QronikaPlus
გაიმარჯვე, უკრაინა!

გაიმარჯვე, უკრაინა!

2025-02-27 09:46:30

 

შორენა მარსაგიშვილი

2022 წლის 24 თებერვალმა მსოფლიო შეცვალა. ამ დღემ ყველას დაანახა რუსეთის ნამდვილი სახე. ყველა დარწმუნდა, რომ რუსეთი არის აგრესორი და მტრული ქვეყანა. თუმცა რომ არა უკრაინელების თავგანწირვა, რუსეთს მსოფლიოს თვალში შესაძლოა, ისევ დაებრუნებინა იმიჯი და დასავლეთს მასთან გადატვირთვის პოლიტიკა დაეწყო, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გააკეთა.

პატარა საქართველოში შეჭრის გამო დასავლეთი მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლა. 2022 წლის ომმა კი სიტუაცია რადიკალურად შეცვალა, _ უკრაინელმა ხალხმა საკუთარი სისხლით დაწერა თავისი ისტორია და მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ რუსეთი ბოროტებაა და მასთან ურთიერთობა არ შეიძლება.

2022 წლის ფართომასშტაბიანი შეჭრა არ იქნებოდა, დასავლეთს თავის დროზე თვალები რომ არ დაეხუჭა რუსეთის აგრესიაზე.  დასავლეთმა და არც დანარჩენმა მსოფლიომ არ შეიმჩნია ქართველების გენოციდი აფხაზეთში, არ შეიმჩნია ჩეჩნების გაწყვეტა, არ შეიმჩნია აგვისტოს ომი, 2008 წელს მხოლოდ შეშფოთდნენ. შემდეგ იყო სირია და 2014 წელს უკრაინის ჯერიც დადგა. უკრაინამ მაშინ, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაუთმო რუსეთს ყირიმი, დონბასისა და ლუგანსკის ნაწილი. იმ პერიოდისთვის მოღალატე იანუკოვიჩი ახალი ჩამოგდებული იყო. უკრაინამ ვერ მოასწრო სათანადო მომზადება. უკრაინული არმია პრორუსი იანუკოვიჩის მიერ განიარაღებული იყო. უკრაინელებს 2014 წელს ისეთივე თავგამოდება რომ გამოეჩინათ, როგორიც 2022 წელს გამოიჩინეს, ალბათ, 2022 წლის 24 თებერვალი არ დადგებოდა და მსოფლიო უფრო ადრე დაინახავდა რუსეთის ნამდვილ სახეს, უფრო ადრე დაიწყებდა ამ ბოროტებასთან ბრძოლას.

იმისთვის, რომ მსოფლიო რუსეთის სივერაგეში დარწმუნებულიყო, ასეულობით ათასი უკრაინელის დაღუპვა გახდა საჭირო. ათეულობით ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, რომ დანარჩენ სამყაროს მშვიდად გაეგრძელებინა ცხოვრება და ძილი. უკრაინაში რუსეთს თავისი მიზნისთვის რომ მიეღწია, რუსეთი წინსვლას გააგრძელებდა _ გადაყლაპავდა ბევრად პატარა საქართველოსა და სომხეთს, შემდეგ უკვე ბალტიის ქვეყნებსაც მიადგებოდა. უკრაინამ რუსეთის გაჩერება შეძლო. არადა, რუსები ელოდენ, რომ სამ კვირაში აიღებდნენ მთელ უკრაინას, კიევის აღებას სამ დღეში ვარაუდობდნენ. ომის სამი წლის თავზე რუსებმა არათუ კიევი ვერ აიღეს, კურსკის ნაწილიც დაკარგეს და ახლა ჩივიან, რომ უკრაინელები ბრიანსკის ოლქში აპირებენ შეჭრას.

დღეის მდგომარეობით, უკრაინის ფრონტზე საკმაოდ მძიმე ვითარებაა. დასავლეთი, სამწუხაროდ, ბოლომდე არ ეხმარება უკრაინას და არ აწვდის საჭირო იარაღს. დასავლეთის მიერ მიწოდებული რაკეტების გამოყენება რუსეთის ტერიტირიაზე აკრძალულია. ამ დროს რუსები რუსეთის ტერიტორიიდან ბომბავენ უკრაინის ქალაქებს. ამ დაბომბვას ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. თავიდან ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რუსეთი მშვიდობაზე ეიძულებინა. აშშ-ის დღევანდელი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ ნამდვილი რესპუბლიკელი ქორი იყო და რუსეთს აკრიტიკებდა. უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ის მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვდა. მაგრამ ახლა რადიკალურად არის შეცვლილი და ლამის, ტრამპთან ერთად უკრაინა დაადანაშაულოს ომის დაწყებაში.

იმის ნაცვლად, რომ აშშ-მა მოსკოვს დაუწესოს სანქციები, კიევს ელაპარაკება ულტიმატუმის ენით. ტრამპმა ზელენსკი საერთოდ დიქტატორად გამოაცხადა და მზადაა, პუტინს შეხვდეს, _ კაცს, რომელსაც ათასობით ბავშვის სისხლით აქვს ხელები დასვრილი.

ამერიკის ასეთმა პოლიტიკამ ევროპის არნახული პროტესტი გამოიწვია. ევროპული ქვეყნები ერთად დადგნენ უკრაინის მხარეს და უკრაინის უსაფრთხოების დაცვის გარანტიებსაც საკუთარ თავზე აიღებენ. გაირკვა ისიც, რომ ევროპამ უფრო მეტი დახმარება მიაწოდა უკრაინას, ვიდრე აშშ-მა. ევროპაში კარგად აცნობიერებენ, რომ თუ უკრაინა დაეცა, შემდეგ მათი ჯერიც მოვა, ხოლო ამერიკა, როგორც ჩანს, რუსეთის გამჩერებელი არ არის. ტრამპის ადმინისტრაცია ნამდვილად არ გააკეთებს ამას.

ასეთი პოლიტიკისა და პოზიციის გამო ტრამპს საკუთარი პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ. რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები ერთმანეთის მიყოლებით გამოთქვამენ პროტესტს. ამერიკული მედია კი ღიად აკრიტიკებს ტრამპს და ბევრი გამოცემა მას პუტინის ხელქვეითსაც კი უწოდებს. ბრიტანულმა მედიამ მას პუტინის პუდელი უწოდა.

ტრამპის ამ განცხადებებმა უკრაინელი ერის გამთლიანება გამოიწვია. უკრაინაში ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს ზელენსკის. ტრამპის თავდასხმის მერე პრეზიდენტს ყველამ გამოუცხადა მხარდაჭერა. გაერთიანებული უკრაინის დამარცხება კი შეუძლებელია. ჯერ კიდევ დასავლური დახმარების გარეშე შეძლეს მათ რუსების შეკავება და ახლა მით უფრო იბრძოლებენ. თან უკრაინულმა არმიამ იმხელა გამოცდილება მიიღო, რომ მათთან გამკლავება ნებისმიერ არმიას გაუჭირდება. უკრაინულმა არმიამ დაამსხვრია მითი იმის შესახებაც, რომ რუსეთის არმია უძლეველია.

უკრაინული არმიის რიგებში ბევრი ქართველი იბრძვის და მათაც შეაქვთ თავიანთი წვლილი ბოროტების იმპერიის დამარცხებაში. რუს ტერორისტებთან ბრძოლაში ოთხმოცამდე ქართველი მებრძოლია დაღუპული. ყველა იქ მებრძოლი ქართველი ამბობს, რომ ისინი იბრძვიან საქართველოსთვის და იქ ბრძოლით ვალს იხდიან უკრაინის წინაშე, რომელიც საქართველოს ბევრჯერ დაეხმარა.

აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საქართველო-რუსეთის ომის დროს უკრაინა იყო ერთადერთი ქვეყანა, რომლის წარმომადგენლებიც იარაღით ხელში დადგნენ საქართველოს დასაცავად. ისინი „უნა-უნსოს“ წევრები იყვნენ. რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდევაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. 

იმ ომში უკრაინის მხრიდან დახმარება ამით არ ამოწურულა. უკრაინიდან ჩამოსულმა გემმა გაიყვანა სოხუმიდან ათასობით ქართველი. იმ დროს სოხუმი უკვე ალყაში იყო. რუსეთთან ომის პარალელურად საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ენგურის ხიდი ლოთი ქობალიას დაჯგუფებამ გადაკეტა. სოხუმიდან დევნილები, რომლებმაც გემზე ასვლა ვერ მოახერხეს, კოდორის მიმართულებით დაიძრნენ. ეს იყო ერთადერთი გზა გადარჩენისა, რომელიც შემდეგ სიკვდილის გზად იქცა. იმ დაწყევლილ სექტემბერში ნაადრევად მოვიდა თოვლი და მთის მწვერვალებზე მიმავალ დევნილებს ჯოჯოხეთი გამოატარა. ასობით ადამიანი დაიღუპა ყინვისა და შიმშილისგან, ბევრმა კი მიაღწია ჭუბერსა და კოდორს. მაგრამ არც იქ იყო კარგი სიტუაცია _ საქართველოს ხელისუფლებას არ შეეძლო მათი გადმოყვანა. ჭუბერში დევნილების დარჩენა კი მათ გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა. მაშინ შევარდნაძემ მთელ მსოფლიოს მოუწოდა დახმარებისკენ. მხოლოდ უკრაინა დაეხმარა პატარა საქართველოს. შევარდნაძის განცხადებიდან 2 დღეში უკრაინის პრეზიდენტმა კრავჩუკმა 8 ოქტომბერს გამოაგზავნა სამხედროების ჯგუფი საქართველოში. მათ უნდა შეესწავლათ ვითარება და სამშვიდობო ოპერაციის გეგმა შეედგინათ. გეგმა ორ დღეში შემუშავდა. 10 ოქტომბერს 17 უკრაინული ვერტმფრენი უკვე კოპიტნარის აეროდრომზე იყო. მათ იმ დღესვე დაიწყეს სამაშველო ოპერაცია.

საქართველოში ჩამოფრენა ადვილი არ იყო. მათ აფხაზეთზე უნდა გადმოეფრინათ. იქ კი საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. უკრაინელები საკუთარი სიოცოცხლის რისკის ფასად ჩამოფრინდნენ და რისკის ფასადვე დაფრინავდნენ სვანეთის მთებში, საიდანაც 7643 ადამიანი გამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია 14 ოქტომბერს შეწყდა, როცა ბოლო ქართველი გამოიყვანეს. უკრაინელმა პილოტებმა 291 რეისი შეასრულეს.

მერე 2008 წლის ომი იყო. იყო საშიშროება, რომ რუსები თბილისს დაბომბავდნენ. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამის შესახებ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს. ეს უკანასკნელი ადგა და თბილისში ჩამოფრინდა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად. სწორედ მათი წყალობით ვერ დაბომბეს რუსებმა მაშინ თბილისი.

უკრაინის ომში ქართველები თავისი მონაწილეობით, ერთი მხრივ, ვალს იხდიან უკრაინელების წინაშე და, მეორე მხრივ, თავის სამშობლოს იცავენ. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ თუ უკრაინა ამ ომში დამარცხდა, შემდეგი სამიზნე აუცილებლად საქართველო იქნება.

1992 წელს, როცა უკრაინელები საქართველოს დასახმარებლად ჩამოვიდნენ საბრძოლველად, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, თუ ახლა ჩვენ რუსები ფსოუზე არ გავაჩერეთ, მოვა დრო და ჩვენ მათი გაჩერება დნეპრზე მოგვიწევსო. ფსოუზე რუსები ვერ გააჩერეს და ახლა უკრაინელები მათ შეკავებას ცდილობენ.

და თუ ახლა რუსები იქაც არ გაჩერდნენ, მაშინ ხვალ შესაძლოა, სულ სხვაგან გახდეს მათი შეკავება საჭირო.

ამიტომ არის უკრაინის გამარჯვება მთელი ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება. განსაკუთრებით კი საქართველოს გამარჯვება. ის იბრძვის მტრის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი მიწები აქვს ოკუპირებული. ასე რომ, გაიმარჯვე, უკრაინა!

უკრაინელების განწყობით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ამ ომში დამარცხებას არც კი ფიქრობენ და ხშირად იმეორებენ: „კიევმა მონათლა მოსკოვი და წესსაც კიევი აუგებს“.

გაიმარჯვე, უკრაინა!

გაზიარება