დედაქალაქის საბავშვო ბაღებიდან დირექტორების განთავისუფლების პროცესი გრძელდება. „მონიტორინგის ცენტრი მედიატორი“ პროცესში მერიისა და ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან პოლიტიკურ მოტივს ხედავს, რაც, მისივე შეფასებით, მომავალ არჩევნებს უკავშირდება. თბილისის მთავრობის წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ „რამდენიმე განთავისუფლებული დირექტორი ცდილობს, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს“.
ცნობისთვის: ბოლო დღეებში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კიდევ რამდენიმე დირექტორი თანამდებობიდან გაუშვა. მათ მშობლებთან ერთად აქციები გამართეს, ასევე თბილისის მერიასთან პროტესტი გამოხატეს.
„ქრონიკა+“ ა/ო „მონიტორინგის ცენტრ მედიატორის“ დამფუძნებელს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრება:
_ ##169, 155, 76, 20, 19, 91, 2, 6, 215, 72, 162, 90, 92, 153, 86, 163, 83, 212, 121, 114, 192, 211, პატარა ლილოს ბაღი, გლდანის პირველი ლოგოპედიური ბაღი, „ჩიორა“, _ ეს თბილისის იმ ბაღების არასრული ჩამონათვალია, სადაც უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დირექტორები გაათავისუფლეს.
ფაქტია, ასეთი მასშტაბური განთავისუფლებები ეჭვებს აღძრავს, რომ საქმე არ გვაქვს, მაინცდამაინც, სამართლებრივ და საქმიან დამოკიდებულებასთან. მით უმეტეს, რომ ამ ყველაფერს გარკვეული მოვლენები უსწრებდა წინ.
2014 წლის აგვისტოში, რაც დედაქალაქის ახალი მთავრობა მოვიდა და ბაღების სააგენტოში ხელმძღვანელობა შეიცვალა, მაშინვე ცხადი იყო, რომ აითვალწუნებდნენ დირექტორების უმრავლესობას, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში კონკურსის წესით შეირჩნენ. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ფაქტი, რომ ეს ადამიანები კონკრეტული ტესტირების შედეგად შეარჩიეს.
პირველივე დღიდან დაიწყო მონიტორინგი და 2015 წლის დასაწყისამდე, თუკი სააგენტოსა და მერიაში რაიმე მექანიზმი არსებობდა, ბაღები ყველა წესით შემოწმდნენ. აღმოჩნდა, რომ დირექტორებს არანაირი დარღვევები და გადაცდომები არ ჰქონდათ. ამის შემდეგ თორდინავამ და მერიამ ახალი სტრატეგია აირჩია და ახლა დირექტორებს მოსთხოვა, რომ თავიანთი მოადგილეები მოეხსნათ და მათ ნაცვლად სააგენტოს მიერ შეთავაზებული კადრები დაენიშნათ, ანუ „ქართული ოცნების“ აქტივისტები მოეყვანათ. ამ ფაქტთან დაკავშირებით 2015 წლის 22 იანვარს „მედიატორმა“ ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც მოადგილეები მათზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდნენ, რამდენიმე დირექტორის მხრიდან. თუმცა, რა თქმა უნდა, არა ყველასგან. მაშინ ამ ინფორმაციის „გაჟონვამ“ სიტუაცია დააშოშმინა და პროცესი დროებით შეჩერდა. თუმცა იმ ბაღებში, სადაც დირექტორები დიდ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ, მოადგილეები მაინც მოხსნეს და ახალი კადრებით ჩაანაცვლეს.
საბოლოო იერიშის მიტანა 2015 წლის მიწურულს და 2016 წლის დასაწყისში გადაწყვიტეს, რასაც მარტივი პოლიტიკური გათვლა ახლდა წინ. მოგეხსენებათ, არჩევნების ადმინისტრირებაში აქტიურად არიან ჩართულები სკოლები და ბაღები. მარტივი მიზეზების გამო საარჩევნო უბნები, ძირითადად, სწორედ ამ დაწესებულებებშია. შესაბამისად, ბაღის დირექტორიც და თანამშრომლების ნაწილიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო ადმინისტრირებაში. „ქართულმა ოცნებამ“ და სუს-მა ბაღებიდან არასასურველი კადრების ჩამოშორება გადაწყვიტა. სუს-ის დირექტივებით სიები დაიდო, თუ ვინ არ იყო „ოცნების“ აქტივისტი. ამის შემდეგ წამმზომიც ჩაირთო. მათ კარგად მოეხსენებოდათ, რომ მრავალგზის შემოწმებული დირექტორები (რომლებსაც არანაირი დარღვევები არ გააჩნდათ) უსაფუძვლო მიზეზით უნდა დაეთხოვათ; და ეს იმ დროს, როცა გასაჩივრების შემთხვევაში 2016 წლის არჩევნებისთვის აღდგენას ვერ მოასწრებდნენ. ანუ არჩევნების პერიოდში ბაღის დირექტორები იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც ენდობიან და მათ დავალებებს უპირობოდ შეასრულებენ. ადმინისტრაციული დავები კი, მინიმუმ, ერთ წელიწადს იწელება, სანამ სამივე ინსტანციას მოივლის და კანონიერ ძალაში შევა. სწორედ ამ სიტუაციიდან გამომდინარე საბოლოო იერიში მიიტანეს დირექტორებზე განსაკუთრებით უკანასკნელ დღეებში, როცა 10-ზე მეტი ქალბატონი ერთად დაითხოვეს.
_ რაც შეეხება ოფიციალურ დოკუმენტაციას?
_ ამაზე სააგენტო ამბობს, რომ თურმე ფინანსური დარღვევების გამო გაუშვეს, რეალურად კი შემდეგი ფაქტები წერია: მაგალითად, პატარა ლილოს დირექტორი იმიტომ გაათავისუფლეს, რომ გამგეობამ 3 მარტის აღსანიშნავად ბაღს ტორტი მიართვა, რომელიც დირექტორმა ბაღშივე გაჭრა და ამის გამო იგი დაითხოვეს; მეორე ფაქტი: ბაღში ერთი ტაფა თევზი დაიწვა და ამის გამო დაითხოვეს დირექტორი. მესამე: ბაღში ერთი გოგრით მეტი აღმოჩნდა და ამის გამო გაუშვეს დირექტორი. მოკლედ, ანეკდოტებად უფრო გამოდგება ის ფაქტები, ვიდრე სერიოზულ დასკვნებად. როგორი კომიკური პერსონაჟიც არის ნარმანია და თორდინავა, ისეთივე კომიკურია „დასკვნები“. ახლა ჭკუას არიგებენ თორდინავა და ნარმანია დირექტორებს, რომ სასამართლოში იჩივლეთო. ზემოთ ავხსენი, თუ რატომ არიან ასე ლაღად. მათთვის მთავარია, რომ ეს დავები 2016 წლის არჩევნებს არ მოესწრება და შემდეგზე მერე იფიქრებენ. ნარმანიამ ათეულობით თანამშრომელი დაითხოვა მერიიდან უკანონოდ, ეს სასამართლომაც ბევრჯერ დაადასტურა, მაგრამ დაისაჯა ვინმე ამის გამო, რომ უკანონოდ გამოყარეს ადამიანები?
მაგალითად, მარტო ჩემს ყოფილ სამსახურში ოთხმა თანამშრომელმა მოვიგეთ დავა, მაგრამ უკანონო ბრძანებაზე ხელმომწერი ნარმანია ისევ მერია. ცრუ მოხსენებითი ბარათების შემქმნელი საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილიც ისევ სამსახურის უფროსია. ერთადერთი, ისევ ჩვენ ოთხნი დავზიანდით და ბიუჯეტი, რომელსაც ჩვენ სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დაევალა. ეს ნარმანიასა და მისნაირების უკანონო ბრძანების გამო მოხდა.
რაც შეეხება ახალ კადრებს, აბსოლუტურად ყველა ვაკანტურ ადგილზე „ოცნების“ აქტივისტებს ნიშნავენ. არანაირი ტესტირება, არანაირი გამოცდები, არანაირი შერჩევა და კვალიფიკაციის გადამოწმება. მთავარია, იყო პარტიული და პარტია გიწევდეს რეკომენდაციას. მაგალითად, 76-ე ბაღში, რომელიც ორხევში მდებარეობს, „ოცნების“ კოორდინატორია დანიშნული დირექტორად, რომელმაც დოკუმენტაციის წარმოებაც კი არ იცის. იგივეა 169-ე ბაღის შემთხვევაშიც, სადაც დირექტორი პირადად დეპუტატ ია მაკასარაშვილის პროტეჟეა. ეს ბაღი ცალკე ამბავია.
_ რას გულისხმობთ?
_ ამ ბაღის დირექტორი იმიტომ გაუშვეს, რომ თორდინავამ თანამშრომლების მოხსნა მოსთხოვა, რაც არ გააკეთა და ამიტომ თავად დასაჯა. ამ ყველაფერს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ახალმა დირექტორმა, ნინო ბუჩაშვილმა, სამ თვეში 6 თანამშრომელი დაითხოვა. მათ შორის ქალბატონები, რომლებიც 30 წელი ემსახურებოდნენ ბაღს. მათგან ერთ ქალბატონს სიმსივნე აქვს, შშმ პირი ვაჟი ჰყავს, უკიდურესად გაჭირვებულია და არც ის დაინდეს. ეს ბაღი იმითაც „გამოირჩევა“, რომ 6 დღის პური აჭამეს ბავშვებს, რაზედაც მშობლებმა საჩივარიც დაწერეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც „ქოცობა“ ჭრის. დირექტორი თავს იმართლებს, ბავშვებისთვის არ მიჭმევინებია 6 დღის პური, პედაგოგებს ვაჭამეო. ჰო, ესეც „მორალი“. საჩივრებით „შეწუხებულმა“ დირექტორმა გადაწყვიტა, თავისთვის მადლობის წერილი შეედგინა და მშობლებს ხელმოწერების შეგროვება დაავალა, რაც ასევე მშობლებმა გააპროტესტეს. წარმოიდგინეთ დირექტორის მენტალიტეტი, რომელიც საკუთარ თავს მადლობას უხდის, წერილს თავად წერს და ხალხს ხელმოწერებს სთხოვს.
სამწუხაროა ის რეალობა, რომ ბავშვები არავის ადარდებს და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო მიმდინარებს რეპრესიები ბაღებში. მაშინ, როცა თორდინავა დირექტორებს მენეჯმენტს უწუნებს, თავად იმდენი მოახერხეს, რომ 2 თვის განმავლობაში თბილისის რამდენიმე ბაღში ხორცი საერთოდ არ შესულა და ბრინჯის კატლეტებს აჭმევენ ბავშვებს. ცინიკურია ის ფაქტიც, რომ ბაღების სააგენტო და თორდინავა ტენდერებს საკვების მიწოდებაზე აცხადებს, თავად ავლენს გამარჯვებულს, თავად ადგენენ პირობებს და თავად აფორმებენ ხელშეკრულებებს, ხოლო პროდუქტის ხარისხზე პასუხს დირექტორებს სთხოვენ. წარმოუდგენელია, დირექტორს მოსთხოვო, ხარისხიანი იყოს ბრინჯი, როცა კომპანიას სააგენტო არჩევს და უგზავნის. რა ქნას დირექტორმა? შიგნით ხომ არ იჯდება, კომპანია ბრინჯს რომ მოიტანს? ის, რომ ტენდერების დროს უამრავი ხარვეზი იყო, ამაზეც 2015 წლის ბოლოს „მედიატორი“ საუბრობდა. მაშინ ჩვენი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპანიებს, რომლებსაც ჯამში 3 500 000 ლარის ხელშეკრულება გაუფორმდათ, არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ და ტენდერის გამოცხადების შემდეგ დაფუძნდნენ. ოფისიც კი არ ჰქონდათ, ისე მოიგეს ამხელა ტენდერები.
_ გამოსავალი?..
_ დიახ, გამოსავალი არსებობს:
1. აუცილებელია გაუქმდეს ბაღების მართვის სააგენტო იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს;
2. რეალური თვითმმართველობა უნდა მიეცეთ ბაღებს;
3. სააგენტოს ხელმძღვანელს ჩამოერთვას უფლება, ერთპიროვნულად შეეძლოს დირექტორის დანიშვნაც და განთავისუფლებაც. სხვა შემთხვევაში, თუ რეალური სისტემური ცვლილება არ მოხდა და მსგავსი ფუნქციები და უფლებები სააგენტოს და მის ხელმძღვანელს შეუნარჩუნდა, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში იქნება ცდუნება, რომ ეს პროცესები მართული იყოს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა და დასრულდეს ის მარაზმი, რაშიც დღეს რეალურად აღმოვჩნდით.
„ქრონიკა+“ 169-ე ბაღის განთავისუფლებულ დირექტორს, ფიქრია ჩახნაშვილს დაუკავშირდა:
_ ფაქტია, ამ ყველაფერმა იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ შეგვიძლია რეპრესიები დავარქვათ ჩვენი, უკვე ყოფილი დირექტორების და, ზოგადად, თანამშრომლების წინააღმდეგ. ამ ყველაფერს პოლიტიკური მოტივები უდევს საფუძვლად, რადგან ჩვენ არ ვართ „ოცნების“ აქტივისტები. რეალურ გადაწყვეტილებას იღებს სუს-ი და კადრების სამსახურის უფროსი კეკენაძე, იგი ფაქტობრივი „ოდეერია“ ბაღების მართვის სააგენტოში. თორდინავამ დეკემბერში 8000 ლარი აიღო სარგოს დანამატი და პრემია, რაც რიგითი პედაგოგის 3 წლის ანაზღაურებაა. მასწავლებლებს ხელფასი კი 12, 16 ლარით მოუმატეს, რაც ცინიკურია. მით უმეტეს, ლარის გაუფასურების პირობებში. მოკლედ, ყველაფერს აქვს საზღვარი! იმედია, ჩენი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და სასამართლოში მაინც ვიპოვით სიმართლეს.
ამ ფონზე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღი დღეს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს. სააგენტოში უარყოფენ ინფორმაციას, რომელიმე საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შესაძლო შეფერხების შესახებ. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მტკიცებით, რამდენიმე განთავისუფლებული დირექტორი ცდილობს, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს. სააგენტო ბაგა-ბაღების ყველა თანამშრომელს მოუწოდებს, „ნუ ჩაერთვებიან ხელოვნურად მართულ პროცესებში და ნუ ჩაშლიან სააღმზრდელო პროცესს„.
თბილისის მერია რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის განთავისუფლებასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს ეხმაურება:
„გვინდა განვაცხადოთ, რომ დირექტორების განთავისუფლება მხოლოდ მათი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას უკავშირდება და საკითხის პოლიტიზება ჩვენთვის მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბაღებში აღმოჩენილი კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, გარკვეული პირები ცდილობენ, დირექტორების განთავისუფლება პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ. აღვნიშნავთ, რომ ბაგა-ბაღებში ბავშვებისთვის უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე პასუხისმგებელი არის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. სააგენტოს ხელმძღვანელობა არ დაუშვებს, საფრთხე შეექმნას ბავშვების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, შესაბამისად, ყველა დარღვევას, მათ შორის ფინანსურსაც, ადეკვატური რეაგირება მოჰყვება. მოვუწოდებთ მშობლებს, ნუ ჩაერთვებიან კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკურად მართულ პროცესებში! რაც შეეხება დარღვევებს, რის საფუძველზეც განთავისუფლდნენ დირექტორები, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ბაღებში ინსპექტირება ჩაატარა როგორც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, ასევე თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა. შემოწმდა დაფინანსების მოთხოვნის, მიღებისა და გასული ხარჯების მიზნობრიობა, რის შედეგადაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების ზედმეტად ჩამოწერა, საკვები პროდუქტისათვის მოთხოვნილი თანხების სააგენტოსთან შეუთანხმებლად სამეურნეო ხარჯების დასაფინანსებლად გამოყენება და სხვა. სააგენტოს წესდების თანახმად კი, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტიანობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი. თბილისის მასშტაბით ამ დროისთვის 161 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს და სააღმზრდელო პროცესში 56 000 ბავშვია ჩართული“, _ ნათქვამია განცხადებაში.
გელა მამულაშვილი