ხუთშაბათი, 01 მაისი, 2025
2025-05-01 10:06:31
შორენა მარსაგიშვილი
რატომ გაუშვეს ირაკლი ღარიბაშვილი? შექმნის თუ არა ის ახალ პარტიას? რას დაჰპირდა ირაკლი კობახიძე ივანიშვილს? არის თუ არა ოპოზიცია ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზად? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე:
_ ბატონო ვახტანგ, ირაკლი ღარიბაშვილის „ქართული ოცნებიდან“ წასვლამ სხვადასხვა ვერსია გააჩინა. ერთნი ამბობენ, რომ კობახიძის გუნდმა გაიმარჯვა, მეორენი ამტკიცებენ, რომ ღარიბაშვილი სანქციებს გაექცა და თან დაიღალა. თქვენი აზრით, რა ხდება?
_ მაგ ასაკში, რომელშიც ღარიბაშვილია, მაინცდამაინც არ იღლებიან ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთ თანამდებობაზეა საუბარი, როგორიცაა პარტიის თავმჯდომარეობა და პრემიერობა. რაც შეეხება იმას, რომ კობახიძის გუნდმა გაიმარჯვა, ჩვენ რაღაც ალოგიკურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე: ეს რომ ყოფილიყო დაპირისპირება კობახიძესა და ღარიბაშვილს შორის, კი ბატონო, მან გაიმარჯვა, მაგრამ მათ ზევით ხომ დგას კიდევ ერთი კაცი? მის გარეშე ამ ქვეყანაში არაფერი ხდება, მით უმეტეს, _ მთავრობაში. ეს ყველაფერი შეთანხმებულია იმ ერთ კაცთან. ივანიშვილმა კარტბლანში მისცა ირაკლი კობახიძეს რაღაცის სანაცვლოდ. კობახიძე მას, ალბათ, დაჰპირდა, რომ საერთაშორისო იზოლაციასა და ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებს მოუგვარებს ისე, რომ რუსულ პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის.
კობახიძეს რომ არ შეექმნას პრობლემები და შემდეგ თავი არ იმართლოს, რომ საშუალება არ მომეცა, საქმე მე გამეკეთებინაო, უფლება მისცეს, შეცვალოს მთავრობაში ყველა. ის ყველას შეცვლის, გარდა ერთისა. ეს ერთი არის ვახტანგ გომელაური, რომელისაც ბიძინა ივანიშვილი კობახიძეს არ დაუთმობს. და თუ გომელაური მაინც შეცვალეს, ამას გააკეთებს ივანიშვილი. შს მინისტრი იქნება ივანიშვილის მიერ დანიშნული კაცი და არა _ კობახიძის. ღარიბაშვილს რაც შეხება, ის და მისი გუნდი ივანიშვილმა გაიყვანა ამ თამაშიდან. როგორც თავად ღარიბაშვილმა თქვა, არ გამორიცხავს, ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში.
_ თქვენი აზრით, დაბრუნდება?
_ ღარიბაშვილი თავად რისი დამბრუნებელია? თუ დასჭირდება ივანიშვილს, მას მესამედ დააბრუნებს პრემიერად. ღმერთი სამობითააო და... ამ ეტაპზე ღარიბაშვილის დაბრუნებას არ უნდა ველოდოთ. „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ შეეცდება კობახიძის მეთაურობით, რომ არსებული ვითარება შეცვალოს. ვითარების შეცვლას შესაძლოა, მოჰყვეს გარკვეული რეპრესიების ახალი ტალღა. თუ ის ამას ვერ გაამართლებს, მაშინ შესაძლოა, შეიცვალოს კობახიძე და მისი გუნდი, მათ ნაცვლად კი „ოცნებაში“ სხვები მოვიდნენ, რასაც მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები, პატიმრების განთავსუფლება და ა. შ. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ, რატომღაც, მგონია, რომ კობახიძემ არსებული ვითარების შეცვლის პირობის სანაცვლოდ მიიღო კარტბლანში. თუ მოხდა ისე, რომ შს მინისტრიც კობახიძემ დანიშნა და მისი გუნდის წევრი იქნება, მაშინ საფრთხის წინაშე პირველ ყოვლისა, ივანიშვილი დგას და არა _ კობახიძე. არცერთი ავტორიტარი შს მინისტრის პოსტს არავის დაუთმობს.
_ სუსის უფროსიც ხომ მისი კადრი იყო? რატომ შეელია ივანიშვილი გრიგოლ ლილუაშვილს?
_ სუსის უფროსი ეს არის ინფორმაციის შემკრები, მაგრამ ძალა მას არ გააჩნია, ისევე როგორც პროკურორს. ეს ის ხალხია, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმის დროს ასრულებენ დამხმარე ფუნქციას. ყველა ქვეყანაში მთავარი მაინც შს მინისტრია. საბჭოთა კავშირში КГБ კი იყო მაგარი, მაგრამ მთავარ ფუნქციებს ასრულებდა შინაგან საქმეთა მინისტრი.
_ კობახიძე შეძლებს იმ მისიის შესრულებას, რის სანაცვლოდაც, როგორც თქვენ თქვით, ივანიშვილმა მას კარტბლანში მისცა? შეძლებს საპროტესტო მუხტის ჩახშობას? იგი საკმაოდ აგრესიულია და ხისტად მოქმედებს.
_ ამიტომაც ვთქვი, რომ შესაძლოა, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყოს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რეპრესიების იმ ტიპს, რაც იყო თავიდან, როცა რუსთაველზე დაიწყო აქციები. ამ დროს მნიშვნელოვანია შს მინისტრი. სუსმა შეიძლება მოგცეს ინფორამცია, მაგრამ რეალიზება ამ ინფორმაციის უნდა მოახდინოს შსს-მ.
_ რა შემთხვევაში შეიძლება ივანიშვილმა ღარიბაშვილი პოლიტიკაში დააბრუნოს? _ კობახიძე თუ ვერ შეასრულებს მისიას თუ რამე სხვა აქვს ჩაფიქრებული?
_ არა მგონია, რომ აქ სხვა რამე იყოს ჩაფიქრებული. გამორიცხულია, ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნას ოპოზიციური პარტია. ამაზე საუბრები არასერიოზულია. ერთი ასეთი მცდელობა უკვე ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, როდესაც „ხალხის ძალა“ შექმნა, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ იძულებული გახდნენ, ერთად გამოსულიყვნენ არჩევნებზე. მათი ხაზის გამტარებელი ალტ-ინფო საერთოდ მოხსნეს არჩევნებიდან. როდესაც არჩევნებზე მიდიხარ და ბრძოლა იწყება ხმებისთვის, მაშინ სხვაგვარად ხდება დათვლა და პოლიტიკის შემუშავება. ღარიბაშვილის ახალი ოპოზიციური პარტია პირდაპირ გაუყოფს ხმებს „ქართულ ოცნებას“. რისთვის სჭირდებათ მათ ეს? არ ურჩევნიათ, ეს ხმები სულ თავად წაიღონ? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი არ ფიქრობს რაღაც ოპოზიციური ჯგუფის შექნაზე. მაგრამ ეს მოხდება ფარულად. მოიძებნება პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც დააფინანსებენ კიდევაც, მაგრამ ეს ჯგუფი ოპოზიციური იქნება. ღარიბაშვილი ოპოზიციურად ვერ მოინათლება.
_ თან ღარიბაშვილი ივანიშვილის ოპოზიციად წარმოუდგენელია.
_ ამიტომ ეს ამბავი გამოროცხულია. ოპოზიციას თუ გააკეთებს ივანიშვილი, ის პროევროპული უნდა იყოს. ამას გააკეთებს ჩუმად და არალეგალურად. ეს პარტია უნდა იყოს დაპირისპირებული ივანიშვილთანაც, „ქართულ ოცნებასთანაც“, უნდა ლანძღოს კიდევაც და აგინოს კიდევაც. ასე მან უნდა წაიღოს ოპოზიციური ხმები და არა _ „ქართული ოცნების“. ასეთ შემთხვევაში ივნიშვილის მხრიდან ოპოზიციური პარტიის შექმნას აზრი აქვს.
_ საქართველოში ბევრი ელოდება, რომ საქმე მივა რიგგარეშე არჩევნებამდე. თქვენ რას ფიქრობთ, არის ამის წინაპირობა?
_ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას მოიმოქმედებს ოპოზიცია. თუ პროტესტი რუსთაველზე გაგრძელდება, თუ ოპოზიცია უფრო მეტს იფიქრებს, როგორ მოიქცეს, შესაძლოა დაინიშნოს არჩევნები. „ქართული ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადება. საჭიროება თუ დადგა, ის თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩაატარებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ამისთვის აშკარად ემზადებიან. არის არჩევნებისთვის ოპოზიცია მზად? _ ხელისუფლებამ შტაბები გახსნა, საარჩევნო სამეურნეო მექანიზმი აამოქმედა, ფული არ უჭირთ ისედაც. ოპოზიცია რას აკეთებს? _ იმაზეა დამოკიდებული, ჩვენი დასავლელი პარტნიორები რამდენად განახორციელებენ ზეწოლას „ქართულ ოცნებაზე“, რათა მათ გამოუშვან პოლიტპატიმრები და ჩანიშნონ რიგგარეშე არჩევნები.
იმის მაგივრად, რომ მზად იყვნენ რიგგარეშე არჩევნებისთვის, ერთმანეთს უპირისპირდებიან. არჩევნები ნორმალურ ქვეყნებსა და საქართველოში არის ორი სრულიად განსხვავებული რამ. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არჩევნები არ არის მხოლოდ ყუთთან მისვლა და ხმის მიცემა. აქ არჩევნები არის პროცესი. როდესაც მთელი საზოგადოება მოგყავს ფორმაში, ამზადებ არა მარტო ხმის მისაცემად, არამედ პროტესტისთვისაც. ჯერ ერთი, რა წესია წინასწარ იმის თქმა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებ, მით უმეტეს, როცა ასეთ ხელისუფლებას უპირისპირდები? ჩვეულებრივი ომია და ასეთ დროს როგორ შეიძლება, მოწინააღმდეგეს ყველა კარტი გაუხსნა, რომ ის უკეთესად მოემზადოს შენ დასამარცხებლად.
სერიოზული სამუშაო აქვს ოპოზიციას. თითქოს რაღაცებზე მსჯელობენ კიდევაც, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ვერ ვიგებ, რაზე მსჯელობენ, როცა იკრიბებიან. ან მსჯელობენ კი საერთოდ? საჭიროა ბევრი რამის გაანალიზება. ძალიან გულწრფელი ხალხია ის, ვინც დღეს ქუჩაში დგას. სამოქალაქო გმირობის ტოლფასია, რასაც ისინი აკეთებენ. მაგრამ ეს ის გამძლეობაა, რომელიც მოალყე ჯარს სჭირდება, როცა მტერს ალყაში მოაქცევს. ეს ხალხიც ელოდება ოპოზიციას. ეს ხალხი პოლიტიკაში არ უნდა ჩართო, მაგრამ მათი აზრი უნდა გაითვალისწინო და შეკრებებსაც დაასწრო. ამ ხალხმა არ იცის საარჩევნო მეურნეობა. ზურაბიშვილმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ თავის შეკრებებზე ეს ხალხიც ჩართოს პროცესში.
ამასთანავე რაღაც ახალი იდეებია მისაწოდებელი ხალხისთვის. ამ სიახლემ საზოგადოებაში უნდა გამოიწვიოს ემოცია ან აღშფოთება. კრეატივია საჭირო. კომპლექსურად არის რაღაც მოსაფიქრებელი. რანაირად უნდა მოიფიქრონ? ოპოზიცია ერთმანეთს არ ელაპარაკება. ასე არ გამოვა. ძალიან ცუდად წავა საქმე. „ქართული ოცნება“ თუ შეხედავს, რომ ოპოზიცია ვერაფერს უპირისპირებს, თავისას გააკეთებს. „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი კოზირი აქვს და მას ჰქვია სააკაშვილი. თუ დასჭირდა, „ოცნება“ სააკაშვილს გამოუშვებს. ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ოპოზიცია რაღაცნაირად დალაგებას დაიწყებს. ასეთ დროს საჭიროა, რომ ვიღაცამ სიტუაცია აურიოს. ასეთი იქნება სააკაშვილი. ამას გამოიყენებენ ოპოზიციური საზოგადოების გასახლეჩად. ბევრი მექანიზმი აქვს ხელისუფლებას და ოპოზიცია ფრთხილად უნდა იყოს.