QronikaPlus
აშშ-ს ვიზები 40-მდე ჭიდაობის „ფანისთვის“

აშშ-ს ვიზები 40-მდე ჭიდაობის „ფანისთვის“

2018-03-16 11:13:51

7-8 აპრილს აშშ-ში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს თასის გათამაშება გაიმართება, რომელზეც ქართველი მოჭიდავეები სრული შემადგენლობით მონაწილეობენ. „ქრონიკა+“-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, აშშ-ში გუნდთან ერთად მიემგზავრება ფანკლუბის, ე. წ. ქომაგთა უპრეცედენტო რაოდენობა _ 40 კაცი. არიან თუ არა ისინი სინამდვილეში ქომაგები, თუ შესაძლებელია ქომაგთა სტატუსით გავიდნენ იქ დარჩენის მსურველები, ცხადია, არა უსასყიდლოდ?.. ამასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ჭიდაობის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს გიორგი კვეტენაძეს დაუკავშირდა: _ კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმება გვინდა და ამასთან დაკავშირებით გირეკავთ. _ დიახ. _ მარტის ბოლოს აშშ-ში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო თასი თამაშდება და მასში ჩვენები ქომაგთა საკმაოდ დიდი რაოდენობით მონაწილეობენ... _ მსოფლიო თასი აშშ-ია, დიახ. _ ჩვენი მხარის ჩართულობა როგორია? _ როგორი და მანდ რომ არ მიიღო მონაწილეობა, ჯარიმას მოგცემენ. ეს არის აუცილებელი _ მსოფლიო ჩემპიონატში ვინც 6 საუკეთესო გუნდში მოხვდება, ის ავტომატურად შემდეგ მსოფლიო თასზე მონაწილეობს. პარიზში ჩვენ ხომ კარგი შედეგი ვაჩვენეთ _ მაინც მოწინავე ადგილები ავიღეთ. შესაბამისად, მსოფლიო თასზე მოვხვდით, რომელიც წელს ამერიკაში უწევს. გუნდი ახლა მზადების პროცესშია. _ რა შემადგენლობით მიდიან აშშ-ში? _ საბოლოოდ, არ ვიცი, რა შემადგენლობით წავა. ეს მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა. _ რამდენი ქომაგი მიგყავთ? ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 40-მდე ქომაგისთვის მზადდება სავიზო განაცხადი აშშ-ში წასასვლელად... _ ეგ არ ვიცი. შემდეგ მოდის ევროპის ჩემპიონატი. _ ქომაგები, ე.წ. ფანკლუბი თავისი ხარჯებით მიდის აშშ-ში? _ არც ვიცი. ამის შემდეგ „ქრონიკა+“ ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ლომიძეს დაუკავშირდა: _ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აშშ-ში მსოფლიო თასზე მოჭიდავეებს ქომაგთა მრავალრიცხოვანი გუნდი მიჰყვება. ეს ფანკლუბის წაყვანა ჩვეულებრივი მოვლენაა? _ ისინი თვითონ მოდიან, თავისით. _ მართლა 40 კაცი აპირებს წამოსვლას? _ ეგ არ მაქვს ჯერ დაკონკრეტებული, რამდენი კაცი მოდის. მათ ჩვენი ბიჭები ეუბნებიან განრიგს და თარიღებს, რომელი შეჯიბრი როდის არის, მერე თვითონ გეგმავენ და თვითონ მოდიან. ისე, როგორც წესი, ოჯახის წევრები არიან _ დედმამიშვილები და მეგობრები. _ რა გარანტია გაქვთ, რომ ბევრი მათგანი ვიზებს სპეციალურად არ გაიკეთებს აშშ-ში დასარჩენად, ბევრიც ხელს მოითბობს ამაზე? _ ეს არ ვიცით, თვითონ საელჩო აკეთებს ამას. მასე თვითონ სპორტსმენებიც არ გაუშვიათ და არ ჩაურტყამთ ვიზები. „ქრონიკა+“ საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრითაც დაინტერესდა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ბელა გომურაშვილს გაესაუბრა: _ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აშშ-ში მოჭიდავეებს 40 ქომაგი მიჰყვება და თქვენ რამდენად ხართ საქმის კურსში? _ ნამდვილად არ ვიცი და აუცილებლად მოვიკითხავ. _ პროცედურა როგორ არის _ 40 ადამიანიდან აშშ-ში რა გარანტია არსებობს, რომ გარკვეული ნაწილი ქვეყანაში არ დარჩება, ანდა ხომ არ არის ეს ერთგვარი გზა ვიზების ასაღებად? _ ვიზების მიღება როგორ ხდება, ეს აშშ-ს საელჩოს პრეროგატივაა. _ ისინი ამ ინფორმაციას არ იძლევიან _ რამდენი კაცი შედის და ა. შ., ანუ არიან კი ისინი ქომაგები, თუ შესაძლებელია, ქომაგთა სტატუსით გავიდნენ იქ დარჩენის მსურველები? _ ვერ გეტყვით, მოვიკითხავ. ასეა თუ ისე, ქომაგებით თუ უქომაგოდ, წარმატებები ჩვენს ბიჭებს მომავალ ტურნირში!

თამარ როსტიაშვილი

 

გაზიარება