QronikaPlus
ევროპული გზა საფრთხის ქვეშ – ავტორიტარიზმისკენ გადახრილი საქართველო და ხალხის ბრძოლის მნიშვნელობა

ევროპული გზა საფრთხის ქვეშ – ავტორიტარიზმისკენ გადახრილი საქართველო და ხალხის ბრძოლის მნიშვნელობა

2025-05-10 15:17:25

მიხეილ ხაჩიძე

„საქართველოში პოლიტიკური ვითარება დღითი დღე მძიმდება – „ქართული ოცნების“ რეჟიმი სულ უფრო მეტად ემსგავსება ავტორიტარულ მმართველობას, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს“, _ ფიქრობს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა.

მისივე თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება, ოპოზიციის დევნა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მომავალს.

ამ და სხვა გამოწვევების შესახებ დეტალურად ვესაუბრეთ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას, რომელიც „ქრონიკა+“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს საქართველოს მმართველი რეჟიმის ავტორიტარული ტენდენციების გავლენას ქვეყნის ევროპულ კურსზე.

გრეგოროვა, როგორც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრი, მკაფიოდ საუბრობს ქართული საზოგადოების ბრძოლაზე დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და ევროპული ინსტიტუტების შესაძლო სანქციებზე, თუ ხელისუფლება არ შეცვლის მიმართულებას.

ინტერვიუში გრეგოროვა დეტალურად შეეხო უკრაინის ომს, რომელიც 2022 წლიდან უმძიმეს ეტაპზე გადავიდა. მისივე თქმით, რუსული აგრესია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის დემოკრატიულ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. გრეგოროვა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, სკოლებზე, საავადმყოფოებსა და ინფრასტრუქტურაზე ტერორის ინსტრუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს შიშისა და ქაოსის გავრცელებას. ამავე კონტექსტში მან მწვავედ შეაფასა დონალდ ტრამპის განცხადებები, სადაც ის ამტკიცებს, რომ შეუძლია სწრაფად მიაღწიოს მშვიდობას უკრაინასა და რუსეთს შორის. გრეგოროვას შეფასებით, ეს არარეალურია, რადგან მშვიდობა ვერ მიიღწევა აგრესორის მოთხოვნების დაკმაყოფილებით. „რუსეთის სამხედრო დანაშაულების გათვალისწინებით ნებისმიერი სწრაფი მოლაპარაკება, რასაც ტრამპი გვპირდება, უბრალოდ ფარსია. ტრამპის მიდგომა უფრო პოლიტიკური მანიპულაციაა, ვიდრე რეალური დიპლომატიური გეგმა,“ — აღნიშნა მან.

ევროდეპუტატი გრეგოროვა ისრაელზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება ტერორისტული თავდასხმების წინააღმდეგ, განსაკუთრებით 2023 წლის 7 ოქტომბრის საზარელი მოვლენების შემდეგ. თუმცა ევროპარლამენტარის შეფასებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციები აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. „მეგობარი ქვეყნის მიერ ჩადენილი გენოციდი არანაკლებ მიუღებელია, ვიდრე მტრის მხრიდან. თუ მსოფლიო თვალს დახუჭავს ამაზე, ადამიანის უფლებების კონცეფცია დაკარგავს გლობალურ მნიშვნელობას“, — აღნიშნა გრეგოროვამ. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღიაროს თავისი პასუხისმგებლობა, რათა თავიდან იქნას აცილებული მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოკავშირის მხრიდან ხდება.

ევროპარლამენტარის შეფასებები ცხადყოფს, რომ დასავლეთი ვალდებულია, მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარიზმს.

_ ქალბატონო მარკეტა, დავიწყოთ საქართველოთი – როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ პოლიტიკას?

_ „ქართული ოცნების“ რეჟიმი სულ უფრო მეტად გადადის ავტორიტარულ პრაქტიკებზე, ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას. როგორც ევროპარლამენტის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი, ღრმად შეშფოთებული ვარ, რომ ამ ქმედებებით ხელისუფლება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

_ რამდენად დაშორდა „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპულ გზას?

_ სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად გადაუხვია ევროპულ კურსს, მიიღო კანონები, რომლებიც ავტორიტარული რეჟიმების პრაქტიკას ჰგავს და ზღუდავს ოპოზიციასა და სამოქალაქო მოძრაობებს. საქართველოს ევროპული გზა, რომელიც ოდესღაც იმედით იყო სავსე, ახლა სერიოზული საფრთხის წინაშეა. აუცილებელია, ევროპამ გააგრძელოს ურთიერთობა ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭიროს მას.

_ როგორაფასებთ მიმდინარე საპროტესტო აქციებს? რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობიანი დემონსტრაციები დემოკრატიისთვის?

_ მიმდინარე საპროტესტო აქციები საქართველოს ხალხის ერთგულების გამოხატულებაა დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ. მშვიდობიანი დემონსტრაციები ნებისმიერი ჯანმრთელი დემოკრატიის საფუძველია. როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის დემოკრატიული მოძრაობების აქტიური მხარდამჭერი, მტკიცედ ვდგავარ ქართველი დემონსტრანტების გვერდით. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას სჭირდება ევროპის მხარდაჭერა — ეს არის ქართველი ხალხის დიდი ხნის ნება, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. ეს უდიდესი შთაგონებაა იმ ევროპული ქვეყნებისთვისაც, რომლებიც იბრძვიან მემარჯვენე პოპულიზმისა და პრორუსული ტენდენციების წინააღმდეგ. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება გვახსენებს, რომ ევროპული გზა არის ის, რისთვისაც ღირს ბრძოლა.

_ ევროპამ და დიდმა ბრიტანეთმა უკვე შემოიღეს გარკვეული სანქციები. იგეგმება თუ არა დამატებითი ზომები „ქართული ოცნების“ იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყნის დასავლურ მომავალს ემუქრებიან?

_ ევროპარლამენტში იზრდება მხარდაჭერა მიზნობრივი სანქციების მიმართ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ასუსტებენ. პირადად მე მხარს ვუჭერ უფრო მკაცრ ზომებს, თუ ხელისუფლება გააგრძელებს რეპრესიულ კურსს, რადგან პასიური მიდგომა ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფებების ღალატი იქნება.

_ რა გზავნილი გექნებოდათ ქართველი ხალხისთვის? რას ეტყოდით მათ, ვინც ევროპული და დასავლური მომავლისკენ ისწრაფვის?

_ ჩემი გზავნილი ქართველებისთვის მარტივია: თქვენი ბრძოლა მნიშვნელოვანია. ჩვენ გხედავთ, თქვენ გვერდით ვდგავართ და აღფრთოვანებულები ვართ თქვენი სიმტკიცითა და გამბედაობით. არ დაკარგოთ იმედი! ევროპა ხედავს თქვენს ძალისხმევას და მხარს დაუჭერს ყველას, ვინც დემოკრატიული პრინციპებისთვის იბრძვის, ისე, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში გავაკეთეთ. ჩვენ თქვენს ბრძოლას ევროპული პროექტის სიცოცხლისუნარიანობის ნაწილად აღვიქვამთ.

_ ახლა კი ცოტა უკრაინაზე ვისაუბროთ, – რას ნიშნავს რუსეთის გააქტიურებული თავდასხმები, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ტრამპი აცხადებს, რომ მშვიდობას მიაღწევს?

_ რუსეთის თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე არა მხოლოდ ომის სისასტიკეა, არამედ მიზანმიმართული მცდელობაა, შიში გაავრცელოს და დემოკრატიული სახელმწიფოები დაასუსტოს.

მე, როგორც ადამიანი, რომელიც მუდმივად მოითხოვს  ომის დანაშაულებებზე რუსეთისგან პასუხისმგებლობის აღებას, ამ ქმედებებს ვხედავ, როგორც ნათელ მტკიცებულებას იმისა, რომ დამშვიდება ან სწრაფი მოლაპარაკებები, როგორც ამას ტრამპი გვთავაზობს, არარეალურია. ამჟამად ეს ასევე თავად ტრამპის დაცინვაა, რაც მან ძალიან გვიან გააცნობიერა.

_ რამდენად რეალისტურია ტრამპის პოზიცია? შეუძლია მას მართლაც ომის დასრულება?

_ მშვიდობა არ მიიღწევა აგრესორის მოთხოვნების დაკმაყოფილებით. ნებისმიერი მდგრადი მშვიდობა უნდა ეფუძნებოდეს უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემას და უსაფრთხოების მყარ გარანტიებს — ეს მოითხოვს სერიოზულ დიპლომატიას და არა მხოლოდ წინასაარჩევნო ლოზუნგებს. უკვე ვხედავთ, რომ ტრამპი უკან იხევს თავისი მკაცრი განცხადებებისგან, რადგან მას ასეთი დიპლომატიის უნარი არ გააჩნია.

_ როგორ შეაფასებდით ტრამპის პოლიტიკას ზოგადად? რამდენად ახლოს არის ის დასავლურ ღირებულებებთან?

_ ტრამპის პოლიტიკა ხშირად არ ცნობს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სოლიდარობას — ყველაფერს, რაც დასავლური ღირებულებების საფუძველს წარმოადგენს. ბოლო თვეებში აშკარად გამოჩნდა, რომ მისი მმართველობის სტილი უფრო ახლოს დგას მოსკოვის მეთოდებთან, ვიდრე ევროპაში ნებისმიერ ადამიანთან.

_ როგორ აძლიერებს ევროპა მხარდაჭერას უკრაინის მიმართ?

_ ევროპა განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო დახმარებით, ჰუმანიტარული პროგრამებითა და რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებით. ევროპარლამენტში მე მხარს ვუჭერ ინიციატივებს, რომლებიც ამყარებს ადამიანის უფლებების დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოებას უკრაინაში.

_ დაბოლოს, ისრაელზე გკიხავთ, —  მხარს უჭერთ ისრაელს?

_ მჯერა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება ტერორისტული თავდასხმების წინააღმდეგ, როგორიც იყო 2023 წლის 7 ოქტომბრის საზარელი მოვლენები. თუმცა, როგორც ევროპელი კანონმდებელი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ემხრობა, ვფიქრობ, ნებისმიერი საპასუხო ქმედება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ვემხრობი დაბალანსებულ მიდგომას, რომელიც იცავს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს.

 

 

გაზიარება