QronikaPlus
უჩა ნანუაშვილი: „ღარიბაშვილი სანქციების და ამ პოლიტიკის შედეგების შიშით გავიდა“

უჩა ნანუაშვილი: „ღარიბაშვილი სანქციების და ამ პოლიტიკის შედეგების შიშით გავიდა“

2025-05-01 10:01:29

გიგა გელხვიიძე

„ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკა სულ უფრო ფართოვდება. ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაანონსება, შიდაპარტიული არეულობა, მედიის ტერორი. სად მიიყვანს ეს საქართველოს და დაუშვებს თუ არა ქართველი ხალხი ქვეყნის რუსიფიკაციას? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი:

_ ბატონო უჩა, ვითარება, რომელიც ახლა არის საქართველოში შექმნილი, ვგულისხმობ იმ რეპრესიულ კანონებს, რომლებსაც იღებს „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და მედიის მისამართით, საით მიაქანებს საქართველოს _ რა მოლოდინები გაქვთ?

_ ერთ წელიწადში იმდენი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ქვეყანა უკვე დიქტატურის წინაშეა. რასაც რუსეთში დასჭირდა დაახლოებით 10-15 წელიწადი, რომ გაექროთ სამოქალაქო სექტორი, თავისუფალი მედია, მოეკლათ კრიტიკოსები, ოპოზიციონერები ან ოლიგარქები და გაედევნათ ქვეყნიდან, ამ ყველაფერს „ქართულმა ოცნებამ“ ერთი წლის განმავლობაში მიაღწია. დაწყებული გასული წლის მაის-ივნისიდან, როდესაც უცხოური აგენტების კანონი მიიღეს გასულ წელს, ერთი წელიც კი არ არის ჯერ გასული და უკვე იმდენ ეტაპად მიიღეს სხვადასხვა სახის შემზღუდავი ნორმები, რომ პრინციპში ქვეყანა უკვე ავტორიტარულ სახელმწიფოდ ყალიბდება. ეს ეხება, როგორც აგენტების კანონს, შემდეგ იყო სექტემბერში მიღებული სხვა კანონი, რომელიც ვითომ ეხებოდა ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა დაცვას და ესეც იდეაში იყო კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ, ზოგადად, ადამიანების დისკრიმინაცია დაეკანონებინათ, მათ შორის, ცენზურისთვის შეეწყოთ ხელი, რომელიც ვე სექტემბერში მიიღეს და ნოემბრის შემდეგ მიიღეს მთელი რიგი კანონები. დეკემბერში ე. წ. პრეზიდენტმა პირველივე დღეს (ინაუგურაციის შემდეგ) ხელი მოაწერა ცვლილებებს რამდენიმე კანონში, რომელიც უკიდურესად ზღუდავდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე სანქციებს ამკაცრებდა. გაიზარდა სანქციები, ასევე აიკრძალა გარკვეული ნივთების გამოყენება, ეს ეხებოდა ლაზერული გამოსხივების მქონე ნივთებს, პიროტექნიკასა და შეიძლება ითქვა, რომ დეკემბრიდან დაიწყო შეზღუდვა შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარების. ასევე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ძალიან ბევრი უარყოფითი ჩარევა განხორციელდა, გაჩნდა ახალი ნორმები. მაგალითად, ერთ-ერთი არის სამართალდამცველი ორგანიზების წარმომადგენლების უფლებამოსილების გაზრდა, რომ მათ 48 საათამდე შეუძლიათ პრევენციული დაკავება განახორციელონ ნებისმიერი პირის. ასევე იყო კანონები, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია შეტანილი: აიკრძალა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა შეკრებების დროს, დასჯადი გახდა პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და ზოგადად საჯარო მოხელეებზე მათი გაგებით თავდასხმა და რამის კადრება, ამაზე ჯარიმაც არის სამ წლამდე. იმის თქმა მინდა, რომ მაქსიმალურად გამკაცრდა სანქციები და სასჯელები, რომლებსაც აქვს მსუსხავი ეფექტი შეკრების გამოხატვის თავისუფლებაზე. ადამიანებს აჯარიმებენ სოციალურ ქსელებში გამოხატული საკუთარი აზრისთვის და შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაჩქარდა რეალურად კანონების გამოყენება. რაც ხდება რუსთაველზე, ის კიდევ სხვა საკითხია, როდესაც ადამიანებს შეკრების გამო აჯარიმებენ 5000 ლარით, როდესაც ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ჯერ კიდევ რეალურად 20 ლარი არის კანონმდებლობით. ეს არ გაზრდილა და საარსებო მინიმუმიც საკმაოდ დაბალია. მთლიანობაში მიდის საკანონმდებლო ბაზის მომზადება იმისთვის, რომ ქვეყანაში სრულად დამკვიდრდეს დიქტატურა. იგივე საჯარო სამსახურის კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის გამოც უფრო ადვილი გახდა სამსახურიდან საჯარო მოხელეების დათხოვნა. დღემდე, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, 700-მდე საჯარო მოხელე გაათავისუფლეს დეკემბრიდან დღემდე და ესეც დიქტატურისკენ გადადგმულ ერთ-ერთი ნაბიჯია. მაგალითად, პარლამენტში ორი დღის წინ დარეგისტრირდა კანონში ცვლილებები უცხოელთა მიმართ სამართლებრივი ცვლილებების შესახებ.

_ დეტალურად რომ ავხსნათ მკითხველისთვის ეს საკანონმდებლო ცვლილება, _ ხომ არ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს ყველაფერი კავშირშია იმასთან, რომ უცხოეთის მოქალაქეები (მათ შორის უკრაინისა და რუსეთის) არიან ჩართულები საპროტესტო აქციებში და იმ პროცესებში, ზოგადად, რაც ახლა მიმდინარეობს საქართველოში?

_ ნოემბერ-დეკემბრის მოვლენების დროს ქვეყნიდან გაადეპორტეს ძალიან ბევრი უცხოელი, როგორც ვიცი, 15-20 ადამიანი მაინც. სხვათა შორის, იქ არ იყვნენ დიდი ოდენობით რუსეთის მოქალაქეები, იყვნენ რუსეთის მოქალაქეებიც, მაგრამ ეთნიკურად ქართველები უფრო. ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დიდი ხანია წასულია ემიგრაციაში და სურდათ დაბრუნებულიყვნენ საქართველოში, ჩვენი მოქალაქეებიც, რომლებიც ბოლო წლებში გახდნენ ევროპის ან ამერიკის მოქალაქეები და მონაწილეობდნენ ამ აქციებში, ისინიც მოხვდნენ ამ სიებში. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ამკაცრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მდგომარეობას და მათ შორის ახალი სანქციები ემატება ადმინისტრაციულ კოდექსში: ეს არის გაძევება ქვეყნიდან და შემოსვლის აკრძალვა. სხვათა შორის, ეს გამოიყენება უკვე რიგ შემთხვევებში და გაუგებარი მიზეზების გამო არ უშვებენ ადამიანებს საქართველოში, მათ შორის არიან ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ევროპიდანაც, სხვათა შორის. დაფიქსირდა ფაქტები, რომ რეალურად არ შემოუშვეს. ეს ცვლილებები, რომლებსაც მიიღებენ სავარაუდოდ, ითვალისწინებს, რომ სამ წლამდე ამა თუ იმ პირს აეკრძალება საქართველოში შემოსვლა, თუკი ისინი მიიღებენ მონაწილეობას რაიმე შეკრებაში ან მანიფესტაციაში ან მათ დაეკისრებათ რაიმე ისეთი მუხლით გათვალისწინებული სანქცია, როგორიც არის წვრილმანი ხულიგნობა ან დაუმორჩილებლობა პოლიციელის მიმართ. ვფიქრობ, რომ ეს მუხლები იმიტომ არის აღებული, რომ ხელისუფლებამ თავი დაიზღვიოს უცხოელების მონაწილეობისგან სამოქალაქო-პოლიტიკურ აქციებში, სხვადასხვა დემონსტრაციაში. ჯარიმაც არის დაკისრებული, მაგრამ ერთ-ერთი დამატებითი სანქცია ეხება ქვეყნიდან გაძევებას ან შემოსვლის აკრძალვას, თუკი შემდგომ ისინი ისურვებენ საქართველოში შემოსვლას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს 25 ადამიანი გაადეპორტეს საქართველოდან, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ ნახევარში მიმდინარე აქციებში. სხვათა შორის, მათ ძალიან მძიმედ გაუსწორდნენ, რამდენიმე მათგანი წამების მსხვერპლიც იყო (ნაცემი).

_ დიახ, ჩვენ გვახსოვს ბრიტანეთის მოქალაქის ქეისი, რომელსაც დემონსტრაციების დროს გაუსწორდნენ სამართალდამცველები და მას ამ ეტაპზე ქვეყნის დატოვების საშუალებაც კი არ ეძლევა.

_ ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთის მოქალაქეებზე აბსოლუტურად სხვა მიდგომაა, თუ, რა თქმა უნდა, ეს მოქალაქე აქტიურად არ მონაწილეობს აქციებში ან არ არის კრიტიკულად განწყობილი საქართველოს ხელისუფლების ან რუსეთის ხელისუფლების მიმართ. რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ინფორმაცია, რომ 2000-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა.

საქსტატის მონაცემები იყო ეს და ამის მიხედვით საუბარი გახლდათ იმაზე, რომ გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების რიცხვი.

_ მედიასთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ, დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ქართული მედია, განსაკუთრებით ონლაინ გამოცემები და ის კრიტიკული ტელევიზიები, რომლებიც დამოკიდებული არიან რეკლამაზე. ბოლო ცვლილების მიხედვით, რომელიც შევიდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, სოციალური სახის რეკლამაც კი შეიძლება გახდეს პრობლემა, ვინაიდან არსებობს იმის საფრთხეები, რომ დამკვეთს შეექმნას შემდგომში პრობლემები. თუ გადავხედავთ საქართველოს უახლეს ისტორიას და მოვიშველიებთ სხვა ქვეყნების მაგალითებსაც, რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავისუფალი მედია, თავისუფალი და კრიტიკული სიტყვა, შესაძლოა მოკლან საქართველოში?

_ რა თქმა უნდა, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მედია არის მთავარი მტერი, ანუ ის მედია ორგანიზაციები, ჟურნალისტები, რომლებიც აფიქსირებენ იმ სერიოზულ დარღვევებს, რომლებიც ხდება ქვეყანაში. ამიტომაც ნადირობენ ჟურნალისტებზე. ვნახეთ ასეთი არაერთი ძალადობრივი ფაქტი, რომელიც არ არის დღემდე გამოძიებული და არავინ დასჯილა. რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა გოგონას მიმართ პოლიციელმა იძალადა და ის პოლიციელი დღეს დააწინაურეს. სამწუხროდ, ეს არ არის პირველი, წინა წლებშიც იყო მსგავსი ფაქტები, მაგრამ განსაკუთრებით ამ ნოემბრის მოვლენების შემდგომ გრძელდება ეს მტრული დამოკიდებულება. ისეთი გარემო შეიქმნა მედიისთვის, სადაც მაქსიმალურად მეტი ხელოვნური პრობლემა ექმნება მას, მათ შორის, შეშვება იკრძალება ამა თუ იმ ადმინისტრაციულ დაწესებულებაში და უუქმებენ საშვებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ძალადობაზე და იმ კონკრეტულ ზეწოლის ფაქტებზე, რომლებიც კამერებისა და ტექნიკის დამტვრევით გამოიხატება. ასევე უცხოური დაფინანსების მიღება მაუწყებლის მიერ საერთოდ აიკრძალა, როგორც ფულადი, ასევე სხვა მატერიალური სახის. შემცირდა თვითრეგულირების მექანიზმის როლი და უფრო გაიზარდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, ეს გახდა კანონიერი და სახელმწიფოსა და მის მიერ შექმნილ ინსტიტუტებს შეუძლიათ პირდაპირი ჩარევა. ასევე ვიდეო-აუდიო ჩანაწერებზე კონკრეტული თანხმობა არის საჭიროა კერძო ან საჯარო დაწესებულების მფლობელის. ეს შეზღუდვები მიზნად ისახავს იმას, რომ საერთოდ მოისპოს და განადგურდეს მედია, რომ იყოს მხოლოდ ხელისუფლების მორჩილი და სახელისუფლებო პოლიტიკის გამტარებელი. თუმცა შეუძლებელია, რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელონ, ხელისუფლებას გაუჭირდება ცხოვრებაში გატარება ამ კანონების, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ მედიის წინააღმდეგ, იგივე არის სამოქალაქო სექტორზე აგენტების შესახებ კანონი, რომელიც სწორედ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას ებრძვის, ასევე „ფარა“. ასევე ის ცვლილებები გრანტების კანონში, რომელიც შევიდა და რომელიც ასევე დრაკონული ცვლილებებია და საქართველოში, პრაქტიკულად, იგივე წესები მკვიდრდება, რაც აზერბაიჯანსა და თურქმენეთში იყო, როდესაც სახელმწიფოსგან არის აუცილებელი თანხმობა, სხვანაირად ორგანიზაცია ვერანაირ დახმარებას ვერ მიიღებს რამე პროგრამის განსახორციელებლად. საქართველოს ხელისუფლებას ეშლება და ჰგონია, რომ ქვეყანა არის ცენტრალური აზია ან ჩრდილოეთ კორეა! მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს პროტესტი, რომელიც კვლავ გრძელდება სხვადასხვა ფორმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ხანდახან არ ჩანს, მაინც ვფიქრობ, რომ აისბერგთან გვაქვს საქმე და რაღაც მომენტში უნდა გამოჩნდეს ის მუხტი, რომელიც არსებობს მოსახლეობაში და ის ყველაფერი, რაც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა, რაღაც პერიოდის შემდეგ ნამდვილად ამოხეთქავს და საზოგადოება და ხელისუფლება დაინახავს უფრო ცხადად პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების ძალას.

_ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე შიდა პროცესებზე მინდა, გკითხოთ, _ ბოლო კვირების განმავლობაში საკმაოდ ბევრი საკადრო ცვლილება ვიხილეთ და საბოლოო დაგვირგვინება იყო, როდესაც „ქართული ოცნების“ ორგზის პრემიერ-მინისტრმა და ბოლოს პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესების პარალელურად, განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის რასაც ახლა აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი, უკურეაქციას პოვებს თავად „ქართულ ოცნებაზე“ და ეს ადამიანები გაურბიან მოსალოდნელ კიდევ უფრო მძიმე სანქციებს?

_ მათ არ სჯეროდათ, რომ სანქციები რეალური იყო და ამას იმეორებდნენ დიდი ხნის განმავლობაში. ბევრი რამ არ სჯეროდათ ზოგადად მათ, თუმცა ვნახეთ, რომ სანქციები ნამდვილად დაიწყო, არა მხოლოდ მოგზაურობის აკრძალვისა და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, არამედ ფინანსური სანქციებიც, მათ შორის, ისეთი მაღალი თანამდებობის პირებზე, როგორებიც არიან შსს მაღალჩინოსნები, პროკურატურა და ა. შ., ასევე თავად ივანიშვილიც. ამ სანქციებს ნამდვილად აქვს ეფექტი. დღეს „ქართულ ოცნებაში“ აცნობიერებენ იმ მძიმე შედეგებს, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ პოლიტიკის გაგრძელებას, რეალურად ქვეყანა ეთიშება აბსოლუტურად ცივილიზებულ სამყაროს და სრულიად იზოლაციაში ექცევა ან უნდა იყოს რუსეთის ნაწილი სრულად. ამიტომაც არის ეს გახშირებული ვიზიტები უზბეკეთში, თურქმენეთსა და შუა აზიის ქვეყნებში, არაბულ სამყაროში. იმის გამო, რომ ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული „ქართულ ოცნებას“ და არავინ აღიარებს ცივილიზებული ქვეყნებიდან, ისინი ცდილობენ შეხვდნენ ბოტსვანას და ასეთი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ იქ მაინც აინაზღაურონ მორალური დანაკლისი და აჩვენონ, რომ რაღაც სახის ლეგიტიმაცია აქვთ. რა თქმა უნდა, ისინი აცნობიერებენ სიმძიმეს, თუმცა მაინც არ სურთ და ჯიუტად აგრძელებენ იმ პოლიტიკას, რომელიც არის მოსკოვში დაწერილი და ასრულებენ ადგილზე იმ ინსტრუქციებს, რომლებიც მოსდით მოსკოვიდან. ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც არის ერთ-ერთი რგოლი ამ პროცესში. ის რომ ირღვევა „ქართული ოცნების“ ერთიანობა და თუკი აქამდე ივანიშვილთან დაახლოებული კადრები გარკვეულ სეგმენტებს იბარებდნენ და აკონტროლებდნენ, ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში მათ შორის იგივე ღარიბაშვილი, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი შეფი, თუ აჭარის ხელისუფლების ხელმძღვანელი, რამდენიმე ადამიანი აღარ არის წარმომადგენელი „ქართული ოცნების“. უკვე ახალი ჯგუფი შემოდის, ახალი შემადგენლობა, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია თუნდაც 2012 წელს „ქართულ ოცნებასთან“ და თვალსაჩინოა, რომ იგივე უკმაყოფილება „ოცნების“ ძველ შემადგენლობაში საკმაოდ დიდია. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც დააფუძნა და მუშაობდა „ქართულ ოცნებაში“ და აკრიტიკებდა ენმ-ს, არის თამაშგარე მდგომარეობაში. დღეს ხელისუფლებაში მოსულია სულ სხვა გუნდი, სულ სხვა ღირებულებებით, მათ შორის, უმრავლესობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომუშავე ჩინოსნები და ესეც იწვევს გარკვეულ უკმაყოფილებას. ამასაც ვუკავშირებ, რომ ღარიბაშვილი გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობდა იმ ძველი გუნდიდან და იმ ადამიანებისგან, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 2011-12 წლებიდან უჭერდა მხარს. მისი წასვლაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტ ფრაგმენტაციას „ოცნებაში“. არ გამოვრიცხავ, რომ ამაზე უფრო ღიად ალაპარაკდნენ, რადგანაც ძალიან ბევრს არ მოსწონს ის ხისტი პოლიტიკა, რომელსაც კობახიძე ახორციელებს, უფრო სწორად, ის არ ახორციელებს, ის პირდაპირ არის შემსრულებელი რუსული პოლიტიკის. ეს პოლიტიკა ძალიან ბევრს, მათ შორის, „ქართულ ოცნებაში“ ნამდვილად არ მოსწონს. როგორც მივხვდი, ღარიბაშვილი ამ სანქციებისა და ამ პოლიტიკის შესაძლო შედეგების შიშით გავიდა, არჩია, რომ გამოსულიყო ამ პროცესებიდან, რომ მას არ შეხებოდა ი შედეგები, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.

_ ბოლოს მინდა გკითხოთ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე, რომელიც ამ მოცემულობით, როცა პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი და საკონსტიტუციო სასამართლო მათ ხელშია, არ უნდა გაუჭირდეს მას _ რეალურად ამის შემდგომ საქართველოს ხელისუფლება სრულად გაუტოლდება პუტინის რეჟიმს და რუსულ დუმას, თუ შეიძლება აქ თვალსაჩინოებისთვის მყოფი ოპოზიციაც კი აღარ იყოს, რომელსაც თუნდაც რუსეთის დუმაში ვხედავთ?

_ კი, რა თქმა უნდა. უკვე დაწყებული იყო ამაზე მუშაობა, რომ ოპოზიციური პარტიები აკრძალულიყო, ამიტომაც შეიქმნა ის საპარლამენტო კომისია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, რომ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებოდა აკრძალული და ის, რაც დაინიცირდა 14 აპრილს. იურიდიულ კომიტეტზეც ისაუბრეს, რომ ცვლილებები უნდა შესულიყო კანონში, რომლითაც უფრო გაფართოვდებოდა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძვლები. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ეს პრეროგატივა. აქ საუბარი არის იმაზე, რომ სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის მიზანი, საქმიანობის არსი ან პერსონალური შემადგენლობა უკვე აკრძალული პარტიის ანალოგია. თუ აკრძალეს ერთი რომელიმე პარტია და იგივე პირებმა თუ გადაწყვიტეს ახალი პარტიის შექმნა, ისიც რეალურად უკვე აკრძალვის კანდიდატი ხდება და ასეთ უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს კანონი _ ეს უკვე დაინიცირებულია. საკონსტიტუციო სასამართლოც მათია, პარლამენტიც მათია, შეუძლია მიიღონ, მაგრამ მიიღებენ საბოლოო ჯამში უარესს, ვიდრე მართლაც რუსეთშია. მათ ასევე უკვე დაიწყეს პარტიების მაშინაც, არის ფსევდო ოპოზიციური პარტია პარლამენტში. მათ უკვე იწვნიეს წაგება და ნახეს, რომ ევროპულ საბჭოში საპარლამენტო ასამბლეამ არ მისცა აღიარება მათ უფლებამოსილებას. „ქართული ოცნების“ პოლიტიკას საერთაშორისო არენაზე არანაირი მომავალი არ გააჩნია და არც ქვეყნის შიგნით. როდესაც საუბარი არის საზოგადოებრივ პროცესებზე, პროტესტზე, ადამიანმა რეალურად ვიღაცას უნდა მისცეს ხმა და თუ ამდენი პარტია არის აკრძალული, ე. ი. ძალიან დიდი ნაწილი ელექტორატისა არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ან სულაც არ ექნებათ უფლება, სასურველ პარტიას მისცენ ხმა, როდესაც იქნება აკრძალული. ეს თავის შედეგს გამოიღებს იმ კუთხით, რომ არც ახლანდელი და არც შემდგომი არჩევნები არ შეიძლება იქნეს ლეგიტიმურად ჩათვლილი. დღეს რაც ხდება, რომ ყელა ინსტიტუტი არის მიტაცებული „ქართული ოცნების“ მიერ, ეს პოლიტიკა უნდა კვლავ გააგრძელოს, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ამ დღეს ვერ მოესწრება. ქართველი ხალხი არის პროგრესული და არ დაუშვებს იმას, რაც არის რუსეთში და სხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში.   

გაზიარება