ხუთშაბათი, 01 მაისი, 2025
2025-05-01 10:11:29
ირინა მაკარიძე
ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, თეონა აქუბარდია:
_ ქალბატონო თეონა, ცოტა ხნის წინათ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა. თქვენი აზრით, რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება?
_ ვფიქრობ, ღარიბაშვილი დიდი ხანია, წასულია პოლიტიკიდან, ახლა უბრალოდ გააფორმეს ეს. ის რა ხანია, საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა. ასევე გარკვეული საუბრები იყო პარტიაში შიდა დაპირისპირებაზე. მისი წასვლა არც არაფერს ცვლის, რადგან ივანიშვილმა ძალაუფლება სრულად ჩააბარა ირაკლი კობახიძეს და ერთ ხელში მოაქცია ამ არალეგიტიმური ძალაუფლების კონცენტრაცია. ცხადია, დასავლეთიდან კობახიძესთან საუბარს არავინ აპირებს _ იზოლაციონიზმი დასავლეთისგან შეუქცევადად გრძელდება. შესაბამისად, დამატებით პარტიის თავმჯდომარის პოზიციას ჩაიბარებს თუ არა ის, სიმართლე გითხრათ, არაფერს ცვლის ქვეყნის გარეთ. ქვეყნის შიგნით კი ისედაც ასე იყო. არც პირველი წასვლა ყოფილა ეს ირაკლი ღარიბაშვილის, გვახსოვს, თავის დროზე, ბიზნესში წასული და შემდგომ უკვე ივანიშვილის დავალებით შემობრუნებული და ვნახოთ, დაველოდოთ. ფაქტია ის, რომ სანქციების გარეშე წავიდა ეს კაცი, ასევე მთელი ეს ფრენების სკანდალი დავიწყებას მიეცა. ფაქტია ასევე ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა აქტიურად შეუწყო ხელი იმ ვითარების დადგომას, რაც დღეს არის ქვეყანაში, ხალხის არჩევანისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. სხვა დანარჩენი მომავალში გამოჩნდება, როგორც დასჭირდება ივანიშვილს მისი შემობრუნება და რა ფორმით.
ერთი საინტერესო ფაქტორიცაა: თუ „ქართული ოცნება“ აქამდე ამაყობდა ვიზალიბერალიზაციის მიღწევით და ასოცირების შეთანხმებით, ეს ყველაფერი მაინც ირაკლი ღარიბაშვილს უკავშირდება და არა ირაკლი კობახიძეს, რომელსაც ცალსახად ანტიდასავლური და ანტიქართული პოლიტიკა აქვს. მე არ ვიცი, ვინმე დარჩა „ქართულ ოცნებაში“, ვინც 2012 წელს მივიდა, ივანიშვილის გარდა? მგონი, არც არავინ. ამიტომ ამით ფორმალურად დასრულდა ის „ქართული ოცნება“, რომელიც 2012 წელს იყო და სრულიად ანტიდასავლური, ავტორიტარული ივანიშვილის „ოცნება“ გააგრძელებს ქვეყნის ხელისუფლების მიტაცებას, ქართველი ხალხის წინააღმდეგობის ფონზე.
_ შალვა პაპუაშვილმა ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ გაუძლო ამერიკის, ბაიდენის ადმინისტრაციის ზეწოლას, უკრაინის მოწოდებებს და შეინარჩუნა მშვიდობა, განსხვავებით გახარიასაგან, რომელმაც, ვერ გაუძლო ამერიკის ზეწოლას და ამერიკის ელჩის კარნახით დატოვა პოსტი, რომ მთავრობა ჩამოეშალა, ამის შესახებ რას იტყვით?
_ შალვა პაპუაშვილი არის კაცი, რომელსაც რასაც გინდა, ათქმევინებ. ამიტომ ძალიან სასაცილოა მასზე კომენტარის გაკეთება. ყველამ ძალიან კარგად იცის, რამხელა უარყოფითი როლი აქვს შესრულებული ივანიშვილის სახელით ამ პოლიტიკურ ძალას ქვეყნის დასავლური, კონსტიტუციური საგარეო ორიენტაციის ცვლაში. შესაბამისად, ეს ბოდვები „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათ, ზოგადად, დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველი ხალხის გონებრივ შესაძლებლობებზე და ჰგონიათ, რომ იმ ბოდვებს, რასაც ყიდიან, ქართველი ხალხი იყიდის. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ მეტი კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე.
_ მხოლოდ პაპუაშვილი არ არის, ვინც საუბრობს ამაზე..
_ ბოდვაა... ირაკლი კობახიძე იყო კაცი, რომელმაც გავრილოვი ჩამოიყვანა საქართველოში, ირაკლი კობახიძე არის, ვინც ევროკომისრისგან სიკვდილის მუქარაზე საუბრობდა, რასაც მერე ლილუაშვილმა დასცინა. ახლა გამოდის, რომ „დიფ სთეითი“ მართავდა აქამდე „ქართულ ოცნებას“ და ახლა აღარ მართავს?!. მაშინ, როცა რუსეთი ანექსიურ პოზიციებს აძლიერებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამ დროს ისინი ბიძინას სუვერენიტეტზე გველაპარაკებიან და არა საქართველოს შესახებ. შესაბამისად, არასერიოზულია ეს ყველაფერი და აჩვენებს იმას, რომ არაფერი გაუკეთებიათ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და არც აპირებენ, მხოლოდ ბიძინას სუვერენიტეტსა და ფულს, საკუთარ არალეგიტიმურ ძალაუფლებას იცავენ.
_ ვხედავდით, წულუკიანის კომისიაზე გახარიას როგორ მიზანმიმართულად უმეორებდნენ კითხვას, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო მან გადადგომის გადაწყვეტილება. საუბარს მიმართავდნენ იქითკენ, რომ თითქოს ის აშშ-ის დავალებით მოქმედებდა... რას იტყვით ამის შესახებ?
_ ვფიქრობ, ამ კომისიაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორი უსუსური რეალობა ჰქონდათ მათ. თავის დროზე, როცა გიორგი გახარია პრემიერი იყო, ისინი, ყველა ერთხმად, გიორგი გახარიას გუნდრუკს უკმევდნენ. ამ ხალხისთვის მნიშვნელობა არც სიმართლეს აქვს და არც პრინციპებს. მათი ერთადერთი პრინციპი ფული და ივანიშვილის მიერ მორთმეული ძალაუფლებაა. გიორგი გახარიას მიმართ მთავარი ბრალდება ამ კომისიაზე იყო ქართული მიწა-წყლისა და საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანად დაცვის ის ღონისძიება, რომელიც ჩორჩანის საგუშაგოს უკავშირდებოდა და რომელმაც 1800 ჰა ტერიტორია გადაურჩინა ქვეყანას დამატებით ბორდერიზაციისა და ოკუპაციისგან, ისევე, როგორც შეაჩერა დამატებითი ტერიტორიული პრეტენზიები ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მხრიდან გუდაურსა და კობზე, მათ შორის, თრუსოს ხეობაზე... ამ ვითარებაში, როცა ისინი ოკუპანტებს ბოდიშს უხდიან ბიძინას პირით, საკუთარ ქვეყანას ომს აბრალებენ, ანწუხელიძის გმირობას აუფასურებენ, ვფიქრობ, აბსოლუტურად გასაგებია მათი ხაზი, რაც საქართველოს ინტერესებისა და ნამდვილი სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადის.
_ ივანიშვილის ბოდიშის პოლიტიკას პერიოდულად ახალ-ახალი შედეგები მოჰყვება ხოლმე, ბოლოს ეს იყო აფხაზეთიდან დე ფაქტო მთავრობის მოთხოვნა ოკუპაციის კანონის გაუქმების შესახებ...
_ თუ გადავხედავთ იმ პროცესებს, რომელიც საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტის დაკნინებას უკავშირდება ივანიშვილის მხრიდან, რაც მაშველ რგოლს წარმოადგენს ოკუპანტი რუსეთისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი კიდევ უფრო შეზღუდოს, ძალიან მკაფიო იქნება ყველაფერი. პირდაპირი ფრენები იწყება პირველი მაისიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში. როდესაც სოხუმის აეროპორტი სრულიად უკანონოდ გადაეცა რუსეთს, გახსოვთ, მე ვერაფერს გავხდი, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე პოზიცია ამ საკითხზე ყოფილიყო გამოთქმული. ამ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებითაც არანაირი ადეკვატური რეაქცია და დაცვა საქართველოს სუვერენიტეტის არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით მიმდინარეობს ეს ყველაფერი. უკანონო ბორდერიზაციას როდესაც წინ აღუდგა გიორგი გახარია, ამას დანაშაულად უთვლიან და ამით აქეზებენ დამატებით ბორდერიზაციის ფაქტებს. ხომ გასაგებია, რომ ეს კრემლის ინტერესებს შეესაბამება და დამატებით წყალს ასხამს კრემლის წისქვილზე?! ამ ვითარებაში, ბოდიშის პოლიტიკა იქნება თუ საკუთარი სამშობლოს დადანაშაულება, საბოლოო ჯამში, ეს მივა იქამდე, რომ ამ წელს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება, იმ ფონზე, რომ სოხუმსა და ცხინვალში უკანონო საელჩოები ძალაში დარჩება. ამით კიდევ უფრო მეტს წააგებს საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტის ის ინტერესი, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აქვს.
_ „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ და ამაზე მიდის პროპაგანდა, რომ დასავლეთის მხრიდან კანდიდატის სტატუსი იყო ვაჭრობის, სპეკულაციის თემა და ასეთი ახლა გახდა ვიზალიბერალიზაციის თემა. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ თუ ამას ქართველი ხალხი შეეგუება, ეს იქნება სუვერენიტეტის ნამდვილი განმტკიცებაო, ამის შესახებ რას იტყვით?
_ ეს არის უბედურება, როდესაც ხალხს ჰპირდებოდნენ „ღირსებით ევროპისკენ“ სვლას, იმ ხალხს ახლა ეუბნებიან, რომ თუ ქართველი ხალხი უვიზო მიმოსვლას დაკარგავს ივანიშვილის ავტორიტარული ნაბიჯების გამო, ამ შემთხვევაში სუვერენული გახდება ქვეყანა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, ერთი მხრივ, იმ ტყუილს, რომელიც „ღირსებით ევროპისკენ“ სვლას უკავშირდებოდა, მეორე მხრივ, იმ ტყუილს, რომელიც ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას შეეხებოდა. ცხადია, მათ ადარდებთ ის, რომ მხოლოდ ბიძინა უნდა იყოს კარგად და ქართველი ხალხი არ აინტერესებთ.
_ ვხედავთ, რომ არც ოპოზიცია და არც საზოგადოება ამას არ ეგუება. რას იტყვით უწყვეტ პროტესტზე და აქვე გკითხავთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ეგიდით მიმდინარე შეხვედრებში, როგორც ვიცით, ენმ აღარ აპირებს მონაწილეობის მიღებას. ვიცით, რომ გახარია ბოლო ჯერზე ინდივიდუალურად შეხვდა ზურაბიშვილს და არა სხვა პარტიებთან ერთად... რას იტყვით ამ საკითხებზე?
_ პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, უწყვეტი პროტესტი არის ის განზომილება, სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლის დაცვის, რომელსაც ქართველი ხალხი უკვე 150 დღეა, ახორციელებს და რასაც ჭკუიდან გადაჰყავს ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლება. მიუხედავად იმ რეპრესიებისა, სისასტიკისა, სადამსჯელო ღონისძიებებისა, რომლებიც მათ აჩვენეს, არ შეწყვეტილა ეს პროტესტი და ეს თითოეული მოქალაქის გმირობაზე გადის. შესაბამისად, წინააღმდეგობის გაგრძელება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთო სახალხო პროტესტის მთავარი ორი მოთხოვნა: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები, სადაც, რა თქმა უნდა, ყველანი ერთიანები ვართ და რაც ასევე სალომე ზურაბიშვილის ფორმატში იყო მთავარი საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ეს ორი მოთხოვნა შესრულდეს. ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ამ ფორმატში მონაწილეობა იყოს ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება 26 მაისს დაგეგმილ აქციას, 26 მაისი არის საერთო ეროვნული დღესასწაული, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კობახიძე სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალის ნაცვლად აუზზე ამჯობინებდა ხოლმე წასვლას, ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული, სადაც ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები.