QronikaPlus
რატომ სურს „საქართველოს ფოსტას“ ბაზრიდან სხვა გადამზიდავების გაყრა?

რატომ სურს „საქართველოს ფოსტას“ ბაზრიდან სხვა გადამზიდავების გაყრა?

2016-03-11 08:04:20

სხვადასხვა დარგში მონოპოლიები ქვეყნის განვითარებისთვის რომ დამღუპველია, ეს არახალი ამბავია. მიუხედავად ამისა, საქართველოს ფოსტა ისეთ კანონპროექტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც სხვა გადამზიდავებს („თი-ენ-თი“, „დი-ეიჩ-ელი“...), პრაქტიკულად, კურიერული საქმიანობის შეწყვეტა, ქვეყნის დატოვება მოუწევთ. ამიტომ ევროკომისიის თანამშრომლების შეფასებით, მთლიანად კანონპროქტი უპრეცედენტოა და ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. ამბავი იმით დავიწყოთ, რომ საქართველოს ფოსტის ოფიციალური ბარათის მიხედვით, 2012 წელს მისი წმინდა მოგება, რომელიც მისცა სახელმწიფოს, როგორც მეპატრონეს, არის შვიდი მილიონ შვიდას ოთხმოცდა შვიდი ათას ორას ორმოცდაორი (7 787 244) ლარი. 2013 წელს გადაზიდვების ბაზარი არ შეცვლილა, არაფრით გაუარესებულა, არც რაიმე სერიოზული ინფლაციური რყევები ყოფილა, მაგრამ 2013 წელს ეს მოგება გაქრა და მხოლოდ 494 ათასია აღნიშნული 7 მილიონ 787 ათასიდან, ანუ თითქმის რვა მილიონის მოგება უცებ 400 ათასზე ჩამოვიდა. კაცმა არ იცის, სად წავიდა ეს 7 მილიონი. იმის გამო, რომ ფოსტა სახელმწიფოს კუთვნილებაა, ანგარიშვალდებულია, საკუთარ ვებგვერდზე ფინანსური დოკუმენტაცია გამოკრული ჰქონდეს. დღესაც მის ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, ფინანსური მხარე ცარიელია და წერია, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ეს რეორგანიზაცია უკვე ორი თუ სამი წელი გრძელდება და აღნიშნული დღეს არ დაუწერიათ. ამ თემაზე „ტელეობიექტივის“ ფილმის მერე გაირკვა, რომ 2014 წელს 494-იანი მოგებაც აღარ აქვთ და ეს მაჩვენებელი უკვე ნულის ტოლია. ფაქტობრივად, ორ წელიწადში ეს რვამილიონიანი მომგებიანი საწარმო გაკოტრდა. ამბობს, მოგება საერთოდ არ მაქვსო. გარდა ამ შვიდი მილიონისა, ფოსტაში 55 მილიონი სახელფასო ფონდი იყო. ეს ფონდი 47 მილიონი გახადეს. ძალიან ბევრი თანამშრომელი დაითხოვეს. ეს რვა მილიონის ეკონომია, რომელიც საწარმომ მიიღო (საკითხავია, თანამშრომლები რამდენად კანონიერად დაითხოვეს), ასევე გაქრა. ანუ მანამდე გამქრალ შვიდ მილიონს სავსებით შეიძლება 8 მილიონიც დავუმატოთ, რადგან დღესაც არავინ უწყის, სად წავიდა აღნიშნული ფული. თავისი ხელფასები, კი ბატონო, მოიმატეს და საკმაოდ დიდი ანაზღაურება აქვთ. მაგალითად, საქართველოს ფოსტის საკუთრებაში მყოფი ლატარიის კომპანიის დირექტორს (რომელიც ამავე ფოსტის დირექტორიცაა) 6-ათასლარიანი ხელფასი აქვს. უკვე დიდი სკანდალებია, საქართველოს ლატარიის კომპანია გაუქმებულია, _ სიუჟეტებიც იყო, რომ გადასახადებს ვეღარ იხდის და ა. შ. ასეთი საწარმოს დირექტორს კი 6 ათასი ლარის ხელფასი აქვს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ფოსტის მენეჯმენტმა (და არა ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც ეს ოფიციალურ ვერსიაში არის ნათქვამი), წარმოადგინა პროექტი, სადაც ამბობენ, რომ ფოსტას ფული არ ჰყოფნის მომსახურების განსახორციელებლადო. ამიტომ ამ ბაზარზე მოთამაშე სხვა კომპანიები კანონიერად უნდა შევზღუდოთ და მონოპოლისტები უნდა ვიყოთო. ფაქტობრივად, ასეთი შინაარსის კანონპროექტი მოამზადეს. რით ხსნიან ამას? ამბობენ, რომ ეს ვალდებულებაა, უნივერსალური მომსახურება მივაწოდოთო. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ამას სახელმწიფო გვავალდებულებს და აბა, ჩვენ რა ვქნათო? ახლა, რა არის ეს უნივერსალური მომსახურება? სხვათა შორის, მისი განმარტება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში, 99-ე მუხლში წერია. სახელმწიფო ვალდებულია, მე, თქვენ, ყველა მოქალაქეს გაუხადოს ხელმისაწვდომად მარტივი, ელემენტარული საფოსტო მომსახურება, რომელიც ძალიან შეღავათიანი უნდა იყოს, მაგრამ ეს მომსახურება უნდა იყოს ელემენტარული, საბაზისო. ანუ მიხვედით, ყუთში წერილი ჩააგდეთ და ის წავიდა. თქვენ არც ელექტრონულად იცით, ეს სად წავიდა, არც ის, თუ ვის ჩაბარდა და ა. შ. ეს არის ელემენტარული, იაფიანი სერვისი. სახელმწიფოს მხოლოდ ეს ვალდებულებ აქვს. ამაზე მეტი ვალდებულება სახელმწიფომ რომ აიღოს და ეს სერვისი დააფინანსოს, ასეთი რამ არ გვხვდება არც გერმანიაში, არც შვედეთში _ სოციალურად ყველაზე ორიენტირებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობაზე მაქსიმალურად ზრუნავენ. საქართველოს ფოსტა კი ამბობს, არაო, _ უნივერსალური მომსახურება მარტო ეს არ არის, სახელმწიფომ კურიერული მომსახურების ვალდებულებაც კი თავის თავზე უნდა აიღოსო. მათ შორის დაჩქარებული წერილი (ერთ დღეში რომ უნდა ჩაბარდეს), ექსპრესწერილები და მისთ. არსად სხვა ქვეყნებში ასეთი დამატებითი საფოსტო მომსახურებები არ არსებობს. ეს უპრეცედენტო ამბავია. ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში, სადაც ბავშვისთვის აუცილებელი ოპერაცია ვერ გაგვიკეთებია და ინტერნეტი სავსეა დახმარების მთხოვნელებით, საქართველოს ფოსტა და ეკონომიკის სამინისტრო გამოდის ინიციტივით, რომ უნივერსალური მომსახურება იყოს საკურიერო მომსახურებაც, დაჩქარებულიც და ეს ყველაფერი უნდა დავასუბსიდიროთო. სხვათა შორის, სახელმწიფომ, იმ მენეჯერის სახით, რომელსაც თვეში 22 ათასი ლარის ხელფასი აქვს (ფოსტის დირექტორი) ეს ყველაფერი ვერ დათვალა. ხომ წარმოგიდგენიათ, ვერ დათვალა, რა უჯდება ეს საფოსტო მომსახურება თითო მოქალაქეზე? წელიწადში რა ჯდება აღნიშნული მომსახურების მიწოდება! ამისთვის სახელმწიფომ კიდევ დამატებით 102 ათასი დოლარი გადაიხადა. ტენდერები ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზეა გამოკრული. იქ წერია, რომ პირდაპირი შესყიდვით  აუდიტორული კომპანია „ქეი-ფი-ემ-ჯი“ დაიქირავეს, 102 ათასი დოლარი გადაუხადეს და უთხრეს, _ დამითვალეთ, თუ რა ჯდება უნივერსალური მომსახურება, რომ მერე მის მიხედვით ბაზრის რეფორმირება მოვახდინოო. კი ბატონო, მაგრამ როგორ უნდა დათვალოს ეს უნივერსალური მომსახურება? ამიტომ „ქეი-ფი-ემ-ჯიმ“ მოსთხოვა, _ რას ჰქვია უნივერსალური მომსახურება, განმიმარტე და მერე მე დავთვლიო. რა უპასუხა საქართველოს ფოსტამ? მარტივი მომსახურება დათვალე, ქვეყანას ძვირი არ დაუჯდესო. ის კი არა, ყველაზე ძვირიანი მომსახურება დაათვლევინა, რაც არც ერთი ქვეყნის მომსახურებაში არ შედის _ ექსპრესგზავნილები, კურიერული მომსახურება და სხვ. ამ ყველაფერს დაარქვა უნივერსალური მომსახურება და ასე დააანგარიშებინა. რასაკვირველია, თანხა ძალიან დიდი გამოვიდა. და ახლა საქართველოს ფოსტა ზემოაღნიშნული კანონპროექტის ინიცირებით სახელმწიფოს ვალდებულებას ჰკიდებს, რომ დაეთანხმოს, ნამდვილად მე ვარ ვალდებულიო. უკაცრავად და, სადღაც თუ ვიღაცას ეზარება ფოსტის შენობამდე მისვლა, სახელმწიფო ვალდებულია, მას დაუნიშნოს კურიერის მიბრძანება, წერილის წამოღება და საჩქარო წესით სადღაც ჩაბარება? ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური (ძველი კონტროლის პალატა), სადღაც 8 თუ 9 წელია, საქართველოს ფოსტაში არ შესულა, არ შეუმოწმებია, სად წავიდა ეს 8-მილიონიანი მოგება. ფოსტა გაჰყვირის, ისეთ კანონპროექტს ამზადებს, რომ ბაზრიდან „თი-ენ-თი“ და „დი-ეიჩ-ელიც“ გაიყრებაო. ასოცირების ხელშეკრულებასაც ეჭვქვეშ აყენებს. ამ დროს არავინ კითხულობს, _ ფოსტაში 2012 წელს ამხელა მოგება რომ იყო, სად წავიდა, სად გაქრა? აუდიტის სამსახურს ვალდებულება აქვს, გადასახადების გადამხდელი საქმის კურსში ჩააყენოს, თუ სად წავიდა ჩვენი ფული. ახლა რაც შეეხება კანონპროექტს, თუ რა დაწერეს მასში. საქართველოს ფოსტაში ამბობენ, რომ სხვა გადამზიდავებს არ ესმით, ვერ კითხულობენ, კარგი კანონპროექტია და მისი სიკარგე არავის ესმისო. ამ რეალობის გამო გადამზიდავებიც ადგნენ და წერილი გაგზავნეს ევროკომისიაში. მოგეხსენებათ, ევროკომისია ეკონომიკური პოლიტიკის წარმმართველი ორგანოა, ანუ ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს ასოცირებულ ქვეყნებშიც. იქიდან საპასუხო წერილი მოვიდა, რომელსაც ლუკ დე ვინი აწერს ხელს, ევროკომისიის „დიდი თრეიდის“ დირექტორი, ვისაც აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური რეფორმები ეხება. „დი-სი-ეფ-თი-ეი“ არის ასოცირების ხელშეკრულება, სწორედ მასთან მიმართებით განიხილავენ აღნიშნულ კანონპროექტს. და იქ პირველივე წინადადებაში წერია: ევროკომისიის აზრით, ფოსტის შესახებ კანონის პროექტი პატივს უნდა სცემდეს საქართველოში საფოსტო მომსახურების სფეროს ბაზრის ლიბერალიზაციის არსს; მოქმედი პროექტი ეწინააღმდეგება ამ პრინციპს ქვემოთ მითითებული გზებით. ეს პირველივე წინადადებაში პირდაპირ ხაზგასმულია. მერე „დი-სი-ეფ-თი-ეის“ მიხედვით, საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ არ დააწესებდა შეზღუდვებს საზღვრის გადამკვეთი საკურიერო მომსახურების მიმართ; ანუ სხვა გადამზიდავების („დი-ეიჩ-ელი“, „თი-ენ-თი“) წინააღმდეგ. აიღო ვალდებულება, რომელსაც რეალურად არ ვასრულებთ. როგორც ჩანს, უნივერსალური საფოსტო მომსახურება (რაც ამათ წარუდგინეს), ევროკომისიის აზრით, კანონისმიერ მონოპოლიას ადგენს. ამაში ევროკომისია დანარჩენ გადამზიდავებს ღიად დაეთანხმა, რომ ამ გზით მონოპოლია იქმნებაო. ამაზე საერთო დასკვნაა და მერე კანონპროექტი მუხლებად არის განხილული. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით ბექაპ საფოსტო მომსახურებები, სახმელეთო გზით 20 კგ-მდე ამანათების გატარების უფლება სხვას არავის ექნებოდა. ამას ეუბნებიან გადამზიდავებს. ფოსტის შესახებ საქართველოს კანონზე ევროკომისიის თანამშრომელთა კომენტარებში კი წერია: მუხლი 24.1. აღსანიშნავია, რომ ბექაპ საფოსტო მომსახურებები ასევე მოიცავს საერთაშორისო ამანათებს 30 კგ-მდე, რაც უპრეცედენტოა მსოფლიოში და წარმოადგენს ფართო დათქმას. ანუ ასეთი შეზღუდვა არც ერთ ეტაპზე მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა. ესენი ხომ ამბობენ, ამით ევროპას ვბაძავთ, ადრე 1997 წელს ევროპაში ასე იყოო, ევროკომისიამ კი მოსწერა, რომ არასოდეს 30 კგ-მდე ამანათების შეზღუდვა ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა. საამანათო მომსახურებები, ტრადიციულად, ღია იყო კონკურენციისთვის და მასზე ევროკავშირში დათქმა არ განხორციელებულა. მთლიანად კანონპროქტზე უწერს, რომ ასევე უპრეცედენტოა და ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. ეს „ძვირფასი კანონპროექტი“ პირველსავე წელს შეიმუშავეს. მას შემდეგ ორი წელი გავიდა. ვის აღარ შეხვდნენ გადამზიდავები _ მინისტრს, მოადგილეს, ომბუდსმენს და ა. შ. ბოლო შეხვედრაზე მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ კურიერულ სამსახურებს აღარ ვეხებით, „დი-სი-ეფ-თი-ეი“ აგერ არისო. დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი აწარმოებდა მაშინ „დი-სი-ეფ-თი-ეისთან“ მოლაპარაკებებს და განაცხადა, _ ევროკომისიას ოფიციალურ ვიდეოკონფერენციაზე ვესაუბრე და დავთანხმდი ამ პოზიციას, რომ კურიერული მომსახურება არანაირად არ უნდა შეიზღუდოსო. გავიდა დრო, გადამზიდავებს რომ ეგონათ, პრობლემა გადაწყდა და დაისვენეს (თავისუფლად იმუშავებდნენ), რეალობა სხვა აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ ნამდვილი უნივერსალური მომსახურება დაეთვალათ 102 ათას დოლარად, თუ რა უჭირს საქართველოს ფოსტას და იქ მიეხედათ, ადგნენ და ისევ კურიერული მომსახურება შეიყვანეს უნივერსალურ ფოსტაში. ისევ გაბერეს ხარჯები და ასეთი დასკვნით წარდგნენ სახელმწიფოს წინაშე, _ მოკლედ, ძალიან გვიჭირსო. გადამზიდავებიც ისევ ამ სიტუაციაში არიან. გადამზიდავების ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც ამ სფეროს აქამდე ლობირებდნენ, პოლიტიკიდან წავიდნენ (ჯანყარაშვილის კლანი). თავად ივანიშვილმა იზრუნა მათ წასვლაზე და ეს „ქრონიკა+“-ის დამსახურებაცაა. დღეს მათ სხვები ჩაენაცვლნენ. ისევ გადამზიდავების ინფორმაციით, დღეს ამ სფეროში „გრეჩიხას“ (ლევან გაჩეჩილაძე) კლანი მოქმედებს. ეს კარგად ჩანს თუნდაც იქ მიმდინარე საკადრო პოლიტიკით. ფოსტაში დასაქმებულია ლევან გაჩეჩილაძის შვილი, ფინანსურ დირექტორად რაგბისტი ბიძინა გეგიძეა. შესაბამისად, დარგში აბსოლუტური განუკითხაობაა. რეალურად, ამ კანონპროექტის მიღებას 40 კომპანიის დახურვა მოჰყვება. ამხელა რეფორმა შემოაქვს ბაზარზე და 20-ათასლარიანი ხელფასის მქონე ფოსტის დირექტორი ამბობს, _ არ ვიცი, მომსახურება რა მიჯდება, არ დამითვლიაო. ჯერ სხვები დავხუროთ და დანარჩენზე მერე გეტყვითო. ამას პლუს კომპანიას ფინანსური შემოწმება საერთოდ არ გაუვლია. 8 მილიონი დღისით-მზისით ქრება და ამის ანალიზი არავის გაუკეთებია, თუ სად წავიდა ეს ფული. შეისწავლონ, რას ელოდებიან? რეალურად, იქმნება საკმაოდ დიდი კორუფციული სქემა-მონოპოლია, რომელიც დამღუპველია. ეს ეკონომიკური თეორიის ანი და ბანია. მონოპოლია ღუპავს დარგს, სფეროს, ეკონომიკას, ზოგადად, ქვეყნის განვითარებას, რადგან მონოპოლიის პირობებში არაფერი ვითარდება. გარდა ამისა, მოსახლეობა ცუდ სერვისს იღებს და პლუს ფასებიც მონოპოლიურია. როცა ბაზარზე მარტო ხარ, ფასსაც მხოლოდ შენ ადგენ. ამიტომ ეს მიდგომა დამღუპველია სფეროსთვის და, ზოგადად, საინვესტიციო გარემოსთვის. ქვეყანა არ არსებობს, სადაც „დი-ეიჩ-ელი“ და „თი-ენ-თი“ თავისუფლად არ ფუნქციონირებდეს. მსოფლიოში ერთადერთი თურქმენეთია, საიდანაც ორივე გაყარეს. თუ ვინმე აქედან სწორებას თურქმენეთზე აკეთებს, მაშინ რაზეა საუბარი?! ევროკომისია სწორედ ამას წერს, რომ ეს უპრეცედენტო ნაბიჯია, მსოფლიოში ასეთი რამ არ ყოფილა. როგორც ამბობენ, კანონპროექტი დამუშავების ეტაპზეა. საერთაშორისო ორგანიზაციები იმისთვის ჩავრიეთ, რომ კანონპროექტი დაეხვეწათო. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია სწორედ აუდიტორული კომპანია „ქეი-ფი-ემ-ჯია“, რომელსაც არასწორი კვლევა დაუკვეთეს, ანუ იმის მაგივრად, რომ დაეთვალათ და რეალური ციფრი მოეძებნათ, თუკი რამე სარვისი არსებობს საფოსტო მომსახურებში (დამატებითი ფუფუნების სახით), ყველა ერთად დაათვლევინეს. და, რასაკვირველია, თუ ერთი წერილის ღირებულება ლარი უნდა მიეღოთ, მიიღეს ხუთი ლარი, ანუ ხარჯები ხელოვნურად გაბერეს. აი, ამ გაბერილი ხარჯებით, ასეთი მოცემულობით ხდება ახალი კანონპროექტის გადაწერა. ეს რეალობა პარლამენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ქვეყნის მომავალი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაა. თუკი ის პირველივე გვერდზე გწერს, რომ კანონპროექტი პატივს არ სცემს ამ ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს, ამაზე მეტი რა უნდა თქვან? ეს არ არის დიპლომატიური შენიშვნა, პირდაპირი მითითებაა.  

                                                                                                                              გიორგი მეფარიძე

 

გაზიარება