა მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტებით ინტერესდება. უკვე სამი წელია, მსგავსი ფორმებით ტარდება ტენდერები და განმკიხავი არავინ არის. „ქრონიკა+“ ინტერვიუში დასახელებულ ყველა შპს-ს დაუკავშირდა და ალექსანდრე ლაგვილავას განცხადებებზე კომენტარები სთხოვა. შპს „გრინსერვისში“ ოფისმენეჯერს საქმის ვითარება ავუხსენით და ვკითხეთ, მათ რა პრეტენზიები ჰქონდათ აღნიშნულ ტენდერებთან დაკავშირებით. ოფისმენეჯერმა ლია ხელაშვილმა გვითხრა, რომ თავად ამ საკითხში გარკვეული არ არის, ის ადამიანები კი, ვისაც თქვენთვის პასუხის გაცემა შეუძლიათ, ადგილზე არ იმყოფებიან და ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებთო. შპს „სქაი გრუპის“ ფინანსურ დირექტორს, თედო კილასონიასაც ვესაუბრეთ, რომელმაც განგვიცხადა, თავად შეგეხმიანებით და გეტყვით, გვინდა თუ არა ამ საკითხზე კომენტარიო, თუმცა აღარ შეგვხმიანებია. შპს „ჯორჯიან თრიჯენსში“ დირექტორმა კახამ (გვარი არ უთქვამს) გვითხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურდა. რაც შეეხება აღნიშნულ ტენდერებში გამარჯვებულ „იქს ვექტორს“, მის ხელმძღვანელს _ ალექსანდრე ხაჩიძეს _ ჩვენთან საუბარზე უარი არ უთქვამს: „ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა მერიის ყველა ტენდერი ჩაიშალა. 30-მდე ტენდერზეა საუბარი და ყველა „თბილსერვისს“ გადაეცა. ჩემი აზრით, აქედან რამდენიმეზე „თბილსერვისმა“ პასუხისმგებლობა ვერ აიღო და ორივე ტენდერი თავიდან გამოაცხადეს. პირველ ტენდერში წაგებული ვიყავი, მეორე ტენდერში არავინ შემოვიდა და მოვიგე. „მშვიდობის ხიდის“ მოვლა-პატრონობაზე ტენდერი გასულ წელსაც მოვიგე. რა მოხდა და რატომ ჩაიშალა, მე არ ვიცი“. ამის შემდეგ უკვე თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურს დავუკავშირდით და ვკითხეთ, თუ რატომ ჩაიშლა ამ ორ ობიექტზე გამოცხადებული ტენდერები და როგორ მოხდა, რომ ასეთი ფაქტის შემდეგ, ორივეგან, მეორე ტენდერში, ერთმა კომპანიამ _ „იქს ვექტორმა“ გაიმარჯვა? მათგან პასუხები არ მიგვიღია.  

                                                                                                       ნელი ვარდიაშვილი

     

გაზიარება