ხუთშაბათი, 01 მაისი, 2025
2025-05-01 10:17:24
გიორგი საკარული
რეპრესიები გრძელდება, თუმცა ზეწოლისა და ბევრი სხვა შეზღუდვის მიუხედავად, საბრძოლო განწყობას ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის „ახალი თეატრის“ მსახიობები მაინც არ კარგავენ. თუ აქამდე თეატრის დასი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის განთავისუფლებას მოითხოვდა, ახლა დავით დოიაშვილის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე დაბრუნებას ითხოვენ. ადამიანი, რომელიც განვითარებასა და თავისუფლებას აძლევდა ყველას, დღეს თეატრის მიღმა დარჩა და როგორც მსახიობი ნანა ბუთხუზი ამბობს, სწორედ ამ კუთხით გაჩერდა „ახალი თეატრის“ განვითარება.
თავისუფლება და გულწრფელობა _ ეს არის ის ორი რამ, რაც აერთიანებს „ახალი თეატრის“ დასის წევრებს ერთმანეთთან და თავის მაყურებელთან. „ხალხი ჩვენით იყო და არის დღემდე მადლიერი, მადლობებს გვიხდიან იმისთვის, რომ ასეთი მხარდაჭერა და გვერდში დგომა შეგვიძლია“, _ უთხრა „ქრონიკა+“-ს მსახიობმა ნანა ბუთხუზმა:
_ ქალბატონო ნანა, საუბარი დავიწყოთ „ახალი თეატრით“, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღეს ყველა თანხმდება, რომ თქვენმა თეატრმა მოახერხა და მაყურებელი დააბრუნა თეატრში.
_ დიახ, ნამდვილად დაბრუნდა მაყურებელი და ეს არ მომხდარა „ახალი თეატრიდან“, უფრო ადრე ძველი თეატრიდან დაიწყო და თეატრში დაბრუნდა არა მარტო უფროსი ასაკის ხალხი, არამედ ის ახალგაზრდები, რომლებიც თეატრში არ დადიოდნენ. გვქონდა პატარა წყვეტა, რადგან პანდემიის გამო გავჩერდით, შევიცვალეთ მისამართი და შენობა. სიმართლე გითხრათ, ცოტა ვღელავდით იმაზე, თუ რამდენად გამოგვყვებოდა მაყურებელი.
_ გარდა ამისა, თეატრის შენობას საკმაოდ დიდი ხანი უტარდებოდა რესტავრაცია.
_ იმიტომ, რომ შენობა წლების მანძილზე იყო სავალალო მდგომარეობაში, ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მთლიანად გარემონტდა, სრულად ტექნოლოგიურად გაიმართა სცენა. ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგა დოი (დათო დოიაშვილი). მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მაშინაც კი, როდესაც გაჩერებული იყო ყველა თეატრი, ჩვენ არ გავჩერებულვართ, რადგან პანდემიის მერე მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარვმდგარიყავით ახალ სივრცეში, ახალი თეატრით. შესაბამისად, წამოვიდა ეს ფრაზაც „ახალი თეატრი“ და რომ ვღელავდით, რამდენად გამოგვყვებოდა მაყურებელი ამ წყვეტის მერე, მოხდა ისე, რომ პირიქით, უფრო და უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდა.
_ ასეთი დიდი მოთხოვნა ამ მონატრებამ გამოიწვია თუ იმ სიახლემ, რაც შესთავაზეთ მაყურებელს?
_ არ ვიცი, ეს რამ გააკეთა, მაგრამ, ალბათ, მონატრებაც იყო, რადგან იყვნენ მაყურებლები, რომლებსაც ძალიან ვენატრებოდით, იმიტომ რომ ურთიერთობებს ამყარებდნენ ჩვენთან სოციალურ ქსელებსა თუ პირად მიმოწერებში. წერილებს გვწერენ მსახიობებს, ცალკე თეატრსაც. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურ რეალობაზე დაყრდნობით ვამბობ, რომ მათ ერთი სული ჰქონდათ და აქვთ, როდის დავდგებით სცენაზე.
_ აღსანიშნავია, რომ „ახალი თეატრი“ არის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი იმათგანი, სადაც რამდენიმე კვირით ადრე იყიდება ბილეთები.
_ სამი თვით ადრე იყიდება ხოლმე. პრემიერა რომ დაანონსდება, ორი-სამი თვით ადრე უკვე ბილეთები გაყიდულია. ეს ყველაფერი კი მეტ პასუხისმგელობას გვმატებდა ხარისხის თვალსაზრისით. ჩვენ გამოვირჩევით კიდევ იმით, რომ უდიდესი პატივისცემა გვაქვს მაყურებლის მიმართ. ჩვენ მათ ვემსახურებით, მათთვის ვართ ჩვენ. ჩვენ ვართ ერთნი. ვეხებოდით ისეთ თემებს, რომლებიც ხალხისთვის იყო აქტუალური და მნიშვნელოვანი, იმიტომ უწევდა გული და სული მაყურებელს ჩვენს თეატრში.
_ რა არის ის თემა, რის ირგვლივაც „ახალი თეატრი“ ტრიალებს?
_ თავისუფლება! თავისუფლებისა და გულწრფელობის თემა. ნებისმიერ როლში, რასაც ვასახიერებდით, იყო თავისუფლება. რამდენადაც გულწრფელი ხარ, მით უფრო სჯერათ შენი. ნამდვილ სიწრფელეზე ვსაუბრობ და არა იმაზე, რომ ჩვენ რაღაცას ვთამაშობთ. არასდროს მქონდა შეგრძნება, რომ რაღაცას ვთამაშობდი. მე ვცხოვრობ იმ მომენტში, იმ წამს და ეს ყველაფერი ცოცხალია, ნამდვილია. არაფერს გეთამაშები, არაფერს გატყუებ, უბრალოდ, ამ ხერხით გიყვები რაღაც ისტორიას.
მე თუ მჯერა, როგორც მსახიობს და ვიცი, რაც მინდა, ამით გაგრძნობინებ სიყვარულს, სიკეთეს, თავისუფლებას, ერთგულებას, სოლიდარობას, ტკივილს და ყველაფერს, რაც გვაწუხებს ცხოვრებაში. ამაზე როცა გულწრფელად ფეთქავს გული, სიყვარულის პრობლემა იქნება, ერთგულების თუ ნებისმიერი სხვა საკითხის, მერე მაყურებელიც მოგყვება და მასაც სჯერა, ერთიანდება დასი და მაყურებელი. ეს ისეთი ჯადოსნური შეგრძნებაა, რომ ხშირად მაყურებელმა შეიძლება ვერ გაიგოს, რა მოხდა კონკრეტულად _ იმდენი რამე ხდება ხოლმე ჩვენს სპექტაკლებში ერთდროულად, შეიძლება ყველაფერი დეტალურად ვერც აღიქვა, ბევრი კითხვის ნიშანი რჩება და უნდება, კიდევ ხელმეორედ ნახოს, რა ვერ გაიგო და უფრო ღრმად შევიდეს თემაში.
_ რა ხდება დღეს „ახალ თეატრში“, რა გზას გადიხართ?
_ ახლა რასაც ვყვები ასეთი ემოციით, ღიმილით და რომ ტრაგედიაში არ ვვარდები, პირიქით, უფრო მეტი ბედნიერება მაქვს შინაგანად და მეტი რწმენა გამიჩნდა რაღაცების მიმართ, ეს ყველაფერი არის ჩვენი ხელმძღვანელის, დათო დოიაშვილის დამსახურება, რადგან მას რომ არ მოეცა ამის საშუალება, ჩემთვის, როგორც ნანა ბუთხუზისთვის, მე ამას ვერ შევძლებდი. ჩვენ ერთმანეთს ვაცოცხლებდით და ვამხნევებდით მაყურებელთან ერთად. ვიწყებდით ყოველ ახალ სამუშაოს ნულიდან. თითქოს ახლა ვდგამდით პირველ ნაბიჯებს, ახლიდან დაბადების ტოლფასი იყო თითოეული ახალი სამუშაო. ეს არ არის მხოლოდ სპექტაკლში თამაში და სამსახური, ეს არის ჩვენი მთელი ცხოვრება, სუნთქვა და ამ სუნთქვას ვაგრძელებთ დღესაც. ეს სუნთქვა არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ერთადერთი ის არის, რომ აღარ გვყავს ის ადამიანი, რომელიც ამხელა განვითარებასა და თავისუფლებას გვაძლევდა, რომ ფრენა შეგვძლებოდა და რწმენა გვქონოდა იმისა, რომ ჩვენ შეუძლებელს შევძლებდით. გაჩერდა ამ თეატრის განვითრება ამ კუთხით. ჩვენ მსახიობები ხომ ვერ ვიზამთ იმას, რასაც დოი აკეთებდა!
_ თუმცა დოის განთავისუფლებამდე თქვენ გაჩერებულები იყავით.
_ რა თქმა უნდა, რადგან ჩვენი რეპრესიები დაიწყო 29 ნოემბერს, როდესაც გიორგი ბახუტაშვილი დაიჭირეს, _ ადამიანი, რომელიც აქციაზე მყოფ დაზარალებულებს ეხმარებოდა და სამართალდამცველის ფუნქციას ასრულებდა, ფაქტობრივად. ეს იყო პირველი შოკი ჩვენთვის და ამ პირობებში ვერანაირად ვერ გავაგრძელებდით მუშაობას, სპექტაკლებს ვერ ვითამაშებდით, ამიტომ ეს პროცესი ბუნებრივად შეჩერდა და არა ხელოვნურად. შემდეგ დაიწყო გაფიცვა, 5 დეკემბერს დაიჭირეს ანდრო ჭიჭინაძე, დაიჭირეს სისხლის სამართლის მუხლით. ადამიანი, რომელსაც მართლა არაფერი დაუშავებია. ასეთი კეთილშობილი ადამიანი ბევრი არ მინახავს და როგორ უნდა მოვქცეულიყავი მე, გარდა იმისა, რომ უნდა მომეთხოვა მისი განთავისუფლება. ხალხი ჩვენით იყო და არის დღემდე მადლიერი, მადლობებს გვიხდიან იმისთვის, რომ ასეთი მხარდაჭერა და გვერდში დგომა შეგვიძლია.
_ გავიდე დღეები, გააგრძელეთ უწყვეტი პროტესტი, დაიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, ყველა დიდ ქალაქში დასი გავიდა, თუმცა ანდრო და სინდისის სხვა პატიმრები დღეს ისევ დაჭერილები არიან. ამას თან დაერთო დოის განთავისუფლება დოიაშვილის მეგობრის, აწ უკვე კულტურის მინისტრის ხელით. როგორ შეაფასებდით?
_ დიახ, მეგობარი, რომელიც კულტურის მინისტრია, რომელიც ამ შემთხვევაში ემორჩილება პარტია „ქართულ ოცნებას“ და არა _ სახელმწიფოს. ეს არის ჩემი აღქმა, ჩემი მოკრძალებული აზრი. ის არ არის თავისუფალი ამ გადაწყვეტილებაში, რადგან ის რომ თავისუფალი ყოფილიყო, ვეჭვობ, ეს გადაწყვეტილება მიეღო და, ზოგადად, ეს ქვეყანა თავისუფალი რომ ყოფილიყო, ანდროც არ იქნებოდა ტყვე. ნახეთ, როგორი ჯაჭვია. ჯერ კიდევ 2019 წელს ე. წ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს რომ გავრილოვის ღამე ვაპატიეთ და ისევ პრემიერ-მინისტრია დღეს, სწორედ ამის შედეგია ის, რაც მოხდა 28-ში, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა. მე პირადად, როგორც ნანა ბუთხუზს, უკვე აღარაფერი მიკვირს. ყველაფრის მოლოდინი მაქვს ამათგან. ეს ყველაფერი დაიწყო ირაკლი კობახიძემ და ირაკლი კობახიძეს ვინ მართავს? _ ივანიშვილი! ანუ შესაბამისად რა გამოდის, ვინ არის მთავარი რეჟისორი? _ რა თქმა უნდა, ივანიშვილი.
თეა წულუკიანი იყო კულტურის მინისტრი, როდესაც მან გიზო ჟორდანიას შემოქმედებით საღამოზე გააკეთა განცხადება გადადგომის თაობაზე და წარმოთქვა ასეთი სიტყვები: „მეც თქვენსავით მსახიობი ვარ, ახლა მე მივდივარ, აღარ შევასრულებ ამ როლს და დაველოდები იმ როლს, თუ რას შემომთავაზებენ. ჯერ არ ვიცი, რა როლი მექნება“. ანუ არსებობს ვინმე რეჟისორი, რომელიც როლებს ანაწილებს და ესენი არიან მსახიობები, რომლებიც ამას თამაშობენ, ანუ ის გულწრფელი არ არის. ისინი თამაშობენ და მე კი არ ვთამაშობ, მე ვცხოვრობ, _ აი, ეგ სხვაობაა ჩვენ შორის. მათ ჰგონიათ, რომ ეს დაწესებულება და ეს ქვეყანა არის საროსკიპო და როცა უნდათ მოვლენ, რათა დაიკმაყოფილონ თავიანთი ამორალური ვნებები. ჩვენთან ამორალურ ვნებებს ვერ დაიკმაყოფილებთ, რადგან ეს საროსკიპო არ რის. აი, ეს ვთქვით ჩვენ და დავიცავით ჩვენი ღირსება, უფლებები და ადამიანები ჩვენ გარშემო. ამის გამო მოგვიხსნეს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც მართავს ამ თეატრს, რომლის გარეშეც ჩვენ სუნთქვა არ შეგვიძლია და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ის გვიყვარს, ჩვენი ნაწილია, ყველაფერში ერთნი ვართ და ასე მოვდივართ წლები. ზუსტად ამ ერთობამ და სიყვარულმა მოგვიყვანა იმ წარმატებამდე, რამაც მაყურებელი მოიყვანა ამ თეატრში. მე დღეს ვამბობ, რომ ჩვენ დოის არ ვუშვებთ და ეს აინტერესებთ, რას ნიშნავს.
_ რას ნიშნავს, დოის არ ვუშვებთ?
_ დოის არ ვუშვებთ ნიშნავს იმას, რომ არ ვუშვებთ იდეას, მიზანს. განვითარებას. იმ გზას, რომელზედაც ვიდექით, კვლავ ვაგრძელებთ.
_ რა მიმართულებით?
_ იდეის კუთხით, აზროვნებისა და განვითარების კუთხით. თითოეული ჩვენგანი ამ თეატრში არის დოი, ჩვენ ვართ დოი და დოის წასვლით არ ვღალატობთ იმ პრინციპს, რაზედაც ერთად ვიდექით. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ.
_ თეატრს რომ დაუნიშნონ ახალი მმართველი და, სავარაუდოდ, ასეც იზამენ, როგორ ფიქრობთ, ითანამშრომლებს თუ არა დასი ამ ადამიანთან ან ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ დოის შემცვლელად სხვა ვინმე?
_ აბსოლუტურად მშვიდად, ყვირილისა და ისტერიკის გარეშე შემიძლია გიპასუხოთ, რომ ასეთი უსამართლო გაშვების ფონზე, თან ასეთი წარმატებული რეჟისორის შემდეგ ვინც დათანხმდება იმ პოზიციას, რასაც ამ თეატრის მმართველი ჰქვია, უკვე მიუღებელია.
_ უშვებთ იმ ფაქტს, რომ დასის სხვა მსახიობები ითანამშრომლებენ ახალ ხელმძღვანელთან?
_ გააჩნია, ვის მოიყვანენ, ეგეც ხომ არის? არ ვიცი, რა მოხდება მერე და ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მე ვიცი ერთადერთი ის, რომ თეატრის დასის უმრავლესობა არის გაერთიანებული ამ თეატრის განვითარების, ცხოვრებისა და სუნთქვის გარშემო დოისთან ერთად.
_ ანუ ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან თანამშრომლობას მაინც არ გამორიცხავთ.
_ ანდრო სანამ არ არის და არ იქნება თავისუფალი, ჩვენ სცენაზე არ ავდივართ _ ნიშნავს იმას, რომ არ გავდივართ სცენაზე, ვინც არ უნდა დაინიშნოს სამხატვრო ხელმძღვანელად. ჩვენ არ ვართ ის ორგანიზმი, რაც არის „ქართული ოცნება“ _ „ქვევრში რასაც ჩასძახებენ, იმას ამოგძახებს“ პრინციპით ჩვენ არ ვმოქმედებთ.
_ თუმცა ეს არის სახელმწიფო თეატრი, აქვს თავისი მოთხოვნები, ვალდებულებები და პროტოკოლი, რომელსაც უნდა ასრულებდეს თეატრი და ამასთან, თქვენ იღებთ ხელფასს...
_ კი, ხელფასს ვიღებთ.
_ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უწყვეტად იღებთ ხელფასს, თეატრის რეპერტუარი არის გაჩერებული. კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც წერია შემდეგი: „თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება და სახელმწიფო პროფესიული თეატრი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ იგი დააფუძნა“.
_ სახელმწიფო ვარ მე! ჩვენ გვეშლება ერთმანეთში მთავრობა, სახელმწიფო და პარტია. შესაბამისად, სახელმწიფო ვარ მე და ისინი არიან პარტიის წევრები. ამდენად, მე ხალხის გადასახადებით მეკუთვნის ის, რასაც წლების მანძილზე ვაკეთებდი და კიდევ მწირია ის, რასაც ვიღებ. მადლობა მითხრან, რომ ამ მწირი თანხის ფონზე ვდებდით იმ ხარისხს, რაც ბევრად ძვირი ღირს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში.
სექტემბერში ჩვენ სეზონი გავხსენით პრემიერით ანდრი ჟოლდაკის „ლურჯწვერათი“, ოქტომბერშიც პრემიერა გვქონდა და ნოემბერშიც უნდა ყოფილიყო პრემიერა. სპექტაკლის შიდა ჩაბარება გაკეთდა და უბრალოდ ვეღარ გაგრძელდა მხოლოდ იმიტომ, რომ ჯოჯოხეთი დატრიალდა ქვეყანაში და გავჩერდით. ჩვენ უკვე სპექტაკლების რაოდენობის შესრულებით, სექტემბრიდან მოყოლებული ნოემბრის ჩათვლით, იმდენი ვითამაშეთ, ზოგს მაგდენი პრემიერა კი არა, სპექტაკლიც არ აქვს წელიწადში. ანუ ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმაზე მეტად გაკეთებული, ვიდრე ისინი ჩვენ გვიხდიან და გვაყვედრიან მერე. გადაჭარბებულად ვმუშაობთ, ჩვენს თეატრს უმწირესი ბიუჯეტი აქვს და, ფაქტობრივად, კომუნალურებს ძლივს ყოფნის ე. წ. სახელმწიფო დაფინანსება.
რეალურად, სახელმწიფო თეატრი ვართ, რომელიც მუშაობს როგორც კერძო თეატრი. სხვათა შორის, ამით თეა წულუკიანი იყო ძალიან კმაყოფილი და სხვა თეატრის ხელმძღვანელებს ყოველთვის მიუთითებდა ჩვენს თეატრზე, რომ მიბაძეთ „ახალ თეატრსო“. უბრალოდ, მეტი ხელშეწყობის ფონზე კიდევ მეტი შეგვეძლო, რომ გაგვეკეთებინა. „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც კი მსახიობები გამოდიოდნენ და ყვიროდნენ, მაგრამ ანდრო არ ყვიროდა. მართლა რევოლუციური მოწოდებებით ყვიროდნენ, საკნების რევოლუციას ახდენდნენ, მაგრამ არცერთი მსახიობი არ დაუჭერიათ და დღეს იჭერენ ანდროს, რომელიც არის ყველაზე უწყინარი ადამიანი და რომელსაც საერთოდ არანირი დანაშაული სახელმწიფოსა და ერის წინაშე არ მიუძღვის.
_ ყველამ კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დიდი ქველმოქმედი ადამიანის იმიჯით და სტატუსით მოგვევლინა. ამასთან, დღეს კარგად ვხედავთ, რომ სწორედ ეს ქველმოქმედი ადამიანი გადაიქცა დიქტატორად და პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა ხელოვან ადამიანებს. რას ფიქრობთ, რის მიღწევას ცდილობს ივანიშვილი? უნდა, რომ დაიმორჩილოს ყველა და ყველაფერი?
_ ახალგაზრდებს ვეღარ მართავს, მას არ ესმის მათი საჭიროების, მას არ აწყობს პრინციპული ადამიანები, რომელთაც ფულით ვერ ყიდულობს. ქვეყანას იმიტომ აქვს კრიზისი, რომ თავად არის კრიზისში. თვითონაც ჩიხშია მომწყვდეული. ის, რაც ჩვენ გვჭირს, მისი პრობლემის გამოა. „ქართული ოცნება“ გაბოროტებული მოვიდა ხელისუფლებაში და დღემდე არ დაამთავრეს ეს შურისძიება. თვითონვე არ ამთავრებენ ამ „ნაცების“ და მიშას ძახილს. რაც შენ ხარ, იგივე გგონია სხვაც და ახლა არის სხვანაირი თაობა, რომელიც მომწონს. ესენი არიან გაბრაზებულები, მაგრამ არ არიან გაბოროტებულები, არ არიან პარტიულები და არიან ძალიან მართლები. ამ ბავშვებს არც „ნაცი“ აინტერესებთ, არც „ქოცი“, არც „ლელო“ და არც სხვა რომელიმე პარტია. მათ აინტერესებთ ამ ქვეყნის განვითარება, წინსვლა და მომავალი. როდესაც მართალი ხარ, როდესაც შენი გადაწყვეტილება სუფთაა, მას მხარს უჭერს და აძლიერებს სამყარო. სულ რომ სპეცრაზმის ჯარი გადაგიდგეს, მაინც გამარჯვებული ხარ.