QronikaPlus
ინდოეთ-პაკისტანის ახალი დაძაბულობა

ინდოეთ-პაკისტანის ახალი დაძაბულობა

2025-04-30 12:44:47

მიხეილ ხაჩიძე

ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობა მკვეთრად გამწვავდა 2025 წლის 22 აპრილს ქაშმირში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რომელმაც 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. შეტევა პაჰალგამის მახლობლად, ბაისარანის ველზე მოხდა, სადაც შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ტურისტებს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ჯგუფმა The Resistance Front“ (TRF), რომელიც დაკავშირებულია პაკისტანში დაფუძნებულ ტერორისტულ ორგანიზაცია „ლაშქარ-ე-ტაიბასთან“. 

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ პაკისტანი ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დამნაშავეები „დედამიწის კიდემდე“ იქნებიან დევნილნი.

დელიმ უმკაცრესი ზომები მიიღო: პაკისტანელებს, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან, 29 აპრილამდე მოუწოდეს ინდოეთის დატოვება. პარალელურად, შეჩერდა დიპლომატიური კავშირები და პაკისტანელი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ.

დასავლეთი აზიის ამ ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ინდოეთმა (მოსახლეობა: 1,438 მლრდ., მათ შორის, დაახლოებით 200 მლნ. მუსლიმი) შეაჩერა 1960 წლის „ინდუსის წყლის შეთანხმება“ (შეთანხმება არეგულირებს მხარეებს შორის მდინარეებისა და წყლების სამართლებრივ კონტროლს. შეთანხმება შეჩერდება მანამ, სანამ პაკისტანი არ შეწყვეტს საზღვრისპირა ტერორიზმის მხარდაჭერას, _ რედ.) _ ერთადერთი მექანიზმი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში შეძლო ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ომის თავიდან აცილება.

პასუხად პაკისტანმა (მოსახლეობა: 251 მლნ.) დახურა საჰაერო სივრცე ინდური ავიაკომპანიებისთვის და დააწესა სრულმასშტაბიანი სავაჭრო ბლოკადა. ისლამაბადი მუქარით აცხადებს: „ინდუსის“ შეთანხმების დარღვევა ომის ტოლფასია და ნებისმიერი აგრესია საპასუხოდ „ეროვნული ძალის სრული მასშტაბით“ იქნება მოგერიებული“. ამასთან, პაკისტანმა ბრალდებები უარყო.

საზღვარზე სამხედრო დაპირისპირება გრძელდება: ორივე მხარე ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ინდოეთის არმიის ინფორმაციით, 24 და 25 აპრილს პაკისტანელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს ლაინ ოფ კონტროლის გასწვრივ, რასაც ინდოეთის მხარემ შესაბამისად უპასუხა. დაძაბულობამ გავლენა მოახდინა სამოქალაქო ავიაციაზეც: პაკისტანის საჰაერო სივრცის დახურვის გამო ინდოეთის ავიაკომპანიების ფრენები გადაიდო ან სხვა მიმართულებით გადამისამართდა, რაც მგზავრებისთვის სერიოზულ შეფერხებებს იწვევს.

ქაშმირის კრიზისი _ დაუსრულებელი კონფლიქტი

კონფლიქტი, რომელიც გრძელდება 1947 წლიდან ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის მფლობელობაზე _ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიიჩნევა: 

ინდოეთმა რეგიონში ნახევარი მილიონი ჯარისკაცი განალაგა და 1989 წლიდან აქტიურად უტევს ქაშმირში მოქმედ მებრძოლ დაჯგუფებებს. ინდური მთავრობა რეგულარულად ადანაშაულებს პაკისტანს შეიარაღებული ამბოხებულების დახმარებაში, რასაც მუდმივად კატეგორიულად უარყოფს ისლამაბადი.

ჩრდილო-ჰიმალაის ეს მთაგორიანი რეგიონი, სადაც უმეტესად მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს, 1947 წელს განაწილდა ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ორივე მხარე ტერიტორიულ მთლიანობაზე აცხადებს პრეტენზიას და უკვე გამართა კიდეც რამდენიმე ომი კონტროლის მოსაპოვებლად. დანაკარგების საერთო მაჩვენებელი დაახლოებით 80 000-მდე ადამიანია.

დაძაბულობა თითქმის არასდროს ცხრება _ ქაშმირში ხშირად ხდება ტერაქტები, საზღვარზე მცირე შეტაკებები და სხვა ინციდენტები, რომლებიც ხშირად ადამიანური მსხვერპლით სრულდება.

ბირთვული დაპირისპირება: რეალური საფრთხე თუ პოლიტიკური მანევრი?

ინდოეთსაც და პაკისტანსაც ბირთვული იარაღი აქვთ. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რაც ორ ქვეყანას სრულმასშტაბიანი ომისგან იცავს, მაგრამ, ამავდროულად, ზრდის შესაძლებლობას კატასტროფული ესკალაციისა.

ინდოეთს აქვს 90-110 ბირთვული ქობინი;

პაკისტანს _ დაახლოებით 100-120.

ეს რაოდენობა არა მხოლოდ თავდაცვით, არამედ რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბირთვულ არმიას მოიაზრებს.

თუმცა საფრთხეს არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ბირთვული დოქტრინების განსხვავებაც ქმნის. ინდოეთი მკაცრად მიჰყვება „No First Use “ პარადიგმას _ ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ საპასუხოდ; ხოლო პაკისტანი არ გამორიცხავს მის გამოყენებას პირველ ეტაპზე, განსაკუთრებით _ ტაქტიკური იარაღის შემთხვევაში.

ეს დისბალანსი, პროვოკაციული რიტორიკა, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და სამხედრო მზადება ზრდის ალბათობას, რომ რომელიმე მხარე გადაკვეთს „წითელ ხაზს“ და შემთხვევით ან ირაციონალურად მიაღწევს ბირთვული იარაღის გამოყენების ეტაპს.

მაგრამ!!! _ საერთაშორისო საზოგადოება (გაერო, აშშ, ევროკავშირი) აქტიურად ცდილობს კონფლიქტის დამშვიდებას. დონალდ ტრამპმა უკვე თქვა, რომ მხარეებმა „თვითონ უნდა მოაგვარონ დაძაბულობა“, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ჩარევა ამ ეტაპზე შეზღუდულია.

დასკვნა: სიტუაცია ძალიან სერიოზულია, მაგრამ, ჯერჯერობით, ორივე მხარე ცდილობს, პირდაპირ ბირთვულ ესკალაციას თავი აარიდოს. საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად მოხერხდება დაძაბულობის შემცირება ან მინიმუმ ჩაკეტვა, სანამ მასშტაბურ სამხედრო კონფლიქტამდე არ მისულა.

გლობალური შედეგები და საერთაშორისო პასუხისმგებლობა

აღსანიშნავია, რომ ინდოეთ-პაკსტანის პირველმა ომმა 1947-48 წლებში გამოიწვია 16-21 მილიონამდე ლტოლვილი. მიუხედავად მე-20 საუკუნის ამ უპრეცედენტო კრიზისისა, საერთაშორისო საზოგადოება არც მაშინ ჩარეულა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც აღმოსავლეთ ევროპელი ლტოლვილებისთვის შექმნეს ევროპის ლტოლვილთა კონვენცია, ხოლო პალესტინელებისთვის _ UNRWA (ადამიანური განვითარებისა და ჰუმანიტარული სერვისები მოიცავს დაწყებით და პროფესიულ განათლებას, პირველადი ჯანდაცვის, დახმარებისა და სოციალური მომსახურების ინფრასტრუქტურას, _ რედ.)

თუმცა ინდოეთ-პაკისტანის ბირთვული იარაღის გამოყენება არ იქნება მხოლოდ რეგიონული კრიზისი _ ეს გარდაუვალად გამოიწვევს საერთაშორისო სტაბილურობის რღვევასა და საერთაშორისო მოთამაშეთა (აშშ, ჩინეთი, რუსეთი, EU) მტკიცე ჩარევის აუცილებლობას.

ექსპერტები ერთხმად მიიჩნევენ, რომ ვითარების დეესკალაციის ერთადერთი გზა მტკიცე დიპლომატიაა _ გამჭვირვალე საერთაშორისო მონიტორინგითა და უწყვეტი დიალოგით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თეორიული „ბირთვული დუელი“ შესაძლოა რეალურ გეოპოლიტიკურ კატასტროფად იქცეს.

ბირთვული დუელი ინდოეთსა და პაკისტანს შორის დღეს თეორიულ სცენარად რჩება, მაგრამ პოლიტიკური ესკალაცია, დოქტრინების უთანასწორობა და შემთხვევითი შეჯახების საფრთხე მას ყოველწუთიერ რისკად აქცევს. ექსპერტ-ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ერთადერთი გამოსავალია მტკიცე დიპლომატია, საერთაშორისო მონიტორინგი და რეგიონული მოლაპარაკებების მუდმივი გაგრძელება, რათა არ დავუშვათ, რომ ეს „დე ფაქტო ბირთვული დუელი“ გახდეს რეალური კატასტროფა.

აღსანიშნავია, რომ პრინსტონის უნივერსიტეტის 2019 წლის კვლევის თანახმად, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბირთვულ კონფლიქტს შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. იმ სცენარის შემთხვევაში, როდესაც ინდოეთი 100 ბირთვულ ქობინას გამოიყენებს, ხოლო პაკისტანი _ 150-ს, პირველივე საათებში დაღუპულთა რიცხვმა შეიძლება 125 მილიონს მიაღწიოს, ხოლო მილიარდობით ადამიანი საკვების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.

აფეთქებებით გამოწვეული მასშტაბური ხანძრები ატმოსფეროში უზარმაზარი რაოდენობით ჭვარტლს გამოყოფს _ 16-დან 36 მილიონ ტონამდე. ეს კვამლი სტრატოსფეროში ავა და მზის სინათლის მნიშვნელოვან ნაწილს (20–35%-ით) დაბლოკავს, რაც გამოიწვევს გლობალურ გაგრილებას 2-5°ჩ-ით.

კლიმატის ცვლილება გამოიწვევს როგორც ტემპერატურის, ასევე ნალექების შემცირებას (15-30%-ით). ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო წარმოების 15-30%-ით შემცირებას ხმელეთზე და 5-15%-ით ოკეანეებში, რამაც შეიძლება გლობალური შიმშილი წარმოქმნას. კლიმატისა და ეკოსისტემების ასეთი კონფლიქტისგან აღდგენას შესაძლოა, ათწლეულზე მეტი დასჭირდეს.

 

გაზიარება