QronikaPlus
რატომ ესწრებოდა ზვიად ჯანყარაშვილი ტვირთების დამხარისხებლის დაკითხვას?

რატომ ესწრებოდა ზვიად ჯანყარაშვილი ტვირთების დამხარისხებლის დაკითხვას?

2016-10-06 12:40:26

„ლეიბორისტული პარტიის“ დედოფლისწყაროს რაიონის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კოორდინატორი გიორგი ყოჩიაშვილი მისი ოჯახის პოლიტიკურ დევნა-შევიწროებაში „კახელების კლანს“ ადანაშაულებს. „ქრონიკა+“-თან საუბრისას მან განაცხადა, რომ მისი დევნა პოლიტიკური ნიშნით წლების წინათ დაიწყო და ახლაც გრძელდება.   გიორგი ყოჩიაშვილი: _ 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დედოფლისწყაროში, სოფელ გამარჯვებაში ვიყავი კომისიის წევრი. რადგან გაყალბების საშუალება არ მივეცი, შეხლა-შემოხლა მომიხდა... ამ შემთხვევიდან ძალიან მალე სოფელ ზემო მაჩხაანში სახლი გამიძარცვეს და რაც კი დახვდათ, ყველაფერი წაიღეს _ ტექნიკით დაწყებული, სურსათით დამთავრებული. მამაჩემმა მაშინვე მიმართა პოლიციას, მათ ნივთმტკიცებაც ამოიღეს _ ლურსმანზე მხარი ჰქონდა გაკრული ქურდს და სისხლის ნაკვალევი იყო, მაგრამ მერე ეს დოკუმენტური მასალა სად გააქრეს, არავინ უწყის. 2004 წელს პოლიციას მეც მივმართე, სადაც მითხრეს, რომ თითქოს მამაჩემს პოლიციისთვის თავის დროზე არ მიუმართავს. ეს საქმე დღემდე გაუხსნელია, რადგან დანაშაული ჩაიფარცხა დედოფლისწყაროს პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტში. საქმეში იყო მოწმე, რომელიც ამბობდა, რომ დილით ჩემს ეზოში ხალხი დაინახა, მაგრამ გამომძიებელი არ აკონკრეტებინებს, ვინ დაინახა, რას აკეთებდნენ და ა. შ. 2004 წელს დაზარალებულად მცნეს, მაგრამ, საბოლოოდ, განმიცხადეს, _ კვალს ვერ მივაგენით და თუ ოდესმე ვინმე დავაკავეთ, აუცილებლად შეგატყობინებთო. განცხადებები დავწერე მაშინდელ შს მინისტრთან, პრემიერ-მინისტრთან და ხელახლა აღვაძვრევინე საქმე, მაგრამ ახლახან სიღნაღის პროკურატურიდან წერილი მივიღე, _ განხილვა იქნება და პასუხი გეცნობებაო. მათი აგენტურული ქსელები სოფლის ხალხს მიმხედრებდა, _ ამდენს რომ ჩივი, ხალხში თავი როგორ უნდა გამოყოო? სასირცხვილი რა მქონდა?! _ ჩემი დანაკარგის პოვნას ვითხოვდი! როცა 1995 წლის არჩევნებზე ინციდენტი მომიხდა, იქ პოლიციის სამი თანამშრომელი მოვიდა და დაშინების მიზნით ასეთი რამ მითხრა, _ ენას თუ არ გააჩერებ, დაგაკავებთო. ამ დროს დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი თამაზ თამაზაშვილი გახლდათ და არჩევნების ჩატარებასაც ის კურირებდა. დიახ, სწორედ პოლიციელები მონაწილეობდნენ იმდროინდელი არჩევნების გაყალბებში, რომელსაც წინ აღვუდექი და არ შემარჩინეს. როცა სახლი გამიძარცვეს, დედოფლისწყაროს პოლიციას უკვე იოსებ ხოხონიშვილი ხელმძღვანელობდა, ერთ-ერთი იმათგანი, რომელიც არჩევნებზე ჩემს დაშინებას შეეცადა, თამაზ თამაზაშვილი კი არჩევნების კარგად გაყალბების გამო დააწინაურეს და სამხარეო პოლიციის უფროსად გადაიყვანეს. ხოხონიშვილიც მისი კადრი იყო, რადგან თამაზაშვილის გარეშე კახეთის პოლიციაში ვერავის დანიშნავდნენ. საგამოძიებო დეპარტამენტი რომ დაიშალა, მითხრეს, _ თუ ვინმე დაიჭირეს, ხომ კარგი, თუ არადა, იმდენი გაუხსნელი საქმე გვაქვს, შენ თან ვერ გადაგყვებითო და თავი დავანებე. _ ეს ერთი ფაქტი... კიდევ რით გამოიხატება თქვენი დევნა-შევიწროება ამ წლების მანძილზე? _ ამის შემდეგ ვაზისუბნის დასახლებაში, ჩემს კუთვნილ ბინაში, „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი შემოიჭრა, დაუზიანებელი, დალუქული მრიცხველი ჩამოხსნა და წაიღო. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ დაუზიანებელი იყო, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. ფაქტობრივად, გაზის მიწოდება შემიწყვიტეს. ვინც მრიცხველი მოხსნა, იქიდან ერთ-ერთი პიროვნება უშიშროების თანამშრომელი იყო. ის სომხური გვარით მუშაობდა აბასთუმნის პოლიციაში, ქართულით _ უშიშროებასა და „ყაზტრანსგაზში“. იმ დროს მთაწმინდის რაიონის ვიცეკოორდინატორი ვიყავი და კარგად მახსოვს, რა აქტიურად მონაწილეობდა ეს კომპანია პოლიტიკურ მოვლენებში და როგორ ატერორებდა აქციებში მონაწილე ხალხს. იმ პერიოდში ის იყო აუღებელი ციხესიმაგრე. შემდგომში, ბაგებში არსებულ ექსპერტიზის ბიუროში მრიცხველის ექსპერტიზა ჩავატარებინე და დაადგინეს, რომ ის გაიხსნილი იყო, თუმცა უკანონოდ გაზის შეწყვეტის გამო, არც ბოდიში მოუხდია ვინმეს და არც აღდგენაზე უზრუნია. ჩემი ხარჯებით აღვადგინე სახლში გაზიც და მრიცხველიც. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მოდიოდა, როგორც კოორდინატორი, კვლავ წინ აღვუდექი გაყალბებას. დედოფლისწყაროში მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს იყრიდა თამაზ თამაზაშვილის შვილი, ალექსანდრე თამაზაშვილი. ის რამდენიმე უბანზე მოითხოვდა შედეგების გაუქმებას იმ მოტივით, რომ თითქოს არასწორად იყო დათვლილი და თუ კარგად დაითვლებოდა, დეპუტატი გახდებოდა. სასამართლომ მისი არგუმენტები არ მიიჩნია შედეგების გაუქმების რეალურ საფუძვლად. ამ პროცესზე პარტიის წარმომადგენლებიც ვიყავით მესამე პირებად მიწვეულები. მკითხეს, _ მიგაჩნიათ თუ არა, რომ თამაზაშვილის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ორი ოლქის შედეგები გაუქმდესო? ჩემი აზრი გამოვთქვი, რომელიც მოსამართლის აზრს დაემთხვა. სასამართლო დარბაზში თამაზაშვილების ერთ-ერთი ახლობელი დამემუქრა, _ ერთი სკამი გვექნება თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს გვკიდია, მაინც მოვედით ხელისუფლებაში და ყველას მოგივლითო. 2014 წელს ჩემ მიმართ ეს მუქარა შეასრულეს. _ როგორ შეასრულეს? _ ჩემი შვილი ინდმეწარმეა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მის სახელზე უცხოეთიდან ელექტროტექნიკა შემოგვეტანა. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ უკვე მომზადებული გვქონდა სიტუაცია ბიზნესის დასაწყებად. პროდუქცია ჩინეთიდან უნდა შემოგვეტანა საქართველოში სარეალიზაციოდ. ჩამოტანის შემდეგ მას ჩვენს ბიზნესპარტნიორებს მივაწვდიდით. 20 ცალი „აიფონ 5-ძ“ იმ დროს შევიძინეთ ჩინეთში, როცა მისი ფასი საქართველოში 1500 ლარი იყო. ის ჩვენთან საქართველოს ფოსტით შემოვიდა. ჩინელებს ვერ დაარწმუნებ, რომ სახელმწიფო ფოსტიდან შეიძლება, რამე დაიკარგოს. ჩინელმა პარტნიორებმა ეს ამბავი რომ გაიგეს, თქვეს, _   სახელმწიფო არაფერს კარგავსო. როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, ვერ შედგა. 2014 წლის 23 სექტემბერს პროდუქცია შემოვიდა და როცა მეორე დღეს მივედით, აღმოჩნდა, რომ სამი ყუთის ნაცვლად ერთი იყო და ისიც _ გახსნილი. შეფუთვა მთლიანად დაზიანებული გახლდათ და არც სტიკერები _ გამომგზავნის მონაცემები _ ჰქონდა. ეს თანხა ოფიციალურად ჩავრიცხეთ. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, სამივე ყუთი ერთად მიდის, ერთი სავაჭრო კოდით. ყუთს მიკრული აქვს ე. წ. ჯიბე, რომელშიც დოკუმენტაციის ფაილი დევს, მეორე დოკუმენტაცია კი ყუთში დევს. ყველა, ვისაც პროდუქცია გაუგზავნია, ეს კარგად იცის. როცა დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენი პროდუქცია საქართველოს ფოსტაში შემოვიდა, საქართველოს ფოსტის განყოფილებას დავურეკე და ვკითხე, _ როგორ უნდა გადაგვეხადა საბაჟო მოსაკრებელი? ჩემდა გასაკვირად მითხრეს, რომ ეს ტვირთი განბაჟებას არ ექვემდებარებოდა. დოკუმენტების მიხედვით ჩვენი ტვირთი 39-ე სერვისცენტრში შეიტანეს, რეალურად კი ის მე-14 სერვისცენტრში შევიდა. ამისთვის შეიძლება შემთხვევითობა მეწოდებინა, რომ არა ის საეჭვო გარემოებები, რაც ჩვენი ტვირთის ირგვლივ მოხდა. _ დააკონკრეტეთ საეჭვო გარემოებები. _ დაზიანებულ ტვირთს საქართველოს ფოსტაში ფოტოები გადავუღეთ, რომელზედაც რამდენიმე თანამშრომლის სახეც კი ჩანს. ფოტოზე ასახულია, როგორ არის ყუთი დაზიანებული და ა. შ. ასეთ დროს ტვირთი უნდა წარმოადგენდეს საპრობლემო ტვირთს, მაგრამ ის ჩვეულებრივ გამოატარეს. კავშირი მქონდა ფოსტის ხელმძღვანელობასთანაც, კონკრეტულად ელეონორა მარღანიასთან, რომელიც შემდგომ დააწინაურეს, ეტყობა, კარგი მუშაობისთვის, რადგან ტვირთი კარგად იკარგებოდა მათ განყოფილებაში! ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ საქართველოს ფოსტა იძულებული გავხადე, ჩემთვის ეპასუხა, რა პირობებში შემოვდა ჩემი ტვირთი. მან მიპასუხა: თქვენი ტვირთი უვნებელ მდგომარეობაში მოვიდაო. თუმცა ექსპერტი, რომელსაც პოლიციამ მიმართა, ამტკიცებს, რომ ყუთი გახსნილი იყო. ფოსტის ხელმძღვანელობა გვეუბნებოდა, ეს დაზიანებული ყუთი წაგვეღო და დანარჩენსაც მოგვიძიებდნენ. მე რომ ყუთი წამომეღო, სავაჭრო კოდი მოეხსნებოდა და დაეწერებოდა _ ჩაბარებული. გავხდი კარგად ორგანიზებული, სქემატური დანაშაულის მსხვერპლი, რომელიც მაღალი პოლიტიკური ფიგურების ხელდასხმულია. სხვაგვარად, დაბალი რანგის პოლიტიკური ფიგურები ვერ გაბედავდნენ, თვალი დაეხუჭათ დანაშაულზე. თქვენ წარმოიდგინეთ, შს გენერალურმა ინსპექციამაც დახუჭა თვალი მისი უფროსების მეთაურობით, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ. _ პოლიციაში იჩივლეთ? _ ერთ-ერთ უფროსს, შოთა ტუღუშს ვესაუბრე, რომელზეც მარღანიამ მითხრა, რომ ის აგვარებდა ასეთ საქმეებს. ამ ადამიანთან არაფერი გამოგვივიდა და მათ გენერალური ინსპექციის თანამშრომელს, ვინმე ნიკას მივმართეთ. მან გვითხრა, _ ოფიციალურად მომმართეთ, ალბათ, ამ საქმეს გამოძიება დასჭირდება, ყუთი მართლაც გახსნილიაო. ჩვენთან ასეთი საუბარი მას ძვირი დაუჯდა, მეორე დღესვე გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ეს საქმე დააწერეს რეკლამაციის სამსახურს. იქიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ჩვენ გამო ისინი გვიანობამდე მუშაობდნენ და აინტერესებდათ ერთადერთი რამ, _ ქვითარი ხომ არ ჩამომიტანია ჩინეთიდან? ქვითარი ჩვენ არ გაგვაჩნდა, რადგან ეს ტვირთი გამოგვიგზავნა არა მაღაზიამ, არამედ ქარხანამ. რაღაცით უნდოდათ საქმის ჩაფარცხვა და მას შედეგ ყველა ამ ქვითარს ითხოვს. ეს სისხლის სამართლის საქმე ახლაც თითქოს წარმოებაშია, სინამდვილეში კი ჩაფარცხულია. საქმეზე მივმართეთ საბაჟოს, რომელმაც არ გვიპასუხა, ასევე პოლიციას. რამდენიმე ხელმძღვანელ პირს შევხვდით. მათ გვითხრეს, რომ საქმე გვაქვს დატაცებასთან, რადგან თქვენი ტვირთი ფოსტაში გაქრა, ამიტომ განცხადებით მოგვმართეთო. განცხადებაც დავწერეთ და ყველა მიმოწერა თუ საუბრის ჩანაწერი გადავეცით. ამით საქმის წარმოება გავუადვილეთ. პოლიციის მაღალჩინოსნებთან საუბრების შემდეგ ეჭვი გამიქრა, რომ შეიძლება ეს ტვირთი გამოგზავნილი არ ყოფილიყო. საქმე მთაწმინდის პოლიციიდან ისანი-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილბაში გადაგზავნეს, რომელსაც მაშინ ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობდა, გამომძიებელი კი ნონა ბერეჟნოვა იყო, რომელიც იგივენაირი რიხით საუბრობდა, როგორც მთაწმინდის პოლიციის მაღალჩინოსნები, მაგრამ შემდგომ როცა იმის დადგენა მოვითხვეთ, ტვირთი საბაჟოს გამოვლისას ვინ მიიღო და პირველად ხელი ვინ მოჰკიდა, იყო თუ არა პრობლემური ტვირთი და ა. შ., ეს რიხი დაეკარგა. იგივე კითხვებს ვუსვამდით საბაჟო სამსახურს. ბოლოს საბაჟოზე გვითხრეს, რომ გამომძიებელმა ქალბატონმა დარეკა და უთხრა, ჩვენს კითხვებზე პასუხები არ უნდა გაეცათ. მივიღეთ ბუნდოვანი პასუხი: მხოლოდ საქართველოს ფოსტა იძლევა პასუხს ამ კითხვებზეო. ექსპერტიზის ჩატარება მოვითხოვე, თუ როგორ შეიძლებოდა ტვირთის ყუთიდან ამოღება, მაგრამ პოლიციის მესამე განყოფილების უფროსის მოადგილე შალიკაშვილმა კანცელარიის წინ მითხრა, _ თქვენს განცხადებას ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე რეზოლუცია მე უნდა დავადო და არ დავადებო. გამომძიებელმა ბერეჟნოვამაც, იმის შემდეგ, რაც დავალება მიიღო, მითხრა, _ „ატვეჩაი“ ვარ, საქმე არ აღიძვრებაო. ლაგოდეხის რადიოში მიმიწვიეს და იქ დავაანონსე, რომ სქემატურ დანაშაულებზე ვისაუბრებდი, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის შინაგან საქმეთა სისტემაში მოკალათებულ ადამიანებს-მეთქი. ჩამოვედი თუ არა, ყუთი ექსპერტიზაზე გაიტანეს და დაადგინეს, რომ მართლაც გახსნილი იყო. ამის შემდეგ მოვითხოვე დაკითხვა საბაჟოსა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლებისა და შოთა ტუღუშის. იერუჩნიკოვის დაკითხვის დროს იქ გამოჩნდა მელოტი ადამიანი, რომელიც პოლიციის შენობაში გადაადგილდებოდა. ეს გახლდათ ზვიად ჯანყარაშვილი _ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის იმდროინდელი უფროსი. გაგიგონიათ, ამ რანგის ადამიანი ესწრებოდეს ერთი უბრალო კაცის დაკითხვას, რომელიც საქართველოს ფოსტაში ტვირთების დახარისხებას აწარმოებს? ახლა გეტყვით, რატომ გადააგზავნეს მთაწმინდიდან ეს საქმე ისანში: 182-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილის „დ“ და „ბ“ პუნქტებით _ დატაცებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე გახადეს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი. იმ საღამოს, როცა ჯანყარაშვილი პოლიციის შენობაში იმყოფებოდა, პოლიციის უფროსმა მითხრა: იქნებ აქ არ არის დანაშაულიო? ეს ხდება მას მერე, რაც ექსპერტიზამაც დაადგინა, რომ ყუთი გახსნილი იყო. ანუ ჯანყარაშვილის პოლიციაში გამოჩენის შემდეგ საეჭვოდ შეიცვალა სიტუაცია. მანამდე შს გენერალურ ინსპექციაში შევხვდი თანამშრომელ გიორგი მამაცაშვილს,  მას ეს გაყალბების ფაქტები ვაჩვენე. გაყალბებას მაფიქრებინებს ბევრი რამ: საქმე გადაიგზავნა მთაწმინდიდან ისანი-სამგორში; მუხლი შეცვალეს ისე, არავის არაფერი გააგებინეს; ვითომ დახმარების მიზნით ჩინეთში გაგზავნეს დოკუმენტები, სინამდვილეში კი მოხდა ის, რომ როცა სასამართლოს ამის მოთხოვნით მიმართეს, მოსამართლემ უარი უთხრა და ჩინეთში არაფერი გაუგზავნიათ. მიუხედავად ამისა, თბილისის პროკურატურაში ამ საქმის ზედამხედველი პროკურორი ურცხვად მატყუებდა. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, როცა გაყალბებას მორჩნენ, საქმე დაიკარგა და ძლივს მოვძებნე ძველი თბილისის პროკურატურაში. ოფიციალური წერილი მაქვს, რომ ჩინეთში გაგზავნილია მოთხოვნა დახმარების შესახებ და პასუხს ელოდებიან, სინამდვილეში კი ეს არ მომხდარა. ჩინეთში ჩვენ ურთიერთობა გვქონდა იმ კომპანიასთან, ვისგანაც ეს პროდუქცია შევიძინეთ. ეს არის ქალბატონი ელენა სიუ, რომელთანაც დღეს მიწერა არ შემიძლია და ისიც ვერაფერს მწერს. იმის გამო, რომ საქართველოს ფოსტა განაგებს მიმოწერებს, ჩვენ კავშირი გვიწყდება. ესეც გამოძიების საგანი უნდა იყოს, რაც არ ხდება. ამერიკის საელჩოშიც შევიტანე განცხადება ამ საქმის გამო, მაგრამ პასუხი არც იქიდან მიმიღია, რაც წარმოუდგენელია! თავდაპირველად ადგილზე მივიტანე განცხადება, რომელიც გაქრა, მერე კი მეილით გადავუგზავნე, თუმცა დღემდე განუხილველი დევს. _ ამ ყველაფერს ვინ აკეთებს, ისევ „კახურ კლანზე“ გაქვთ ეჭვი? _ დიახ, ამას აკეთებენ ისინი! დამემუქრნენ და ეს მუქარა აასრულეს კიდეც. ყოველივე ამაზე შევატყობინე შს გენერალური ინსპექციის უფროს გოგაშვილს, რომელიც დღეს უშიშროების მინისტრის მოადგილე გახლავთ. მის დასაც მივწერე და ვთხოვე, ეცნობებინა ძმისთვის. ისინი სოფელში ჩემი მეზობლები არიან და კარგად მიცნობენ. მამაჩემი მათი მასწავლებელი იყო. გოგაშვილმა დამიბარა, შემოიტანოს განცხადება და კონტროლზე ავიყვანო, არადა, უამრავი განცხადება იდო ამ სამსახურში. რომ არა მაღალი თანამდებობის პირების ინტერესი, ეს საქმე დღემდე გაუხსნელი არ იქნებოდა და სამართალდამცველებიც არ შემოიფარგლებოდნენ ასეთი აბსურდული პასუხებით. რომ არა „კახელების კლანის“ გავლენები, საქმის მასალები ვერ გაყალბდებოდა და ა. შ. ეს არის სამ დღეში გამოსაძიებელი საქმე და ნორმალურ ქვეყანაში, აქამდე, ყველა დამნაშავე დაკავებული იქნებოდა. უარესსაც გეტყვით: საგარეო საქმეთა სამინისტროში ვინმე გიორგი ინწკირველმა მითხრა: ჩვენმა ელჩმა, თურმე, ჩინეთში ჰონ-კონგის ბანკი ვერ იპოვა, სადაც ფული გადავრიცხე. ასეთი რამ დასაჯერებელია, მაგრამ როცა საქმე დიდი გავლენებისა და თანამდებობის ადამიანების ინტერესებს ეხება, ყველაფერს ამბობენ და ყველაფერი ხდება. რომ არა „კახელების კასტა“, რომ არა მათი მუქარა, ეს საქმე გახსნილი იქნებოდა, ან საერთოდ არ მოხდებოდა. იმედი არ მაქვს, ამ ხელისუფლების პირობებში ეს საქმე გაიხსნება და მიღებულ ზარალს, რომელიც 50 ათასზე მეტია, ავინაზღაურებ, მაგრამ, ალბათ, მოვა დრო, ხელისუფლება შეიცვლება და ჩემს სიმართლესაც მიეცემა ძალა. ადრე თუ გვიან, ყველაფერს აეხდება ფარდა და დამნაშავენი აუცილებლად დაისჯებიან, რადგან მე არც ერთ ზეწოლის ფაქტს უყურადღებოდ არ დავტოვებ და ხელს არ ჩავიქნევ მასზე! „ქრონიკა+“ ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს ფოსტას დაუკავშირდა. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნია ქირიამ, დავასთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს ფოსტის იურიდიულ სამსახურში გადაამოწმა, მაგრამ მოგვიანებით გვითხრა, რომ ისინი აღნიშნულ საკითხზე საქმის კურსში არ იყვნენ. „ქრონიკა+“ შს სამინისტროს პრესსამსახურსაც შეეხმიანა. რა თქმა უნდა, დაგვპირდნენ ინფორმაციის მოწოდებას, მაგრამ შემდგომ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.  

                                                                                                    ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება