QronikaPlus
გიორგი ბუტიკაშვილი: „საქართველო ისევ დგას გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე“

გიორგი ბუტიკაშვილი: „საქართველო ისევ დგას გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე“

2025-05-01 10:10:00

გიგა გელხვიიძე

საქართველო დღითი დღე სულ უფრო შორდება ევროპულ ცივილიზაციას და კარგავს იმ სიკეთეებს, რომლის მოსაპოვებლადაც წლების მანძილზე სხვადასხვა ფორმით უხდებოდა ბრძოლა.

რას კარგავს საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში? როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ და რა არის გამოსავალი არსებული პოლიტიკური კრიზისიდან? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი (პარტია „ახალი“), გიორგი ბუტიკაშვილი:

_ ვითარება, რომელშიც ახლა იმყოფება საქართველო, რთულია.

რაც არ უნდა ისტორიულ სიმარტივედ ჟღერდეს, იგი დღეს კვლავ დგას გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე. ერთი გზა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ მიდის, საიდანაც უკან დაბრუნება ისეთივე რთული შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც საბჭოთა კავშირის კლანჭებიდან გამოხსნა იყო 70-წლიანი ისტორიის მანძილზე. და მეორე გზა ევროპაში, შინ გაბრუნებს. „ქართული ოცნების“ გაცხადებული სურვილი, გააუქმოს ოპოზიცია, გააჩუმოს კრიტიკული მედია და გაანადგუროს სამოქალაქო სექტორი, სწორედ რუსეთის გზაა. პუტინს დაახლოებით 12 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ეტაპობრივად დაემორჩილებინა დემოკრატიის ყველა მცველი. ივანიშვილის რეჟიმმაც ეტაპობრივად, მაგრამ ბოლო ორი წლის მანძილზე დაჩქარებული ქმედებებით მიითვისა არჩევნები, გაუქმების პირას მიიყვანა კრიტიკული მედია, „რუსული კანონის“ შემოღებით საფუძველი ჩაუყარა სამოქალაქო სექტორის, დემოკრატიის ფუნდამენტის ჩამოშლას. კითხვაზე, რა ვითარებაა ახლა საქართველოში, პასუხი მარტივია: _ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის მშვიდობიანად, ქაოსურად, მაგრამ მაინც მიზანმიმართულად.

_ რას მოუტანს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმება?

_ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოსთვის უმძიმეს შედეგებს მოიტანს. პირველ რიგში, ეს შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას ევროპაში, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს როგორც პირადი ურთიერთობების, ისე ბიზნესის სფეროში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება იზოლაციაში მოაქცევს საქართველოს და გააუარესებს ეკონომიკურ კრიზისს. საქართველოსთვის ეს იქნება უფრო რთული გზა, რომელიც ხელს შეუშლის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, გააძლიერებს ქვეყნის დამოკიდებულებას რუსეთზე და შეამცირებს ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს. თუმცა იმისთვის, რომ უფრო ნათლად დავინახოთ, რას დაკარგავს საქართველო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, ჯერ უნდა ვისაუბროთ, რა პოზიტიური ცვლილები მოიტანა ვიზალიბერალიზაციამ და ზოგადად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობა გარდამტეხი იყო საქართველოს განვითარებისთვის.

1. Erasmus+ პროგრამა (განათლება და ახალგაზრდობა)

რა მივიღეთ:

2014-2023 წლებში უამრავი ქართველი სტუდენტი და აკადემიკოსი მონაწილეობდა Erasmus+ პროგრამებში. ევროკავშირმა განათლებასა და უნარების განვითარებაში 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა.

რას გვაკარგვინებს „ქართული ოცნება“:

ევროკავშირის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფის შემთხვევაში, საქართველოს სტუდენტები გამოირიცხებიან მომავალი პროგრამებიდან. ვკარგავთ ევროპულ დიპლომებს, საერთაშორისო კონტაქტებსა და თანამედროვე ცოდნის დაბრუნების შანსს.

2. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (DCFTA)

რა მივიღეთ:

2014 წლის შემდეგ საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა 20%-ით. 1.000-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ გაიარა შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან. კონკრეტული მაგალითები: ქართულმა კივიმ ექსპორტი დაიწყო საფრანგეთში; გურიის მოცვი მოხვდა პოლონეთსა და გერმანიაში; ქართული ჩაისა და მწვანილეულის ბიოსტანდარტით სერტიფიცირება მოხდა ევროკავშირის ბაზრისთვის და ა. შ.

რას გვაკარგვინებს „ქართული ოცნება“:

ასოცირების ხელშეკრულების შეჩერების კვალდაკვალ, შეიზღუდება წვდომა ევროკავშირის ბაზარზე. ფერმერები დაკარგავენ სერტიფიცირების დაფინანსებასა და ევროპული ხარისხის პროდუქტების წარმოების საშუალებას. ევროკავშირმა უკვე შეაჩერა ტექნიკური დახმარების ნაწილი.

3. ვიზალიბერალიზაცია (მოგზაურობის თავისუფლება)

რა მივიღეთ:

2017 წლიდან დღემდე მილიონზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა შენგენის ზონაში. 85%-მა სრულად დაიცვა დადგენილი წესები, რითაც დაიმსახურა ევროპის ბაზარზე ლეგალურად მუშაობის პრივილეგია (ექთნები, ხელოსნები, მექანიკოსები და ა. შ.); ვიზალიბერალიზაციამ გაამარტივა: კულტურული ექსპანსია, საქმიანი ვიზიტები და გასაუბრებები, ოჯახის წევრებთან კავშირი, აკადემიური კონფერენციები და სწავლა.

რას გვაკარგვინებს „ქართული ოცნება“:

გერმანიამ, ნიდერლანდებმა და სხვა ქვეყნებმა ვიზალიბერალიზაციის გადახედვა დააყენეს დღის წესრიგში. თუ გაუქმდა, ქართველებს მოგზაურობისთვის კვლავ მოუწევთ ვიზების მიღება – ხარჯიანი და რთული პროცესი. დაზარალდება საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით ნდობის ხარისხი.

4. ფინანსური დახმარება და ბიუჯეტის მხარდაჭერა

რა მივიღეთ:

2014-2022 წლებში ევროკავშირმა საქართველოს 872 მილიონი ევრო გამოუყო გრანტის სახით: 90 მილიონი ევრო პანდემიის პერიოდში (ვაქცინები, ჰოსპიტლები) ერთ-ერთი პირველი იყო საქართველო, რომელმაც ევროკავშირის მიღმა მიიღო ვაქცინა. 25 მილიონი საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისთვის, 28 მილიონი სოფლის მეურნეობისთვის და ა. შ.

რას გვაკარგვინებს ქართული ოცნება:

2024 წელს „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა 30 მილიონი ევროს დახმარებაზე. ევროკავშირმა გაყინა მომდევნო დახმარება, მათ შორის, რეგიონული განვითარებისთვის. ადგილობრივი ინფრასტრუქტურის პროექტები (წყალი, ნარჩენების მართვა, გზები) შეჩერდა.

5. სამოქალაქო საზოგადოება და მედიის თავისუფლება

რა მივიღეთ:

ევროკავშირმა დააფინანსა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ ადამიანის უფლებებზე, არჩევნებსა და რეგიონულ განვითარებაზე. რეგიონული მედიები – „ბათუმელები“, „ნეტგაზეთი“ და სხვ. ფინანსდებოდნენ მედიის პლურალიზმისთვის და იმისთვის, რომ გვცოდნოდა სიმართლე კორუფციაზე, ძალადობასა და ნეპოტიზმზე.

რას გვაკარგვინებს ქართული ოცნება:

„უცხოელი აგენტების კანონი“ ემუქრება ამ ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ მედიას. საფრთხეშია სამოქალაქო კონტროლი, რომლის გარანტიაა თავისუფალი მედიის არსებობა.

6. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა რა მივიღეთ:

2023 წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. 2025 წელს შესაძლებელი იყო გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება.

რას გვაკარგვინებს „ქართული ოცნება“:

ჩვენს ისტორიულ წარსულს, აწმყოსა და მომავალს, ბედნიერ, ჯანმრთელ საზოგადოებას, რომელიც ზრუნავს ოჯახზე, ქვეყანასა და ზოგადად ადამიანზე.

_ შესაძლებელია თუ არა, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების შემდგომ იმ ინტენსიური სანქცირების ფონზე, რომელიც მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მისამართით, საქართველო ჩაიხნას სვიფტიდან?

_ ევროპა და ზოგადად დასავლეთი ეტაპობრივად მიჰყვება სანქციებს, იმის საპირწონედ, თუ როგორ რეაგირებს სანქციების ადრესატი სახელმწიფო. ვინაიდან „ქართული ოცნება“ კვლავაც აგრძელებს პროტესტის მონაწილეების დევნას, დაჭერას, წამებას, არ ათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, არ ნიშნავს ახალ არჩევნებს და უარეს შემთხვევაში აუქმებს ოპოზიციურ პარტიებს, ცხადია, საქართველოს სვიფტიდან ჩახსნა ერთ-ერთი მოსალოდნელი სცენარია. ჩვენ არ გვჭირდება ვიწინასწარმეტყველოთ, რა გზას აირჩევს დასავლეთი, ჩვენ გვაქვს რუსული „პლეიბუქი“ გზა, რაც რუსეთმა გაიარა უკრაინაში ომის დაწყების კვალდაკვალ და თუ „ქართული ოცნება“ მიჰყვება რუსულ გზას, მიიღებს ზუსტად მსგავსს რეაქციებს დასავლეთისგან, რაც რუსეთმა მიიღო.

_ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები _ რატომ არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის მხრიდან მისი ბოიკოტირება?

_ ოპოზიციის მიერ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი უმნიშვნელოვანესია და რამდენიმე კრიტიკულ მიზეზს ემყარება, რომელიც საქართველოში დემოკრატიული პროცესის მთლიანობის შენარჩუნებას ეხება. პირველ რიგში, აუცილებელია იმის აღიარება, რომ არსებული ე.წ. ხელისუფლება ხელისუფლებაში მოვიდა არჩევნების გაყალბებით და მძიმე რეპრესიებით, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას მხოლოდ ამ არადემოკრატიული გზებით ახერხებს. ოპოზიციის მონაწილეობა ამ არჩევნებში გაუმართლებელია, რადგან ეს, ფაქტობრივად, ხელს შეუწყობს იმ მთავრობის ლეგიტიმაციას, რომელსაც არ გააჩნია ხალხის რეალური მხარდაჭერა და რომელსაც არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, დასავლეთი.

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით ოპოზიცია მხარს დაუჭერდა არალეგიტიმურ პროცესს, რომელიც დამახინჯებულია არსებული საარჩევნო სისტემის ცვლილებებით: პროპორციული წილის შემცირებით, ოლქების გადახედვით (ჯერიმანდერინგი) და საარჩევნო ბარიერის გაზრდით. ყველა ეს ცვლილება ემსახურება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ძალაუფლების გამყარებას და ოპოზიციის პროპორციული წარმომადგენლობის გამორიცხვას. ოპოზიციის მონაწილეობა ასეთ არჩევნებში ლეგიტიმაციას მისცემს არადემოკრატიულ პროცესს, რაც სერიოზულად დააზიანებს საქართველოს მოსახლეობის პროტესტს და მოთხოვნებს სამართლიან არჩევნებზე.

ამასთან, ოპოზიციის ბოიკოტი არის პირდაპირი პასუხი რეჟიმის მიერ ჩადენილ დარღვევებზე, რომლებიც უარყოფს ყველა დემოკრატიულ პრინციპს. „ქართული ოცნების“ ძალაუფლების ძალადობით შენარჩუნების ფონზე, ოპოზიციის მკვეთრი და პრინციპული პასუხია საჭირო.  აღსანიშნავია, რომ ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს ახალ, თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს. ამიტომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ გააძლიერებს არალეგიტიმური მთავრობის ძალაუფლებას, რაც კიდევ უფრო დააზიანებს ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისთვის ბრძოლის პროცესს. მოკლედ, არ ვეგუებით უსამართლობას, არ ვქმნით დემოკრატიის ფასადს, არ მივყვებით ივანიშვილს თამაშში, რომლის წესებსაც თავად აწესებს.

_ რატომ ვერ დადო ის შედეგი სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციურმა „გაერთიანებამ“, როგორი მოლოდინიც იყო თავდაპირველად?

_ მოლოდინი ნამდვილად დიდი იყო, ალბათ უფრო გადაჭარბებული, ვიდრე რეალურად შეიძლებოდა დამდგარიყო. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ქალბატონ სალომეს ირგვლივ გაერთიანება ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, ქართული ქარტიის ეგიდით, წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელსაც საზოგადოებისთვის პარტიების მიმართ ნდობა უნდა დაებრუნებინა. ჩვენი კოალიცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც აღნიშნულ ქარტიას ხელი მოაწერა და პრინციპების ერთგულიც დარჩა. უკვე მოგვიანებით, ცალკეულმა პარტიულმა ინტერესებმა, წარსულმა ტრავმებმა, ურთიერდადანაშაულების დაუსრულებელმა კასკადმა, მეტი აქცენტი გადაიტანა თემებზე, რომლებიც გვყოფდა, ვიდრე გვაერთიანებდა. ძალიან გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არ ვეთანხმები დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მეთოდებს, მიდგომებს პროცესის მიმართ, განსხვავება დიდია, მაგრამ საჭიროდ მიმაჩნია, ამ განსხვავების მიუხედავად, არსებობდეს ერთიანობა მიზნის გარშემო, რაც ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. გაურკვევლობა წარმოშვა ადგილობრივმა არჩევნებმა და მასში მონაწილეობის შესახებ სიცხადის დაკარგვამ. გახარიას პარტიის ჯერ გაურკვეველი, შემდეგ უკვე გაცხადებული სურვილი, მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, აღმოჩნდა წყალგამყოფი.

_ თქვენ წლების მანძილზე იყავით ჩართული არასამთავრობო სექტორში. რატომ ეშინია არასამთავრობო სექტორის ხელისუფლებას?

_ თერთმეტი წელი ვიმუშავე საერთაშორისო ორგანიზაციაში, პოლიტიკურ ფონდში (კონრად ადენაუერის ფონდი), რომლის მთავარი ამოცანა იყო დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში, ევროინტეგრაციის ხელშეწყობა და შესაბამისი რეფორმების გატარება. ფონდი აძლიერებდა ქართულ არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ეხმარებოდა საქართველოს მოსახლეობას, მიეღო ის აუცილებელი ცოდნა, რაც მათ ნამდვილ თავისუფალ მოქალაქედ ჩამოაყალიბებდა _ დაწყებული პოლიტიკური განათლებით, დამთავრებული მრავალპარტიული დემოკრატიით. „ქართულ ოცნებას“ და უკვე თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „რუსულ ოცნებას“ აწუხებს თავისუფალი და ძლიერი სამოქალაქო სექტორი, რომელიც გამოავლენს „ქართული ოცნების“ კორუფციულ სქემებს, მედიის, რომელიც ღიად ლაპარაკობს უსამართლობაზე და განათლებული, ნასწავლი ახალგაზრდობის, რომელთა პროპაგანდისტული მანიპულაციებით მართვა რთულია. ამიტომ, მსგავსად რუსეთისა, ის რაც აქტიურია, ის რაც ძალაუფლებას უქმნის საფრთხეს, უნდა განადგურდეს.

_ თითქმის ექვსი თვე გავიდა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან, თუმცა ამ დრომდე იმ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი წონა და ფასი მსოფლიო პოლიტიკაში, არ უთქვამთ, რომ „ქართული ოცნება“ არის ლეგიტიმური ხელისუფალი _ როდემდე შეძლებს ამ პირობებში ფუნქციონირებას ივანიშვილის რეჟიმი?

_ ივანიშვილის რეჟიმი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, რადგან მას აკლია როგორც შიდა ლეგიტიმაცია, ისე საერთაშორისო აღიარება. ლეგიტიმურობის არქონა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, მნიშვნელოვნად ზღუდავს ხელისუფლების მდგრადობას. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას გაყალბებული არჩევნებისა და რეპრესიული მექანიზმების მეშვეობით, მისი ხანგრძლივი არსებობა ნაკლებად სავარაუდოა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეიცვლება არსებული გარემოება: გაჩერდება თუ არა პროტესტი? გადაწყვეტს თუ არა ოპოზიცია, შევიდეს ივანიშვილის თამაშში მისივე წესებით და მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

შესაბამისად, რეჟიმმა შეიძლება იფუნქციონიროს მანამ, სანამ შეძლებს შიდა წინააღმდეგობის ეფექტიანად ჩახშობას და პროტესტის განიარაღებას, ფრუსტრაციის დათესვას და პროპაგანდის გამოყენებას. თუმცა საერთაშორისო ზეწოლა, დასავლეთის მხრიდან წაყენებული მოთხოვნები და საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება შეასუსტებს რეჟიმს. არალეგიტიმურობისა და ეკონომიკური იზოლაციის თანმიმდევრული პროცესები არყევს რეჟიმის სტაბილურობას და საბოლოოდ დაშლისკენ მიჰყავს იგი.

ბოლო ანგარიშებიდან ნათელი ხდება, რომ ივანიშვილის რეჟიმი ვერ შეძლებს დიდხანს შენარჩუნდეს მხოლოდ რეპრესიული მეთოდებით. საერთაშორისო წნეხისა და საქართველოს შიგნით არსებული პროტესტის გათვალისწინებით, რეჟიმის ძალაუფლება, საბოლოოდ, ან დაიშლება, ან გარდაიქმნება. ამიტომ მთავარი კითხვა ის კი არ არის, რამდენ ხანს გაგრძელდება „ქართული ოცნების“ ე. წ. მმართველობა, არამედ ის, თუ როდის დაემთხვევა დასავლეთის მზარდი ზეწოლა შიდა პროტესტის მზარდ მუხტს.

_ შესუსტდა თუ არა ქუჩის პროტესტი და უნდა შეიცვალოს თუ არა ბრძოლის მეთოდი?

_ ისტორიას თუ გადავხედავთ, ცხადად დავინახავთ, რომ ავტორიტარული რეჟიმების ჩამოშლა ხშირად დაკავშირებულია შეუვალ და თანმიმდევრულ წინააღმდეგობასთან, რომელიც, ერთი შეხედვით, შეიძლება უტოპიურად ჩანდეს, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ხანგრძლივი პროტესტი და მკაფიო პოზიციები საბოლოოდ ანადგურებს ავტორიტარულ სისტემებს. აღმოსავლეთ ევროპის 1989 წლის, სამხრეთ აფრიკის აპარტეიდის ბრძოლა და საბჭოთა კავშირის დაშლა ნათელი მაგალითებია იმისა, რომ ძალა მხოლოდ იმათ ხელში არ არსებობს, ვინც ძალადობასა და მანიპულაციებს მიმართავს, არამედ იმათ ხელში, ვინც სიმართლისა და თავისუფლების აღდგენას ცდილობს. ამიტომ სანამ პროტესტის მონაწილეების თავებს დავითვლით, მგონია, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ქვეყანაში პროტესტია, რაოდენობის მიუხედავად, რეჟიმს ამოსუნთქვის საშუალება არ ეძლევა. ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობიანი პროტესტი, ამიტომ პროცესი იმაზე მეტად ხანგრძლივი იქნება, ვიდრე ჩვენ ვისურვებდით. და ვინაიდან დიდ საინფორმაციო ომში ვართ, ამ ომს მოიგებს ის, ვინც აჩვენებს რეზისტენტულობასა და თანმიმდევრულობას გადაწყვეტილებებში.

_ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული ოპოზიციური პარტიების აკრძალვა _ რას ელოდებით რეჟიმის პირობებში?

_ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის ერთ-ერთი გზა, „ქართულმა ოცნებამ“ განიმტკიცოს ძალაუფლება. „ქართული ოცნება“ თავად ახალს არაფერს ქმნის, ყველა მისი არჩეული გზა იმეორებს რუსულ მეთოდს. „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ფასადური ოპოზიცია, ისეთი, როგორც, მაგალითად, ჟირინოვსკის პარტია იყო რუსეთში. ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ სახელდებაშია, შინაარსით კი იგივე კორუფციული კლანით იმართება. ივანიშვილის ამოცანაც ხომ ეს არის, მის უსაფრთხოებას, მის ფულს და კავშირებს რუსეთთან არავინ შეუქმნას საფრთხე. ისე მიუერთოს საქართველო რუსეთს, ხმის ამომღები აღარავინ დარჩეს.  

გაზიარება